რომელი ეროვნული ნაკრებია ყველაზე ძვირად ღირებული მსოფლიოში
ესპანელებს კიდევ ერთი საამაყო აქვთ – მათი ეროვნული გუნდი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ნაკრებად აღიარეს. სპეციალისტებმა იმ ფეხბურთელების სავარაუდო ფასები ჩამოწერეს, რომლებიც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ყველაზე ხშირად თამაშობენ და 11 საუკეთესოს ფასი დაადგინეს. ჰოდა, ვისენტე დელ ბოსკეს კრებული, თურმე, 258 მილიონი ფუნტი ღირს. თუმცა, ეს მხოლოდ ციფრებია და გვერწმუნეთ, ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრები არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩემპიონები გახდებიან. ცუდი და კარგი მუნდიალზე გამოჩნდება და შესაბამისად, გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელთა ფასიც, მინიმუმ, რამდენიმე მილიონით მოიმატებს. რაც შეეხება ნაკრებებსა და მათ ღირებულებას, მუნდიალზე მოხვედრილ უძვირეს ათეულს აქვე შემოგთავაზებთ.
1. ესპანეთი (258 მილიონი ფუნტი) – ევროპის მოქმედი ჩემპიონების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონატზე კატალონიური „ბარსელონას“ ერთბაშად რვა ფეხბურთელი ითამაშებს. მათგან ყველაზე ძვირი გასულ კვირას „ვალენსიადან“ ნაყიდი დავიდ ვილაა, რომელიც კატალონიელებს 40 მილიონი დაუჯდათ. თუმცა, მთლიანობაში ესპანელთა შემადგენლობაში უძვირესი მაინც ფერნანდო ტორესია. „ლივერპულის“ ფორვარდში „ჩელსი“ მზად არის 50 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. 30 მილიონად არის შეფასებული იკერ კასილასი, 25 მილიონი ღირს სერხიო რამოსი, ხოლო „ბარსას“ კაპიტანი და სიამაყე, კარლეს პუიოლი ასაკის გამო სულ რაღაც 10 მილიონად დაფასდა.
2. არგენტინა (249 მილიონი ფუნტი) – ეს ის შემთხვევაა, როცა მთელ გუნდს ერთი ფეხბურთელი რომ გამოაკლო, ფასი განახევრდება. ალბათ, მიხვდით, რომ საუბარი ლიონელ მესიზეა. ლეოს სატრანსფერო ღირებულება 119 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. დაახლოებით, 25 მილიონი ღირს არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დიეგო მარადონას სიძე სერხიო აგერო, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი კარლოს ტევესი ამ კლუბმა გასულ ზაფხულს სულაც 32 მილიონად იყიდა.
3. ინგლისი (226 მილიონი ფუნტი) – გუნდი, რომლის რიგებშიც ყველაზე ძვირად ღირებული „მანჩესტერის“ ფორვარდი უეინ რუნია. „შრეკის“ ფასი 45 მილიონ ფუნტს აჭარბებს. ისე, სპეციალისტებს ფეხბურთელთა ხელფასები რომ დაეანგარიშებინათ, ფაბიო კაპელოს კრებული აუცილებლად პირველ ადგილზე გავიდოდა, რადგან თუნდაც მხოლოდ ჯონ ტერისა და ფრენკ ლამპარდს კვირაში 120 ათას გირვანქაზე მეტი აქვთ. თითქმის ამდენივეს იღებენ: რუნი, ფერდინანდი და ეშლი კოული.
4. ბრაზილია (190 მილიონი ფუნტი) – სანამ კარლოს დუნგას კრებულზე გეტყვით, შეგახსენებთ, რომ მწვრთნელმა მსოფლიოს ჩემპიონატის 23-კაციან განაცხადში „მილანის“ ორი ვარსკვლავი – ალეშანდრე პატო და რონალდინიო არ შეიყვანა. ყველაზე ძვირი ფეხბურთელი კი რიკარდო კაკაა, რომლის სანაცვლოდაც „რეალმა“ შარშან 56 მილიონი ფუნტი გადაიხადა. დაახლოებით, 30-30 მილიონია „ბარსას“ მცველის დანიელ ალვეშისა და „ინტერის“ მცველის დუგლას მაიკონის ფასი. მეორე მხრივ, ბრაზილიელთათვის მეოთხე ადგილი უჩვეულოა. როგორც წესი, ისინი ამ ნომინაციაში ლიდერობენ ხოლმე და ვინ იცის, დუნგას რონალდინიო და პატო რომ წაეყვანათ, პენტაკამპეონებს, ეგებ, წელსაც ემარჯვათ.
5. პორტუგალია (171 მილიონი ფუნტი) – ამ თანხის თითქმის ნახევარი კრიშტიანუ რონალდუზე მოდის. „რეალმა“ „მანჩესტერს“ პორტუგალიელის სანაცვლოდ გასულ ზაფხულს 80 მილიონი გირვანქა გადაუხადა და ეს ტრანსფერი დღემდე რჩება უძვირესად. პრინციპში, კარლუშ კეირუშს შემადგენლობაში სხვა ისეთი ფეხბურთელი არ ჰყავს, რომლის ფასი 30-მილიონიან ნიშნულს მაინც მიუახლოვდება.
6. საფრანგეთი (153 მილიონი ფუნტი) – 35 მილიონად შეფასებული კარიმ ბენზემა რაიმონ დომენეკის განაცხადში ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, სხვები არიან, თუმცა ის სხვები 153 მილიონზე მეტს ვერ „ქაჩავენ“. არადა, დრო იყო, ნაკრების ღირსებას ზინედინ ზიდანი იცავდა, ტიერი ანრი კარიერის პიკზე იყო და ფრანგებიც პირველობას არ თმობდნენ.
7. გერმანია (133 მილიონი ფუნტი) – სერიოზული ეჭვი გვაქვს, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ იოახიმ ლიოვის გუნდის ფასი გაორმაგდება. ლიოვს გუნდში ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, ისეთები, რომლებმაც ახლა უნდა გაიბრწყინონ და სატრანსფერო ფასიც მოემატოთ. ამ ეტაპზე კი, ყველაზე ძვირად ღირებული „ბაიერნის“ ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერია, რომლის ფასიც 30 მილიონს უკაკუნებს. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ბუნდესნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოკვეთილი ლიდერი და კაპიტანი, მიხაელ ბალაკი არ ეყოლება.
8. ჰოლანდია (132 მილიონი ფუნტი) – ჰოლანდიელებზეც ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება, რაც გერმანელებზე, ბერტ ვან მავრეიკის გუნდი, ალბათ, ჩემპიონატის სიურპრიზი და აღმოჩენა იქნება. რობენი და უესლი სნაიდერი კარიერის პიკზე არიან, ხოლო რობინ ვან პერსი გამოჯანმრთელდა და თუ ტრავმას არ მიიღებს, დიდი ალბათობით, გუნდის ლიდერიც იქნება. ამ სამეულის ფასი ერთად 70 მილიონს აჭარბებს, დანარჩენი 62 მილიონი კი, სხვა ფეხბურთელებზე მოდის.
9. კოტ დივუარი (111 მილიონი ფუნტი) –აფრიკელთა მთავარი ვარსკვლავი დიდიე დროგბაა, რომლის საბაზრო ღირებულება, ასაკის მიუხედავად, 25 მილიონ გირვანქას სცდება. იგივე ფასი აქვს „ბარსელონაში“ მოთამაშე იაია ტურეს. ამბობენ, აფრიკელები ფსონს სწორედ კოტ დივუარზე დებენ და იმედი აქვთ, რომ ეს გუნდი სამეულში მოხვდებაო, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება.
10. იტალია (108 მილიონი ფუნტი) – მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები მეათე ადგილზე სამართლიანად არიან. მარჩელო ლიპი გუნდში იმ იმედით მივიდა, რომ ახალ შემადგენლობას დააყენებდა და აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებდა, მაგრამ საბოლოოდ, არაფერი გამოუვიდა და ისევ ძველ გვარდიას დაეყრდნო. ძველი გვარდია კი ვეტერანებისგან შედგება და მათი სატრანსფერო ღირებულებაც დაბალია. თუნდაც ის რად ღირს, რომ ოთხი წლის წინ ჯანლუიჯი ბუფონის ფასი 50 მილიონი გირვანქა იყო, ახლა კი 25 მილიონსაც ძნელად თუ გადაიხდის ვინმე.
P. S. ალბათ, საინტერესოა, რა ღირს საქართველოს ნაკრები. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის საუკეთესო თერთმეტეულის ფასი 20 მილიონ ფუნტს არ გადააჭარბებს. მაგრამ, ვინ იცის, წლების შემდეგ ლევან ყენიას, ლევან მჭედლიძესა და ჯანო ანანიძეს რა ფასი დაედებათ. ექსპერტთა აზრით, ორიოდე წელიწადში ოც მილიონზე ნაკლები არც ერთი არ ეღირება.