კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უქმნის დისკომფორტს ეკა ბერიძეს ქმარი სამსახურში და როგორ დაასრულეს მათ სამსახურებრივი კონფლიქტი


ეკა ბერიძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტელეეკრანს დაუბრუნდა. წარსულში ცნობილი ტელესახე „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში პოლიტიკურ თოქ-შოუს უძღვება. როგორც თავად ამბობს, ახალ სამსახურთან შეჩვევა არ გასჭირვებია, ძველმა უნარ-ჩვევებმა თავისი გააკეთა და ჩვეულ ამპლუაში თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი, რაც სამსახურში დისკომფორტს უქმნის, ქმართან ერთად მუშაობაა. ეს ეკას მაინცდამაინც არ მოსწონს, თუმცა იმასაც „აღიარებს,“ რომ „მაესტროს“ გენერალურ დირექტორს, კახა ბექაურს ცოლის დაყოლიება და მისი პირადი გეგმების შეცვლა ნამდვილად არ გასჭირვებია.


– ეკა, საკმაოდ ხანგრძლივი ტაიმაუტის შემდეგ დაუბრუნდი ტელევიზიას, ასეთი დიდი პაუზის შემდეგ პოლიტიკური თოქ-შოუს წაყვანა გარკვეულ რისკს შეიცავს, პირდაპირ ეთერთან შეჩვევა არ გიჭირს?

– რისკი ყოველთვის არსებობს, კარიერის დასაწყისშიც და შუაშიც. შეიძლება, სულ არ გქონდეს შეწყვეტილი საქმიანობა და ძალიან დიდი მარცხი განიცადო. საქმეს ყოველთვის ახლავს აღმასვლაც და ჩავარდნაც, ასეთი შემთხვევები მეც მქონდა. დღემდე ჩემს დიდ შეცდომად მივიჩნევ, სკანდალურ ეთერს ელდარ შენგელაიასთან, რომელმაც ჩემს, როგორც წამყვანის იმიჯზე, ძალიან ცუდი გავლენა იქონია. ჩემი საქციელი არ იჯდა პროფესიონალიზმის ჩარჩოებში, თუმცა ჩემი არასწორად გამოხატული ემოციის მიღმა, იდგა მედიის უზურპაციის საშიშროება, რაც დღეს დე-ფაქტო დადგა ადამიანების წინაშე. ამით თავს არ ვიმართლებ, რადგან ეს იყო ჟურნალისტისთვის გაუმართლებელი საქციელი, რომელსაც დღემდე ვნანობ. პირდაპირ ეთერთან შეჩვევა არ მიჭირს, იმიტომ რომ წლების განმავლობაში გამომიმუშავდა ის უნარ-ჩვევები, რაც პირდაპირ ეთერს სჭირდება. ეს დაახლოებით ისეა, როგორც მანქანის ტარება, რაც არ უნდა დიდხანს არ დაჯდე საჭესთან, როდესაც მანქანის მართვა ჩვევაში გაქვს გადასული, ავტომატურად შეგიძლია, მართო. ახლა მეც ძველი უნარ-ჩვევები ამომიტივტივდა. რაც შეეხება სხვა ემოციებს, მე მაშინაც ვღელავდი ხოლმე ყველა პირდაპირი ეთერის წინ, როდესაც ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ვიყავი. ჩემი აზრით, არ არსებობს პროფესიონალი, რომელიც საქმეს ღელვის, ემოციის გარეშე აკეთებს. მით უმეტეს, ახლა მექნებოდა ემოცია, როცა ტელევიზიას ოთხწლიანი ტაიმაუტის შემდეგ დავუბრუნდი. სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც ახლა არ ვაპირებდი ტელესივრცეში დაბრუნებას, სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა.

– გადამწყვეტი ფაქტორი, ალბათ, ის იყო, რომ ამ ტელევიზიის გენერალური დირექტორი თქვენი მეუღლეა.

– არ უარვყოფ, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ეს იყო. ამას გარდა, ის რომ ქართულ ტელესივრცეში გაჩნდა დამოუკიდებელი ტელევიზია, რომლის მთავარი მიზანია მაყურებლის ინფორმირება მოახდინოს და იყოს საინფორმაციო ფორმატის, ეს თავისთავად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. როდესაც შემოთავაზება მივიღე, საკმაოდ დიდხანს ვიფიქრე, გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი, ძალიან ბევრი გარემოებების გამო. მქონდა ჩემი პირადი გეგმები, რომელთა ნაწილიც ჩაიშალა. მაგალითად, ალბათ, შემოდგომისთვის გადავდებ დიპლომის დაცვას, რადგან ამას ახლა ვერ შევძლებ. ამას გარდა, ქმართან მუშაობა, ჩემთვის უფრო დისკომფორტია, ვიდრე კომფორტი, ამისი გამოცდილება მაქვს. არჩევანი ჩემზე რომ იყოს, მირჩევნია, არ ვიმუშავო ოჯახის წევრთან ერთად. ცოლ-ქმრის ერთად მუშაობა არაა იდეალური ვარიანტი. მაგრამ, როცა ორი ადამიანისთვის, რომლებიც თავისი პროფესიით ტელევიზიას უკავშირდებიან, დაკეტილია ტელესივრცე, სხვა გამოსავალი არ არსებობს. ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა, თუმცა აქამდე ორივეს პროფესიული ტაიმაუტი გვქონდა. ამ ხელისუფლებას არ აწყობდა ჩემნაირი ჟურნალისტის გამოჩენა რომელიმე ტელევიზიის ეთერში, რადგან მე არასდროს ვყოფილვარ მორჩილი ჟურნალისტი და მათ გეგმებში ვერ ჩავეწერებოდი. შეხედეთ ნებისმიერ არხს, რომელიც დღეს მაუწყებლობს და თავად გააკეთებთ დასკვნას, რატომ არ შეიძლებოდა ჩემი მუშაობა რომელიმე ამ არხზე.

– „მაესტრომ“ საკმაოდ გასაიდუმლოებულად დაიწყო მაუწყებლობა. თქვენი მეუღლის ნებართვის გარეშე ვერც ერთი ცნობილი სახე კომენტარს ვერ აკეთებდა. თქვენ უფრო მეტი ინფორმაცია გექნებოდათ ტელევიზიის კულუარებზე, თქვენთვისაც ხომ არ მალავს კახა ბექაური ამ საიდუმლოებებს?

– არავითარი საიდუმლოებები არ ყოფილა, ეს იყო შეთანხმება, რომ სანამ ტელევიზია მაუწყებლობას არ დაიწყებდა, ინფორმაცია არ გასულიყო. ჩვენ ყველა ამ შეთანხმებას ვიცავდით. მე თვითონაც არ ვიცოდი, როდის გავიდოდა ეთერში ჩემი გადაცემა, ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობდი. სამსახურში კახა ჩემთვის დირექტორია და მე ყველა იმ წესს ვიცავ, რაც თანამშრომელმა უნდა დაიცვას.

– თქვენთვის მკაცრი შეფია ქმარი?

– საკმაოდ, თუმცა მე ის უფრო მკაცრი შეფიც მახსოვს პირველ არხზე მუშაობის დროს. კახა ჩემს მიმართ გაცილებით უფრო მომთხოვნია, ვიდრე სხვა თანამშრომლებთან, ამის გამო ადრე სამსახურებრივი კონფლიქტებიც კი გვქონდა ხოლმე. ჩვენ ძალიან ხშირად ვერ ვთანხმდებოდით ერთმანეთში. მას რაღაცის გაკეთება უნდოდა უკეთ, მე კი მეჩვენებოდა, რომ ეს უფრო უკეთესად ვერ გამოვიდოდა. სამსახურში ჩემი ქმრისთვის ვარ თანამშრომელი, ცოლის უპირატესობით არ ვსარგებლობ გენერალურ დირექტორთან. ახლა კახას ჩემი პირველი ეთერი უარყოფითად არ შეუფასებია, რაც მისგან დადებითი შეფასების ტოლფასია (იცინის). კახასგან არა მხოლოდ შენიშვნებს, რჩევებსაც ვიღებ ხოლმე, რომელიც ყოველთვის კომპეტენტურია. რჩევების ინიციატორი კახა იშვიათად ხდება, ამისთვის დრო არ აქვს. თუმცა. მე ხშირად ვეკითხები, რა როგორ ჯობია. ჩაცმულობასთან დაკავშირებითაც კი მაინტერესებს მისი აზრი. თუმცა, ორივე ვცდილობთ, რომ სამსახურებრივი საქმეები სახლში არ მივიტანოთ. მაგრამ, რაღაც დოზით მაინც ვარჩევთ ჩემს გადაცემებს, ხანდახან ორივე ისეთი დაღლილები მივდივართ სახლში, საქმეზე საუბრის თავიც აღარ გვაქვს.

– პირველ გადაცემაში სტუმრად გყავდა ირაკლი ოქრუაშვილი, მისი დაყოლიება არხის მფლობელების მეშვეობით არ გაგიჭირდებოდათ.

– ეს ჟურნალისტური საიდუმლოა და არ გავამხელ, მის დაყოლიებაში არავინ ჩარეულა, არც არხის ხელმძღვანელობა და არც ჩემი მეგობრები. მე არ ვაპირებ, რომ ამ ურთიერთობებში ვინმე ჩავრიო. ჩემს რესპონდენტებთან გაცილებით დიდი ხნის ურთიერთობები მაქვს, ვიდრე ნებისმიერი არხის ნებისმიერ ხელმძღვანელს. შევეცდები, ჩემი ყველა ეთერი სკანდალური თუ არ იქნება, აუცილებლად საინტერესო იყოს. როდესაც მუშაობ ტელევიზიაში, უნდა შეეცადო, რომ გადაცემა იყოს მაქსიმალურად რეიტინგული. ირაკლი ოქრუაშვილი დიდი ხანია არ გამოჩენილა ტელესივრცეში, ის საკმაოდ საინტერესო ფიგურაა დიდი, „დაძინებული“ რეიტინგით. ოქრუაშვილთან დიალოგის დროს გადაცემის რეიტინგი იყო ძალიან მაღალი. ჩვენი სურვილია, რომ გვყავდეს სტუმრები ხელისუფლებიდან. ამ დღეების განმავლობაში რამდენიმე მცდელობაც გვქონდა, ვნახოთ, ალბათ, ეს ადამიანები პირობას შეასრულებენ და გვესტუმრებიან. პირადად მე დიდი სიამოვნებით დავუსვამდი ჩემს გადაცემაში შეკითხვებს პრეზიდენტსაც.

– ხანგრძლივ შესვენებას იოლად გაუმკლავდი? ცხოვრების პასიური რეჟიმისთვის დამახასიათებელი დეპრესია არ გქონდა?

– არა, ეს ოთხი წელი გავატარე ჩვეულებრივად, დეპრესია ნამდვილად არ მქონია. ალბათ, იმის გამო, რომ ცხოვრების პასიური რეჟიმი არ მქონდა. მე არ ვიყავი უსაქმოდ, ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების მთელი რიგი კურსები შევისწავლე, ჩავაბარე ბიზნესის მაგისტრატურაში, რომელსაც წელს ვამთავრებ. მე არ ვფიქრობ, რომ მთელ ცხოვრებას ჟურნალისტიკაში გავატარებ. მინდა, მქონდეს ჩემი საქმე, რამე ბიზნესი, რომელსაც მე თვითონ გავუძღვები. თუმცა, რა სფეროზე გავაკეთებ არჩევანს, ჯერჯერობით არ ვიცი. მაგისტრის დიპლომის აღებას გადავდებ, მაგრამ აუცილებლად წავალ ამერიკაში. გავიმარჯვე პროგრამაში, რომელშიც მთელი მსოფლიოდან 25 ადამიანი მონაწილეობს და ძალიან საინტერესო შეხვედრები გველის. ამაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი.

– კიდევ რაზე მოგიწევს უარის თქმა ახალი სამსახურის გამო?

– ძალიან განვიცდი იმას, რომ სამწუხაროდ, ბევრი დრო აღარ დამრჩება ჩემი შვილისთვის. სანამ მე სამსახურს დავამთავრებ, მარიამს დედაჩემი უვლის, თუმცა სამსახურს მოვრჩები თუ არა, სახლში მივდივარ. დღისით სამსახურმა ერთმანეთს დაგვაშორა, თორემ, ღამით მთელი ოჯახი ერთად ვართ. კახას ჩემზე გვიან უწევს სახლში დაბრუნება, რადგან ტელევიზიაში ძალიან ბევრი საქმეა ასაწყობი. მარიამი საკმაოდ გაგებით შეხვდა იმას, რომ ერთდროულად დედაც „დაკარგა“ და მამაც (იცინის). ბოლო წლებში მე და ჩემს მეუღლეს მისი საქმიანობიდან გამომდინარე, წელიწადში ორჯერ მაინც გვიწევდა წასვლა უცხოეთში. კახას საქმიან ვიზიტებზე მეც მივყვებოდი ხოლმე. მოვინახულე ევროპის რამდენიმე ქვეყანა. ერთსა და იმავე ქვეყნებში საკმაოდ ბევრი აღმოჩენაც გავაკეთე. როდესაც დიდი დროით არ მიდიხარ, ბევრი რამის ნახვას ვერ ასწრებ. თუმცა, როცა კახა ბიზნესშეხვედრებს ესწრებოდა, მე მარტო დავდიოდი და ვცდილობდი, რაც შეიძლება, ბევრი რამ მენახა. ვიცი, რომ ახლა მოგზაურობას უნდა შეველიო, რაც ძალიან მომაკლდება, რადგან მოგზაურობა ძალიან მიყვარს.


скачать dle 11.3