ვისზე აპირებს კესარია ევროპაში დაქორწინებას
შეიძლება ითქვას, რომ კესარია და მისი შეყვარებული საქართველოში ყველაზე განსხვავებული და არაორდინარული წყვილია. მათ უყვართ ერთმანეთი, ყველგან და ყოველთვის ხელიხელჩაკიდებულები დადიან და ცდილობენ, ერთმანეთი გაანებივრონ.
კესარია: ზაფხულის არდადეგები არაჩვეულებრივად გავატარე და ძალიან კარგად დავისვენე. მადაც ისე მქონდა მომატებული, რომ სამი კილოგრამი მოვიმატე, მოკლედ, ზღვის ჰაერი მომიხდა. საერთოდ, უმადობას ვუჩივი, ვერ ვჭამდი, მერე გადასხმები გავიკეთე და ახლა უკვე ისეთი მადა მაქვს, ღამის სამ საათზე ვდგები და ვჭამ.
– მერე, არ გექმნება წონის პრობლემები?
– არა, პირიქით, მინდა, რომ ცოტა მოვიმატო. ძალიან არ გავსუქდები, იმიტომ რომ ჯიშში მაქვს ასეთი აღნაგობა. დედაჩემიც ჩემსავით თხელია, მას ვგავარ თითქმის ყველაფრით. ისეთი აღნაგობა მაქვს, რომ არ მეშინია გასუქების.
– როგორი დასვენება გიყვარს?
– გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. შეიძლება, დასვენების პროცესში შემეცვალოს აზრი და სხვა რაღაც მომინდეს. იყო დღეები, როდესაც სიმშვიდე მინდოდა და ბოტანიკურ ბაღში მივდიოდი, ვსეირნობდი, ფოტოებს ვიღებდი, ბუნებაში ვმშვიდდებოდი. ზღვაზე ისეთ ადგილებში არ გავდიოდი, სადაც ხალხი დღე და ღამე ირუჯება, ერთმანეთს ეპრანჭებიან. ადრე მეც მქონდა ასეთი მომენტები, მაგრამ ეს ასაკი გადავლახე. ახლა ვცდილობდი, ისეთ ადგილებში წავსულიყავი, სადაც ცოტა ხალხი, სიმშვიდე და უფრო სუფთა წყალი იყო.
– ღამის კლუბებში დადიხარ ხოლმე?
– ღამის გართობა, კლუბებში სიარული ბოლო დროს ნაკლებად მიზიდავს. ბევრი მეუბება, საგრძნობლად დასერიოზულდიო, იმიტომ, რომ ადრე ძალიან გიჟი ვიყავი, ვაკეთებდი იმას, რაც მე მინდოდა. გართობა ისევ მიყვარს, გონიოში, სარფში, კვარიათში კლუბებში დავდიოდი, მაგრამ მაინც რაღაც-რაღაცეებს ვითვალისწინებ, ესე იგი დავსერიოზულდი.
– შენი სიგიჟე რაში გამოიხატებოდა?
– ძალიან ჯიუტი ვიყავი და ყოველთვის ჩემი გამქონდა, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ ცოტა დამთმობი უნდა გავხდე. თანაც, როდესაც შეყვარებული ხარ, თანაც ეს შენი პირველი სიყვარულია, შესაბამისად რაღაცეების დათმობა გიწევს და ეს მიღირს კიდეც. დასასვენებლად ყოფნის პერიოდში მხოლოდ ორჯერ ვიყავი სალონში, მაკიაჟსაც მსუბუქად ვიკეთებდი, მაგრამ ბულვარში რომ გავივლიდი, იწყებოდა გადაჩურჩულება კესი „გაიჩითა“, კესი „გაიჩითაო“. ანუ, მაინც ვექცეოდი ყურადღების ცენტრში. ადრე, სიმართლე რომ გითხრა, უფრო მსიამოვნებდა ყურადღება, მაგრამ ამან უკვე დამღალა, მირჩევნია, ჩემთვის ვიყო, თვალში არავის მოვხვდე, მაგრამ ეს არცთუ ისე იოლია.
– როდის გეწვია სიყვარული?
– მცირეხნიანი გატაცებები მქონია და ესეც ასეთი მეგონა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი გატაცება, ფლირტი. სერიოზული და ძლიერი გრძნობა ამომიტივტივდა, შევიცვალე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ძალიან ხომ არ დავხარე თავი-მეთქი, ნაზი არსება გავხდი. არადა, ეს არ არის ჩემი სტილი. ძალიან ბევრი გააკეთა, რომ შემყვარებოდა. არ გაინტერესებს, როგორ ჩამომაშორა თაყვანისმცემლები?! „პაკლონიკების“ ჩამოშორება იმით დაიწყო, რომ, ფაქტობრივად, სხვებისთვის და სხვა რამისთვის დრო აღარ დამიტოვა. მთელ დროს ჩემთან ატარებდა და ცდილობდა, რომ ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ყოფილიყო. შესაბამისად, თავიდან შევეჩვიე. ტელეფონის სამი „კარტა“ შეეწირა იმას, რომ ჩემთვის აღარავის დაერეკა, თუ ჩემი ნომერი ვინმესთვის კიდევ მისაწვდომი გახდება, ალბათ, მეოთხე „კარტაც“ „გადატყდება“. მიაჩნია, რომ ჩემი ნომერი დედამ და მან უნდა იცოდნენ. თავიდან ეს არ მესიამოვნა, მაგრამ მივხვდი, რომ კარგად მოიქცა. ყურადღების ცენტრში ყოველთვის ვექცევი, თუნდაც მაშინ, როდესაც მის გვერდით ვარ, მაგრამ მე სხვები აღარ მაინტერესებდა, თანაც მას ისეთი გამოხედვა აქვს, რომ იქვე მთავრდება ყველაფერი. სხვათა შორის, ჩემთან ურთიერთობის გამო მას ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ ყველაფერი გადალახა – ალბათ, ამ ყველაფრის გაკეთება უღირდა, იმიტომ რომ დღეს ერთად ვართ. ძალიან ძლიერი, მამაკაცური ხასიათი აქვს, ჯენტლმენია. ჩემი მეგობრები, დაქალები სულ მეუბნებიან, შენი შეყვარებულისნაირი მამაკაცი რომ გვყავდეს გვერდით, რა ბედნიერი ქალები ვიქნებითო. თეთრი შურით შურთ ჩემი.
– როგორ გაიცანი?
– დაახლოებით შვიდი თვის წინ გავიცანით ერთმანეთი. როგორც ბევრი სხვა, ისიც იყო ჩემით დაინტერესებული, ჩემ შესახებ ყველაფერი იცოდა და ჩემი გაცნობა უნდოდა. შემდეგ საერთო მეგობრის დახმარებით გამიცნო. თავიდან „პაკლონიკების“ სიაში შევიყვანე, სადღაც ბოლოში, მაგრამ ძალიან ჭკვიანია, იცის, სად როგორ უნდა მოიქცეს. ჩემი თავი ეშმაკი მეგონა, მაგრამ ისეთი რაღაცეები გააკეთა, რომ მივხვდი ძალიან ჭკვიანია. ასაკით ჩემზე უფროსია, მაგრამ ძალიან არა. როდესაც მეგობარმა გამაცნო, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და დავსხედით. სიტუაცია არ მომეწონა, ავდექი – აქ რაღაც მოწყენილობაა და უნდა წავიდე-მეთქი და გამოვედი. მეც მოვდივარო – ხელი ჩამკიდა – ერთად წავიდეთ სადმე, წყნარად დავსხდეთო. კარგად არ გიცნობ და როგორ-მეთქი. მითხრა, მოდი, ისე წავიდეთ, თითქოს უკვე 20 წელია, შეყვარებულები ვართო. ასე თამაშით, „ღადავით“ დავიწყეთ ურთიერთობა, ხელი ჩავკიდეთ ერთმანეთს და, ფაქტობრივად, აღარც გაგვიშვია. ძალიან ყურადღებიანი ადამიანია, საჩუქრებითაც სულ მანებივრებს. დაბადების დღე მქონდა და ბათუმში ჩემი სიმაღლის 22 ცალი შავი ვარდი მომიტანა, სხვა რაღაცეების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
– როგორი გახდა შეყვარებული კესარია?
– თავისუფალი, საკუთარ თავში დარწმუნებული. როდესაც გარეთ გადიხარ და ხალხი გცნობს, შესაბამისად, ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდე, ფორმაში უნდა იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც შეყვარებული ვარ, ამას ასეთ დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევ. თავს ყოველთვის ვუვლი, მაგრამ სხვების აზრი ნაკლებად მაინტერესებს. სახლიდან გამოსვლისას, ტაქსიში, ავტომობილში ჩაჯდომის მომენტში ფურორს ვახდენდი, მანქანები მომდევდნენ უკან, ახლა კი ასეთი რაღაცეები ნაკლებად მაინტერესებს. ჩემი 16 სანტიმეტრი სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმლიდან უკვე კედებზე გადავედი. ჩემს შეყვარებულს მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ – ბუნებრივი, ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე, სპორტული, ჩვეულებრივი, უბრალო. მასთან ისეთი ვარ, როგორიც შინაგანად ვარ. არაფერს მთხოვს, მაგრამ ვგრძნობ, რომ მისი ვარ მთლიანად. როგორიც გითხარი, თავიდან გატაცება მეგონა, მერე ძალიან შევეჩვიე, ბოლოს კი იმდენი რამ გადავიტანეთ ერთად, დავრწმუნდი, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს.
– შენც შეგხვდა მის გამო წინააღმდეგობები?
– კი, როგორ არა. მასაც ჰყავდა ბევრი თაყვანისმცემელი, ბევრი ბოროტი ადამიანი ცდილობდა ჩვენს შორის „ჩორტის“ ჩაგდებას, მაგრამ ვერ შეძლეს. ჩემზე უარყოფით რაღაცეებს, ჭორებს უყვებოდნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ მოახერხეს ამ ყველაფრის „აფეთქება“ და მჯერა, რომ მტერი ვერაფერს დაგვაკლებს, ძალიან მყარად ვდგავართ.
– რას გეუბნება, რით მოხიბლე?
– მითხრა, რაღაც სტერეოტიპები არ მაქვს, მომწონს ყველაფერი უცხო, საინტერესო და ლამაზიო და, ალბათ, მე ამ ყველაფერში კარგად „ვჯდები“. ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ.
– თბილისში უკვე ჭორაობენ, რომ გათხოვდი. ეს მართალია?
– უკვე ძალიან ბევრჯერ გამათხოვეს, მაგრამ ვიტყვი, რომ არ ვარ გათხოვილი და ჯერჯერობით არც ვაპირებ. ამ ზაფხულს ეს საკითხი უკვე პიკში იყო, რაც, ალბათ ჩვენმა ერთად დასვენებამ განაპირობა, ყველა მილოცავდა, ყველა მირეკავდა, მაგრამ არ გავთხოვილვარ, არ მავიწყდება, რომ საქართველოში ვცხოვრობთ. როდესაც ჩვენ ერთად ვართ, სიმშვიდე გვჭირდება და არა ზედმეტი რაღაცეები. თუ დავქორწინდებით, რაც იდეაში გვაქვს, ეს მოხდება უცხოეთში. მერე უკვე რას ვიზამთ არ ვიცი – ან დავრჩებით იქ, ან ჩამოვალთ. ბავშვებიც აუცილებლად იქნებიან.
– ისე, თუ გიფიქრია, როგორი იქნება კესარია ოჯახში?
– სხვათა შორის, კვერცხის შეწვა ვიცი, ხშირად მიწევს ამის გაკეთება, ერთსა და იმავე საჭმელებს ვიმეორებ. უფროსი მეგობრები მყავს და ნელ-ნელა უნდა ვისწავლო რაღაცეების გაკეთება. თუმცა ამ მხრივ საერთოდ არ არის მომთხოვნი, მაგრამ, ყოველთვის გარეთ, ბარში, რესტორანში ხომ არ შევჭამთ საჭმელს?! არის მომენტები, როდესაც სახლში მინდა ყოფნა და, თუ გავდივართ გარეთ, ერთად გავდივართ. საერთოდ, ყველაფერს იოლად ვითვისებ და თუ რამე მინდა, იმას ყოველთვის ვაღწევ, რადგან ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ.
– მე ვიცი, რომ შენი ცეკვა განსაკუთრებულად უყვარს.
– ძალიან კარგად ვცეკვავ, ძალიან ელასტიკური ვარ. მოსწონს ჩემი ცეკვა და ბავშვურობა. ჩვენი მოსაფერებელი სიტყვა ძალიან უცხოა, ჩვენ ასე ვეფერებით ერთმანეთს – „ჩემო ბუსტყლუჭუნა“. – არაორდინარული წყვილი ვართ და ერთმანეთს არაორდინარულად ვეფერებით. ასე რომ ვეძახით ერთმანეთს, ყველა გაკვირვებული გვიყურებს. ჩვენს სიყვარულს არასდროს ვმალავთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, არასდროს ვთამაშობთ, რომ ჩვენ არ გვიყვარს ერთმანეთი. არა, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ერთად ვართ, ყოველთვის ხელჩაკიდებულები დავდივართ, ახლოს ვართ ერთმანეთთან და ასეც ვიქნებით.
– გარეგნობით ისეთი მამაკაცია, როგორებიც ყოველთვის მოგწონდა?
– ვინ შეგიყვარდება, წინასწარ არ იცი, მაგრამ ეს ძალიან სიმპათიური და მამაკაცურია.
– ეჭვიანიც არის?
– კი, არის. ჩემ გვერდით მამაკაცი ეჭვიანი რომ არ იყოს, როგორ შეიძლება! თუმცა, მე არასდროს ვაძლევ ამის საბაბს, ყველაფერი გარკვეული გვაქვს.
– თავად ხარ ეჭვიანი?
– ვამბობ, არა-მეთქი, მაგრამ, საკუთარ თავთან რომ ვრჩები, ვხვდები, როგორი ეჭვიანი ვარ. საერთოდ, ქალი უნდა იყოს თავისუფალი, სულ ფორმაში, უბრალო და საინტერესო, უნდა ასხივოსნებდეს დადებით ენერგიას, ემოციებს. ჩხუბითა და ეჭვიანობით ვერაფერს გახდება, შეიძლება, საბაბი გქონდეს, მაგრამ მაინც დადებითი ემოციები უნდა გამოავლინო. იმის არ მეშინია, რომ ვიღაც ჩადგება ჩვენ შორის. ჰოლივუდის მსახიობზეც კი რომ ვიტყვი, რა ლამაზია-მეთქი, არ სიამოვნებს, მისთვის იდეალური ქალი ვარ, ისევე, როგორ ის არის ჩემთვის იდეალური მამაკაცი.
ტატა დევდარიანი