როგორ უყიდა ანა კოშაძემ მეუღლეს ნანატრი ვერტმფრენი და ნანობს თუ არა ის ადრეულ ასაკში გათხოვებას
მშვენიერ ანა კოშაძესთან რამდენიმე წლის წინ წარმატება მოულოდნელად მოვიდა. ის იმ დროს აქტიურად გამოდიოდა პოდიუმზე და შესაბამისად, ცხოვრების ძალიან აქტიური წესი ჰქონდა. დაახლოებით, ოთხი წლის წინ ანა გათხოვდა და ახლა მშვენიერი ქალიშვილი და მზრუნველი მეუღლე ჰყავს.
ანა კოშაძე: ძირითადად, ოჯახზე, ბავშვზე ზრუნვით ვარ დაკავებული, იმავდროულად, ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში, ვარ „ნატალის“ მოდელი და თაკო ჩხეიძის სააგენტოში გოგონებს პოდიუმზე სიარულს ვასწავლი. პოდიუმზეც აქტიურად გამოვდივარ. სამხატვრო აკადემიაში და თაკო ჩხეიძის სააგენტოში მედიახელოვნების ფაკულტეტზე ვსწავლობ და ძალიან მომწონს. მანამდე იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი და მესამე კურსიდან თავი დავანებე. მივხვდი, ჩემგან იურისტი არ გამოვიდოდა, ეს ჩემს ნატურაში არ ზის. გადავწყვიტე სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა, ძალიან მომწონს. დროზე კი მივხვდი, რომ იურიდიულზე სწავლა არ მინდოდა, მაგრამ ორი წელი მოვანდომე ამაზე ფიქრს.
– როგორი დედა ხარ?
– არ ვარ „პანიკიორი“ და მშიშარა დედა, თუმცა ვცდილობ, ცოტა მკაცრი ვიყო. მაშო ჯერ ორი წლისაც არ არის, მაგრამ ძალიან ჯიუტია. აბსოლუტურად გაუტეხავია, ვერაფერს ვუხერხებ, ყველას თავის ჭკუაზე გვატარებს. ეზოში ბავშვებს სათამაშოებს ართმევს, სცემს. მარტო როცა ვარ, მაშინ ვსჯი, თორემ თუ ბებიები სახლში არიან, მერე მათ შესტირის და ეფერებიან. იცის, რომ კუთხეში დგომა სასჯელია. თუმცა, შეიძლება, კუთხეში არ დადგეს. ერთი ოთახი გვაქვს, იქ შემყავს, ვეუბნები, ტირილს რომ მორჩები, მერე გამოდი-მეთქი. ტირის, ტირის და რომ მიხვდება, არავინ ეფერება, მერე გამოდის და ჩუმად მოდის ჩემთან. ტოშკა თავიდან ამბობდა, როგორ დავსჯი, პატარააო. ახლა მიხვდა, პატარა კი არის, მაგრამ იმდენად გიჟია, რომ უნდა გაუბრაზდეს. ერთხელ ძალიან გაუბრაზდა და მაშო გაებუტა. მერე იმაზე ნერვიულობდა, რა ვქნაო.
– როგორი მეუღლე ხარ?
– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი და განსაკუთრებული მეუღლე ვარ, უფრო ჩვეულებრივი ვარ და ვცდილობ, კარგი ვიყო.
– დამეთანხმები, რომ ოჯახის შექმნა ადამიანისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
– როდესაც გავთხოვდი, პატარა ვიყავი და უცებ, აღმოჩნდა, რომ სხვა ადამიანისთვის უნდა გამეწია ანგარიში. ეს ჩემთვის თავიდან შოკისმომგვრელი იყო, პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა, თან დედისერთა ვარ. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამის გაკეთება აუცილებელია. მხოლოდ ერთი მხრიდან ყურადღება და დათმობაზე წასვლა საკმარისი არ არის. ჩემი აზრით, ამის გაკეთებას ორივე უნდა ცდილობდეს. ოჯახი ადამიანს ძალიან ცვლის, პიროვნულად იზრდები, მგონია, უფრო სერიოზულიც ხდები.
– შეყვარებულობის პერიოდი ცოლქმრული ურთიერთობებისგან განსხვავდება. ამ დროს ადამიანები ხშირად ერთმანეთში ახალ-ახალ თვისებებს აღმოაჩენენ ხოლმე.
– კი, იცვლება ურთიერთობა და ადამიანებიც, თუმცა იმიტომ არა, რომ თამაშობ. ბუნებრივია, შეყვარებული უფრო კარგი ხარ და შენს უკეთეს მხარეებს აჩენ, მერე კი ჰგონიათ, რომ თურმე, ისეთი არ ყოფილაო. ისევ ისეთი ხარ, უბრალოდ, შეყვარებული იყავი, ოჯახს როცა ქმნი კი არ იცვლები, ცოტა სხვანაირი ხდები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ ადამიანთან ერთად 24 საათი ცხოვრობ, მანამდე კი რამდენიმე საათს ხვდებოდი. ამიტომ სულ კარგი ხომ ვერ იქნები?! თანაცხოვრებაში შეიძლება, ერთმანეთში რაღაც ახალი თვისებები აღმოაჩინოთ, მაგრამ ამას, ჩემი აზრით, თავიდანვე უნდა მიეჩვიო. ყველას აქვს უარყოფითი თვისებები, მაგრამ, როდესაც ადამიანი გიყვარს, ის ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის, თორემ დაიტანჯები. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ზრდასრულ ადამიანს ვერ შეცვლი.
– სიყვარულიც იცვლება და გარკვეულ ეტაპებს გადის?
– ცოტათი იცვლება, სულ ისეთი სიყვარული არ გექნება, რომ დაგირეკავს და მუცელი გტკივა. ოთხი წელი რომ შენი ქმარია, მის დარეკვაზე, მუცელი აღარ აგტკივდება და აღარ ანერვიულდები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიყვარული აღარ არის, პირიქით, ის უფრო მეტად ახლობელი ხდება, მეგობრები ხართ, ეჩვევით, უბრალოდ, შეყვარებულობის დროს უფრო მეტად გიფანცქალებს გული და ნერვიულობ.
– თქვენი შეყვარებულობის პერიოდიდან ყველაზე მეტად რა გახსოვს?
– ბევრი კარგი მომენტი იყო, მაგრამ ერთი რამ მახსოვს ყველაზე მეტად. ბაქოში ვიყავით გოგონები ჩვენებაზე, მე, მაშო გაგუა, თიკო ჩხეიძე, თამთა კობახიძე. უკვე ყველანი გავთხოვდით, მაგრამ ჩვენ გავხსენით სეზონი და მაშომ დახურა. ჩვენებაზე მატარებლით წავედით და იქ დამხვდა ვიღაც აზერბაიჯანელი ყვავილების თაიგულით ხელში, იკითხა, ანა კოშაძე რომელიაო. 16 წლის ვიყავი, სკოლის მოსწავლე და უცებ ვიღაც აზერბაიჯანელს მოაქვს ყვავილები, სრული შოკი მქონდა, ვერაფერს მივხვდი. მერე ტოშკამ დამირეკა, მას გამოუგზავნია, მადლობა გადავუხადე. მაშინ არც ვიყავით ოფიციალურად შეყვარებულები, თან ვკითხე, აქ ხომ არ ხარ-მეთქი. არაო, დავმშვიდდი. ჩვენება დაიწყო, პოდიუმზე ვიდექი, თვალი მოვკარი, მაგრამ ვითომ ვერ შევამჩნიე. არადა, მიხვდა. მერე მეუბნებოდა, ვითომ ვერ შემამჩნიეო. იმ საღამოსაც და მეორე დღესაც კარგი დრო ვატარეთ. მერე ტოშკამ წამოგვიყვანა 10 გოგონა თბილისში.
– შენც გაგიკეთებია მისთვის ასეთი სიურპრიზი?
– ტოშკას ძალიან უნდოდა დიდი, სათამაშო ვერტმფრენი, მაღაზიაში მოეწონა. შეხედავდა, არც ისე იაფი ღირდა, რად მინდაო – იტყოდა და მოკლედ, არ ყიდულობდა. ერთ დღეს სახლში დავახვედრე. იმ დღის შემდეგ ხელში არ აუღია, მაგრამ მაშინ რომ ნახა, გაგიჟდა. გახსნა, ეზოში ჩაიტანა და აფრინა ცოტა ხანს.
– როცა გათხოვდი, იმ დროს ძალიან პოპულარული იყავი, იმ პერიოდში ყველა ანა კოშაძეზე ლაპარაკობდა. ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, რით მოგხიბლა მეუღლემ, როგორ გადაგაწყვეტინა გათხოვება?
– პატარა ვიყავი და უცებ გავხდი პოპულარული, ყველგან მცნობდნენ და ვერ ვიტყვი, რომ ეს არ მსიამოვნებდა, პირიქით, ძალიან სასიამოვნო იყო. უცებ აიტაცეს ჩემი სახელი ჟურნალებმა, ტელევიზიებმა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესო იყო და ბევრი ვიღვაწე-მეთქი. რაც შეეხება ტოშკას, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ქმარია. თუმცა, ძნელია, წინასწარ რამე განსაზღვრო, იმიტომ, რომ შეყვარებულობის პერიოდი სულ სხვაა და თანაცხოვრება კიდევ სულ სხვა. მაგრამ, ჩვენი ცხოვრება რადიკალურად არ შეცვლილა, იმედგაცრუება არ გვქონია. ტოშკა ძალიან ყურადღებიანი და კარგი მამაა. მაშინვე მივხვდი, ღირდა ცხოვრება მას რომ დავუკავშირე, თან შემიყვარდა.
– ისე, სიყვარული მართლა ბრმა და ყრუა?
– კი. სიყვარული ბრმაა, თან საშინელი. რომ გიყვარს ადამიანი, ვერაფერს ხედავ, მინუსებს კი არა, პლუსებსაც ვერ ამჩნევ, გიყვარს შენი იდეალი. სიყვარული ყრუც არის, მუნჯიც, მოკლედ, ყველაფერია. შეყვარებულ ადამიანს რთულია, საპირისპირო დაუმტკიცო და გააგებინო.
– მგონი, საჭიროა, ცოტა ბრმაც და ყრუც იყო...
– აბა, რა, ისეთი ლამაზია შეყვარებული ქალი, თვალები რომ უციმციმებს...
– თუ გინანია როდისმე, რომ ადრეულ ასაკში შექმენი ოჯახი?
– ნაადრევი იყო ჩემი გათხოვება, ორი წლის მერე რომ გავთხოვილიყავი, არ იქნებოდა გვიან. მაგრამ არ ვნანობ. მერე აღარ იქნებოდა ტოშკა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა 17 წლის ასაკში ოჯახის შექმნა მაინც ძალიან ადრეა.