რაში დახარჯავდა ბიჭოლა სიამოვნებით დიდ ფულს და რას აკეთებს ის საკუთარი განსაკუთრებული რეცეპტით
ბიჭოლა: ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიქნები მშვიდად, როცა წყალი წყდება, ან სინათლე ქრება. რომც არ მჭირდებოდეს, მაინც მჭირდება და ვგიჟდები. საშინლად მეშლება ნერვები (იცინის). მაშინვე უნდა გავარკვიო მიზეზი. მშვიდად რა დამსვამს?! შანსი არ არის. ჯერ კარგად დაწყვეტილი არ არის წყალი, რომ უკვე ვრეკავ. დანარჩენი საყოფაცხოვრებო პრობლემები მე ნაკლებად მეხება. რადგან ძალიან მოუცლელი ვარ, ჩემი ოჯახის წევრები თავად აგვარებენ ყველაფერს. თუ საჭიროა, ხელოსნებსაც ისინი ურეკავენ. მე მათი ტელეფონის ნომრებიც არ მაქვს. ამჟამად ძალიან დატვირთული ვარ. გარდა ჩემი საქმისა, არაფრისთვის მცალია.
– საკუთარი ხელით რამეს შეაკეთებ?
– კი, რაღაც-რაღაცეები მეხერხება. ხელმარჯვე ვარ, მეტ-ნაკლებად. მაგალითად, ადვილად შევაკეთებ საკერავ მანქანას (იცინის). ონკანს ვერ გამოვცვლი, მაგრამ სადენს გადავაბამ. თუ ჩამრთველი დაიწვება, ვიცი, დამწვარი ნაწილი ქსოვილის დახმარებით როგორ მოვაცილო და მერე გამოვცვლი. ნათურასაც შევცვლი, არ არის პრობლემა. დისკომფორტს ვეგუები მარტო აგარაკზე ყოფნისას, როცა ცოტათი „ველური“ გარემოა. სახლში და სამსახურში შესაფერისი სიტუაცია მჭირდება, რომ მუშაობაში ხელი არ შემეშალოს.
– „ელიავას“ ბაზრობაზე ყოფილხარ?
– არა. უფრო სწორად ერთხელ მივედი. პოდიუმზე გადასაკვრელი მასალა მჭირდებოდა – არაკალი, რომელიც მას აპრიალებს, მაგრამ შიგნით არ შევსულვარ. არ დამჭირდა. გარეთვე ვიყიდე. ასე რომ, ვერ ვიტყვი, ამ ბაზრობას ვიცნობ-მეთქი.
– სამზარეულოში როგორ გაქვს საქმე?
– ძალიან კარგად. მშვენივრად ვახერხებ გემრიელი სალათების მომზადებას და ნახევარფაბრიკატებიდანაც გამომყავს ხოლმე რამე განსაკუთრებული. ამ საქმესაც შემოქმედებითად ვუდგები და თუკი დრო მაქვს, სიამოვნებით ვიგონებ ახალ კერძებს. მაგალითად, ჩემი მოგონილია წიწიბურას „ელარჯი“. გასწავლით, მოამზადეთ და ძალიან მოგეწონებათ. მართლა ძალიან მაგარია. წიწიბურას მოვხარშავ ჩვეულებრივად. მერე გადამაქვს ცხიმიან ტაფაზე და ცოტას შევაპიწკინებ. ზემოდან დავალაგებ სულგუნის ნაჭრებს და თავდახურულ ტაფას დაბალ ცეცხლზე დავტოვებ, სანამ სულგუნი შიგ არ ჩადნება. ამოვურევ და ნამდვილ ელარჯზე გემრიელია. ვისაც წიწიბურა არ უყვარს, იმასაც კი შეუყვარდება.
– პრეტენზიული მჭამელი ხარ?
– არა. გემრიელად მომზადებულს თითქმის ყველა კერძს ვჭამ. ზოგიერთი რამ უბრალოდ, არ მიყვარს. მაგალითად, ვერაფრით გავსინჯე „ხალადეცი“. არც შესახედავად მომწონს და ვერც სახელმა მომხიბლა. არასოდეს მიჭამია ხაშიც. დაახლოებით, ისეთივე წარმოდგენა მაქვს მასზე, როგორიც „ხალადეცზე“. დიდად არც თევზეული მიზიდავს, ხიზილალა და „სუშია“ გამონაკლისი. მიყვარს: ხინკალი, ქაბაბი, მწვადი... ტაილანდური, ჩინური და იტალიური სამზარეულო.
– შენ ისიც გეცოდინება „პახმელია“ რა არის?
– როგორ არ ვიცი. (იცინის). აი, ახლა ვარ „პახმელიაზე“. ალკოჰოლური სასმელებიდან ვსვამ ვისკის, არაყს, ღვინოს. „პახმელიაზე“ დიდი სიამოვნებით მივირთმევ სოკოს წვნიანს, ან ხინკალს.
– საყიდლებზე სიარული გიყვარს?
– ძალიან. განსაკუთრებით „სექენდ ჰენდში“ „ვშოპინგობ“ კარგად. ისეთ ხარისხიან და მართლა ღირებულ ნივთს წააწყდები, თანაც ძალიან იაფად, რომ ასეთს კარგ მაღაზიაშიც ვერ იშოვი. ჩემს გარდერობში ბევრია ასეთი ნივთიც და ძალიან ძვირფასი ტანსაცმელიც.
– მფლანგველი ხარ, თუ იცი ფულის ყადრი?
– არ ვარ მფლანგველი და ფულის ყადრიც ვიცი. არ მესმის იმ ადამიანების, ერთ სავარძელში ათასობით დოლარს რომ იხდიან. ნივთებისადმი ასეთი მონობა ჩემთვის წარმოუდგენელია. ბევრი ფულიც რომ მქონდეს, ასეთ რაღაცას არ გავაკეთებ. ვერც იმ ადამიანს გავუგებ, ორმოცდაათათასიან მანქანას რომ იყიდის და ბენზინის ფული არ აქვს. რა საჭიროა, ვერ ვხვდები. მე რომ ბევრი ფული მქონდეს, ბევრს ვიმოგზაურებდი, დავხარჯავდი ფულს ქველმოქმედებაში, ბევრ საინტერესო და კარგ პროექტს გავაკეთებდი. ნივთებს არასდროს გავაფეტიშებ.
– როგორ უნდა ჩაიცვას ქალმა, რომ მოდური იყოს?
– მოდურად (იცინის), ანუ ის უნდა ეცვას, რაც მოდაშია და უნდა შეეცადოს, მოიხდინოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ფეხსაცმელს აქვს. მერე ჩანთას, ქამარს, როცა ეს ყველაფერი კარგია, სრულიად უბრალო, სადა ტანსაცმელშიც კი ქალი ძალიან ელეგანტური და კარგად ჩაცმულია.