ინტიმური საუბრები
დედამთილმა ქმრის
ღალატი დამაბრალა
მალე ბებია გავხდები და, ალბათ, არ შემეფერება პირად საკითხებზე საქვეყნოდ ლაპარაკი, მაგრამ იმდენი ხანია, გულზე მაწევს ეს ტკივილი, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა. ასეთ რამეს ვერავის მოვუყვები (ვაითუ, ვერ გაიგონ), არადა, თურმე, ყველა ადამიანს აქვს სურვილი, თავისი ისტორია ვინმეს გაანდოს და სამაგიეროდ თანაგრძნობა მიიღოს. მე არავის თანაგრძნობა არ მინდა, უბრალოდ, ძალიან მოკლედ გიამბობთ ჩემი მძიმე ცხოვრების შესახებ. ამ წერილის მოწერაც იმან გადამაწყვეტინა, რომ, ჩემმა ყოფილმა დედამთილმა, რომელმაც პირველივე დღიდან ამითვალწუნა, ოჯახი დამინგრია და ჩემი ქმარი და შვილი სამუდამოდ გადაჰკიდა ერთმანეთს, მოსავლელი რომ გახდა და აბსოლუტურად მარტო აღმოჩნდა დედამიწის ზურგზე, ისევ მე მომძებნა და მთხოვა, მისთვის მომევლო, სამაგიეროდ კი, თავისი ბინის (რომელშიც ამჟამად ცხოვრობს) გადმოფორმებას შემპირდა – ჩემს ერთადერთ შვილიშვილს ბებიასგან სახსოვრად ექნებაო.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ, როდესაც რამაზმა სახლში მიმიყვანა, დედამისის გასაცნობად, დედამთილი კარგად შემხვდა (ჩემს ქმარს მამა გარდაცვლილი ჰყავდა): ტკბილი სუფრაც დამახვედრა, მომეფერა, რაღაც სუნამოც მაჩუქა. მისი პირველი, ანუ დადებითი რეაქცია იმით იყო გამოწვეული, რომ გარეგნობით და სიტყვა-პასუხით მოვეწონე. მერე დამსვა და გამომკითხა, სად ვცხოვრობდი, მშობლები ვინ იყვნენ, რამდენი და-ძმა მყავდა და ასე შემდეგ, ანუ, ანკეტა შემივსო. მე არ დამიმალავს, რომ დედაჩემი სკოლის ექთანი იყო, მამა – ფიზკულტურის მასწავლებელი, მყავდა სამი და და ვცხოვრობდი ორთაჭალაში, ეგრეთ წოდებულ, იტალიურ ეზოში, ოროთახიან ბინაში. იქვე შევატყვე, როგორ შეეცვალა სახე და მივხვდი, კარგი დღე არ მელოდა, მაგრამ ამდენს მაინც ვერ წარმოვიდგენდი. ჯერ ერთი, მაშინვე ადგა, ოთახიდან გავიდა და თავის შვილს გამოსძახა, ხომ არ დაგავიწყდა, სად უნდა გამყვე, ბევრ დროს ნუღარ გააცდენ, გაუშვი ეს გოგო და საქმეს მიხედეო. ამით ყველაფერი იყო ნათქვამი. მერე ოთახში ცხვირაწეული შემოვიდა, სუნამო, რომელიც მაჩუქა და ჯერ ისევ მაგიდაზე იდო, ვითომ სხვათა შორის, აიღო და გაიტანა.
თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით, რომ ჩემმა „მარიაჟმა“ დედამთილმა ითაკილა ჩემს უბრალო მშობლებთან დამოყვრება – თვითონ მინისტრის შვილი ყოფილა, ქმარიც სადღაც „ზემოთ“ მუშაობდა, მთელი ცხოვრება მანქანა ემსახურებოდა და მოსამსახურეები დასტრიალებდნენ თავს და, აბა, ექთანთან რა საქმე ჰქონდა!
მაგრამ, ასე იყო თუ ისე, რამაზმა თავისი გაიტანა და ცოლად შემირთო. ჩემმა დედამთილმა არც ცალკე საცხოვრებლად გაგვიშვა და არც თავის სახლში გვასვენებდა. ჩემი შერთვიდან ერთი თვის შემდეგ რამაზისთვის ვიღაც „თავისი შესაფერისი“ საცოლე იპოვა და ჩემი თანდასწრებით ჩასჩიჩინებდა, შეხვდი და გაიცანიო. რამაზის პროტესტზე კი ისე ცოფდებოდა, ჭკუიდან გადადიოდა. განსაკუთრებით მაშინ გადადიოდა ჭკუიდან, როცა რამაზი თბილად მექცეოდა და რამე ელემენტარულ ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ. ვერაფრით რომ ვერ გადაიბირა შვილი, ახალ ხერხს მიმართა: გაიგო თუ არა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, დაიწყო ორაზროვანი ფრაზების ფრქვევა. მე მეუბნებოდა (ცალკეც და ქმრის თანდასწრებითაც): „დავიჯერო, ეგ ლაწირაკი ჩემი შვილისგან გყავს? რაღაც, ძალიან მეეჭვება“... ხომ გაგიგონიათ, შეძახილმა ხე გაახმოო. ამ და სხვა მსგავსმა ფრაზებმა რამაზს თანდათან გული აუცრუა ჩემზე. საქმე იქამდე მივიდა, ბავშვი რომ გაჩნდა, რამაზის არც კი გახარებია. ერთხელ კი მთვრალმა მკითხა, დაიფიცე, რომ ეს ბავშვი ჩემი შვილიაო. ამის ატანა ნამდვილად აღარ შემეძლო და ქმარს გავეყარე. რა თქმა უნდა, უკან არავინ გამომკიდებია, არც არავის მოუკითხავს ჩემი შვილი და არავის უზრუნია მასზე (ქმრის მხარეს ვგულისხმობ). ჩემ შემდეგ რამაზმა კიდევ ორჯერ შეირთო ცოლი, სხვათა შორის, ორჯერვე დედამისის მოძებნილი და შერჩეული გოგო ითხოვა, მაგრამ, დედამისმა იმავე მეთოდით გააგდებინა – რომ ვერ დაიმონა, ორივეს ამორალობა დააბრალა და შვილი დაარწმუნა, გიღალატეს და სხვისგან არიან ორსულადო. რამაზიც ძალიან გვიან მიხვდა, რომ არც ერთ ცოლს მისთვის არ უღალატია და ეს ყველაფერი დედამისის ოინები იყო, მაგრამ აღარც უარყოფილ და სახლიდან გაყრილ ცოლებთან მიესვლებოდა და არც დედის გაძლების თავი აღარ ჰქონდა, ამიტომ, დაჰკრა ფეხი და რუსეთში გადაიხვეწა. დედამისს ფულს კი უგზავნიდა, მაგრამ საქართველოში ერთხელაც არ ჩამოსულა. დრო გავიდა. რამაზის დედა მოხუცდა და ლოგინად ჩავარდა, შვილი კი მაინც არ ჩამოდიოდა, თუმცა, ფულს უგზავნიდა. მის ყოფილ რძლებსა და უარყოფილ შვილიშვილებს მისი ხსენებაც კი არ უნდოდათ. ჰოდა, სხვა გზა რომ არ დარჩა, ისევ მე მომძებნა და მთხოვა, მომევლო, სამაგიეროდ კი, როგორც უკვე გითხარით, თავის ბინას ჩემს შვილს – „თავის ერთადერთ შვილიშვილს“ გადმოუფორმებდა. სიმართლე გითხრათ, კი შემეცოდა, მაგრამ, არც ისე ამჩუყებია გული, რომ, თუნდაც ბინის ფასად მისთვის მომევლო. ჩემს ყოფილ ქმარს დავურეკე და მისი თანხმობით, მომვლელი ავუყვანე. ფულს, რა თქმა უნდა, თვითონ გადაუხდის. არც მისი ბინა სჭირდება ჩემს შვილს – საკმაოდ კარგ თანამდებობაზე მუშაობს და ბინაც აქვს და ყველა აუცილებელი კომფორტიც, თანაც მალე მამა გახდება, მეც ბებიობისთვის ვემზადები და გაცილებით უფრო სასიამოვნო ფუნქცია მელის, ვიდრე იმ ქალბატონის მოვლაა – ჩემს რძალს ბავშვის გაზრდაში უნდა მივეხმარო.
თინა, 50 წლის.
შვილმა გამომაფხიზლა
ძალიან მკაცრად გამზარდეს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის მორჩილი და მორიდებული ვიყავი. ისე დავამთავრე სკოლა და უნივერსიტეტი, მშობლების უნებართვოდ ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს. ჩემი ზედმეტად დამთმობი ხასიათის გამო, ყოველთვის და ყველაფერზე ვჩუმდებოდი, უკან ვდგებოდი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ არც სხვაზე ნაკლები გარეგნობა მქონდა და არც სხვაზე ნაკლებ ნიჭიერი ვიყავი, ვერც კარიერა გავიკეთე და, პრაქტიკულად, ვერც პირადი ცხოვრება ავიწყვე: არც ბიჭებში ვყოფილვარ პოპულარული, რადგან ბიჭებს არ მოსწონთ მორცხვი და მორიდებული გოგონები.
გათხოვების ასაკმა რომ მომიწია, მშობლების მოწონებულ კაცს გავყევი ცოლად. არც კი მიფიქრია, მომწონდა (სიყვარულზე ლაპარაკიც არ იყო) თუ არა. მითხრეს, უნდა გაჰყვეო და გავყევი. ჩემი ქმარი 14 წლით უფროსი იყო ჩემზე. მართალია, ცუდად არ მექცეოდა და თავისებურად ვუყვარდი კიდეც, მაგრამ, ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო, ჩემი მშობლების სიმკაცრე მასთან მიმიქარავს. ჩემთვის საკმაოდ ძნელი იყო, მისი გული მომეგო და შენიშვნა არ დამემსახურებინა, მაგრამ სირთულე კიდევ სხვა რამეში მდგომარეობდა: მიუხედავად იმისა, რომ უკვე გათხოვილი ვიყავი და თანაც მათსავე შერჩეულ კაცზე, ჩემს მშობლებს მიაჩნდათ, რომ სიცოცხლის ბოლომდე მათი სურვილების მონა უნდა ვყოფილიყავი და ძველებურად განაგრძობდნენ ჩემს მართვას. მათზე ნაკლები (თუ უფრო მეტი არა) ძალაუფლების მოყვარული არც ჩემი ქმარი აღმოჩნდა და ის თავისი მხრიდან მოითხოვდა ჩემგან უსიტყვო მორჩილებას. უსიამოვნება კი მაშინ იჩენდა ხოლმე თავს, როცა მშობლების მოთხოვნები ჩემ მიმართ არ ემთხვეოდა ქმრის მოთხოვნებს. ეს თავისას მოითხოვდა, ისინი – თავისას და შუაში მე ვიჭყლიტებოდი, რადგან არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ამ ყველაფერმა ისე დამიავადა ნერვები, ჩემს ერთადერთ შვილს რომ მოვფერებოდი, იმის თავიც აღარ მქონდა. ასეთ საშინელ ყოფაში გადიოდა წლები და არაფერი იცვლებოდა. ამასობაში ჩემი ბიჭი წამოიზარდა და ერთხელ ისე მოხდა, რომ შეესწრო ჩემზე განხორციელებულ ორმხრივ შეტევას (მანამდე ყოველთვის ვცდილობდი ამ სცენებს ბავშვი არ შესწრებოდა და ამიტომ, არ იცოდა, სინამდვილეში რა ხდებოდა). მე, ცხადია, ჩვეულებისამებრ, გავჩუმდი, თავი ჩავღუნე და ორმაგი „ცეცხლი“ მორჩილად გადავიტანე, რამაც ჩემი შვილი საშინლად გააბრაზა. მან ჯერ ჩემს მშობლებს შეუტია, მერე მამამისს და ორივე მხარეს სასტიკად აუკრძალა ჩემი დატერორება. ბოლოს კი მე მიყვირა – ამხელა ქალს მეტი თავმოყვარეობა არ გაქვს, ამათ როგორ აბედვინებ ამდენსო. ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა, თან, იმედი მომეცა, რომ ერთი ადამიანი მაინც იდგა ჩემს მხარეს და მეც ცოტა ამაყი გავხდი. მართალია, მთლად სიტყვის შებრუნებას ვერ ვბედავდი (ხომ გაგიგიათ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, მე კი მორჩილება უკვე ჩვეულებად მქონდა გადაქცეული), მაგრამ, ხანდახან მაინც ავიცილებდი ხოლმე მათ მკაცრ შენიშვნებსა და საყვედურებს. თავიდან ძალიან უკვირდათ, ვერ ეგუებოდნენ ჩემს ასეთ ცვლილებას და ერთი-ორჯერ საკმაოდ აქტიური პროტესტიც კი გამოთქვეს, მაგრამ, ჩემმა შვილმა კიდევ რომ აიმაღლა ხმა ჩემს დასაცავად, მერე გაჩუმდნენ, ნელ-ნელა შეეგუვნენ იმას, რომ მეც ადამიანი ვარ და, შეიძლება, მეც მქონდეს ჩემი აზრი და ინტერესები. ბოლოს, ასე თუ ისე, რაღაც დონეზე მოგვარდა ეს პრობლემა.
რომ არა ჩემი ბიჭის მხარდაჭერა, შეიძლება, ასე მონობაში ამომხდენოდა სული.
ციცინო, 40 წლის.
ყოვლად უვარგისი ქმარი
თავს კიდევ აქეთ მაყვედრის
გავთხოვდი უსიყვარულოდ – იმიტომ, რომ უნდა გავთხოვილიყავი. ჩემი მომავალი ქმარი გამაცნეს ახლობლებმა და მივხვდი, რომ ამის თანახმა ჩემი მშობლები და და-ძმაც იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ რეზო თავიდანვე არ მომეწონა გარეგნობით, რომ დაველაპარაკე, განათლებული და წესიერი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა და ჩემს თავს ვუთხარი, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც უსიყვარულოდ თხოვდება, მაგრამ ოჯახი მაინც აქვთ-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან დიდ, რომანტიკულ და განსხვავებულ სიყვარულსა და ურთიერთობაზე ვოცნებობდი, რამდენიმეთვიანი პაემნების შემდეგ ცოლად გავყევი. მინდა გითხრათ, რომ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში არანაირ რომანტიზმს არ ჰქონია ადგილი, არც განსაკუთრებულ ყურადღებას ან ზრუნვას. ქალური ალღოთი ვგრძნობდი, რომ რეზო ჩემი წყვილი არ იყო, მაგრამ მაინც გავყევი. სხვათა შორის, ჰოროსკოპებითაც, ყველაზე შეუთავსებელი ჩვენი ზოდიაქოები იყო, მაგრამ, ჰოროსკოპებს არც მაშინ ვაქცევდი არანაირ ყურადღებას და არც ახლა, თუმცა, რაც იქ ეწერა, ყველაფერი ახდა.
ერთი სიტყვით, გავთხოვდი და დავიწყე საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ ქმარი მიყვარს. ვეუბნებოდი კიდეც, მიყვარხარ-მეთქი და თითქმის დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიტყვებში. მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ისე არ აეწყო, როგორც მინდოდა: ცოტა სიძუნწე, ცოტა უყურადღებობა, ცოტა მოუგვარებელი ინტიმი – თანდათან დაგროვდა და ჩემთვის გადაულახავ ზღუდედ იქცა. წლების შემდეგ მივხვდი, რომ ქმართან არანაირი გრძნობა არ მაკავშირებდა (მიუხედავად იმისა, რომ უკვე წამოზრდილი ქალ-ვაჟი გვყავდა). მისგან ერთხელაც არ მიგრძნია ის, რაც ქალმა შეყვარებული მამაკაცისგან უნდა იგრძნოს. ძალიან მთრგუნავდა მისი პოზიცია – რომ ცოლ-შვილი (განსაკუთრებით ცოლი) ყოველთვის და ყველაფერში ბოლო ადგილზე უნდა დაეყენებინა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ის ბოლო ადგილიც არასდროს ემეტებოდა. არ ეხებოდა (უფრო სწორად, არ იხებდა) არაფერი, რაც მის ცოლ-შვილს სჭირდებოდა. ბავშვები სანამ გაიზრდებოდნენ, ერთხელ არ უკითხავს, რა სჭირდებოდათ, არც მატერიალურად, არც სხვა მხრივ. მაგრამ, რომ წამოიზარდნენ, იმდენი პრეტენზია წამოუყენა ორივეს, გეგონება, ერთხელ მაინც უზრუნია მათ ან განათლებაზე და ან სხვა რამეზე. საერთოდ, ძალიან პრეტენზიული და ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანია. თავიდან მეგონა, ეს მისი ხასიათი იყო, ახლა კი მივხვდი, რომ ეს მისი წინასწარ გამოთვლილ-გამოანგარიშებული პოზიციაა: იქით გეჩხუბოს, იქით გისაყვედუროს და მოგცეს შენიშვნები; იქით გამოთქვას უკმაყოფილება, რომ თავისი უსაქმურობა, უუნარობა და არაკაცობა დაფაროს. მისმა ასეთმა საქციელმა ის შედეგი გამოიღო, რომ კაცს, რომელსაც ჩემი ქმარი და ჩემი შვილების მამა ჰქვია, დასანახავად ვეღარ ვიტან. ნამდვილი არარაობაა, არაკაცია, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, არშემდგარი მამაკაცია, რომელიც თავის წარუმატებლობას ყოველთვის სხვებს აბრალებს, საკუთარი თავი კი ძირითადად „უვარგისი“ ცოლ-შვილის ან ოჯახის სხვა წევრების მსხვერპლად გამოჰყავს, თუმცა, კი იცის, რომ სინამდვილეში ასე არაა, მაგრამ, იმდენჯერ იმეორებს, იმდენჯერ უყვება თუ შესჩივის სხვებს ამ თავის „უიღბლობას“, რომ, საბოლოოდ, თვითონაც იჯერებს. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი პრეტენზია და აგრესია უჩნდება გარშემო მყოფთა მიმართ.
ძალიან დიდხანს ვიფიქრე ქმართან გაყრაზე, მაგრამ, სანამ ბავშვები პატარები იყვნენ, რაღაცნაირად, ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი, ახლა კი უკვე გვიანაა. თანაც, არ მინდა, შვილები ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში, თუნდაც თავიანთი ნაცნობების წინაშე – როგორია, 18-20 წლის ასაკში, ვიღაცა რომ გკითხავს, შენი მშობლები მართლა გაიყარნენო?!
ერთადერთი, რითაც პროტესტს ვამჟღავნებ ქმრის საქციელის მიმართ, ის არის, რომ მასთან არანაირი ცოლქმრული ურთიერთობა არ მაქვს, რაზეც ძალიან ბრაზდება და მემუქრება, იცოდე, საყვარელს გავიჩენო. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, თუ მართლა გაიჩნეს ვინმეს, ნამდვილად არ მეწყინება. ეს ვუთხარი კიდეც, რამაც საშინლად გააბრაზა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცოტა დააფიქრა კიდეც, რადგან აქამდე ეგონა, მის შესანარჩუნებლად ყველაფერს მოვითმენდი და ავიტანდი. ახლა ცოტა სხვანაირად იქცევა – შედარებით უფრო ფრთხილად, რადგან, მგონი, ეჭვი შეეპარა თავის შეუცვლელობაში, და, ალბათ, იმის შიშიც გაუჩნდა, რომ გავეყარო, მთლად მარტო დარჩება. მერე რაღა ეშველება, ან ვინ მოუვლის, ან ვინ არჩენს, ან ვის უნდა დააყვედროს თავი.
დარეჯანი, 44 წლის.
არ ვიცი, ასე როდემდე
უნდა გაგრძელდეს
უკვე სამი წელია, ვხვდები მამაკაცს, რომელიც ძალიან მიყვარს. მთელი ეს სამი წელი მისით ვცოცხლობ, მისით ვცხოვრობ, მისით ვარსებობ. თვითონაც ვუყვარვარ. ასე რომ არ იყოს, ამდენ ხანს ჩემთან ხომ არ იქნებოდა. ჩემს ოჯახთან უკვე უსიამოვნება მაქვს. იციან, რომ ირაკლის ვხვდები და უკვე საკითხს მისვამენ, ბოლოს და ბოლოს, გავარკვიოთ ჩვენი ურთიერთობა და გადავწყვიტოთ, ვაპირებთ თუ არა ოჯახის შექმნას. სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც გათხოვება დიდად არ მინდა, რადგან, ზუსტად ვიცი, ყოველდღიური ყოფა შთანთქავს იმ რომანტიკას, რაც შეყვარებულებს შორის არსებობს, მაგრამ, სამი წელი არც ისე პატარა დროა ერთმანეთის გასაცნობად და, პრინციპში, ასე უსასრულოდ ვერანაირი ურთიერთობა ვერ გაგრძელდება. ჩემი მშობლები ისეთ დღეში მაგდებენ, რამდენჯერმე სახლიდან წასვლა დავაპირე, მაგრამ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ცალკე ბინა რომ ვიქირაო, ამის საშუალება არ მაქვს, ირაკლი კი არ მეუბნება, ჩემთან გადმოდიო. ისიც კი მითხრა, ჯერ ოჯახის შესაქმნელად მზად არ ვარო. არადა, როდემდე უნდა ვიაროთ ასე თინეიჯერებივით, წარმოდგენა არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, დავიღალე ასეთი ცხოვრებით. პატარა გოგოც აღარ ვარ, მალე 28 წლის გავხდები. ირაკლიც უცნაურად იქცევა. ამას წინათ ვუთხარი, ხომ არ ჯობია, წერტილი დავუსვათ ჩვენს ურთიერთობას-მეთქი, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – უშენოდ ვერ გავძლებო. მე კი ისე ყელში ამომივიდა ეს კუკუდამალობანა, ხანდახან ეჭვიც კი მეპარება, მართლა გვიყვარს ერთმანეთი თუ, უბრალოდ, შევეჩვიეთ და იმიტომ ვართ ერთად, თუ ამას ერთად ყოფნა ჰქვია...
ეთერი, 28 წლის.
განა, ასეთი რამ ნორმალურია?!
ისეთი აღშფოთებული ვარ, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა. მართალია, ამით არაფერი ეშველება იმ პრობლემას, რაზეც მე უნდა გაიმბოთ, მაგრამ, მაინც გწერთ.
ამას წინათ ავტობუსით მივემგზავრებოდი თავისუფლების მოედნისკენ. ძალიან ცოტა მგზავრი იყო და, ალბათ, ამიტომ, ძალაუნებურად ყურადღება მივაქციე ჩემ წინ მჯდომ ორ მოზარდს. ერთს გრძელი და ხვეული თმა ჰქონდა და ჩაცმულობით და ყველა სხვა მონაცემით გოგონა იყო, მეორე, მოკლედ შეჭრილი თმით, ჯინსით, უჯრედებიანი პერანგითა და ბოტასებით (ასევე – აღნაგობითაც) – ბიჭს ჰგავდა. თითქმის ოცი წუთი ვიმგზავრეთ ერთი ავტობუსით და, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის გრძელთმიანი მთელი ტანით ეკვროდა მოკლეთმიანს, სახეზე და ყელში ჰკოცნიდა, ლოყას ლოყაზე უხახუნებდა, თან ხელი ჰქონდა მის წელზე მოხვეული და მთელ სხეულზე უსვამდა, მოკლეთმიანი კი ნაკლებად იჩენდა აქტიურობას. შორიდან ისე ჩანდა, რომ ბიჭს გოგო არ უნდოდა, ის კი ეძალებოდა. ჯერ თავად მათმა საქციელმა ამიშალა ნერვები – 16-17 წლის ლაწირაკები ამდენი ხალხის წინაშე ასე მოქცევას როგორ ბედავენ-მეთქი (კადრებაზე აღარ იყო ლაპარაკი), მერე იმ გრძელთმიანზე გავბრაზდი – ხომ ხედავს, ბიჭი არაფრად აგდებს, რას ეტმასნება, თავმოყვარეობა სულ გამოელია-მეთქი?! მოკლედ, წნევამ ამიწია, ისე გავნერვიულდი. მე თვითონ მაგათი ტოლი შვილიშვილები მყავს – გოგონები და, ჩემდა უნებურად, ისინი რომ წარმოვიდგინე, მთლად გადავირიე. მოკლედ, ამ დღეში რომ ვარ, ავტობუსი რუსთაველზე გაჩერდა, წამოდგნენ ეს ჩემი გვრიტები და ჩავიდნენ. რატომღაც ძალიან დავინტერესდი იმ მოკლეთმიანის გარეგნობით – ნეტავი, როგორი სახე აქვს-მეთქი და, რომ ჩავიდნენ, ფანჯრიდან დაკვირვებით გავხედე. არ ვიცი, ჩემი მზერა იგრძნო თუ მანამდეც ხვდებოდა, თვალს რომ ვადევნებდი, მთელი ტანით მობრუნდა ავტობუსისკენ და პირდაპირ თვალებში შემომხედა. მეც შევხედე და კინაღამ თვალთ დამიბნელდა: ჩემ წინ ულამაზესი გოგონა იდგა, ყველა ქალური ღირსებით დამშვენებული.
კომენტარს არ გავაკეთებ, თქვენთვის მომინდია. სახლში რომ მივედი, ხუთნაირი წამალი დავლიე და გონზე მაინც ვერ მოვედი. მაშინ, ჩემკენ რომ მობრუნდა მთელი ტანით და თვალებში შემხედა, ერთი ეჭვი ამეკვიატა და დღემდე არ მშორდება. ასე მგონია, ის გოგონა მიხვდა, რაზეც ვფიქრობდი და ნიშნი მომიგო: შენ ბიჭი გეგონე, მე კი გოგო ვარ და, მაინც ისე მოვიქცევი, როგორც მომინდებაო.
იქნებ, ვინმემ იცოდეს, რა ხდება ჩვენს თავს.
ღმერთო დაგვიფარე!
ზურაბი, 71 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.