რამდენ ქალს უვლის ერთდროულად ზურა ყიფშიძე და რატომ ვერ წავიდა ის საქართველოდან
ქართველი ქალებისთვის ყველაზე მიმზიდველ მამაკაცს და საყვარელ მსახიობს ზურა ყიფშიძეს ახლა ის პერიოდი უდგას, როცა რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად იბრძვის. გარდა საყვარელი საქმისა, მას სხვაც, ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი და მოსაგვარებელი. მეექვსე თვეა, რაც სახლიდან წამოვიდა და საყვარელ, გამზრდელ დეიდასთან, საირმეზე დასახლდა. მას დისშვილის მზრუნველობა და ხელი ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. როგორ ცხოვრობს მსახიობი ბოლო დროს, რა უჭირს და რას განიცდის, ამაზე თვითონ გიამბობთ.
– ბატონო ზურა, ტელეფონში საუბრისას მითხარით, ვიღას აინტერესებს ბებერი ზურა ყიფშიძეო. მართლა ფიქრობთ, რომ უინტერესო გახდით, თუ ეს თავმდაბლობამ გათქმევინათ? ასაკის მიუხედავად, მშვენიერ ფორმაში ხართ.
– როგორ არ მეტყობა ასაკი – აღარც თმა მაქვს და აღარც არაფერი. მარტო თეთრი წვერი მაქვს. ენერგიული კი, ყოველთვის ვიყავი. დავრბივარ, დავხტივარ, სპექტაკლებს ვთამაშობ. ძალიან სასიამოვნოა, როცა ვიღაცას მოსწონხარ, უყვარხარ, მაგრამ, როცა ადამიანი ნელ-ნელა ბერდება მგონია, რომ ინტერესსაც კარგავს. ახლა ახალგაზრდები აინტერესებთ, ჩემს შვილზეა მიმართული მთელი ყურადღება და ეს უფრო მიხარია. ხომ იცით, „ის ურჩევნია მამულსა...“ ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ვიღაცას ძალიან მოვწონვარ. მეც ვცდილობ, ვიღაცეების მიმართ ყურადღება გამოვიჩინო. არიან ადამიანები, თავიანთი ნამუშევრებითა და გაკეთებული საქმეებით რომ ტკბებიან და ჰგონიათ, ყველაფერი გამოუვათ, მაგრამ, არასდროს არაფერი გამოგივა, თუ თვითდაჯერებული „ბალვანი“ გახდი.
– როგორც ვიცი, კარგა ხანია, რაც სახლიდან ხართ წამოსული. ისევ დეიდას უვლით?
– ორი დეიდა მყავდა, გაუთხოვრები. მათ ხელში გავიზარდე. ერთი გარდაიცვალა და მეორე მარტო ცხოვრობს. მეექვსე თვეა, სახლიდან წამოვედი, საირმეზე ვცხოვრობ, რომ მას მივხედო. ჩემი შვილიშვილი მეუბნება: რა არის, ბაბუ, დაგვტოვეო. რა ვქნა? ღამე ვერ ვტოვებ, თვითონ ამბობს, არ მინდა, წადიო, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როცა რაღაც აწუხებს და კვნესის. ქალი მყავს აყვანილი, ყველაფერს მე ხომ არ გავაკეთებ, თუმცა, ყველაფერიც შემიძლია. დედაჩემს შვიდი წელი მე არ ვუვლიდი? სახლში არავის უშვებდა.
– წარმომიდგენია, რა რთულია კაცისთვის ამდენი საქმის ერთად კეთება, იქით – თეატრი, აქეთ – დეიდა, ცალკე – ოჯახი.
– რა თქმა უნდა, რთულია. ცალკე შვილები აფრენენ, როდის რას გაჭედავენ, კაცმა არ იცის. ცალკე საწყალი ჩემი ცოლია გაგიჟებული. იქეთ შვილიშვილები არიან მისახედი. ამდენი გაყრილები, გამოყრილები, ისევ შეყრილები... ნამდვილად რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ არის რაღაც, რაც არ მოგწონს და გაღიზიანებს და არის რაღაცეები, რაც ბუნებრივად ხდება და ვერაფერს იზამ. დეიდაჩემი ხანდაზმული ადამიანია, მარტო ცხოვრობს და ჩემი მოვალეობაა, სათანადო ყურადღება მივაქციო. როგორ შეიძლება, ნერვებმა გიმტყუნოს და ამაზე რამე თქვა, თუმცა მთელი ცხოვრება ვჩხუბობდით (იცინის).
– რა გაჩხუბებდათ?
– მე სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი და ისინი – სხვა. ვერ იტანდნენ ჩემს გიჟობებს, „პაეზტკები“, ქეიფები... ძალიან განათლებული ქალბატონები, პედაგოგები გახლდნენ. ვცდილობდი, არ მეწყენინებინა და ორი წიგნი მაინც წამეკითხა. მართლა გაუნათლებლად ვითვლებოდი მათთან შედარებით და ახლა ჩემი თავი სპინოზა მგონია. მაინც ძალიან კმაყოფილები და ამაყები იყვნენ, რომ ერთი-ორი რაღაც ისეთი გავაკეთე, რაც მოსწონდათ და ეამაყებოდათ. არის რაღაცეები, რაც არ მომწონს. ჩემს სპექტაკლებს ვერ ვნახავ, მაგრამ ერთი-ორი ფილმი არის, რაზეც ვიტყოდი, რომ კარგად გამომივიდა. ცხოვრებაში ცოტა სხვანაირადაა. როცა ოჯახდები, გაწონასწორებულიც უნდა იყო და მატერიალურადაც წელში გამართული. სხვანაირად ვერ მიხედავ ამდენ ადამიანს.
– შეიძლება ითქვას, რომ ახლა რთული პერიოდი გიდგათ?
– რაც დრო მიდის, უფრო რთული ხდება ცხოვრება. ვიღაცეებს, ალბათ, ძალიან მაგარი ტიპი ვგონივარ, ამდენ ფილმებში რომ მიღებენ. მაგრამ, ასე არ არის. მაგალითად, საბჭოთა პერიოდში მსახიობისთვის ერთადერთი პრივილეგია იყო, რიგით ბინას და მანქანას რომ მოგცემდნენ. ფულის შოვნა ძნელი იყო, მაგრამ მაშინ ფული არც მჭირდებოდა. ყოველთვის მქონდა ჩემი ერთი-ორი კაპიკი, რაც მყოფნიდა. სულ გადაღება მქონდა, დავქროდი, გიჟივით ვიყავი. სხვათა შორის, ახლაც არ ვიცი ფულის ყადრი.
– გგონიათ, ეს კარგი თვისებაა? უკან მოიხედავ და არაფერი გაქვს.
– ეგ არის, რა, როცა გგონია, რომ გაქვს და ამ დროს არაფერიც არ გაქვს. ტიპური დეგენერატი ქართველი. ახლა მართლა ძალიან რთული პერიოდია. აფთიაქებში, მაღაზიებში „პოსლეზე“ რაღაცეების აღება და მთელი ამბები. მერე, თვის ბოლო რომ მოდის, ყველასთან მივდივარ და ვალებს ვაბრუნებ. აქეთ მეხვეწებიან, წაიღეო. ერთადერთი კაცი ხარ, ვინც იხდისო. ძალიან ვნერვიულობ, როცა ვიღაცის ვალი მაქვს. კი არ „ვტრიპაჩობ“, მაგრამ მართლა აღარავის დარჩა პასუხისმგებლობა. მეც სულ ვცდილობ, სიკეთე ვაკეთო. ჩემი ვალებიც აქვთ, მაგრამ ახლობელს როგორ უნდა „მიაწვე“, როცა იცი, რომ არ აქვს. ერთი ჩემი ახლობელი ბიჭია, თბილისელი, პლეხანოველი ძმაა, ძალიან განათლებული ტიპია და წიგნის ქურდობაზე ზის. წასაკითხად მოიპარა, განა გასაყიდად. ერთი წელია, რაც მაქვს, ვუგზავნი.
– ალბათ, ძნელია, როცა მხოლოდ საკუთარი თავის იმედით ხარ და გვერდით ისეთი არავინ გიდგას, ვინც ამ ცხოვრებაში თავს გაგატანინებს.
– ვერასოდეს შევეგუები იმას, რომ ჩემს ცოლს რაღაც უჭირდეს. ისედაც უჭირს, გაგიჟდა ქალი. შვილებსაც ხან ესმით, ხან – არა. ესეც მაღიზიანებს. შვილიშვილებმა რაღა დააშავეს, იმათაც ხომ უნდათ ყურადღება? მოკლედ, ყველაფერი არეულ-დარეულია. ამდენი გამწარებული ხალხი, შეწუხებული სახეები არასდროს მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძვირფასი მანქანებით დარბიან და ამდენი რაღაც შენდება და კეთდება. ზოგჯერ კვირაობით არ გამოვდივარ სახლიდან, თუ გამოსასვლელი არ ვარ. მაგრამ არ შეიძლება, ეს ვერ დაინახო და არ იგრძნო, ეს ხომ ის ქვეყანაა, საიდანაც ვერსად წახვედი.
– სად გინდოდათ წასვლა, რომ ვერ წახვედით?
– რამდენჯერმე მქონდა შემოთავაზება და არასერიოზულად მივიღე. ავსტრალიაში ვიყავით გასტროლებზე ორი თვე და დღეებს ვითვლიდი, როდის წამოვიდოდით. მახსოვს, ოცი წლის წინ ამერიკაში ვიყავით. „აეროფლოტი“ გაიფიცა და სამი კვირით ჩავრჩით. ჭკუაზე არ ვიყავი. ცხრა აპრილს პარიზში წავედით. ათში, დილით ვნახე მთელი ცხრა აპრილი და კინაღამ გავგიჟდი – აქედან წამიყვანეთ, არც პარიზი მინდა და არც არაფერი-მეთქი. ზოგს მეტად აქვს ეს მომენტები, ზოგს – ნაკლებად. განა ვინმეს ვაძაგებ ან რამეს ვითხოვ. უბრალოდ, ვერასოდეს წარმომედგინა ასეთი რთული ნაბიჯის გადადგმა.
– ამ დროს კაცები ძალიან ნანობთ, რას წამოვიკიდე ზურგზე ოჯახი, ვინ მაძალებდაო. ასე არ არის?
– ძლივს მოვიპოვე ეს ქალი, ბევრი ვიომე და ახლა ვინანო? თან, დამერწმუნეთ, ძალიან გიჟი მამა ჰყავდა, თუმცა, რაღაცაზე რომ ბრაზდები და გიჟდები, რა თქმა უნდა, ამბობ, რა მინდოდა, ვყოფილიყავი ჩემთვის. ისიც იმავეს იტყვის, სულ ვჩხუბობთ, მაგრამ ერთმანეთს სხვაზე ვერ ვცვლით და ვართ დღემდე ასე. როცა ძალიან გამამწარებენ, ვხედავ, რომ უგულებელყოფენ ჩემს აზრებს, გრძნობებს, დაუნახავები არიან, მაშინ ჩემს თავს ვერ ვფლობ. უცებ ყველაფერი გადამივლის და ვფიქრობ, რა იდიოტობაა. მერე თავისით ლაგდება და მშვიდდება ყველაფერი. პირველი შეხვედრა ხომ არ ჰგავს მეათეს. აი, ამას თუ გადალახავ, გაუძლებ, შეიძლება, მეორე სუნთქვა გაიხსნას და პირველს ჯობდეს. გააჩნია, ვინ როგორ გადაიტანს, როგორ გადავა ერთიდან მეორე მდგომარეობაში.
– წარმოგიდგენიათ, მსახიობი რომ არ ყოფილიყავით, რა შეიძლებოდა გაგეკეთებინათ?
– სიამოვნებით ვიქნებოდი ექიმი. ჯერ ეს ერთი, იმდენჯერ ვიწექი საავადმყოფოში, იმდენჯერ გამიკეთეს ოპერაცია და გადამარჩინეს, რომ ვერ გეტყვით. ძალიან დიდ პატივს ვცემ ექიმებს.
– ესე იგი, რეალურად რომ შეიძლებოდეს, თქვენს ცხოვრებას შეცვლიდით?
– არაფერსაც არ შევცვლიდი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემს შვილებს, ცოლს, დეიდებს, ვერსად გადავყრიდი. მათ გარეშე ჩემი ცხოვრებაც არ იქნებოდა. თუ მარტო ვიქნებოდი და გვერდით არავინ მეყოლებოდა, მაშინ შევცვლიდი.
– ისეთები არ გინახავთ, გვერდით რომ ჰყავთ ვიღაც და უკმაყოფილოები არიან. თქვენს ცხოვრებაში ქუჩაც ხომ იყო, აღარ მოგეწონათ და სხვა ცხოვრება აირჩიეთ.
– ქუჩაც იყო და ყველაფერიც, მაგრამ ზრდილობიანები ვიყავით. სერიოზული საფრთხე იყო ქუჩა. რომ ჩავეთრიე, ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე. მერე მივხვდი, რომ სხვა გზით უნდა წავიდე და წავედი. შენ თვითონ თუ არ მიხვდი ამას, ვერავინ მიგახვედრებს. მერე ჰიპიც ვიყავი. მოხულიგნო ბიჭიდან უცებ სხვანაირი ბიჭი „გავიჩითე“ – წყნარი, გრძელი თმით, ჯინსებით. გაგიჟდა დედაჩემი. უმამოდ, ქალებში, პედაგოგებში გაზრდილი, მე ერთი გიჟი ვიყავი. ვერ ახერხებდნენ ჩემს მოთოკვას, ჯიუტ ადამიანს, რაც მეტს აუკრძალავ, მით უფრო მეტს გააკეთებს.
– ქალებს ძალიან მოსწონხართ და ალბათ, არც თქვენ ხართ გულგრილი მათ მიმართ. თუ ცდილობთ, გაუთვალისწინებელ შემთხვევებს გვერდი აუაროთ?
– როცა კაცი დაოჯახდება და მართლა კარგად არის თავის მეორე ნახევართან, რატომ უნდა გაუჩნდეს სხვა რამის სურვილი? კი, შეიძლება, რაღაც მოუხდეს, ყველაფერი ხდება, მით უმეტეს, ჩვენს პროფესიასა და ასაკში, მაგრამ დამიჯერეთ, არანაკლები ლოთები, გიჟები და ბოზები არიან ექიმები, ვიდრე მსახიობები. უბრალოდ, ეს იმდენად არ ჩანს. ახალგაზრდობაში მოსკოვიც იყო და ყველაფერი, მაგრამ ახლა არაფერი ხდება. ჩემი ცოლი ძალიან მომწონს, კარგი ტიპია და ერთად ვათრევთ ჯვარს, თორემ ის რომ ცუდი იყოს, არ მომწონდეს, ვერავინ მომაბრუნებდა და დამაკავებდა. ძალით გაკეთებული არაფერი ვარგა. ეს შენგან გამომდინარე არ ხდება. ყველაფერი განგებაა. შეიძლება, ვიღაც ისეთი გამოგიგზავნოს, რომ გაგიჟდე. რა, ჩემს ცოლს არ შეიძლება, ვიღაც გამოუგზავნოს?!