რა უყვარს ბაჩო ქაჯაიას საკუთარი ხელით გაკეთებული
ბაჩო ქაჯაია: ვერ დავიტრაბახებ, რომ ძალიან ხელმარჯვე ვარ, მაგრამ რაღაცას, ელემენტარულ დონეზე ვახერხებ, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. არ მივეკუთვნები იმ მამაკაცთა კატეგორიას, რომლებიც საერთოდ არაფერს ჰკიდებენ ხელს. ნათურას, რა თქმა უნდა, გამოვცვლი. შემიძლია, გამოვცვალო ონკანის „პრაკლადკაც“, ქართულად რა ჰქვია, არ ვიცი. კიდევ ვახერხებ რაღაც- რაღაცეებს.
– შტეფსელსაც გამოცვლი?
– გამოვცვლი, არც ეს არის ძალიან რთული.
– ქალები ნაკლად უთვლიან მამაკაცს, თუკი მას საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება არ შეუძლია.
– არ ვიცი, ნაკლია თუ არა, მაგრამ, ცოტა მონდომება უნდა ამ საქმეს. დიდი ნიჭი საჭირო არ არის, ინტერესიც აუცილებელია, რა თქმა უნდა.
– ელიავას ბაზრობის ლაბირინთებში ერკვევი?
– ვერკვევი ნორმალურად. საერთოდ, არც ერთ ბაზრობაზე არ დავიკარგები. ვიპოვი იმას, რაც მჭირდება. ვაჭრობაც შემიძლია.
– რაც ცნობილი სახე გახდი, შეიცვალა რამე შენი და მოვაჭრეების ურთიერთობაში?
– გაინტერესებთ, მცნობენ თუ არა? მცნობენ და მიკლებენ ხოლმე ფასებს ბაზარში. ყოფილა შემთხვევა, საერთოდ უფასოდაც გამოუტანებიათ. კი, კი, აბა?! ასეთი რაღაცაც მომხდარა. ხალხს რომ უყვარხარ, ამაზე კარგი არაფერია. მართლა ძალიან სასიამოვნო განცდაა.
– საყიდლებზე ხშირად დადიხარ?
– ყოველ შემთხვევაში, იშვიათად არა. ჩვენ – მე, ჩემი მეუღლე და ბავშვები, ცალკე ვცხოვრობთ და რაც ჩემს მოვალეობებში შედის, ყველაფერს ვაკეთებ, არ გავურბივარ ვალდებულებებს. როგორ შეიძლება ამ ყველაფრისთვის თავის არიდება?
– დასაფასებელი თვისებაა. ნაგავიც გაგაქვს წუწუნის გარეშე?
– თუ დაღლილი არ ვარ, საერთოდ არ მახასიათებს წუწუნი, რაც საჭიროა, ვაკეთებ. მარტო ძალიან დაღლილი თუ წავიწუწუნებ ხოლმე. არ მიყვარს საყიდლებზე დიდხანს სიარული. მით უმეტეს იქ, სადაც ბევრი ხალხი, ყაყანი და ანტისანიტარიაა. თუ საშუალება გაქვს, ყველაზე კარგი გამოსავალი სუპერმარკეტია, მაგრამ ცოტა ძვირი სიამოვნებაა.
– ტანსაცმელს ვინ ყიდულობს შენთვის?
– მეც და ჩემი მეუღლეც. ტანსაცმლის ყიდვა მომწონს, არც მეზარება. სხვათა შორის, საკმაოდ წუნია ვარ და პირველივე დანახვაზე არ ვყიდულობ, ამიტომ საკმაოდ დიდი დრო მეხარჯება. თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ ვივლი, ვივლი და, ბოლოს მაინც იმას ვყიდულობ, რაც პირველად მომეწონა.
– მეუღლეს არ დაჰყვები ტანსაცმლის შესაძენად?
– თუ დრო მაქვს, აუცილებლად. ენდობა ჩემს გემოვნებას. ბავშვების ტანსაცმელსაც ვყიდულობ. თუ ზომა შემეშლება, ბოლოს და ბოლოს, გამოვცვლი.
– „პახმელიას“ რითი უნდა ვუშველოთ?
– მე, მაგალითად, ძალიან მშველის ცხელი ხინკალი და ასი გრამი არაყი. მაგან „შებრუნება“ იცის?! – აბა, რააა! თუ საქმე არ ფუჭდება, უნდა გააგრძელო. მე თუ ცუდ სასმელს დავლევ, მაშინ მაქვს „პახმელია“. შაქრიანმა ღვინომ თავის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები იცის.
– სამზარეულოსთან მეგობრობ?
– კარგი კულინარი ვარ-მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ, მაგრამ ჩემი ხელით მომზადებული ერბოკვერცხი ძალიან მიყვარს. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, მაგრამ ძალიან გემრიელი გამომდის. ვიცი, როგორ უნდა შევწვა, რომ ამოფუვდეს.
– კულინარიული თვისებებით ხომ არ ჰგავხარ შენს გმირს, „შუა ქალაქიდან“, ან, მსუნაგი ხომ არ ხარ?
– ჰაბიტუსზე არ მეტყობა, მიყვარს ჭამა, თუ არა?! (იცინის) როგორ ვთქვა, არ ვარ მსუნაგი-მეთქი? მიყვარს გემრიელი კერძები და ტკბილეული. დიახ, კრემიანი ნამცხვრებიც. აბა, უკრემოდ რა ნამცხვარი იქნება. თუ დიეტაზე ვარ, ნებისყოფა მყოფნის და, რისი ჭამაც არ შეიძლება, არ ვჭამ. მაგალითად, სახინკლის სცენას რომ ვიღებდით, სტუდიაში მოიტანეს ძალიან გემრიელი რაღაცეები: ხინკალი, ქაბაბი, ლუდი... მე დიეტაზე ვიყავი და არ ვჭამე. გავუძელი გმირულად – რადგან ნათქვამი მქონდა, რომ არ უნდა მეჭამა, სიტყვას არ ვუღალატე.