შეიძლება თუ არა მამაკაცის სინანული იყოს გულწრფელი და რატომ ვერ ახერხებენ ცოლები ქმრისთვის ღალატის პატიებას
სამწუხაროდ, ჩვენი რეალობა მოკლებულია იდეალურობას. ამიტომ, ვერც ურთიერთობები იქნება ისეთი, ჩვენ რომ გვინდა. ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, უყვარდებათ ერთმანეთი (ყოველ შემთხვევაში, მაშინ, მათ ასე მიაჩნიათ), დარწმუნებულები არიან, რომ ერთად ყველაფერს მოერევიან, ყველა პრობლემასა თუ სიძნელეს გადალახავენ და ცხოვრების ბოლომდე ტკბილად და ბედნიერად იცხოვრებენ. ალბათ, ყველა ოჯახი ამ იმედით იქმნება... მერე კი, სიყვარული სადღაც მიდის (თუკი ის საერთოდ იყო) და ვერ ვიგებთ, სად დავუშვით შეცდომა... უფრო ხშირად, გრძნობა არ გვტოვებს. ის რჩება და შეცდომას შეცდომაზე გვაშვებინებს. რატომღაც გვავიწყდება, რომ ის ადამიანი, რომელზეც ჩვენი აგრესია გადაგვაქვს, ერთ დროს ყველაზე ახლობელი და ძვირფასი იყო. საკმარისია, ერთხელ მაინც ვიფიქროთ იმაზე, რომ პატიების უნარი ჩვენ მხოლოდ ღირსებას გვმატებს, რომ ცხოვრება გაცილებით იოლი გახდება.
თეა (37 წლის): რაც ჩემი ცხოვრება უკუღმა წავიდა (სხვანაირად იმას, რაც ახლა ჩემს თავს ხდება, ვერ ვუწოდებ) სულ ვფიქრობ, ჩემი ბრალია თუ არა ის, რომ ახლა ჩემი ოჯახის ყოფნა-არყოფნა ბეწვზე ჰკიდია. მეტისმეტად ეგოისტი ხომ არ აღმოვჩნდი, თუ ყველა ქალშია ასეთი დოზით თავმოყვარეობა. თქვენთან საუბარი იქნებ დამეხმაროს, რომ გავერკვე, რა მჭირდება. საკუთარ თავთან როცა ვლაპარაკობ, სულ მართალი გამოვდივარ, მაგრამ, აშკარად, რაღაც მეშლება. ძალიან ბევრ ქალს აქვს გადატანილი ის, თუ ყველას არა, რაც ახლა ჩემს თავს ტრიალებს. ნეტავი, რატომ მეგონა, რომ გამონაკლისი ვიქნებოდი. როცა ვიგებდი, „იმის“ ქმარს საყვარელი ჰყავს, ან მგონი, „იმისთვის“ ქმარს უღალატიაო, შიშით გავიფიქრებდი ხოლმე, ნეტავი მე რას ვიზამდი, „იმის“ ადგილას-მეთქი.
– ალბათ, კონკრეტულ დასკვნას ვერ აკეთებდით.
– ვერა, რა თქმა უნდა. მიჭირდა ასეთ სიტუაციაში საკუთარი თავის წარმოდგენა. იმიტომ კი არა, რომ ჩემნაირი ქალი ქვეყანაზე მეორე არ არის, ან ქმარი მყავს „ბუნების საოცრება“. არა, უბრალოდ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ქმარს სხვა ქალთან წასასვლელად რამე ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონოდა.
– ძალიან სერიოზულ მიზეზში რა იგულისხმება?
– მაგალითად, განსხვავებული მენტალიტეტი, განსხვავებული შეხედულებები ყველაფერზე, ერთმანეთის მიმართ უნდობლობა, სიყვარულის არარსებობა. ხომ არის შემთხვევები, როცა ოჯახი სიყვარულით კი არა, რაღაც სხვა მიზეზის გამო იქმნება. ზოგ მამაკაცს ცოლი მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მოჰყავს, ზოგს ბინა აინტერესებს, ზოგს ქორწინება რაღაც მიზნის მიღწევაში ეხმარება. ქალებიც საკმაოდ ხშირად თხოვდებიან პირველივე შემხვედრზე... ხომ ხდება ასეც. იქნებ ვცდები?
– არა. გეთანხმებით, რომ ოჯახი ყოველთვის არ იქმნება სიყვარულით, მაგრამ ზოგჯერ ასეთი ოჯახი გაცილებით უფრო მყარია, ვიდრე სიყვარულით შექმნილი.
– ესეც მსმენია. ეტყობა, ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, როგორ ააწყობს ურთიერთობას ქალი და მამაკაცი უკვე ოჯახში. ხანმოკლე, რომანტიკული შეხვედრები სხვაა და ერთ ჭერქვეშ ცხოვრება კიდევ სხვა.
საქმე, იცით, რაშია? მე ეს ურთიერთობაც აწყობილი მქონდა. ყოველ შემთხვევაში, ცხრა წლის განმავლობაში ასე იყო. როცა გავიგე, რომ ქმარმა მიღალატა, იმ დღიდან ჩვენი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. მარტო ჩვენი არა, ჩვენი ორი შვილისაც. მათ გამუდმებით ესმოდათ, როგორ ჩხუბობდნენ დედა და მამა. ეს საშინელებაა. როცა ვკითხულობდი თქვენს ჟურნალში დაბეჭდილ საუბრებს იმ ქალებთან, რომლებიც ზუსტად იმასვე ყვებოდნენ, რაც დღეს მე მაწუხებს, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ამბავიც თითქმის ასეთივე იქნებოდა, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავებული. როგორც ეტყობა, ყველა კაცი ნამდვილად ერთნაირია.
– ეს ძალიან ბანალური და მოძველებული მოსაზრებაა. ყველა მამაკაცი ნამდვილად არ არის მოღალატე. მაშინ ისიც ვთქვათ, რომ ყველა ქალი ერთნაირია.
– გეთანხმებით, ალბათ, არ შეიძლება, კონგკრეტულ შემთხვევაზე მაგალითებით მსჯელობა, მაგრამ ძალიან ბევრ საკითხში მამაკაცები ერთნაირად აზროვნებენ, ერთნაირად იქცევიან.
– ეს ბუნებრივია.
– შეიძლება, მაგრამ ჩემთვის შვების მომგვრელი ნამდვილად არ არის. მე მართლა არ მინდა, რომ ასე განვიცდიდე და ვნერვიულობდე. გეფიცებით, გულახდილად გეუბნებით და იმასაც ვფიქრობ, რომ აჯობებდა, თუკი საერთოდ არაფერი მეცოდინებოდა. რატომ ცხოვრობენ ამ ქვეყანაზე ბოროტი ადამიანები. რატომ ახარებთ და ართობთ სხვისი აწეწილი ცხოვრება. მე ყველა ის ქალიც მძულს, ვის გამოც ცოლებს მშვიდად ცხოვრების საშუალება არ გვაქვს. გინდა თუ არ გინდა, ყურები დაცქვეტილი უნდა გქონდეს მეძებარი ძაღლივით, რომ არაფერი გამოგეპაროს. ვის ესიამოვნება ასე ცხოვრება, მაგრამ ქმრის შენარჩუნება თუ გინდა, სხვანაირად არაფერი გამოდის. კი ვამბობთ, კაცი სულ გასაძვრომს ეძებსო, მაგრამ ეს „გასაძრომი“ რომ აღარ ეგულებოდეს, მაშინ იქნება თავისთვის. თავზეხელაღებული, უზნეო და უსინდისო ქალებისგან მოდის ყველა უბედურება. რა უნდათ სხვების ქმრებისგან? კაცების მეტი რა არის, მაგრამ საკუთარი რაღაც კომპლექსების გამო, სიამოვნებას იმისგან უფრო იღებენ, როცა ქალს „ქმარს დააწერენ“. მე ზოგადად ვმსჯელობ და ზოგადად მაქვს ასეთი წარმოდგენა ყველა იმ ქალზე, რომელიც ცოლიან კაცთან რომანს აბამს, თორემ კონკრეტულად იმ ქალს, რომელთანაც ქმარმა მიღალატა, არ ვიცნობ. თვალითაც კი არასოდეს მინახავს. მართალია, წარმოდგენა არ მაქვს, რანაირია, ჩემმა ქმარმა არ მითხრა მისი ვინაობა და იმ „ინფორმატორმაც“ არ იცოდა, ვისგანაც ქმრის ღალატის ამბავი გავიგე. გამოძიებას კი ვერ „ჩავატარებ“, უფრო სწორად, არ ჩავატარებ.
– „ინფორმატორი“ თქვენი მეგობარია? იქნებ მან ტყუილი გითხრათ, დაელაპარაკეთ ქმარს.
– უკვე დაველაპარაკე. მთელი დღე ვფიქრობდი და ვიტანჯებოდი, მეთქვა თუ არ მეთქვა. ნერვები დამაწყდა. საკუთარ თავს ვებრძოდი და ვეჩხუბებოდი, ვიღაც ინტრიგანის როგორ გჯერა, შენს ქმარს ერთხელ არ მოუცია ეჭვიანობის საბაბი-მეთქი, მაგრამ, ბოლოს მაინც ვკითხე, სახლში მოსულს. კი არ ვკითხე, პირდაპირ ვუთხარი – რატომ მიღალატე-მეთქი.
– ალბათ, ელოდით, რომ ქმარი ყველაფერს უარყოფდა.
– ველოდი? კი არ ველოდი, დარწმუნებული ვიყავი. ოღონდ არ მკითხოთ, მაშინ, რატომ უთხარიო. იმიტომ, რომ ვერ ვისვენებდი. შიგნიდან რაღაც მღრღნიდა. ნეტავი ეთქვა, რა სისულელეა, ეგ ტყუილი ვინ გითხრაო.
– ანუ, გერჩივნათ, ტყუილი ეთქვა?
– იცით, მგონი, მერჩივნა. შეიძლება, მე ახლა საშინელებას ვამბობ, მაგრამ ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვარ, გაცილებით უარესია. დიდი ამბავი, თუკი საერთოდ არ მეცოდინებოდა. ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. ახლა ვეღარ ვხედავ. სიმართლე კარგია! სიმართლე მთავარია! – სისულელეა ეს ყველაფერი. რაში მჭირდება ეს სიმართლე, რისთვის? დილა რომ თენდება, უკვე ვიცი, რომ ის კარგს არაფერს მომიტანს და იმას ვფიქრობ, რა დაალაგებს ამ დღეს-მეთქი. ანუ, ფსიქოლოგიურად ვემზადები, რომ როგორმე მშვიდად გადავიტანო, სკანდალის გარეშე.
– სკანდალები ხშირად გაქვთ?
– საკმაოდ ხშირად და სამწუხაროდ, თითქმის ყოველთვის მე ვარ მისი ინიციატორი. დაწყევლილივით ვარ. ვიცი, რომ უნდა გავჩუმდე და როგორმე დავივიწყო, რაც მოხდა. მით უმეტეს, რომ ჩემი ქმრის სურვილიც ეს არის. ჩვენი ყველა ჩხუბი მთავრდება იმით, რომ მეხვეწება, ამ გაუგებრობას ჩვენს ცხოვრებას ნუ დავანგრევინებთო. მაგრამ, რა ვქნა, ძალიან რომ მიჭირს.
– მესმის თქვენი, არ არის ადვილი, შეეგუო იმ ფაქტს, რომ შენს ქმარს საყვარელი ჰყავს.
– საქმეც ისაა, რომ მიმტკიცებს, არ მყავს საყვარელი. გიღალატე, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა და ისიც შემთხვევით. ახლა ვნანობ კიდეც, ასე რომ მოხდაო.
– რატომ არ გჯერათ მისი?
– არ ვიცი. ალბათ, იმიტომ, რომ, როცა ნდობას ერთხელ გაგიმტყუნებენ, მეორედ უკვე ვეღარ ხარ ისეთი მიმნდობი. დავუჯერო? ვირწმუნო მისი გულწრფელობის? ისევ რომ ჩაიდინოს იგივე? თანაც, რა არის, იცით, რომ წარმოვიდგენ სხვა ქალთან ლოგინში, ისე ვცოფდები, თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ვფეთქდები და ხელახლა „ირჩევა“ საქმე. მეტი აღარ შემიძლია. ჭკუიდან ლამის შევიშალო. იცით, როგორ განვიცდი ამას? მე ხომ ოჯახის დანგრევა არ მინდა. არ მინდა, გავცილდე ქმარს და ჩემი შვილები მამის გარეშე გაიზარდონ. არადა, ამ ყოველდღიური სკანდალებით, აშკარად იქით მივდივარ. როცა „კეთილის მსურველმა“ დამირეკა და მითხრა, დროა, ქმარს მიხედო, თორემ ცხვირწინ აგაცლიან და ორი შვილით ჰაერში გამოკიდებული, დარჩებიო, ჩემს ქმარს მივახალე, რატომ მიღალატე-მეთქი. მან თავი დახარა. გული ლამის შემიწუხდა. მუხლები ამიკანკალდა. ესე იგი, ეს მართალია-მეთქი. ჰო, გიღალატე, ისე მოხდა, რომ ემოციას ავყევი, თუ შეგიძლია, მაპატიე და დაივიწყეო. აი, ასე უბრალოდ – მაპატიე და დაივიწყე. თითქოს ჭიქის გატეხვაზე იყოს ლაპარაკი. გეტყვით, კიდევ რამ გამომიყვანა წონასწორობიდან და დღემდე რაც მაწუხებს. ჩემმა ქმარმა ასეთი რაღაც მითხრა: მე შემეძლო იმ ქალთან ურთიერთობა გამეგრძელებინა, ყველა კაცი ღალატობს ცოლს და ამისთვის თავს არავინ იკლავს. მაგრამ, არც ერთი, თუნდაც ყველაზე ლამაზი ქალი არ ღირს ჩემი შვილების ნერვიულობად. ერთხელ დავწექი მასთან და ნახე, რა საშინელება დაატრიალე. საყვარლად რომ გამეხადა, სულ გაგიჟდებოდი. ეს ყველაფერი ბავშვებზე აისახება. მერე, ალბათ, ფსიქიკას დაუზიანებს, ცხოვრება გაურთულდებათ. მე კი, ეს არ მინდაო. ანუ, მე ვითომ არაფერი არ ვარ, სათვალავში არ ვარ ჩასაგდები. მიღალატებდა და სინდისიც კი არ შეაწუხებდა, შვილები რომ არ გვყავდეს. ამაზე ისე მეშლება ნერვები, ყოველგვარი კეთილგონიერება მავიწყდება და სურვილი მიჩნდება, ძალიან მაგრად ვეჩხუბო.
– თქვენი მეუღლისთვის შვილები და ოჯახური სიმყუდროვე რომ უმთავრესია, ეს არ არის ცუდი.
– ერთი შეხედვით, ცუდი როგორ იქნება, ალბათ, მადლობელი უნდა ვიყო, რომ დამინდო და იმ ქალთან ურთიერთობა არ გააგრძელა. იშვიათი ნებისყოფა გამოიჩინა. ხმას როგორღა ვიღებ, ხომ ამას ფიქრობთ? მაგრამ ჩემი, როგორც ქალის თავმოყვარეობა და პიროვნული ღირსებაა შებღალული. ხომ შეეძლო, ეთქვა, ურთიერთობა იმიტომ აღარ გავაგრძელე, რომ შენ მყავხარო. შვილებს რომ გული არ სტკენოდათო, – აი, ეს არის ის, რაც მე მომხდარის დავიწყების საშუალებას არ მაძლევს და ალბათ, კიდევ დიდხანს არ მომცემს.
– ხომ თქვით, რომ ნანობს ჩემი ქმარიო.
– დიახ, ვთქვი. ნანობს, მაგრამ ეს სინანული იმან გამოიწვია, რომ სახლში სიმშვიდე აღარ არის. ყოველი საღამო სკანდალით და ჩემი ცრემლებით მთავრდება. რა ვქნა, ვერ ვივიწყებ და ვერ ვმშვიდდები. არ ვარ აგრესიისგან დაცლილი. შიგნით ყველაფერი მიდუღს. ჩემი ქმარი ერთი კვირაა, სახლში საკმაოდ გვიან ბრუნდება და ცდილობს, სწრაფად დაწვეს დასაძინებლად. ჩემში ესეც პროტესტს იწვევს. მითხრა, რომელი სულელი მოვა ადრე სახლში, როცა იცის, რომ იქ საშინელი სიტუაცია დახვდება. დავიღალე ამდენი ჩხუბით და ერთი და იგივეს ლაპარაკით, ან მორჩეს ეს ამბავი, ან რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ და რამე გადაწყვეტილება მივიღოთო. ეს რომ მითხრა, ისეთი სახე ჰქონდა, მივხვდი, გადაწყვეტილება ნამდვილად არ იქნებოდა ჩემთვის სასიამოვნო. მაგრამ, მაინც ვერ გავჩუმდი და ვერ დავიხიე უკან. პირიქით, შეტევაზე გადავედი. მთელი ხმით ვუყვიროდი, ვიცი, რა გადაწყვეტილებაზეც ლაპარაკობ, შენ იმ კახპასთან გინდა წასვლა, ოღონდ გინდა, რომ დანაშაულის მთელი სიმძიმე მე ამკიდო-მეთქი. შენ სულ გაგიჟდი, რით ვერ გაიგე, რომ არავინ მყავს, საერთოდ არავინ! ერთხელ იყო და მორჩა. მე დავამთავრე, შენ რატომ არ ამთავრებ, თუ ისევ გინდა, რომ ოჯახი გვქონდესო. წარმოგიდგენიათ? ისევ მე გადმომაბრალა. მე, რა თქმა უნდა, მესმის, რომ სიმართლის მარცვალი მის სიტყვებში არის, მაგრამ ჩემსას ვინ გაიგებს?
– თქვენმა მეუღლემ შვილებისა და ოჯახის საკეთილდღეოდ რაღაც გარკვეულ სიამოვნებაზე უარი თქვა. ასე რომ, ამ ლოგიკით, თქვენც არ უნდა გამოიჩინოთ სიჯიუტე. არ უნდა იყოთ ეგოისტი.
– ამასაც ვხვდები. მეც უნდა დავთმო, ისევ და ისევ ჩემი შვილების გამო. მათი ბედნიერებისთვის. კიდევ იმიტომ, რომ ჩემი ქმარი მართლა მიყვარს. ძალიან მიყვარს და ვერც კი წარმომიდგენია, მის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო. ამაზე ფიქრიც არ მინდა, მაგრამ რა ვქნა, რომ საკუთარ თავს ვერ ვერევი. იქამდე მივიდა საქმე, რომ ჩემმა ქმარმა სერიოზულად მითხრა, იქნებ ცოტა ხნით ცალ-ცალკე გვეცხოვრაო. ეს ჩემთვის დასასრულის დასაწყისის ტოლფასია.
– იქნებ, პირიქით მოხდეს და ცალ-ცალკე ცხოვრებამ დაგანახოთ ის ფასეულობები, რომელიც ცოლ-ქმრის ურთიერთობაში პრიორიტეტულია.
– არა, არ მინდა, რომ ცალკე იცხოვროს. არც ერთი დღე. გავგიჟდები ნერვიულობისგან. სულ იმაზე ვიფიქრებ, რომ ის ვიღაც კახპასთან წევს. ამას ვერ გავუძლებ.
– ხომ გითხრათ, რომ მათ შორის არაფერი ხდება.
– მითხრა, მაგრამ განა ეს ასეთი ადვილი დასაჯერებელია? ეჭვის ჭია მიღრღნის ტვინსა და გულს. იმიტომ გითხარით, ნეტავ, საერთოდ არაფერი მცოდნოდა-მეთქი. ნეტავი, საერთოდ შევძლებ კი ძველებურად ცხოვრებას? ვიცი, რომ უნდა დავივიწყო მომხდარი. დავიჯერო, რომ ჩემი ქმრისთვის მარტო ოჯახს აქვს მნიშვნელობა და შემთხვევით „წაუცდა ხელი“, მაგრამ რადგან მისთვის თვითონ ღალატის ფაქტი არ არის ტრაგედია, რანაირად უნდა ვთქვა, რომ ამით ყველაფერი დამთავრდება?
– თუ ოჯახის შენარჩუნება გინდათ, უნდა დააჯეროთ საკუთარი თავი ამაში.
– ალბათ, უნდა გავაკეთო ეს, თორემ, თუ ჩემს ქმარს მოთმინების ძაფი გაუწყდა და წავა, დავიღუპები. მერე რა მოხდება, არავინ იცის. ვინ იქნება გარანტი, რომ უკან დაბრუნდება. მარტო ცხოვრება რომ გაუტკბეს?! არა. ამას ვერ დავუშვებ. ისევ ნერვები უნდა მოვთოკო და წყენა „გადავყლაპო“. თქვენც ხომ ფიქრობთ, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია?
– თუ ქმრის შენარჩუნება გინდათ...
– დიახ, მინდა. ძალიან მინდა. ხომ გითხარით, მიყვარს-მეთქი, მაგრამ, გული მიკვდება, როცა მისი სიტყვები მახსენდება. „ჩემი შვილების ნერვებად არ ღირს არც ერთი ლამაზი ქალიო“. შვილები ყოფილა მისთვის მთავარი და არა მე.