როგორ იზღვევდნენ თავს გათვალვისგან ძველად კავკასიაში და რისგან მზადდება ეთნოგრაფიული თოჯინები მარინა რჩეულიშვილის კოლექციისთვის
მარინა რჩეულიშვილის კოლექციაში ასამდე თოჯინაა თავმოყრილი, რომელთა უმრავლესობაც ეთნოგრაფიულია. თუ რის შემდეგ გადაწყვიტა ქალბატონმა მარინამ ამ თოჯინების შექმნა, რა ტექნოლოგიით და ვისი დახმარებით იქმნებიან ისინი და რატომ არ აქვთ სახეები, ამას ჩვენი დღევანდელი ინტერვიუდან შეიტყობთ.
მარინა რჩეულიშვილი: კოლექციონერობა ყოველთვის მიტაცებდა: ერთი პერიოდი მაჯის საათებს ვაგროვებდი, შემდეგ – ოფიცრების სამხრეებს... თოჯინების კოლექციის შექმნამ თბილისის ომის წლებში, მაშინ გამიტაცა, როდესად უმუშევრობა იყო და სახლებში ვისხედით. არადა, რაღაც ხომ უნდა გამეკეთებინა?! მოვქექე ძველმანები ოჯახში და ფანტაზიაც გავამძაფრე. შედეგად, მგონი რაღაც გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში, შედეგი იმხელა იყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს, საშობაოდ ამერიკის საელჩოში გამოფინეს ჩემი ნამუშევრები.
– როგორი რეაქცია ჰქონდათ გამოფენის დამთვალიერებლებს?
– ძალიან მოეწონათ. ამ ყველაფერმა დიდი სტიმული მომცა ახალი თოჯინების შესაქმნელად. ასე აგორდა და ნელ-ნელა ამ გატაცებამ კოლექციის სახე მიიღო.
– როდესაც თოჯინის შექმნის იდეა მოვიდა და მუშაობას შეუდექით, იცოდით, როგორი თოჯინები უნდა შეგექმნათ?
– როგორც კი თოჯინის შექმნის იდეა მოვიდა, მაშინვე ვიცოდი, რომ ის ეთნოგრაფიული უნდა ყოფილიყო. ამ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოფენილმა ულამაზესმა არსებებმა. იქ, მესამე სართულზე, არის ერთი პატარა განყოფილება, სადაც გამოფენილია ნაჭრის თოჯინები – სოფლის, ნამდვილი. ადრე ხომ არ იყიდებოდა თოჯინები, თუ არ ჩავთვლით ფაიფურის თოჯინებს, რომლებიც ფუფუნების საგანი იყო და ყველას არ მიუწვდებოდა ხელი. ამ კოლექციაში რომ არის წარმოდგენილი, ძველად, მის მსგავს თოჯინებს ყოველი ხელმარჯვე დედა აკეთებდა შვილებისთვის. მე ეს თოჯინები ყოველთვის ძალიან მომწონდა. შემდეგ ვნახე ბრაილაშვილის წიგნი. მოგეხსენებათ, ბრაილაშვილი ეთნოგრაფი გახლდათ. მისი ილუსტრირებული წიგნი ძალიან დამეხმარა ჩემი თოჯინების შექმნაში.
– პროფესიით ვინ ბრძანდებით?
– დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემიის ტექსტილის დიზაინის ფაკულტეტი.
– როგორ ახერხებთ ოცდამეერთე საუკუნეში ძველისძველი, წარსულში მივიწყებული, შეიძლება ითქვას, პირველყოფილი თოჯინების შექმნას?
– შეიძლება ითქვას, რომ მათი დამზადება ძალიან ადვილია, სირთულეს მხოლოდ ერთი რამ წარმოადგენს.
– რა?
– ყოველთვის ვცდილობ, ეს თოჯინები ძველისძველი ქსოვილებისგან დავამზადო. სწორედ ამ ქსოვილის მოპოვებაა ძნელი. არადა, როგორც კი ახალ ქსოვილს აიღებ ხელში, მაშინვე იკარგება ყველაფერი, რითაც თვალშისაცემი და საინტერესოა ეს თოჯინა. პარადოქსია, ვაძველებ, ვახუნებ ამ ქსოვილებს მაგრამ შედეგი მხოლოდ ძველი ქსოვილებისგან შექმნილ ნამუშევრებში ჩანს. მაგალითად: ძველისძველი, ჩემი მეუღლის ბიძაშვილის ბავშვობაში ნაქონი პალტო მომცეს, ომისდროინდელია და თავისებური პეწი აქვს. სწორედ ისაა, რაც მე მჭირდება. ასე ვაგროვებ: ვინ ქურთუკს გადმომიგდებს, ვინ – ძველ ფარდაგებს, ხევსურულ წინდებს და ასე შემდეგ. გარდა ამ ძველმანებისა, ვიყენებ ტყავს. კარკასსა და მცირე ზომის აქსესუარებს ამ თოჯინებისთვის ჩემი მეგობარი ბერტა მორდეხაი ამზადებს. ის მოქანდაკეა, მანაც სამხატვრო აკადემია დაამთავრა.
– რატომ არ აქვთ თქვენს თოჯინებს სახეები?
– როგორც მოგახსენეთ, მე ამ თოჯინებს ძველისძველი პრინციპით ვამზადებ, მაშინ კი თოჯინებს სახეებს არ უკეთებდნენ, რადგან, მიაჩნდათ, რომ ამით თავს იზღვევდნენ გათვალვისგან. ამის შესახებ ეთნოგრაფიულ ლიტერატურაშიც წერია. მე რადგან ძველი ეთნოგრაფიული სტილი ავირჩიე თოჯინებზე მუშაობისას, ბოლომდე გავყევი და ამ სტილის ერთგული დავრჩი.
– რა ზომისაა თქვენი თოჯინები?
– თოჯინების ზომაც მაშინდელი სტილის თანახმადაა აღებული. ჩემი თოჯინების სიმაღლე, დაახლოებით, ორმოცდაათიდან ოთხმოც სანტიმეტრამდე მერყეობს.
ეთნოგრაფიული თოჯინების შექმნის პრინციპის დაცვით, ცხოველებიც შევქმენი. რა თქმა უნდა, ამ ცხოველებს ისეთი ეთნოგრაფიული ფასეულობა არ აქვს, როგორიც თოჯინებს, მაგრამ, დროგამოშვებით მიჩნდება ხოლმე მათი შექმნის სურვილი.
– მრავალ გამოფენაში გაქვთ მონაწილეობა მიღებული. რა რეაქცია აქვთ დამთვალიერებლებს, როდესაც თქვენს კოლექციას ნახულობენ?
– ზაფხულობით, ამერიკაში, სან-ტაფეში, ეწყობა ხოლმე გამოფენა და ამ კოლექციამ, ჩემ გარეშე რამდენჯერმე მიიღო მასში მონაწილეობა. საერთოდ, ყველაზე ხშირად უცხოელები ინტერესდებიან ხოლმე ეთნოგრაფიული თოჯინებით. უამრავი კითხვით მომმართავენ: რომელი კუთხის წარმომადგენელია ესა თუ ის თოჯინა, აუცილებლად ინტერესდებიან, რა მასალისგანაა ის შექმნილი, შიგნით რა არის, როგორია. როდესაც რომელიმე კუთხის დასახელებას შეიტყობენ, შემდეგ მის დახასიათებასაც მთხოვენ. მეც გულს არ ვტკენ და რამდენიმე წინადადებით ამა თუ იმ კუთხეში „ვამოგზაურებ“ ხოლმე.
– დღეისთვის რამდენი თოჯინაა თავმოყრილი ამ კოლექციაში?
– არც დამითვლია, ასამდე იქნება.
– რა დროს ანდომებთ ერთი თოჯინის შექმნას?
– გააჩნია თოჯინის ზომასა და სირთულეს, დაახლოებით, სამი დღიდან ერთ კვირამდე დრო მჭირდება.
– რამე სამოსი თუ შეგიწირავთ საკუთარი გარდერობიდან ამ თოჯინების შესაქმნელად?
– რამდენიც გინდათ, „დუბლიონკიდან“ დაწყებული, ქურქით დამთავრებული. ძალიან ბევრი რამ დავჭერი ამ თოჯინებისთვის ჩემი, ჩემი ნათესავებისა და ჩემი მეგობრების ტანსაცმლიდან. ძველი ოჯახების სკივრებში ყოველთვის შესაძლოა, აღმოჩნდეს ჩემთვის საინტერესო რამ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, ჩემ გარეშე არაფერი არ გადაყარონ, განსაკუთრებით კი – ძველმანები. ზოგს სწორად არ ესმის, თუ რას ვგულისხმობ „ძველმანში“. მე მაინტერესებს დახეული, დაჩრჩილული, დალაქავებული, გადასაგდები ქსოვილები, ისინი კი ამას ყრიან და მოაქვთ ახალი და ლამაზი.
– თქვენი თოჯინები მარტო კავკასიელები არიან?
– ჩემს თოჯინებს შორის ნახავთ მათ, ვისი ნახვაც შესაძლებელი იყო ძველი თბილისის ქუჩებში, მაგალითად, აბანოთუბანში. აქ შეხვდებით მეკურტნეებს, მენახშირეებს, მეთუნუქეებს, მეეზოვეებს, მონადირეებს, მეცხვარეებს, მეწაღეებს, მექისეებს – ყველას, ვინც თბილისის ეთნოგრაფიული ისტორიის ნაწილს წარმოადგენდა.
მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ კოლექციაზე მუშაობისას მოქმედებს ფარაჯანოვის ფილმების ასოციაციები. სხვათა შორის, ფარაჯანოვი აკეთებდა ფანტასტიკურ თოჯინებს. „აშუღ ყარიბი“ მისი ბოლო ფილმი იყო, სადაც მისი ნაკეთი თოჯინებიც ჩანს.
– სახელები აქვთ ამ თოჯინებს?
– მხოლოდ თოჯინა-ცხოველებს აქვთ სახელები. ცხენები მყავს: ნოდარი და მალხაზი, ირემი – ლუარსაბი... ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია ამ თოჯინების შექმნა.
– გაჩუქება შეგიძლიათ?
– რა თქმა უნდა! ლეონარდო და ვინჩი ხომ არ ვარ, რომ ჩუქება დამენანოს! ბევრჯერ გამიჩუქებია, ძალიან იშვიათად კი გაყიდვაც მიწევს, ისევ და ისევ იმისთვის, რომ მასალა შევიძინო და ახალი თოჯინები შევამატო კოლექციას.