კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ბრძოლებს იგერიებს ირაკლი ალასანიას ცოლი ამერიკაში და რა გაურთულდა მას მეუღლესთან


მართალია, ირაკლი ალასანიას ქართულ პოლიტიკურ ორომტრიალში ჯერ არ უმართლებს, მაგრამ ცხოვრების მთავარი მეგზურის არჩევანში ნამდვილად გაუმართლა. მისი მშვენიერი მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე, ძალიან საინტერესო და ხალისიანი ადამიანია და თავგადასავლების მაძიებელ ქმარს ცხოვრების მთავარ საზრდოს უკვე 17 წელია, არ აკლებს. ამას პროფესიით ფსიქოლოგი ნათია მას შემდეგაც ახერხებს, რაც ქმართან ქართულმა პოლიტიკამ და ოკეანემ „დააშორა“, თუმცა, ძველი ოჯახური იდილიის დასაბრუნებლად თბილისში დაბრუნება უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა. როგორ ცხოვრობდა მწერალ გურამ ფანჯიკიძის შვილი ირაკლი ალასანიასთან შეხვედრამდე და რით გააოცა პირველ შეხვედრაზე მწერალმა მომავალი სიძე, ამას თავად ნათია ფანჯიკიძე გიამბობთ. მასთან საუბარი ცნობილი მამის გახსენებით დავიწყეთ.


ნათია ფანჯიკიძე: მე გავიზარდე თავისუფალი აზრის გარემოში. სულ ვამბობ, რომ ჩემი პიროვნული თავისუფლების დარღვევის უფლებას მოზრდილობაშიც ვერავის ვაძლევ, რადგან ამას ბავშვობიდან შევეჩვიე. დედაჩემი ჩემს ოთახში დაუკაკუნებლად არასდროს შემოსულა, იმიტომ რომ, პატივს სცემდა ჩემს სამყაროს. ეს სტანდარტები ჩვენს ოჯახში შემთხვევითი არ იყო, დედაჩემი არის გერმანული დისციპლინის ადამიანი, შემთხვევით არ გამხდარა გერმანისტი. გერმანული კულტურის მიმართ საოცარი დამოკიდებულება აქვს, მარკესს ისე ერჩის, თითქოს მისი მეგობარია, სამაგიეროდ, თომას მანი არის მისთვის სხვა განზომილება. დედა შინაგანად ძალიან მოწესრიგებული ადამიანია, ხანდახან ამბობს, რომ ეს მეგრული კულტურის დამსახურებაა. ხუმრობით მამასა და შვილებს „ჩულიან რაჭველებს“ გვეძახდა, თუმცა რაჭა ძალიან უყვარს, ჩვენ გადმოვიბირეთ (იცინის). მამა უაღრესად კაცთმოყვარე იყო, ადამიანების გარეშე ყოფნა არ შეეძლო, მეც მაქვს ეს თვისება, რაც, პირველ ყოვლისა, ალბათ, მამაჩემის დამსახურებაა.

– ცნობილი მამის შვილობა კარგი სავიზიტო ბარათი იქნებოდა ცხოვრების ყველა ეტაპზე. თქვენთვის ყველა კარი იოლად იხსნებოდა?

– მე არანაირი წარმატება არ მიმაჩნია შემთხვევითად. ჩვენ, სამ შვილს, გვყავდა ერთი მამა, მაგრამ ჩვენში ყველაზე მოწესრიგებული აღმოჩნდა ჩემი და, მაია, რომელიც სახელმწიფო სამსახურში წავიდა. მე არასდროს მქონია მიდრეკილება, რომ შემექმნა კარიერა, ვყოფილიყავი ორგანიზაციულ სამსახურში. პირიქით, ყოველთვის ვარ იქ, სადაც პირადი შეხება მაქვს ადამიანებთან. როდესაც ვმუშაობდი ბავშვთა სახლში, სადაც, შეიძლება, კიდევ დავბრუნდე, მომწონდა ურთიერთობა ბავშვებთან და ჩემთვის ის იყო მთავარი, არასდროს მქონია სურვილი, რაიმე დაწესებულების ხელმძღვანელი ვყოფილიყავი, ჩემი პრეტენზიები არასდროს ყოფილა ისეთი, რომ მამას სადმე კარი გაეღო ჩემთვის. მას ჰქონდა ერთი უცნაური თვისება: ყველაფერს აკეთებდა სხვებისთვის, მაგრამ რცხვენოდა, რომ თავისი შვილების გამო ვინმესთვის რამე ეთხოვა. მამა გვაძლევდა დიდ სულიერ მუხტს და ეს იყო მთავარი. მამას ჰქონდა უნარი, მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს თავი კარგად ეგრძნოთ. ამიტომაც იყო ყოველთვის ხალხმრავლობა მის ირგვლივ, დედა ოლიმპიური სიმშვიდით იღებდა სტუმრებს ღამით, რადგან მამა სხვაგან დაწყებულ ქეიფს აუცილებლად სახლში დაასრულებდა ხოლმე, შინ მთელი შემადგენლობით ბრუნდებოდა. დედა დგებოდა შუაღამისას და იწყებდა ხორცის შეწვას, მერე კი, როცა ცხოვრება გაჭირდა, – მაკარონის მოხარშვას. როცა გავთხოვდი, გადავწყვიტე, რომ ჩემი ოჯახიც ისეთი უნდა იყოს, როგორიც ჩემს მშობლებს ჰქონდა და მეც 24 საათის განმავლობაში სუფრა მქონდა გაშლილი, მაგრამ, ძალიან მალე დავიღალე და მივხვდი, რომ მე არ მქონდა ისეთი ენერგია, რაც დედას ჰქონდა. ნელ-ნელა „დავწყნარდი“ და რამდენ სტუმარსაც „ვუძლებდი“, იმდენს ვეპატიჟებოდი ხოლმე.

– როგორ მიიღო გურამ ფანჯიკიძემ სიძე, ტრადიციული ქართული „სიძე-სიმამრიანი“ იყო მათ შორის?

– ირაკლი იმდენს ვერასდროს სვამდა, რამდენსაც – მამა, მისი უპირატესობა უნდა ვაღიარო (იცინის). მამაჩემი გიჟდებოდა ირაკლიზე, შეიძლება, იმიტომ რომ, როცა ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, ირაკლი იყო ძალიან პატარა ბიჭი, ლამაზი და ისეთივე დადებითი აურა ჰქონდა, როგორიც დღეს აქვს. სასაცილო ის იყო, როდესაც ბავშვობაში ვინმე ყვავილებს მჩუქნიდა, ისე მეშინოდა ჩემი უფროსი ძმის, რომ წრეებს ვარტყამდი სახლს და ყვავილები ჯიბეში ჩაკუჭული მომქონდა. ირაკლი იყო ერთადერთი, ვის მიმართაც ჩემს ძმასაც კი წინააღმდეგობის გრძნობა არ გასჩენია, თამამად მიმქონდა სახლში მისი მორთმეული ყვავილები. ისე წარადგინა საკუთარი პიროვნება, რომ ვერც აკადრებდი, ბუჩქებში დაიმალეო (იცინის). მამასა და ირაკლის ურთიერთობა ძალიან ბუნებრივად დაიწყო. 17 წლის იყო, როცა მამაჩემთან მოვიდა და ჩემი ხელი სთხოვა. ძალიან სასაცილო იყო მათი პირველი შეხვედრაც. სახლში ვიყავით, ზარი დაირეკა და ირაკლის ვუთხარი: ირაკლი, მამაჩემი მოვიდა-მეთქი. ირაკლი წამოდგა, წელში გასწორდა, წარმოიდგინა, რომ შემოვიდოდა კლასიკური ყაიდის კაცი. გავხსენით კარი და მამა შემოდის სახლში ისეთი მთვრალი, კედელს ეყუდება რომ არ წაიქცეს, უკან კი თავისნაირ მდგომარეობაში მყოფი ოთხი კაცი მოჰყვება. არ დამავიწყდება ირაკლის სახე. თავად სხვანაირი კაცის გვერდით იყო გაზრდილი, მამამისი საოცრად ელეგანტური და თავშეკავებული ადამიანი იყო და, ამ დროს, იმდენად განსხვავებული საქციელის კაცი ნახა, რომ მისი რეაქცია დღესაც მახსოვს.

– თავიდანვე დამოუკიდებლად ცხოვრობდით თუ უფროსებთან ერთად?

– დამოუკიდებლად ვერ ვიცხოვრებდით, რადგან პატარები ვიყავით. მერე ომი დაიწყო და ისეთი მდგომარეობა იყო, დახმარებაც არავის შეეძლო. ჩვენი ოჯახის ფორმირებაში აგრესიულად არავინ ჩარეულა. მერე ირაკლი აფხაზეთში წავიდა, აქ კი ისე აირია ყველაფერი, რომ ვერ ვიტყვი, ტიპური ოჯახური სცენები გავიარე-მეთქი, რაც ქალებისგან ხშირად მოგისმენიათ. ამისთვის არ გვეცალა. საკმაოდ ბევრი რთული პერიოდი გადავლახეთ, განსაკუთრებით რთული კი ის პერიოდი იყო, როცა ირაკლის მამა დაიღუპა.

– ქალი, მით უფრო – ჭკვიანი, ძალიან ცვლის ქმრის ცხოვრებას. თქვენ რა როლი მიგიძღვით მეუღლის წარმატებებში, რა შექმენით მის ცხოვრებაში?

– არ ვიცი, რამდენად „შევქმენი“, ჩემი ქმარი უბრალოდ, ხელი არასდროს შემიშლია. როგორც ჩანს, ირაკლი, მისი გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, მაინც თავგადასავლების მოყვარული ადამიანია, არ ყოფილა საქართველოში რთული სიტუაცია, სადაც ირაკლი მოვლენების შუაგულში არ აღმოჩენილიყო, აფხაზეთი იყო, ეს თუ პანკისი. არც მისი დიპლომატიური კარიერა ყოფილა იდილიური, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობით დაიწყო, როცა ირაკლი უშუალოდ შეხვდა აფხაზებს. მე იმასაც თავგადასავლად ვუთვლი, რაც ახლა წამოიწყო (იცინის). ადამიანს უნდა მისცე საშუალება, ინტენსიური ცხოვრებით იცხოვროს, ისე, როგორც მას წარმოუდგენია. წარმოდგენები ბედნიერებაზე განსხვავდება. ჩემთვის ბედნიერება არის კომფორტი, მეგობრები, შვილები, წყნარად ყოფნა; ირაკლისთვის კი – პრობლემებთან შერკინება. როგორც ჩანს, ესაა მისი ცხოვრების გზა, ამ დროს არ ღირს დაპირისპირება და იმის თქმა, მირჩევნია, ყოველ საღამოს ჩემ გვერდით იჯდეს ჩუსტებით და გაზეთი იკითხოს, თუმცა, ხანდახან ეს შეიძლება, ქალს მოენატროს კიდეც. ჩვენ არასდროს განვიხილავდით ერთმანეთის არჩევანს, როგორც არასწორს, ასეთი არც არაფერი გვიკეთებია, ჩვენი იდეალები ყოველთვის ემთხვეოდა ერთმანეთს, არ გვქონდა კომპრომისები ძირითად საკითხებში: ოჯახზე, მორალზე, სამშობლოზე, ცხოვრების გზაზე. მე სიამოვნებით ვუყურებ ირაკლის განვლილ გზას და ის დამარცხებულად არ მიმაჩნია. დამარცხებული მაშინ არის ადამიანი, როცა გადაუხვევს თავის გზას, უღალატებს თავის ღირსებასა და იდეალებს. ის, რომ მე და ირაკლი ემოციურად სხვადასხვა კატეგორიებს მივეკუთვნებით, უფრო საინტერესო მგონია. არც ირაკლის დაუშლია ჩემთვის არაფერი, მას ყოველთვის ესმოდა, მე როგორი ვარ. ირაკლის არ გაუჭირდება, გაიგოს ის, რომ შეიძლება, მე გავიცინო უფრო ხმამაღლა, ვიდრე სხვა ქალმა. იმის მიუხედავად, რომ ირაკლი ყოველთვის კლასიკურად გამოიყურება, არასდროს უთქვამს ჩემთვის, რომ ჩემი საყურე – „ბლები“, სასაცილოა, რადგან მე ვფიქრობ, რომ ეს ბლები ჩემში ბავშვობის კარგ ასოციაციას იწვევს.

– პოლიტიკოსის მეუღლე ყურებზე „ბლებით“ საქართველოსთვის ძალიან არაორდინარულია, როგორც ჩანს, ხშირად არღვევთ ჩარჩოებს, სტანდარტებს.

– ჩარჩოები და სტანდარტები უნიჭოებისთვის მოგონილი მგონია. ყველა თავის მიკროსამყაროს ქმნის, რომელშიც ის აბსოლუტურად ინდივიდუალურია. ვერ ვიტყვი, რომ ნონკომფორმისტი და რევოლუციონერი ვარ, მე, შეიძლება, ყურზე ბრილიანტის ნაცვლად ბალი მიკიდია, მაგრამ, ბევრად უფრო ჩარჩოებში ვცხოვრობ, ვიდრე ბევრი კონსერვატორი ადამიანი. მე, პირიქით, მგონია, რომ არ ვცხოვრობ არაორდინარულად, ჩემთვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავის აღქმა და, ვფიქრობ, როცა გაჩეჩილი მაქვს თმა – მე ვარ, საპარიკმახეროში დახარჯული დრო კი ცხოვრების გაფლანგვად მიმაჩნია. თუ ეს რევოლუციონერობად ჩაითვლება, მაშინ რევოლუციონერი ვყოფილვარ (იცინის).

– თქვენი პროფესიული, ფსიქოლოგის რჩევები არ სჭირდება ხოლმე მეუღლეს?

– ნაკლებად ვაძლევ ხოლმე რჩევებს, უფრო იმას ვცდილობ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს, რადგან ადამიანი საკუთარ თავთან უნდა იყოს ჰარმონიაში. ექიმთან დამოკიდებულებაში ძალიან მნიშვნელოვანია ლეგიტიმურობა და გაუცხოების ეფექტი. ყველაზე მეტად ახლობელთან მუშაობა ჭირს, რადგან ახლობელთან ვერ იქნები მხოლოდ პროფესიონალი, ვინაიდან მისთვის შენ თერაპევტი კი არა, უბრალოდ, ახლობელი ხარ. დედაჩემმა ნახევარ საქართველოს ასწავლა გერმანული ჩემ გარდა, ჩემთან მინიმალური ეფექტი ჰქონდა (იცინის). ჩემი შვილიც ასეა, მეუბნება ხოლმე: დე, კარგი რა, ისე, ვერ დამისლოკინებია, შენ რომ ფსიქოანალიზი არ „დაგვირტყაო“. ამ მხრივ ჩემს შვილებთან უფრო გამომდის ჩემი იდეების ფრქვევა, ირაკლის ნაკლებად ვაწუხებ.

– როგორ გაიმეტეთ მეუღლე პოლიტიკისთვის, იოლად შეელიეთ მშვიდ ცხოვრებას?

– ირაკლიზე მეტად დაიკარგა ჩემი სიმშვიდე. ცხოვრების მშვიდი რიტმი ამერიკაში უფრო გვქონდა, რადგან იქ ირაკლის სამუშაო დღე განსაზღვრული იყო და უფრო მეტ დროს ვატარებდით ერთად. ვერ ვიტყვი, რომ სიმშვიდეს ცხოვრების მშვიდი გარემოთი ვიქმნი. ამერიკაში ვმუშაობდი ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში, სადაც უამრავ ადამიანურ ტკივილთან მქონდა შეხება და ღამით მშვიდად და ბოლომდე გაფილტრული ნამდვილად ვერ ვიძინებდი. ვიღაცას რთულად ეჩვენება ჩემი საქმე, მაგრამ ეს ასე არაა. პოლიტიკა მე შორიდან უფრო რთული და მძიმე მეჩვენება, იმიტომ, რომ ეს ჩემი საქმე არაა, ჩემს საქმეში კი აბსოლუტურად არ მთრგუნავს ის გარემო, რომელიც არის ჩემ გარშემო, პირიქით, მიმაჩნია, რომ ის ადამიანები, ვისთანაც ამერიკაში შეხება მაქვს, პაციენტებს ვგულისხმობ, ძალიან კარგები არიან. შეიძლება, უფრო მეტად იმ ადამიანმა გატკინოს გული, ვისთვისაც ფსიქიატრს დიაგნოზი არ დაუსვამს, ჩემთვის კი არც ერთ მათგანს არ უტკენია გული, პირიქით, სითბოსა და სიყვარულს მჩუქნიან.

– თქვენი ამერიკული და თბილისური ცხოვრების წესები ძალიან განსხვავდება? უკვე ერთი წელია, ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე ცხოვრობთ, არ გიჭირთ შვილების გაზრდა მარტოს, თანაც, ოკეანის გაღმა?

– ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ამერიკული და თბილისური ცხოვრების წესი ძალიან განსხვავებულია, ხანდახან იქაც მივდიოდით მთელი ოჯახი სადილზე რესტორანში ან კონცერტზე და ეს აქაც ხდება, თუმცა, ბოლო პერიოდში ფიზიკურად არ ვიყავით ხშირად ერთად და ეს შეუძლებელი იყო. ცალ-ცალკე ცხოვრება რთულია. დროში განსხვავების გამო კომუნიკაციაც გაგვირთულდა და ამიტომაც გადავწყვიტე თბილისში დაბრუნება. მამის გარეშე ბავშვებსაც უჭირთ, თუმცა ამაზე არ ლაპარაკობენ. უმცროს შვილს თბილისში წამოვიყვან, ნიკუშა კი ამერიკაში დარჩება, რადგან ის სტუდენტი გახდა. ორივე შვილი თინეიჯერია, ანუ, ისეთ ასაკში არიან, როცა ხდება ბუნებრივი აჯანყება მშობელთან, რადგან მშობელია ყველაზე უსაფრთხო მტერი. ბავშვებს მამა არ ჰყავთ გვერდით და მარტო ჩემთან „ამოწმებენ“ საკუთარ ძალებს, მარტოს გადამაქვს ყველა ბრძოლა (იცინის).

– საარჩევნო კამპანიის დროს რომ არ ედექით გვერდით მეუღლეს, ამის გამო მისი საყვედური არ დაგიმსახურებიათ?

– არა, მე არ ვფიქრობდი, რომ ხშირად უნდა გამოვჩენილიყავი და ხალხისთვის თავი მომებეზრებინა, ეს არ ჩამითვლია აუცილებლობად, თუმცა ირაკლისთვის კარგი იქნებოდა მის გვერდით ჩემი ყოფნა, რომ უფრო მეტი დადებითი ენერგიით გამომეკვება. ირაკლი არაა პრეტენზიული ადამიანი, სამხედროა და საველე პირობებს კარგად უძლებს, მაგრამ, ოჯახური იდილია მაინც სჭირდება, რაც, ბოლო ერთი წელია, შემოგვაკლდა, თუმცა, ჩამოვალ თვის ბოლოს თბილისში და მოვუვლი მე მაგას... (იცინის).


скачать dle 11.3