კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიაჩნია მამაკაცობა ზაზა აბაშიძეს უპირატესობად და რა აქცევს ქალს საშიშ არსებად


მე ვერც ვთხოვდი, საკუთარი თავი „ქალის ტყავში“ წარმოედგინა. თვითონ დამეხმარა და ისიც გამიმხილა, როდის ინატრა და თქვა ხმამაღლა, რატომ ქალად არ დავიბადეო. მის ამ განცხადებას სრულიად ობიექტური მიზეზი ჰქონდა და დიდმა სიყვარულმა ათქმევინა. როცა იფიქრა, რომ თავისი მამაკაცობით მშობელს რაღაც დააკლო. ღირსეული მამაკაცის – დოდო აბაშიძის ღირსეული ვაჟიშვილი ყოველთვის იშვიათი რესპონდენტია და ჩემი მოლოდინი ზაზა აბაშიძეს არც ამჯერად გაუმტყუნებია.


ზაზა აბაშიძე: არის მამაკაცობა უპირატესობა და ამის არაღიარება, ან არდანახვა შეცდომაა. მას შემდეგ, რაც მატრიარქატი პატრიარქატმა შეცვალა, ყოველთვის ასე იყო და კიდევ ასე იქნება. ქალთან შედარებით, მამაკაცს ყველგან ჰქონდა უპირატესობა. დღესაც, დაახლოებით ასეთივე სურათია, თუმცა არის გამონაკლისები. მაგალითად, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ქალის როლი ისეა გაზრდილი, რომ აშკარად ჩაგრავს მამაკაცს. ქალებს იქ გაცილებით მეტი უფლებები აქვთ.

– მე როგორც ვიცი, ამერიკაშიც არ არიან მამაკაცები უფლებებით განებივრებულები.

– მე ამერიკაც ვიგულისხმე. თუმცა, ქალებისთვის ასეთი უფლებების მინიჭება, იქაც კი თანამედროვე მოვლენაა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ იყო. ამერიკაში ქალები საკმაოდ დიდი ხანი იბრძოდნენ უფლებების მოსაპოვებლად და ძალიან ბევრი რამ მათთვის აკრძალული იყო. მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან დაიწყო ქალების აშკარა გააქტიურება. ფემინიზმი საერთოდ ევროპული მოვლენაა, მაგრამ ამერიკაშიც ძალიან გაიდგა ფესვები. ქალები საზოგადოების ყველა სფეროში ტოლს აღარ უდებდნენ მამაკაცებს – არც ბიზნესში და არც პოლიტიკაში.

– ბუნებასთან წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის ქალების ასეთი გააქტიურება?

– რა არის იცი? ბოლომდე ქალი მაინც ვერ დაჯაბნის მამაკაცს. მგონი, ამერიკელებიც დარწმუნებულები არიან ამაში და ამიტომაც აირჩიეს პრეზიდენტად შავი კაცი, თეთრი ქალის ნაცვლად (იცინის).

– მგონი, ძალიანაც წააგეს.

– ეს უკვე ამერიკელების გადასაწყვეტია. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ჰილარის სახით, საკმაოდ ძლიერი პრეზიდენტი ეყოლებოდათ. მაგრამ, ეტყობა ბოლომდე ვერ ენდვნენ ქალს. ასე ვერ გარისკეს.

– ქართული მენტალიტეტიც „ვერ რისკავს“, თუმცა ჩვენ ორი ქართველი მეფე-ქალი გვყავდა.

– დიახ, თამარი და რუსუდანი. ერთმა გაამართლა, მეორემ – ვერა. სრულუფლებიანი ქალი-მეფე, მეტი არ გვყოლია. ქალების დიდ პოლიტიკაში ყოფნა მარტო საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. მეზობელ რუსეთშიც იყო რამდენიმე გამოკვეთილი ქალი სამეფო ტახტზე. პეტრე პირველის ქალიშვილი, ელისაბედი და ეკატერინე მეორე – საკმაოდ აქტიური იმპერატრიცები.

– რომელიც რუსი არ ყოფილა...

– არ იყო წარმოშობით რუსი, მაგრამ როცა საქმე დინასტიურ ქორწინებებს ეხება, იქ უკვე ნაკლებად არის ლაპარაკი წარმომავლობაზე. ეროვნული ნიშანი აღარ არის გადამწყვეტი. რუსუდანის ვაჟს, დავით ნარინსაც არ ჰყავდა მამა ქართველი, მაგრამ ის ქართველი მეფე იყო. ეკატერინე ატარებდა რუსულ პოლიტიკას და იყო რუსეთის სახელმწიფოს მეთაური. შესაბამისად, მისი ორგანული ნაწილიც. ამ შემთხვევაში, მის გერმანელობას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ჩვენ დღეს გვყავს პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი ქალი, რომელიც ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად. ის იყო ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე და ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ფაქტია, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი შედგა და აქვს უფლება, მომავალში პრეტენზია ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტობაზე. ის სხვა საკითხია, ვის მოსწონს ნინო ბურჯანაძე და ვის არა. ამაზე არ არის ლაპარაკი. მე თუ მკითხავთ, არიან თუ არა, საქართველოში პოლიტიკოსი ქალები, პასუხი იქნება ასეთი: საქართველოში არის ერთი პოლიტიკოსი ქალი, ნინო ბურჯანაძე. დანარჩენები საერთოდ არ არიან პოლიტიკოსები, არც ქალები და არც კაცები. ყველას რატომღაც ჰგონია, რომ საკრებულოს, ან პარლამენტის დეპუტატობა თავისთავად გულისხმობს პოლიტიკოსობას. არ არის ბატონო, ასე.

– ძალიან გაგვინაწყენდებიან ის ქალბატონები, რომლებსაც დღეს პოლიტიკოსობაზე აქვთ პრეტენზია.

– განაწყენდნენ, მერე. ვიღაცის აზრის დაცვა პოლიტიკურ ფიგურად გადაქცევას არ ნიშნავს. ბურჯანაძესაც დრო დასჭირდა და საკმაოდ ბევრი საფეხურებიც გაიარა, აქამდე რომ მოსულიყო. კიდევ ვიმეორებ, მოგვწონს ის, თუ არ მოგვწონს, ეს სხვა თემაა.

– ქართველ მამაკაცებს აზიატობას სწამებენ, თუმცა ჯერ კიდევ დიდმა რუსთველმა ბრძანა, ლეკვი ლომისა სწორიაო...

– ძუ იყოს, თუნდა ხვადიაო (იცინის). ასეა და არ მგონია, აზიატები ვიყოთ, ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით. ჯერ გავარკვიოთ, რას ვეძახით ქალისადმი აზიურ დამოკიდებულებას. ირანს? ისლამურ სამყაროს? მაგრამ სანამ ისლამი წარმოიშობოდა, ქალი უკვე აქტიურ როლს თამაშობდა ქვეყნების ბედის გადაწყვეტაში როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. შეიძლება ისინი აშკარად არ ჩანდნენ, მაგრამ კულისებს მიღმა მოქმედებდნენ. ამიტომ, არც კი ვიცი ბოლომდე, რას გულისხმობს ეს აზიატობა. ქალისადმი მეტისმეტად სასტიკ დამოკიდებულებას? მაგრამ ეს უკვე პიროვნულია. ინდოეთი აზიაა, მაგრამ მათ ჰყავდათ ინდირა-განდი. თურქებს კი ძალიან ლამაზი პრემიერ-მინისტრი – ქალი. ცეილონს რამდენიმე წლის განმავლობაში უძღვებოდა შესანიშნავი ქალი. სხვათა შორის, ისიც მოკლეს. პაკისტანი ფუნდამენტური ისლამის ქვეყანაა, მაგრამ მას ბენაზირ ფჰუტო, არაჩვეულებრივი და ძალიან ძლიერი ქალი მართავდა. ამიტომ, აზიურობა და ევროპელობა, ქალის და კაცის ურთიერთობაში, არ არის ეროვნული ნიშნის მატარებელი.

– მაგრამ მეჩეთში ქალისა და მამაკაცის ერთად შესვლა დაუშვებელია.

– გეთანხმებით. არც სინაგოგაში ლოცულობს ქალი და მამაკაცი ერთად. ამ მხრივ, ყველაზე კარგად ქრისტიანული რელიგია იცავს გენდერულ ბალანსს და ყველაზე პროგრესულია. ერთადერთი უპირატესობა ტაძარში მამაკაცს ჯვარზე მთხვევის დროს ენიჭება. პირველი ის მიდის და მერე ქალი. მეშვიდე, მერვე საუკუნეში, საქართველოში იყვნენ დიაკონისებიც. საკურთხეველში ქალის შესვლა სხვა, სრულიად ბუნებრივი მიზეზით შეიზღუდა. ასე რომ, არავინ ცდილობდა და არც ცდილობს, ქალის მნიშვნელობის დაკნინებას.

– გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, ქალად რომ დაბადებულიყავით?

– (იცინის) ამაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ ერთხელ ვინატრე, ნეტავი, ქალი ვყოფილიყავი-მეთქი. მამაჩემი ძალიან მძიმე ავადმყოფი სამი წლის განმავლობაში ლოგინს იყო მიჯაჭვული და ძირითადად მე მიხდებოდა მისი მოვლა. მამაკაცს საერთოდ უჭირს ასეთი რამეები და ერთი-ორჯერ გავიფიქრე, ხომ სჯობდა, ქალი ვყოფილიყავი, მაშინ ხომ უკეთესად მოვუვლიდი-მეთქი. ვუთხარი კიდეც დოდოს და გაეცინა. არაფერი მიპასუხა. ჩემს სახელს და გვარს ისე ვარ შეჩვეული და გამჯდარი მაქვს, კაცი რომ უნდა ვიყო, ვეღარც წარმომიდგენია, რანაირი ქალი ვიქნებოდი. თუმცა, სახელი ზაზა ქალსაც ჰქვია. მაგალითად, ზაზა ლებანიძე – მსახიობი. მაგრამ, მე მაინც კმაყოფილი ვარ, კაცად რომ დავიბადე და არა ქალად. ქალის ცხოვრება კაცისაზე გაცილებით რთულია და მძიმე. ჯერ მარტო შვილების მუცლით ტარება და მერე გაჩენა, თანაც არა ერთის და ორის, არამედ ზოგჯერ მეტისაც. მათი გაზრდა, აღზრდა, ყურადღება... ოჯახური საქმიანობაც არ არის ადვილი. დღეს ისე აღარ არის ქალი სამზარეულოზე მიჯაჭვული, მაგრამ ოჯახი ძირითადად, მაინც მასზეა და ეს ასეც უნდა იყოს.

– მამაკაცი კიდევ ცალკე ჰყავს მოსავლელი.

– დიახ. ამ ყველაფერს, კიდევ პლუს მამაკაცი. ჩემი მეუღლე ხშირად ამბობს, მე ოთხი შვილი მყავსო. უფროსი ქალიშვილი, დათუნა, სანდრო და მერე მთლად უფროსი, ზაზაო (იცინის). თანაც ყველაზე რთული მოსავლელი მე ვარ და ამას ვაღიარებ. მართლა ვერაფერს გავხდებოდი, ჩემი ცოლი რომ არა.

– კაცმა ერთხელ შეჭამა ქალის წაქეზებით ვაშლი და მას მერე, სულ მის ჭკუაზე დადისო...

– მთლად ასეც არ არის საქმე. ვერ ვიტყვი, რომ მამაკაცები სულ ქალების ჭკუაზე დადიან, მაგრამ სუსტ სქესს რომ დიდი გავლენა აქვს კაცზე, ფაქტია. განსაკუთრებით, როცა კაცს თავდავიწყებით შეყვარების პერიოდი აქვს. ამ დროს ქალს ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს მამაკაცზე. ქალის გამო ომებიც დაწყებულაო, ამასაც ამბობენ, მაგრამ ძალიან დიდი კატაკლიზმების მიზეზი ქალი ვერ იქნება. კაცსაც თავისი ჭკუა უნდა ჰქონდეს. სწორედ მას დააკისრა ბუნებამ მეომრის ფუნქცია. მაგრამ, ქალიც ძალიან კარგად შეასრულებს დიპლომატიურ მისიას და იყვნენ კიდეც ევროპაში და ჩვენს ისტორიაში ასეთი ქალები. მაგალითად, ქართველი ბატონიშვილი, რომელსაც მერე სპარსული სახელი გულჩარა დაარქვეს. ის დიპლომატიურ მისიას ასრულებდა. თამარმა ყუთლუ არსლანთან მოლაპარაკება ცოქალის და კატაის მიანდო. ასე რომ, ქალი არ არის ადვილად დასაჩაგრი და ხელწამოსაკრავი ფიგურა. ინტრიგაც უფრო მისი საქმეა. არ არსებობს ისეთი იდეა, რომელიც ქალის ტვინში არ დაიბადება და კაცი, ამ დროს, შეიძლება, საერთოდ ვერაფერს მიხვდეს. მიუხედავად თავისი ფიზიკური ძალისა, კაცი მეტად გულუბრყვილოა და მიმნდობი. ისეთ ბოროტებას, ქალის გონებაში რომ მომწიფდება, კაცი ვერასდროს მოიფიქრებს. კაცი ნაკლებსაც ჭორაობს და ჭორი უკვე ბოროტებაა. კაცი, ბევრს ვერაფერს ამჩნევს, მაშინ როცა ქალს შეუნიშნავი არაფერი რჩება. ერთი სიტყვით, ძალიან საშიში შეიძლება, იყოს ქალი. ანგარიშგასაწევი ძალაა.

– ძირითადად კაცები უწყობენ, ხოლმე ხელს, ქალის საშიშ არსებად გადაქცევას.

– გეთანხმებით. კაცს ნამდვილად აქვს იმისი ბერკეტები, რომ ქალი საშიშ არსებად არ გადააქციოს. არ უნდა მოაკლოს ყურადღება. იზრუნოს მასზე და არ დაჩაგროს. მაგრამ ქალის კაცთან ბოლომდე გათანაბრება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

– ისე ქალს ცოტა ყოფნის ბედნიერებისთვის.

– (იცინის) თავიდან შეიძლება ცოტა ყოფნის, პუშკინის ზღაპარი ხომ გახსოვთ, ოქროს თევზზე და მებადურზე. ჯერ ახალი გობი უნდოდა, მერე ახალი ქოხი და ბოლოს დედოფლობამაც აღარ დააკმაყოფილა... ასე რომ, მადა ჭამაში მოსდით ხოლმე, მაგრამ კაცი მაინც ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს საყვარელი ქალის ბედნიერებისთვის, რომ ის საშიშ არსებად არ გადაიქცეს.


скачать dle 11.3