ლებეფს ქალი დაეკარგა
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ ლებეფი სერიოზულ შარშია გახვეული. წლების წინ მისი მეგობარი გოგონა, ხორვატი მოდელი, სამოდელო სამყაროში მარტინა ხორვატის მეტსახელით ცნობილი ქალი იყო, მაგრამ მერე წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მარტინა საცხოვრებლად პარიზიდან ზაგრებში გადავიდა. ცოტა ხნის წინ მისმა მეგობარმა მამაკაცმა თავი მოიკლა და მარტინამაც დეპრესიიდან გამოსვლა პარიზით გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, იქ ლებეფი ეგულებოდა და უპირველესად, მას დაუკავშირდა. უფრო ზუსტად კი შეტყობინება ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა. ეს ამბავი სამი თვის წინ მოხდა, ახლა კი ლებეფი ზაგრების პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. როგორც გაირკვა, მას შემდეგ მარტინა უბრალოდ, გაუჩინარდა და სამართალდამცავებმა გოგონას ყველა კავშირი შეამოწმეს და ისიც ნახეს, რომ ელექტრონულ მისამართზე ბოლო წერილი სწორედ ლებეფისთვის იყო გაგზავნილი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ფრანგი ფეხბურთელის პასპორტში ხორვატიაში შესვლა-გასვლის ბეჭედია ჩარტყმული.
„როცა მარტინასგან წერილი მივიღე, ძალიან გამიხარდა, რადგან მე ის დღემდე“ მიყვარს. პასუხად მივწერე, რომ პარიზში სიამოვნებით წავიყვანდი, მაგრამ მერე დამეკარგა და გადავწყვიტე, ზაგრებში თავად ჩავსულიყავი. მის ძველ მისამართზე მითხრეს, რომ მარტინა იქიდან გადავიდა, ახალი საცხოვრებლის ამბავი კი ვერაფრით გავიგე. ამის შემდეგ ისევ პარიზში დავბრუნდი და ჩავთვალე, რომ ეს მისი მორიგი ხუმრობა იყო“, – ასეთია ლებეფის ახსნა-განმარტება.
სამართალდამცავები ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობენ ქალის მონახვას და არც სავარაუდო ეჭვმიტანილი ჰყავთ. ერთადერთი ფოსტალიონია, რომელმაც დაინახა, რომ მარტინა დილით ვიღაც კაცთან ერთად მანქანით სადღაც წავიდა. მას შემდეგ გოგონას კვალი იკარგება. ფოსტალიონს ლებეფის სურათი ანახეს, თუმცა მან აღნიშნა, რომ ფრანგი ფეხბურთელი იმ კაცს აშკარად არ ჰგავდა.