კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პატივით გამოირჩევა, სხვა ეკლესიებისგან განსხვავებით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და რა მნიშვნელოვან საიდუმლოს განასახიერებს მღვდელმთავრის სამოსის თითოეული ნაწილი


ვინც ეკლესიაში დადის, ან ტელევიზიით უნახავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შესამოსელი, ალბათ, ხშირად გასჩენია კითხვა, თუ რისგან შედგება ის და რა დანიშნულება აქვს თითოეულ მათგანს. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება და ყოველივეს განგვიმარტავს კუკიის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, მღვდელი არჩილი (ხაჩიძე).


– ყველა მართლმადიდებელი, ავტოკეფალიური ეკლესია არ არის იმ პატივით შემკული, რომ მისი მწყემსმთავარი პატრიარქად, ან კათოლიკოსად იწოდებოდეს. ეს არის მღვდელმთავარი და ის ისე იმოსება, როგორც შეიმოსებოდა ნებისმიერი მღვდელმთავარი მსახურების დროს. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელი არის მეთაური და მამამთავარი იმ ეკლესიის, რომელიც უძველეს დროსაა დაარსებული და მის სამოსელში არის გარკვეული შტრიხები, რომელიც მხოლოდ ქართული გარემოსთვისაა დამახასიათებელი. ეს შეიძლება ითქვას მანტიაზე, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სისხლისფერი, ღვინისფერი, ძოწისფერი – შუა საუკუნეებში ჭიაფერს რომ უწოდებდნენ. პატრიარქის ტიტულატურაშიც მეთერთმეტე საუკუნემდე და ცოტა გვიანაც, შედიოდა ასეთი წოდება – „უფლის კვართის მცველი“ და მოგეხსენებათ, რომ მეწამული ფერი არის სიმბოლო ვნებისა, სიმბოლო ტანჯვისა, სისხლის დათხევისა და გამომდინარე აქედან, მაცხოვრის კვართი, რომელიც ბუნებრივია, მისი ყოვლად პატიოსანი სითხით იყო გაპოხილი და რომელიც დაცულია სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, იყო სრულიად საქართველოს საჭეთმპყრობელის დაცვის ქვეშ. თუმცა, თავად კვართია უდიდესი სიწმიდე, ის გვიცავს. როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყოველთვის იმოსება სისხლისფერი, მეწამული მანტიით, რუსეთში კი ნეტართა ფერად მიიჩნევა შაბიამნისფერი და რუსეთის პატრიარქი ზუსტად ასეთი ფერის მანტიით იმოსება. შეიძლება, იასამნისფერი, უფრო მეტად მწვანე მანტია ეცვას საბერძნეთის პატრიარქს. რუსეთში ასევე ნეტართა ფერად მიიჩნევა მწვანე, შესაბამისად, პატრიარქის მანტიის ფერში ეს ორი ფერი ფიგურირებს.

– კიდევ რისგან შედგება პატრიარქის შესამოსელი?

– საღვთისმსახურო შესამოსელი მას შემდეგ იქმნება, რაც ტაძრის ტრადიცია დაწესდა. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, როდესაც სინას მთაზე მოსემ უფლისგან მიიღო უწყება, ასეთი და ასეთი ააშენე კარავიო, მან მაშინ უფლისგან ასევე მიიღო მითითება, რომ შენ უნდა შეკერო, გაუკეთო შესამოსელი, უნდა გაუწყო შენს ძმას აარონს და ისიც შეიმოსებაო. ეს პატივი რომ ძალიან მნიშვნელოვანია და შესამოსელი გამოხატავს პიროვნების უფლებას ამა თუ იმ მსახურებაზე, ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ აარონის გარდაცვალების მომენტში, მოსეს აჰყავს ის მაღალ მთაზე, მთელი ერის სახილველად, საჯაროდ განმოსავს და მის შვილს მოსავს. ანუ, მემკვიდრეობით გადასცემს ამ ღვთივმსახურებას. ახალ აღთქმაში ეს პატივი მემკვიდრეობით აღარ გადადის და ეს პიროვნულ ღირსებაზეა დამოკიდებული. მღვდელმთავრის, ანუ კათოლიკოს-პატრიარქის შესამოსელი შედგება სტიქარისგან, ანუ კვართისგან, ასევე, ოლარისგან, რომელიც უძველესი ატრიბუტია ღვთისმსახურისა. ასევე, სარტყლისგან, რომელსაც სასულიერო პირი იმაგრებს მსახურების დრო და საბუხარების, ანუ სამკლავურებისგან, რომელსაც მაჯებზე იკეთებს სასულიერო პირი. ამას მოჰყვება ენქერი, რომელიც ღვთისმსახურის მხარზე და გვერდზე მაგრდება, ანუ იგივე სამუხლე და ბოლოს სარკოსი, ანუ ბისონი, რომელიც არის მღვდელმთავრის შესამოსელის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი. ყველაზე უფრო ძველი, მკაფიოდ გამომხატველი და ხაზგამსმელი პატრიარქისა და მღვდელმთავრის მსახურებისა არის ომოფორი, რომელიც ღვთისმსახურების ნებისმიერ მომენტში აქვს შემოსილი მღვდელმთავარს. ომოფორი, თავის მხრივ, არის დიდი და პატარა. ის არის თავისებური გრძელი, ფართო ლენტი, რომელიც კისერს ფარავს, მხრებზეა შემოხვეული. დიდი ომოფორი ნაწილობრივ წინ არის გადმოშვებული, ნაწილობრივ უკან და მღვდელმთავარი მას უშუალოდ სამოციქულოს წაკითხვამდე იმოსავს. სამოციქულოს წაკითხვის შემდეგ კი ის იმოსება მცირე ომოფორით, რომლის ორი ბოლო გულზეა გადმოშვებული და გამოხატავს იმ ცხვარს, რომელიც მაცხოვარმა აღიხვნა თავის მხრებზე. ანუ, გამოხატავს კაცობრივ ბუნებას, რომელიც მან იტვირთა და გადაარჩინა. დიდი ომოფორის მოხსნა, თავის მხრივ, გამოხატავს იმას, რომ მარადიული მღვდელმთავარი, იესო ქრისტე არის საკურთხეველში. მღვდელმთავრის სამოსელში შედის ასევე მიტრა, ჯვარი, ორი საწიაღე, ანუ პანიღია, რაც გულისხმობს იმას, რომ მასში ჩაბრძანებულია წმიდა ნაწილები. როგორც წესი, ტრადიციულად მიღებულია, რომ პანიღია არის მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებანი. მღვდელმთავრის კვართი, ანუ სტიქარი აუცილებლად უნდა იყოს ვიწროსახელოებიანი, რომელსაც მაჯები ნაწილობრივ აქვს ჩახსნილი, აქვს ლენტები და მას შემოსვის დროს მაჯაზე იხვევს, რაც გამოხატავს მაცხოვრის ბორკილებს, მსახურებისთვის მზადყოფნას. კვართს აუცილებლად აქვს ზურგზე ამოქარგული, ან დაკერებული ჯვარი, რაც გულისხმობს იმ ჯვრის აღებას, შედგომას, რომლის აღებისკენაც ყველას მოუწოდა მაცხოვარმა და თავადაც იტვირთა. ოლარი არის კისერზე ჩამოსაკიდებელი ლენტი და მას იმოსავენ, როგორც მღვდლები, ასევე მღვდელმთავრები და ეს არის იმ პატივის, ღირსების, მადლის გამომხატველი, რომელიც აქვს ადამიანს უფლისგან მსახურებისთვის მინიჭებული. საბუხარები თავიდან არ იყო მღვდელმთავრის შესამოსელის ნაწილი. ის და ბისონი კონსტანტინოპოლის იმპერატორის რეგალიები გახლდათ და დაახლოებით, მეთერთმეტე საუკუნეში მან, როგორც პატივი, გადასცა კონსტანტინოპოლის პატრიარქს. შემდეგში საბუხარების ტარების უფლება მიეცათ მღვდლებსაც და განსაკუთრებულ შემთხვევაში მისი ტარება შეეძლოთ მთავარდიაკვნებს. დღეს ის უკვე ნებისმიერი ღვთისმსახურის სამოსის შემადგენელი ნაწილია. განსხვავება მხოლოდ ერთშია – მღვდელმთავრის საბუხარეზე დასაშვები და მიღებულია, რომ იყოს გამოსახული მაცხოვარი, ღვთისმშობელი, წმიდანები, ხოლო მღვდლის საბუხარეზე, ანუ სამაჯურებზე უნდა იყოს გამოსახული მხოლოდ და მხოლოდ ჯვრები. ბისონი, ეს არის გრძელი შესამოსელი, რომელიც პიროვნებას ფარავს წინიდან და უკანა მხრიდან, გვერდებზე იკვრება ზანზალაკებით და ის გამოხატავს უმაღლესი იერარქიის პატივს. ხაზს უსვამს ამა თუ იმ ღვთისმსახურის გამორჩეულობასა და ღვთისგან კურთხეულობას. ამ შესამოსელს უკავშირებენ ძველ შესამოსელს – ფოფოდს, რომელიც აარონს ჰქონდა დამაგრებული წინა და უკანა მხარეს იმ 12 ძვირფასი ქვით, რომელიც ისრაელის 12 ტომს გამოხატავდა. დღეს ის ჯვრები, რომლებიც გამოსახულია ბისონზე, გამოხატავს იმას, რომ უმაღლეს იერარქს ლოცვაში გართულს, არ უნდა დაავიწყდეს მთელი ერი, რომლის მიერ ამ მსახურებისთვის არის დადგენილი. ენქერი, ეს არის სამუხლე, რაც გამოხატავს სულიერ მისვლას, პატივს და პრაქტიკული დანიშნულება აქვს. უშუალოდ სამუხლე, დაჩოქების დროს მუხლის ქვეშ დასადებია და გარკვეული განმარტებით ის გამოხატავს იმ ქისას, რომელსაც ტაძრის უპირატესი ღვთისმსახური ატარებდა. მიტრა არის ასევე ძველი აღთქმიდან წამოსული შესამოსელი, რომელიც ამკობს თავს და ის გამოხატავს სახარებას, რადგან მღვდელმთავარს კურთხევისას თავზე სახარება ედება და ის ხდება სახარების მიმღები, მისი სიტყვების მორჩილი, მატარებელი და გამავრცელებელი. როგორც სახარებაზეა გამოსახული, მაცხოვარი, ღვთისმშობელი, მახარებლები, ასევე მიტრაზეც ხშირად გამოისახება მაცხოვარი. საწიაღე, ანუ პანაღია, ეს არის მრგვალი ფორმის გულსაკიდი, რომელშიც წმიდა ნაწილი იყო ჩაბრძანებული და მას გულით ატარებდა ესა თუ ის ღვთისმსახური. ის აღნიშნავდა მისი გულის სიწმიდის დაცვას, რომ ის არის მტვირთველი და მცველი სიწმიდისა და იმავდროულად, მისი მატარებელი და ხალხთან მიმტანი. ჯვრის ტარების უფლება, როგორც საბერძნეთში, რუსეთში, შეიძლება, საქართველოშიც, ყოველთვის არ ჰქონდათ დაბალი იერარქიის მსახურთ და გამოსაჩენად მისი ტარება შეეძლოთ პატრიარქებს და უპირატესად ეპისკოპოსებს. თუმცა, თანდათანობით აუცილებელი გახდა, ყველას გამოეჩინა საკუთარი გარე ჯვარი, რომ ერთმანეთისგან გაერჩიათ – ვინ იყო მღვდელი, მორჩილი და საერო პირი. კვერთხი, რომელსაც პატრიარქი მსახურებისას იყენებს არის გამორჩეული თავისი გარეგნული სახით. მისი თავი შემკულია ჯვრისა და ორი გველეშაპის გამოსახულებით. ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს და ის ჯერ კიდევ უძველეს დროშია მიღებული არა მხოლოდ ქრისტიანობაში, არამედ წარმართულ გარემოში და ღვთისმსახურის უმაღლეს პატივს გამოხატავდა. ქრისტიანობაში კვერთხი ჯვრით შეიმკო და ეს გამოხატავს ჯვრის უძლეველობას, ნებისმიერი ბოროტების ქედის მოხრას ჯვრის ძალისა და სიკეთის წინაშე. იმავდროულად, კვერთხი გამოსახავს მისდამი ყველაფრის დამორჩილებას და იმ სიბრძნეს, რომლისკენაც მაცხოვარმა მიუთითა ადამიანებს: იყავით უმანკონი, როგორც მტრედი, ამავდროულად, გონიერნი, როგორც გველნი. ნებისმიერი გონება თავის საწყისს ჯვრისგან იღებს და ეს გველეშაპები არ უნდა გავაიგივოთ ბოროტებასთან. კვერთხი, რომელსაც უმაღლესი ქრისტიანი იერარქი ატარებს, არის, პირველ ყოვლისა, მწყემსის და იმ გონიერების სიმბოლო, რომლითაც მწყემსი უნდა გამოირჩეოდეს. ასევე, არის უმაღლესი ძალაუფლებით აღჭურვილი პიროვნების გამომხატველი და ამავდროულად – ყველას ერთმანეთთან შერიგების სიმბოლო.

– საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შესამოსელიდან თუ არის ერთი ნივთი ძველ პატრიარქებს რომ უტარებიათ?

– მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შესამოსელში დღეისთვის უძვირფასესი მთლიანად ოქროს მიტრაა ის ერთადერთი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ მეორის დროს ნამდვილად არსებობდა და სავარაუდოდ, მეთექვსმეტე საუკუნეს უნდა მიეკუთვნებოდეს. როგორც წესი, ამ მიტრას პატრიარქი იხურავს თავისი აღსაყდრების დღეს და სააღდგომოდ. სამწუხაროდ, ამაზე ადრინდელი დღეისთვის მისი უწმიდესობის სამოსელში არ მოგვეპოვება.


скачать dle 11.3