თბილისის “იმიჯ-ლაბორატორიის„, ანუ სტილისტების სკოლის პრეზენტაციაზე სტუმრები ახალი პროექტით მოიხიბლნენ
თითქმის ოთხი თვეა, რაც თბილისში, კერძოდ, ჯანაშიას ქუჩაზე, მდებარეობს სტილისტების სკოლა „იმიჯ-ლაბორატორია“, სადაც მსურველებს ასწავლიან, თუ როგორ კეთდება მაკიაჟი, ვარცხნილობები, როგორ შეიძლება ქალისა და მამაკაცისთვის იმიჯის შეცვლა, მათთვის შესაფერისი სტილის სამოსის შერჩევა. ამ ყველაფერს კი მათ ლანა მატახერია ასწავლის, რომელიც რვა წელია, ვიზაჟისტად მუშაობს ისეთ გადაცემებზე, რომლებიც მზადდება „ეს ტე ესის“, „დამაშნიას“, „ერ ტე ერისა“ და „ტე ენ ტესათვის“. ერთი კვირის წინ კი „იმიჯ-ლაბორატორიის“ პრეზენტაცია გაიმართა და მას ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და დიზაინერები, ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ: ნინო იოსელიანი, თამუნა ინგოროყვა, ჯიჯი რეჯინი, ბიჭოლა. სტილისტების სკოლაში სტუმრები განსაკუთრებით ფოტო-გამოფენით მოიხიბლნენ, რომელზეც ანა კურმაევას მიერ გადაღებული ფოტოები იყო გამოფენილი, მოდელებს კი ლანას გაკეთებული მაკიაჟი და ვარცხნილობები ჰქონდათ. ამ პროექტის ავტორი თავად ლანა იყო. პრეზენტაციაზე ყველა სტუმარი ირაკლი რუსაძის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შეკერილი შავი „კოსმეტიჩკებით“ დაასაჩუქრეს. ხოლო დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძეს, რომელმაც ლაბორატორიაში „ჩემი მაკიაჟის“ კურსი გაიარა, დიპლომი გადასცეს. საღამომ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა და სტუმრებმა „იმიჯ-ლაბორატორიას“ დიდი წარმატებები უსურვეს.