კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: 5 თვის წინ შემაწუხა ტერფებმა. სიგრილეში თავს კარგად ვგრძნობდი. სითბოში კი, ტერფები და მტევნები მიხურდა და მიწითლდებოდა. ფეხების სიმაღლეზე შეწყობისას თავს უკეთ ვგრძნობდი. გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი. ყველა მაჩვენებელი ნორმალური აღმოჩნდა. პროთრომბინის მაჩვენებელი იყო 100. ვიმკურნალე და ახლა 80-ია. ჩივილებმაც რამდენიმე დღეში გამიარა, თუმცა, ახლა იგივე სიმპტომები ისევ გამომაჩნდა. რა ანალიზია კიდევ აუცილებელი და რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი?

პასუხი: თქვენ მიერ აღწერილი სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება, ვენური უკმარისობა გქონდეთ. გირჩევთ, გაესინჯოთ ანგიოლოგს, რომელიც დიაგნოზს დაგიზუსტებთ.

კითხვა: ვარ 25 წლის, გათხოვილი. მყავს 3 წლის შვილი. მშობიარობიდან 3 თვის შემდეგ საგრძნობლად დავიკელი წონაში. 45-დან 36 კილოგრამამდე ჩამოვედი. გავიკეთე ანალიზები და ნაწლავის ჩხირის ნაკლებობა აღმომაჩნდა. მკურნალობამ უმნიშვნელო შედეგი მომცა, მაგრამ წონას მაინც ვერ ვიმატებ. ექიმს გავესინჯე და გაირკვა, რომ კუჭის დაწევა და საყლაპავის დავიწროებაც მქონია, რის გამოც ბევრს ვერ ვჭამ. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე რომ ცოტა მაინც მოვიმატო?

პასუხი: მუცლის ღრუს ორგანოთა დაწევა, ამგვარი სიგამხდრის ფონზე, ბუნებრივი მოვლენაა. ანუ, კუჭის დაწევა წონის დაკლების შედეგია და არა მიზეზი. დისბაქტერიოზიც კახექსიის ერთ-ერთი, თუმცა ალბათ, არა ერთადერთი მიზეზია. აუცილებლად ჩაიტარეთ სამედიცინო-კლინიკური გამოკვლევები, სისხლის, შარდის საერთო ანალიზები, მუცლის ღრუს ექოსკოპია. გაესინჯეთ გამოცდილ თერაპევტს. თუ ყოველგვარი მძიმე ორგანული პათოლოგია გამოირიცხა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენი მდგომარეობა ორსულობის შემდგომი დისმეტაბოლიზმის ბრალია. ამ დარღვევის მიზეზი ცილების, ვიტამინებისა და მიკროელემენტებისგან ორგანიზმის გამოფიტვაა. ასეთ დროს კარგ შედეგს იძლევა ვიტამინები, ზოგჯერ კორტიკოსტეროიდული ჰორმონებიც კი ინიშნება.

კითხვა: მყავს 2 წლის ბავშვი, რომელიც დაძინებისას დედის რძეს ითხოვს. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ გადავაჩვიო.

პასუხი: რა თქმა უნდა, 2 წლის ასაკში ბავშვი უკვე უნდა გადაეჩვიოს ძუძუს წოვას, მაგრამ თუ მხოლოდ დაძინებისას ითხოვს, ეს ნამდვილად არ გახლავთ დიდი უბედურება. შეგიძლიათ, იძულებით გადააჩვიოთ, მაგრამ იცოდეთ, ეს მისთვის გარკვეული სტრესი იქნება. გირჩევთ, გადაჩვევის თანდათანობითი მეთოდი აირჩიოთ. პატარა მისთვის უჩვეულო გარემოში, გართობით დააძინოთ. თუ მოგთხოვთ ძუძუს, დიდ წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ. ცნობიერების შეცვლასთან ერთად იგი თავისთავად შეიცვლის ჩვევებსაც.

კითხვა: ჩემს შვილს სისხლში აღმოაჩნდა 1 მონოუჯრედი. ექიმმა მითხრა, ეს ძალიან საშიშიაო და ძლიერი ანტიბიოტიკები გამოუწერა. ცოტა ხნის წინ ბავშვს მაღალი სიცხეები ჰქონდა. ახლა თავს კარგად გრძნობს, არაფერი აწუხებს და კარგადაც გამოიყურება. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, მართლა ასე საშიშია 1 მონოუჯრედი? უშველის თუ არა ანტიბიოტიკები?

პასუხი: სამწუხაროდ გაუგებარია, რას გულისხმობთ მონოუჯრედში. თუ მონოციტებზეა ლაპარაკი, მაშინ მათი რაოდენობა ნორმაში ყოფილა. მაგრამ არსებობს ატიპური მონონუკლეარები, რომელთა სისხლში გაჩენაც ორგანიზმში ინფექციური დაავადების მონონუკლეოზის მიმდინარეობაზე მეტყველებს. ალბათ, ექიმმა სწორედ ამ დაავადებაზე მიგითითათ. მაგრამ, ინფექციურ მონონუკლეოზს ვირუსი იწვევს და მას ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობენ. ანტიბიოტიკები ასეთ დროს არ გამოიყენება. მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნიშნავენ, თუ დაავადება მეორეული ბაქტერიული ინფექციით გართულდა და პნევმონია, ოტიტი, პიელონეფრიტი განვითარდა. თუ დაავადება გართულებების გარეშე მიმდინარეობს, ანტიბიოტიკები საჭირო არ არის.

კითხვა: ეს სამი წელია, ცხვირი მაქვს გაჭედილი, მაგრამ გამონადენი არ გამოიყოფა. მეუბნებიან, ალერგიული რინიტიაო. როგორია ამ დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა? ვის მივმართო?

პასუხი: უნდა ვივარაუდოთ, რომ ვაზომატორული რინიტი გაქვთ. დიაგნოზის დასაზუსტებლად ყელ-ყურ-ცხვირის ექიმსა და ალერგოლოგს უნდა მიმართოთ. მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია ცხვირ-ხახაში მიმდინარე ცვლილებებსა და ალერგიულ სტატუსზე. ვაზომატორული რინიტის სამკურნალოდ იყენებენ როგორც კონსერვატიულ, ისე ქირურგიულ მკურნალობას. მეთოდს ექიმი დიაგნოსტიკის შემდეგ შეგირჩევთ.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3