ფეხბურთი თუ სექსი
მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტის წინ, გერმანულმა სააგენტოებმა გულშემატკივართა შორის გამოკითხვა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ 52 პროცენტს ურჩევნია, ნაკრების თამაშის დროს ტელევიზორთან იყოს და შეხვედრას თვალი მიადევნოს, ვიდრე საყვარელ ქალთან ერთად ლოგინში იკოტრიალოს. ამასთან ერთად, 38 პროცენტს ფეხბურთის ყურებაც სურს და საყვარელ ადამიანთან ყოფნაც, ანუ ისინი ამბობენ, რომ ტელევიზორს საძინებელში გაიტანენ.
ზოგადად, სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა მსოფლიოს ჩემპიონატის დროს არა მარტო გულშემატკივრებისთვის, არამედ ნაკრების მწვრთნელებისთვის პრობლემატური საკითხია და ამას ყველა სხვადასხვაგვარად უყურებს. მაგალითად, ინგლისის ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ თავიდან განაცხადა, ფეხბურთელებს მუნდიალზე ცოლებთან ურთიერთობას ავუკრძალავო, მაგრამ მერე გადაიფიქრა და აღნიშნა, რომ ამას არ გააკეთებს და სამ დღეში ერთხელ მოთამაშეებს მეორე ნახევრებთან განმარტოების საშუალებას მისცემს. აი, არგენტინის ნაკრების თავკაცი დიეგო მარადონა კი მოთამაშეებს სრულ თავისუფლებას ანიჭებს და ამბობს, რომ მათ ცოლებთან შეხვედრის ნებას ყოველ საღამოს დართავს.