როდის არ სჭირდება ჯაპანას ქალები და რისი გაკეთების უფლება არ მისცა მას ცოლმა
ჯაპანასა და მისი მეუღლის ცოლქმრული ურთიერთობა თავიდანვე კარგად აეწყო. სექსოლოგებისა და მეცნიერების წყალობით, 47 წლის ასაკშიც მშვენიერ განწყობაზეა და საკუთარ თავს პატარა „მაიმუნობებსაც“ პატიობს, რაც ღალატად სულაც არ მიაჩნია. ის ყველაზე გულახდილი რესპონდენტი აღმოჩნდა იმ მამაკაცებს შორის, ვინც ჩვენს რუბრიკაში თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ გვესაუბრა.
– როგორ გახსენდება შენი დაოჯახების ისტორია?
– 28 წლის ვიყავი, ცოლი რომ შევირთე. ერთი წელიწადი ვხვდებოდით ერთმანეთს და ჩავთვალე, რომ ეს დრო საკმარისი იყო. ორივე დიდუბელი და ერთი სკოლიდან ვიყავით, მაგრამ აფხაზეთში, სასტუმრო „პიცუნდაში“ დასასვენებლად რომ ვიყავით ჩასული, იქ გავიცანით ერთმანეთი. ის თავის მეგობრებთან ერთად იყო, მე – ჩემს მეგობრებთან ერთად. მერე თბილისში ჩამოვედით და აქ გავაგრძელეთ ურთიერთობა. ასაკში განსხვავება იყო და, ეტყობა, მაშინ ამიტომ არ მივაქციეთ ერთმანეთს ყურადღება – მეათეკლასელი გოგონები მეშვიდეკლასელ ბიჭებს ზედ არ უყურებენ. მოგვინდა, სულ ერთმანეთისთვის გვერეკა, საუბარში ღამეებს ვათენებდით, მერე ერთმანეთთან სახლებში მივდიოდით და ასე ჩამოყალიბდა ჩვენ შორის გრძნობა. ძალიან საინტერესო ქორწილი გვქონდა: თამადა ჭოლა იყო. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია. სხვათა შორის, ძალიან არატრადიციული, ავანგარდული თამადა მყავდა: ჯინსის ქურთუკი ეცვა და პერანგზე წითელი ბაბთა ეკეთა. ჩაცმის ასეთი სტილი ჯერ კიდევ იქიდან მოდის. მაგარი დრო ვატარეთ. კარგი მიმღერლები იყვნენ, ბევრს ვმღეროდით და ვცეკვავდით.
– ხშირ შემთხვევაში ცოლქმრული ურთიერთობა თავიდანვე ვერ ეწყობა და სავალალო შედეგით მთავრდება. თქვენი ურთიერთობა როგორ აეწყო?
– ჰო, ახლა ყველაფერი ადვილად ხდება. სხვა რამეა ვნება და სხვა რამეა სიყვარული. ზოგჯერ მამაკაცმა კი არა, ქალმაც არ იცის, რას აკეთებს. ქალი შვიდჯერ უფრო ვნებიანია, ვიდრე მამაკაცი. ამის მტკიცებას არ დავიწყებ. ბევრმა სექსოლოგმა და მეცნიერმა დაამტკიცა, რომ მამაკაცი ქალთან შედარებით სექსში პრიმიტივია. ეს კამასუტრაშიც არის მოხსენიებული. ერთ სექსოლოგს კარგად უწერია თავის ნაშრომში: თუ მამაკაცი ისე მოეკიდება ქალთან ურთიერთობასა და სექსს, რომ ქალია ბატონი და ის – მისი მსახური, მაშინ, ის მამაკაცი ყველაზე ძლიერია. როგორც კი მამაკაცი იწყებს იმაზე ფიქრს, მე ვარ უფროსიო და ლოგინში დროზე ადრე გადატრიალდება გვერდზე, სანამ ქალი დაკმაყოფილდება, ცუდ შედეგს იღებს.
– მამაკაცი გვერდზე რომ გადატრიალდება და ხვრინვას ამოუშვებს, მართლა გამაღიზიანებელია. შენ რას იტყვი?
– ასე იმიტომ ხდება, რომ ის მამაკაცი არ არის ქალის მიერ ამორჩეული და არც ის ქალია არჩეული. დღევანდელ ახალგაზრდებში არის იმპოტენციის პრობლემა და რაღაც სასწაული ნარკოტიკები. იმპოტენტ მამაკაცს ამ მომენტში რომ უნდა, მერე აღარ უნდა, მერე სულ აღარ უნდა და ასე შემდეგ. ასე არ გამოდის, რა!..
– შენ თქვი, რომ ლოგინში ქალი უნდა იყოს ბატონიო. ცხოვრებაში რეალურად სულ სხვანაირად არის. მამაკაცებს ქალებზე ბატონობა მოგწონთ და ამაშია მთავარი უბედურება.
– რატომ? მე პირველი არ ვარ, უბრალოდ, მინდა, რომ ჩემმა მეუღლემ მომისმინოს. ძალიან ჭკვიანი მეუღლე მყავს, ბევრისგან განსხვავებით. ბევრჯერ მომისმენია მისთვის, მაგრამ როცა ჩვენი აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა, მაშინ, ჩემი სიტყვა უნდა გავიდეს. ეს უკვე მოგვარებულია ჩემს ოჯახში.
– შენ არასდროს გადატრიალებულხარ გვერდზე და არ დაგიძინია?
– ასეთი რაღაცეები, ალბათ, მომხდარა, მთვრალი როცა ვყოფილვარ. ყოველი ღამე ჩემთვის ძვირფასია. ლოგინს დიდ პატივს ვცემ – ამით იწყება და მთავრდება ცოლქმრული ურთიერთობა. ქმარზე რომ ამბობს ცოლი, პირს აწკლაპუნებს, ისე ჭამსო, იმ გაწკლაპუნებასაც ვეღარ გრძნობს ქალი, როცა ღამით დაკმაყოფილებულია. იგივე შეიძლება ითქვას მამაკაცზეც. ზოგჯერ ქალი რაც მამაკაცს სურს, იმას არ აკეთებს ლოგინში. როცა ეს ყველაფერი კარგად შეიკვრება, მაშინ პრობლემებიც არ არის. ერთმა სექსოლოგმა კარგად თქვა – ცოლ-ქმარს შორის სირცხვილი საერთოდ უნდა მოისპოსო. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ამის გაკეთება შეიძლება თუ არა. ორ მოსიყვარულე ადამიანს შორის ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ცხადია, მამაკაცი რომ გადატრიალდება და დაიძინებს, ის ქალი დილას გაღიზიანებული იქნება. შეიძლება, ჩანგლის გაჩხაკუნებაზე შემოგედავოს ან გითხრას, დედაშენი ასეთია, მამაშენი ისეთიაო. ამ დროს, არც ჩანგლის გაჩხაკუნებაა შუაში და არც დედამისი და მამამისი, ყველაფერი ლოგინიდან მოდის. თუ დილით დაწყნარებული და დამშვიდებული ავდგებით, ბევრ რამეს გადავიტანთ – პირის წკლაპუნსაც, უფულობასაც...
– როგორც ჩანს, ქალების კარგად გესმის.
– კაზანოვა არ ვარ, მაგრამ ჩემს პოტენციას არ ვემდური, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 47 წლის გავხდი. შეიძლება, დღეში ხუთჯერ და ოთხჯერ არა, მაგრამ ერთხელ მისაღებია. არ ვიცი, ვინ დააწესა, სექსი კვირაში ექვსჯერ ან თვეში თექვსმეტჯერ კარგი არ არისო. სისულელეა. თუ კარგი პარტნიორი გყავს, რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ გქონდეს.
– მამაკაცებს ეგ არასდროს გბეზრდებათ.
– ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო. ცოტა ამ სმამ მომიღო ბოლო, თორემ, ისე, როცა საშუალება მაქვს, ვჯირითობ კიდეც. ძალიან კარგია ცხენი და ყველა მამაკაცს ვურჩევ, ამ სპორტს მიჰყვეს. არ ვარ ისეთი კაცი, რომელიც სმისგან თავს შეიკავებს. ახლა თელავში მივდივარ და ზუსტად ვიცი, თავს მოვიკლავ. ერთი ხუთი დღე, სმის გარდა, იქ არაფერი იქნება, არანაირი სექსი.
– ვითომ?! სასმელს ყოველთვის ქალები მოჰყვება. ვის ატყუებ, ჯაპან?
– არ მგონია, თელავში და გურჯაანში სექსისთვის მიდიოდეს კაცი. კახეთში ისეთი სმა მიდის ხოლმე, უბრალოდ, დრო არ არის, სადღაც „ჩასვა“. ძილიც ხომ გინდა და, თავისთავად ცხადია, აღარ ეძებ მაგას, თორემ, პრობლემა არ არის.
– ახლა, დავიჯერო, შენი ცოლი არ ეჭვიანობს?
– თავიდან იყო ჩვენ შორის ეჭვიანობა. არაფერზე რომ არ ეჭვიანობ, არანორმალური ხარ. ხომ იცი, ასეთი ფილმი – „ემანუელა“? ცოლი მიდის საღამოს, მერე სახლში ბრუნდება და ქმარს უყვება, როგორ ცხოვრობს სხვა მამაკაცებთან. იცი, არის ამაში რაღაც სექსუალური, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია. არა, კი ვიგებ, მაგრამ მიუღებელია. ღმერთმა გაუმარჯოს იმას, ვინც ასე ცხოვრობს. ეს არის კავკასია და არ შეიძლება ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში. სულ მეკითხებიან, ევროპელი ხარ თუ აზიელიო. არც აზიელი ვარ, არც ევროპელი. ღმერთი, რჯული, ქართველი ვარ. ეს, რატომღაც ვერავის გავაგებინე, თორემ, ვიტყოდი – კი, ბატონო, კარგია, ცოლი რომ ცალკე სექსაობს-მეთქი. მოკლე კაბა რომ აცვია ჩემს ცოლს, ხომ არ ვჩხუბობ და თავს არ ვიგიჟებ?
– მე რა ვიცი, აბა?!
– არ ვეტყვი, კაბა დაიგრძელე-მეთქი. შეიძლება, თავსაც ვიკავებ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ისე უნდა გააკეთო, რომ ხედავდე და თან ამით სიამოვნება მიიღო, იმ სხვამ კი მარტო შეხედოს. აი, ამაშია განსხვავება, ახალგაზრდები რომ ვიყავით, იყო პატარა გაუგებრობები. განსაკუთრებით ფეხმძიმობის პერიოდში ჰქონდა ჩემს ცოლს მომენტები, როცა ეგონა, რომ ვღალატობდი.
– ჰო, ქალებს სულ გვეჩვენება რაღაცეები და საწყალ ქმრებს ყველაფერში ვადანაშაულებთ.
– ამას „არ მიღალატია“ ჰქვია, გენაცვალე. პატარა მიმაიმუნია, ალბათ, ახალგაზრდა კაცი ვარ, მაგრამ ღალატად მიმაჩნია სიყვარული და ურთიერთობა სხვა ქალთან, ცხოვრების აწყობა. ამ ბოლო დროს არც ამით ვიკლავ თავს, მაგრამ ერთი-ორჯერ „კურტიზან ქალთან“ გაქცევა არ არის დანაშაული. არ ვიცი, შეიძლება, ვცდები. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რამდენად მტყუანი ან მართალი ვარ და ამით ვიწყნარებ თავს.
– გავიგე, ჯაპანა სახლშიც და გარეთაც სულ იგინებაო. მართალია?
– ჩემი ცოლი არ ჩხუბობს, საერთოდ აღარ იღებს ხმას. მე ვჩხუბობ. სხვათა შორის, ჩვენი ზოდიაქოს ნიშნები არანაირად არ შეესაბამება ერთმანეთს: ის „ვერძია“, მე – „თევზები“. ეს არის ორი ერთმანეთისგან საპირისპირო ნიშანი და არაფრით არ შეიძლება, ცხოვრება აწყობილი ჰქონდეთ, მაგრამ, აგერ უკვე ოცდაორი წელია, ერთად ვართ. ისეთი ოჯახის დედა ვატირე, სადაც ხმამაღალი სიტყვა არ ისმის. რაც შეეხება ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, ჩემს ცხოვრებაში ჩემი ცოლისთვის კი არა, არც ერთი ქალისთვის არ დამირტყამს. ჩემი პროტესტი არის კარის მაგრად გაჯახუნება, ისე, რომ, შეიძლება, ბათქაში ჩამოიყაროს და, კიდევ, დედის გინება. მიჩვევა იცის, როგორც ნარკოტიკმა, მერე ყურადღებას აღარ აქცევ. ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი ცოლი ამას აღარ აქცევს ყურადღებას.
– კაცების უმრავლესობა, რატომღაც, ცოლის მოყვანას ნანობს ხოლმე. შენ?
– ისე არ აწყობილა საქმე, რომ მენანა. ამიტომაც მოვატანეთ აქამდე. მანამდე მქონდა რაღაც ურთიერთობები და გულისტკივილით დავშორებულვარ მათ, მაგრამ, რაღაცნაირად, ყველამ თავისი ცხოვრება მოიწყო. ასე რომ, მიტოვებული ქალი არ მყოლია. გულჩვილი ტიპი ვარ, ხანგრძლივი ურთიერთობა მირჩევნია ერთთან, ვიდრე ხშირად ვიცვალო. არ ვემხრობი ისეთ მამაკაცებს, ვინც ქალებს ცხვირსახოცივით იცვლის. რაც დრო გადის, უფრო კარგად გრძნობ შენს პარტნიორს და იცი, რა მოსწონს, რა უხარია. პირველი სექსი არაფერია, მეორე და მესამე უკეთესია. ქალების სია რომ აქვთ ჩამოწერილი, მე ასე არასდროს ვყოფილვარ. ზოგი ექვსთვიანი იყო, ზოგი – ორწლიანი.
– ფინანსურად როგორი მდგომარეობა გაქვს. ესეც ხომ ხშირად ხდება უთანხმოების მიზეზი?
– ცულის ტარზე ცხოვრება არ არის სასიამოვნო, მაგრამ, მოხდა ისე, რომ რუსთაველზე ვცხოვრობდით და დიდ დიღომში გადავედით. დიდ დიღომში მესამე სახლი გავყიდეთ, იმიტომ, რომ ვალები მქონდა, ბავშვი სასწავლებლად უნდა გამეშვა. ამის გამო უთანხმოება არ მოგვსვლია. ვიცი, რომ ჩემს ცოლს ძალიან ვუყვარვარ და მაფასებს. ზოგიერთი ქალი „ნახერხთან“ წევს და ვერც კი ხვდება ამას. უყვარს ეს ნახერხი და ღმერთმა შეარგოს. იმიტომ, რომ ფულები მქონოდა, ბევრ რამეს არ მოვაწერე ხელი და არც მოვაწერ. ძალიან ბევრი გაჭირვება მქონია. ხანდახან, რომ გავიღვიძებდი, მანეთი, პურის ფული სად მეშოვა, არ ვიცოდი. ჩემი ცოლის დამსახურებაა, თორემ ახლა მხედრიონელი ვიქნებოდი. იყო პერიოდი, როცა მეძახდნენ და არ წავედი, იმიტომ, რომ ამაზე ჩემმა ცოლმა დიდი პროტესტი განაცხადა. ჩვენ ძალიან კარგად დავაბალანსეთ ურთიერთობა. ამდენ ხანს მოვდივართ ერთად და აწი ღმერთი თუ გაგვტეხს.
ეკა პატარაია