ვინ დაჰპირდა ჯემალ გახოკიძის შვილიშვილს გენერალისიმუსის წოდებას და რა გაუგზავნა მას ედუარდ შევარდნაძემ
უშიშროების ყოფილი მინისტრის, ჯემალ გახოკიძის შვილიშვილი, 6 წლის ლუკა, ძალიან აქტიური, ყოჩაღი და გონიერი ბიჭია. გადაწყვიტა, რომ გენერალისიმუსი უნდა გახდეს და ამისთვის სამზადისს უკვე შეუდგა. ლუკამ იცის, რომ გენერალმა ყველაზე სწრაფად უნდა ირბინოს, სუპერინგლისური უნდა იცოდეს და ერთ დღეში ათი ტერორისტი მაინც უნდა დაიჭიროს. მართალია ლუკა ვაკეში ტერორისტებს ვერ პოულობს, მაგრამ სხვა საქმეებშია მარჯვე – ზღვაში რეკორდებს ამყარებს, პარიზში გლდანს პოულობს და თავისი სამეგობროს „დაუმარცხებელი“ გენერალია...
– მე ვარ ლუკა გახოკიძე. ეხლა მივედი სკოლაში. ჩვენს სკოლას ჰქვია ბრიტანული სკოლა, ასე იმიტომ დაარქვეს, რომ ბავშვებმა სუპერინგლისური ვისწავლოთ. როცა პარიზში წავალ, ინგლისურად ხომ უნდა ვილაპარაკო? იქ სულ რიგებია და რიგში ვიტყვი, დროზე გამიშვით-მეთქი. კიდევ კარგი, მათემატიკაც ინგლისურად არ უნდა გვასწავლონ. ჩვენს სკოლაში ძალიან ლამაზი ქალი მასწავლებლები იყვნენ, მარტო ერთი იყო კაცი მასწავლებელი. სკოლა კიდევ იმითია კარგი, რომ ჩანთა და პენალი მიყიდეს, ისე სკოლა ცოტა სხვანაირი მეგონა, ბაღში ბევრი ჩხუბი ხდებოდა ხოლმე, სკოლაში ჯერ მარტო ერთი ჩხუბი მოხდა, მაგრამ ყველას მოვერიე. რაღაცას ხატავდა ერთი ბავშვი, მეორემ წაუშალა და ამაზე იჩხუბეს, მე ვაშველებდი და მერე ყველა მე დამახტა თავზე. მე ისეთი მაგარი ვარ, ყველა ავყარე. ნახე, რა მაგარი კუნთები მაქვს! (კუნთებს მაჩვენებს – თ.ს.)
– ბაღშიც მოჩხუბარი იყავი?
– ბაღში ბავშვებს ჩემგან ძაან „ერხეოდათ“. იქ იყვნენ ჩემზე ძლიერი ბავშვები და უფრო მაგარი ჩხუბებიც იმართებოდა, თან ბევრი ძმაკაცები მყავდა და მაგარი ამბები იყო. მე მარტო კარგ ბავშვებთან ვმეგობრობდი, ვინც ზრდილობიანი და ლამაზი იყო.
– გოგონებთანაც მეგობრობდი?
– შეყვარებულები მყავდა. იმათში ყველაზე მეტად ერთი გოგო მიყვარდა, მაგრამ მერე დავშორდი. სულ მირტყამდა, მე ვერ დავარტყამდი, იმიტომ, რომ ბაბუ მეუბნება, გოგოს ხელის დარტყმა არ შეიძლებაო, მერე ის გოგო სხვა სკოლაში წაიყვანეს, მე კი სხვაგან. არა უშავს, აქაც მეყოლება შეყვარებული, აბა მარტო ხო არ ვიქნები? როცა პარიზში ვიყავი, იქ მომეწონა ერთი გოგო, მაგრამ მალე წამომიყვანეს და იმისი შეყვარება ვერ მოვასწარი. პარიზი ძალიან ლამაზი იყო, ქუჩაში ლამაზი ქალები და კაცები დადიოდნენ, „დისნეი-ლენდშიც“ ვიყავი და გლდანის ჯაჭვებზეც ვიყავი.
– პარიზში გლდანის ჯაჭვებია?
– ხო, აბა, პარიზშიც არის გლდანი და მეცამეტე რაიონი.
– პარიზის გარდა კიდევ სად ყოფილხარ?
– ავსტრიაში ვიყავი დედას მუცლით და მერე ცოცხლად ვიყავი მოსკოვში. იქ ყველაზე ლამაზი იყო ულვაშებიანი კაცი.
– კიდევ რა მოგეწონა?
– „დეტსკი მირი“ და წითელი შენობა როა, კრემლი. იქ, მე მგონი, ისეთი კაცია დასაფლავებული, ვინც ყველაზე მეტი იეშმაკა.
– ლუკა, შენი ოჯახის წევრები სად მუშაობენ?
– მამა არ დადის სამსახურში, დედა მუშაობს ეკონომიკის სამინისტროში. მაგარი სამსახური აქვს, რაღაცეებს უკეთებენ ოკეანეებს, დედა ასწავლის ხალხს, სად არიან ზვიგენები და სად ვეშაპები. დედა ოკეანეში არ ყოფილა, მაგრამ ყველაფერი იცის და მეც მიყვება. როცა დიდი ვიქნები, ჩვენ ერთად წავალთ ოკეანეში. დედაჩემი მაგრად კი მუშაობს, მაგრამ არავინაც არ იცნობს. ჩვენს სახლში ცნობილი არის ბაბუაჩემი. ის უშიშროების მინისტრი და გენერალ-ლეიტენანტი იყო. მერე, შევარდნაძე რომ გააქციეს, ისიც აღარ მუშაობს.
– ნამდვილად იცი, რომ ბაბუ გენერალია?
– აბა, რა. გენერლის ფორმაც აქვს და სურათებიც გადაუღია ადრე იმ ფორმაში. ბევრი მედლები აქვს და მეც ვთამაშობ ხოლმე იმ მედლებით. ბაბუ თურმე კარგად სწავლობდა, მაგრად დარბოდა და შევარდნაძემ უთხრა, შენ გენერალი უნდა გახდე და მკვლელები და ცუდი ხალხი უნდა დაიჭიროო. ასე გახდა ბაბუ უშიშროების უფროსი. მერე ისეთი მაგარი იყო, რომ შევარდნაძეს ჭიდაობის დროს ერეოდა. ბაბუ გენერალი იყო და მოერეოდა, აბა რა?!
– ხომ არ იცი, შევარდნაძე ახლა სადაა?
– ტელევიზორში გამოდის ხოლმე, მე მგონი, სხვა ქვეყნის პრეზიდენტად მუშაობს, ოღონდ არ მახსოვს, რომელი ქვეყნის – ან სამეგრელოსი, ან ბაქოსი, ოოოჰ, დავიბენი, რაა!.. შევარდნაძემ თავისი წიგნი გამომიგზავნა და რაღაც დამიწერა. ბაბუ სხვა მწერლების გამოგზავნილ წიგნებსაც მიგროვებს, ოღონდ, ის მწერლები უშიშროებაში არ მუშაობენ, მარტო ლექსების წერა იციან. წერა მეც ვიცი, ოღონდ ლექსების არა... მე ვხატავ კიდეც, ჩემი ნახატები ყველას მოსწონს, ჩემს ნათლიასაც.
– შენი ნათლია ვინაა?
– მეუფე იობი. იცი, რომელ ეკლესიაში გავინათლე? ყველაზე მთავარი რომ არის და მეფეები რომ ინათლებოდნენ, ხო, სვეტიცხოველი ჰქვია. სამებაშიც ვარ ნამყოფი, პატრიარქმა რომ ააშენა, ეგ პატრიარქი ღმერთმა გამოაგზავნა ქართველებთან, რომ სახარება გვასწავლოს კარგად. მე ეკლესიაში უნდა დავიწყო მუშაობა და წითელი სტიქარი უნდა ჩავიცვა. ხანდახან ხანჯალიც უნდა დავიკიდო, მაგრამ ეკლესიაში კი არა, უშიშროებაში როცა მივალ.
– ლუკა, იცი უშიშროება რას ნიშნავს?
– უშიშროება არის სამსახური, სადაც უშიშარი ხალხი მუშაობს. თუ ვინმეს მშიშრობა შენიშნეს, მაშინვე გამოაგდებენ სამსახურიდან. უშიშროების ხალხი დილით მიდის სამსახურში, უფროსს ნახავენ, მერე ცუდ ხალხს მოძებნიან და ესე იმუშავებენ. თუ სადმე ტერორისტი ნახეს, ხომ აუცილებლად დაიჭერენ, ბაბუს ათი ტერორისტი მაინც ჰყავს დაჭერილი, მერე დაიღალა და ამიტომ არ მუშაობს ეხლა. ნამდვილი გენერალი რომ გახდე, ყველაზე სწრაფად უნდა ირბინო, სუპერინგლისური უნდა იცოდე და დღეში ათი ტერორისტი მაინც უნდა დაიჭირო.
– როცა გაიზრდები ვინ უნდა გამოხვიდე?
– ადრე მინდოდა, რომ გავმხდარიყავი ისეთი მაფიოზა, როგორებიც კინოებში არიან. მერე ბაბუმ მითხრა, მაფიოზობა ცუდია და თუ გახდები, დაგიჭერენ და ჩემი შვილიშვილი აღარ იქნებიო. მე ეს არ მინდა და მოვიფიქრე, რომ, როცა გავიზრდები, გენერალისიმუსი უნდა გამოვიდე, ბაბუ მომანიჭებს ამ წოდებას. დამპირდა და შეასრულებს. რასაც მპირდება, ყველაფერს მისრულებს. ეხლა ცურვაზეც დავდივარ, რაგბიზეც, სახლშიც ვვარჯიშობ, რომ ძლიერი ვიყო და სიმუსი გავხდე. გენერალი რომ ვიქნები, ქართველებს ვუშველი და რუსებისგან და იმათი ოჩოპინტრე პრეზიდენტისგან ვიხსნი. ყველა რუსი გენერალი უნდა დავიჭირო, ვინც ჩვენ ბომბებს გვესროდა. მე ეხლა ჩემი ტოლების გენერალი ვარ, მაგრამ ვაკეში ტერორისტებს ვერ ვპოულობ, რომ დავიჭირო. ჩემი ზომა გენერლის ტანსაცმელი არ იშოვება, ამიტომაც ბაბუ დამპირდა, ჩოხას შეგიკერავო. რა მოხდება ვითომ, გენერალს რომ ჩოხა ეცვას?
– არც არაფერი. ლუკა, ზაფხული სად გაატარე?
– ურეკში, შეკვეთილში ვცხოვრობ ხოლმე, იქ ცხენიც გვყავს. მინდა, რომ თბილისში წამოვიყვანო, მაგრამ ვაკეში სად დავაბამ? ზღვაში მაგარ ტრიუკებს ვაკეთებთ მე და ბაბუ, ის ისე ძალიან მაღლა მაგდებს ხოლმე, რომ რეკორდს ვამყარებთ. მე ძალიან მაგრად ვცეკვავ. შეკვეთილში დაჭრილი დელფინი ვიპოვე და ივანიშვილს ვაჩუქე, ვერც იმან გადაარჩინა, ის ჩვენ მეზობლად ცხოვრობს.
– ივანიშვილი ვინაა?
– არ ვიცი, სახით არ მინახავს, მაგრამ გამიგია, რომ ცოტა გამხდარი კაცია და ძალიან მდიდარი. მდიდრებს ბევრი სახლები და სკუტერები აქვთ, ეტყობა, ისეთი მდიდარი იმიტომ გახდა, რომ ძალიან ბევრს სწავლობდა, მე ჯერ არ ვარ ფულით მდიდარი, მაგრამ ეშმაკობით მდიდარი ვარ.
– ბაბუ მდიდარია?
– მე მგონი, მაგრამ ბევრ ფულს არ მაძლევს. ყველაფერს კი არ ყიდულობს. ისე, რად მინდა ბაბუს ფული, მე როცა გავიზრდები „ჭუტას“ ქონება უნდა შევჭამო. თავის შვილიშვილს მირიგებს და, ცოლად რომ მოვიყვან, მაგისი ქონება მექნება. ერთხელ რომ მკითხა მაგ კაცმა – ჩემი ქონება უნდა შეჭამოო? მე მეგონა, რომ ქონის ჭამას მეუბნებოდა, მერე გავიგე, რომ ქონება არის ფული და მოტოციკლეტები. როცა „ჭუტას“ ქონება მექნება ბაბუს შავ „პორშეს“ ვუყიდი. უკვე შევუკვეთე ერთი მანქანა ძიძისთვის, მაგრამ ჯერ ფოთშია, ბენზინს ასხამენ და რეცხავენ.
– კარგი შვილიშვილი ჰყავს იმ კაცს?
– კარგი გოგოა ირინა, მაგრამ ჯერ ცოლად ვერ მოვიყვან. პატარა ბიჭი ცოლს ვერ მოუვლის, იმას ტანსაცმლის ყიდვა უნდა, კინოში წაყვანა. ეხლა მეც კი არ მიშვებენ კინოში მარტოს და ცოლს ვინ გამომატანს? თუ არაფერი არ დავაშავე და სულ ზრდილობიანად მოვიქეცი, ბაბუ „კოფი ჯი-ში“ წამიყვანს ხოლმე, ქუჩაში ყველა იცნობს, პატრულიც კი. თუ ცუდად მოვიქეცი, პატრულით მაშინებენ, მაგრამ მე ვიცი, რომ პატრულს ბავშვები არ მიჰყავს. ცნობილობა მაგითია კარგი, რომ ქუჩაში ყველა გესალმება, თან ბაბუს სულ ცნობილი მეგობრებიც ჰყავს: ილო, ჯუმბერა, დემური პავლოვიჩი – სულ გენერლებთან მეგობრობს, მაგრამ ეგენი ბაბუზე მაგრად და სწრაფად ვერ დარბიან.
თამუნა სამადაშვილი