კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა მოსკოვში მუსიკალური აპარატურის საყიდლად ჩასული გივი ჯაფარიძე ნიგერიის მეფის კოლონის წევრი და რატომ დარდობდა ლუჟკოვი მისი და ზურაბ წერეთლის გაკეთებული კვატების დაკარგვას


„გული მწყდება, რომ რუსეთს გადავყევი, ამდენი წელი დავხარჯე... გული მტკივა, რომ თბილისს არ მოვახმარე მთელი ძალა და ენერგია... თუმცა, სანამ მოსკოვში წავიდოდი, თბილისში ვმუშაობდი და ბევრი რაღაც მაქვს გაკეთებული. ახლაც შემიძლია ვიმუშავო, არქიტექტორისთვის წლებს არ აქვს დიდი მნიშვნელობა... კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებ და მინდა, ჩემი ენერგია თბილისს მოვახმარო“, – ეს სიტყვები ცნობილ არქიტექტორს, ძველ თბილისელს, ჯაზზე შეყვარებულ, ბატონ გივი ჯაფარიძეს ეკუთვნის. ბატონი გივი, ასევე, კარგად ცნობილი კომპოზიტორის, მომღერლისა და ჟურნალისტის, თინა ჯაფარიძის მამაა, რომელსაც მუსიკა სწორედ მან შეაყვარა.


გივი ჯაფარიძე: პროფესიით არქიტექტორი ვარ. როდესაც ახალგაზრდა ხარ და აპირებ სწავლის გაგრძელებას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას გირჩევს დედა, მამა... ბიძაჩემი იყო მხატვარი – უჩა ჯაფარიძე. მან და მოქანდაკე კოტე მერაბიშვილმა ურჩიეს ჩვენებს სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა. სამხატვრო აკადემია მაშინ პატარა იყო. ყველა ერთად ვიყავით, ვხატავდით, ვმუშაობდით. მასწავლიდნენ გამოჩენილი პედაგოგები: არჩილ ქურდიანი, ვანო ჩხენკელი, სერგო ქობულაძე, ვალერიან კედია. ამიტომ არის, რომ მე, გარდა იმისა, რომ ვაპროექტებ, ვხატავ კიდეც. გამოფენები მქონდა თბილისში, თურქეთში, ამერიკაში, სადაც მთელი გამოფენა იყიდეს. იაპონიაშია წაღებული ბევრი ჩემი ნახატი. ბოლო დროს ვეღარ ვიცლი ხატვისთვის, რადგან „მასკვა სიტის“ მთავარი არქიტექტორი ვარ და ეს ძალიან დიდი პროექტია, ბევრ დროს მოითხოვს. თუმცა, მაინც ვახერხებ ხანდახან ხატვას და რაც მთავარია, ყოველდღე ვუსმენ მუსიკას. თინაც ყოველთვის ჩემ გვერდით იჯდა, უსმენდა მუსიკას და თან ხატავდა.

მყავს სამი შვილი და ორი შვილიშვილი. ქალიშვილები – თინა და ნათია. ნათია საფრანგეთში ელჩი იყო, შემდეგ ის ფრანგს გაჰყვა ცოლად – არაჩვეულებრივ, ძალიან კარგ ადამიანს. ახლა ცხოვრობს საფრანგეთში. კიდევ მყავს ვაჟი – შალვა ჯაფარიძე, არქიტექტორი. თბილისში მუშაობს და ამბობენ, რომ ნიჭიერია. ჩემი მეუღლე არის პიანისტი – ქეთი ჩიჩუა. ადრე ვცხოვრობდი ძველ თბილისში, სახელოსნო მქონდა. ძველი თბილისის კეთილმოწყობაზე ვმუშაობდი შოთა ყავლაშვილთან ერთად, რომელიც მაშინ მთავარი არქიტექტორი იყო.

– რა ხდებოდა თქვენს სახელოსნოში?

– ერეკლეს ხუთ ნომერში მდებარეობდა ჩემი სახლი, სახელოსნო. თუკი ვინმე ცნობილი ჩამოდიოდა – გამოჩენილი მსახიობი, მომღერალი, ყველა ჩვენთან მოჰყავდათ მეგობრებს. სხვანაირი ატმოსფერო იყო ჩვენთან – სამსართულიანი სივრცე, შიდა კიბეები ადიოდა. რამაზ ჩხიკვაძე, ოთარ ლითანიშვილი, შოთა ყავლაშვილი ყოველ საღამოს მოდიოდნენ. ვისხედით, ვუსმენდით მუსიკას, ვსაუბრობდით. ერთხელ ჩვენთან ჩამოვიდა რუსეთში ინგლისის ელჩის, ბრეიტ ვეიტის, ქალიშვილი. მასზე ისე იმოქმედა სიტუაციამ, მოსკოვში დაგვპატიჟეს. მთელი დღე დაგვითმეს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სუეცის არხთან დაკავშირებით ომი იყო, მაინც მოიცალა ჩვენთვის. მქონდა უმაღლესი დონის აპარატურა. საერთოდ არ მწამდა მუსიკის უხარისხო მოსმენა, ამიტომ სულ საუკეთესო აპარატურას ვყიდულობდი. ისეთი თბილისში თითქმის არავის ჰქონდა. გია ყანჩელი რომ დაწერდა მუსიკას, მერე ჩვენთან მოდიოდა და ამ აპარატურით ვუსმენდით. გაიოზ კანდელაკმა ჩამოიყვანა თბილისში ბიბი კინგი და ჩვენთან მოიყვანა. გაგიჟდა, ამერიკული, „მაკენტოჟის“ გამაძლიერებელი საიდან გაქვთო. გული მწყდება, გიტარა რომ არ წამოვიღეო. ძალიან გაიხარა, მოეწონა სიტუაცია. ჩიკო ფრიმანს უფრო მოგვიანებით შევხვდი. თინას დაუნიშნა შეხვედრა, მეც გავყევი და მერე დავძმაკაცდით. მან თინუკასთვის ბევრი რამ გააკეთა. ამერიკის გაზეთებში დაწერა მის შესახებ, მერე სიმღერაც ჩაწერეს. ახლაც სულ მოდის ჩვენთან, ძალიან კარგი ადამიანია. თინას რამდენიმე ხნის წინათ ჰქონდა პატარა, საინტერესო კონცერტი, რომელიც ნიუ-იორკის მერიამ მოაწყო. ბილეთები 5 000 დოლარი ღირდა და საქველმოქმედო იყო.

– როგორც ვიცი, სახლში ისეთი ფირფიტები გქონდათ, საქართველოში რომ იშვიათი იყო და თითქმის არავის ჰქონდა.

– მაშინ ჯაზი აკრძალული იყო, ხალხს მისი მოსმენისთვის იჭერდნენ. მოსკოვში მივდიოდი და იქ ვყიდულობდი ფირფიტებს. ერთხელ, მახსოვს, მივედი საყიდლად და კარი აჭედილი დამხვდა – დაეჭირათ ის, ვინც ფირფიტებს ყიდდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჯაზს უსმენდა. საბედნიეროდ, თბილისში ასეთი პრობლემები არ გვექმნებოდა. უბრალოდ, ერთხელ გაზეთში დაწერეს, არის თბილისში ვინმე გივი, რომელიც ფირფიტებს აგროვებს და ჯაზს უსმენსო. ძალიან ცუდი ტონით იყო დაწერილი, მაგრამ პრობლემებს გადავურჩი. ისე, ჩემთან ცეკას მდივნებიც მოდიოდნენ ჯაზის მოსასმენად. მოსკოვში ალიკა იყო, გრიგაროვიჩი, მოცეკვავე გრიგაროვიჩის ძმისშვილი. ის ყოველთვის მეხმარებოდა ამ საქმეში. ჩამოვიტანდი ფირფიტებს და ერეკლეს 5 ნომერში თითქმის მთელი თბილისი იყრიდა თავს. ყველანი ვეტეოდით, თბილი ატმოსფერო იყო და ვუსმენდით ჯაზს. ერთი საინტერესო ამბავი მინდა, მოგიყვეთ. ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, არჩილ ჩხეტია ჩავედით მოსკოვში. დამირეკეს, საოცარი აპარატურა იყიდება და ჩამოდიო. სულ ახალი, მამის ნაჩუქარი „ვოლგა“ გავყიდე და წავედი საყიდლად. მივედი კუტუზოვის ქუჩაზე, ვიყიდე აპარატურა, საკმაოდ დიდი იყო. სასტუმრო „უკრაინაში“ ვცხოვრობდით, სადაც ყოველთვის იდგა სტუმრებისთვის განკუთვნილი მანქანები, ასე ვთქვათ, სასტუმრო მანქანები. ისინი ისეთივე იყო, როგორიც მთავრობის მანქანები. ავიყვანეთ ერთ-ერთი და მივედით აპარატურის წამოსაღებად. მეხუთე სართულიდან წვალებით ჩამოვიტანეთ, ჩავდეთ ავტომობილში და წამოვედით. რომ გამოვდიოდით, კუტუზოვის ქუჩაზე დიდი კოლონა შეგვხვდა სამთავრობო მანქანებით და მოტოციკლებით. დაგვინახეს და გვითხრეს, რატომ აგვიანებთ, კოლონაში ჩადექითო. კოლონა, თურმე, ნიგერიის მეფეს ეკუთვნოდა, რომელთანაც რუსეთი მეგობრობდა. ჩვენ „უკრაინაში“ უნდა მივსულიყავით და ისინიც იქ გაჩერდნენ. არჩილი მეუბნება, რა გვიქნეს, კაცო, რა გვიქნესო. მოვარდნენ შვეიცარები, გაგვიღეს ავტომობილის კარი, გადმოიღეს ჩვენი აპარატურა, მეფის ეგონათ და შეიტანეს სასტუმროში. რა უნდა გვექნა, გადავედით, ისე გვიჭირავს თავი, თითქოს მართლა მათთან ვართ. უცებ მოვიდა ორი რუსი, მაშინვე მივხვდით, ვინ იყვნენ. ასეთ ხალხთან ყოველთვის იყო მიმაგრებული რამდენიმე კაცი „კაგებედან“. ჩვენც იქიდან ვეგონეთ. ისინი ყოველთვის ერთმანეთს ამოწმებდნენ, ვუთხარით, ყველაფერი კარგად არისო. როგორც აღმოჩნდა, მეფეს არჩილი მოეწონა. საუზმეზე დაგვიბარეს და გვერდზე დაისვა, მეც მივუჯექი. რუსეთის ამბებს გვეკითხებოდა, სულ რომ არ გვაინტერესებდა. მერე „კაგებეს“ ხალხს ვთხოვეთ, სხვა საქმეზე მივდივართ და იქნებ, დაგვეხმაროთ წასვლაშიო. გამოგვიშვეს. ავიღეთ ჩვენი აპარატურა და პირდაპირ აეროპორტისკენ გავემართეთ.

– როდის გადახვედით მოსკოვში სამუშაოდ?

– არ ვაპირებდი მოსკოვში გადასვლას, ვცხოვრობდი თბილისში, ვიყავი საპროექტოს დირექტორი. მაშინ ქალაქის საბჭო იყო და სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობდი – ძველი თბილისის კეთილმოწყობაზე. 1993 წელს ამერიკაში ვიყავი, სამი თვე ვიმუშავე. ნიუ-იორკთან დასასვენებელი სახლები შენდებოდა. მის დასაპროექტებლად მიმიწვიეს. როდესაც თბილისში ჩამოსვლა დავაპირე, მაშინ საქართველოში ისეთი სიტუაცია იყო, მითხრეს, იქნებ ცოტა ხანს გაჩერდეთო. ვიზას ვადა უმთავრდებოდა, ამიტომ მოსკოვში ჩავედით მე, ქეთი და თინა. ცოტა ხნით ვაპირებდით გაჩერებას, მაგრამ 1993 წლიდან დღემდე იქ ვარ.

– როგორც ვიცი, ძალიან ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობდით?

– მე გავაკეთე ძალიან დიდი პროექტი – სასტუმრო „მოსკოვთან“ მიწისქვეშ, ოთხსართულიანი დიდი სავაჭრო ცენტრი აშენდა – „მანეჟი“. მთელი კომპლექსის მთავარი არქიტექტორ-დიზაინერი ვარ. ორი წელი შენდებოდა მიწისქვეშ და სულ იქ ვიყავი მუშებთან ერთად. ლუჟკოვი ხშირად მოდიოდა, გვაჩქარებდა. კომპლექსსა და კრემლს შორის აღვადგინეთ მდინარე, ზურაბ წერეთელმა რუსული ზღაპრების თემაზე გააკეთა პატარ-პატარა პერსონაჟები – ოქროს თევზი, მებადური. იქ არის, ასევე, 12 სვეტი, რომელიც წყლიდან ნახევრად ჩანს. ერთ დღეს ლუჟკოვი მოვიდა და გვეკითხება, ეს რა არისო. ზურაბი ეუბნება, „ეს არის იხვი და ევო დეტი – კვატი“. ლუჟკოვმა – ა, კვატიო და ასეც დაარქვეს. კომპლექსის დამთავრებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი, რესინმა, ლუჟკოვის მოადგილემ, თათბირი ჩაატარა. 200-კაციან შეკრებაზე ამბობს, გუშინ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, დაიკარგა „დვა კვატი“. ხალხი ფიქრობდა, რა არისო, ზოგს ეგონა, ალბათ, ელექტროსადგური ააფეთქესო. მე მაქვს ოქმი, სადაც წერია, ზურაბ წერეთელსა და გივი ჯაფარიძეს, ევალებათ ორ დღეში აღადგინონ „დვა კვატი“. რა თქმა უნდა, მაშინვე აღვადგინეთ. ამის შემდეგ მიმიწვიეს „მასკვა სიტის“ მთავარ არქიტექტორად. ეს კომპლექსი უკვე მთავრდება და ალბათ, ამერიკაში წავალ სამუშაოდ. საინტერესო წინადადებები მაქვს მოფიქრებული. ნიუ-იორკის მერთან თინას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. რუსეთიდან წამოვალ, ვიქნები ნიუ-იორკსა და თბილისში.

როდესაც მე მივედი, უკვე დაწყებული იყო „მასკვა სიტის“ მშენებლობა. მთავარი არქიტექტორი გარდაიცვალა და მის ნაცვლად დამნიშნეს. ეს არის ბიზნესცენტრი, ფაქტობრივად, ქალაქი – ქალაქში. ეს მშენებლობა 1998-1999 წლებში დაიწყო. მე 2000 წელს მივედი და ათი წელია, იქ ვმუშაობ. სულ იცვლება ყველაფერი, და რა თქმა უნდა, ამ საქმეში დიდ მონაწილეობას ვიღებ. ლუჟკოვი სულ იქ არის, ელცინიც ხშირად მოდიოდა. მანეჟის მიწისქვეშა კომპლექსისთვის იტალიაში გავაკეთებინეთ შუშის გუმბათი, რომელზეც რუკა იყო დატანილი, ზედ საათები და როცა გუმბათი ტრიალებს, გვიჩვენებს – რომელ ქვეყანაში რომელი საათია. გახსნაზე მოვიდა ელცინი. ჩვენ ვუთხარით, გუმბათი ტრიალებს და დროს აჩვენებსო. გაუკვირდა, ამხელა, 40-მეტრიანი, გუმბათი როგორ ტრიალებსო. გავიდა ნახევარი საათი და არ მიდის ეს კაცი, უყურებს გუმბათს. ბოლოს მოგვიბრუნდა და გვეუბნება, რაღაც თქვენი გუმბათი არ ტრიალებსო. ზურაბმა უპასუხა, თუ დილამდე აქ დადგებით, ეს ისარი იმ წერტილამდე აუცილებლად მივაო. ელცინმა უპასუხა, მთელი ქვეყანა მელოდება, წავედი, მე ამას დილამდე ვერ ვუყურებო. თურმე, იტალიელებს არ ჩაურთავთ გუმბათი და ეს ელცინმა მაშინვე შეამჩნია. კიდევ ვმუშაობდი ჩეხეთში – კარლოვი ვარში. მთხოვეს, გამეკეთებინა კომპლექსი. მთაზე გაშენდა კომპლექსი, სასტუმროებით, რესტორნით, გადასახედით. მოკლედ, ყველაფრით. რაც შეეხება კანში ჩვენს პროექტს, ეს სწორედ იქაა, სადაც ფესტივალი ტარდება. ადრე თინამ გახსნა ფესტივალი. კანის მერმა მთხოვა, იქნებ დარბაზი და ამფითეატრი გააკეთოო. მე და ზურაბმა გავაკეთეთ ეს კომპლექსი. ახლა არ ვიცი, რა მდგომარეობაშია.

– როგორც ვიცი, მწვანე კონცხზეც აკეთებთ ძალიან კარგ პროექტს.

– დიახ, საინტერესო პროექტი მაქვს. იქ იქნება დიდი სასტუმრო, დასასვენებელი კომპლექსი, თავისი ყველაფრით. მოკლედ, ვნახოთ, რა იქნება.


скачать dle 11.3