პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ობამამ ფეხბურთელები შეაგულიანა
ბარაკ ობამამ თეთრ სახლში მიღება გამართა და ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთელთა ნაკრების წევრებს შეხვდა. ისინი სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრაზე ობამამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ფეხბურთელები თავს არ შეირცხვენენ და ღირსეულად გამოვლენ ტურნირზე. ობამას თქმით, იგი აპირებს ტელევიზიით ყველა თამაში ნახოს. ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი უშუალოდ სამხრეთ აფრიკაში უგულშემატკივრებს ფეხბურთელებს. შეხვედრას ესწრებოდა ყოფილი პრეზიდენტი ბილ ქლინთონი. ის იმ კომიტეტს ხელმძღვანელობს, რომელმაც „ფიფაში“ განაცხადი შეიტანა – 2018 ან 2022 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატი ამერიკის ტერიტორიაზე რომ ჩატარდეს.
ყაზახეთში ყველა ფილმი ამიერიდან მშობლიურ ენაზე იქნება თარგმნილი
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალება იმ ფილმების კინოგაქირავება, რომლებიც არ იქნება ყაზახურ ენაზე დუბლირებული. პრეზიდენტის თქმით, ყაზახურს სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს და ყველა უცხოური ფილმი აუცილებლად უნდა იყოს თარგმნილი მშობლიურ ენაზე, რაც ენის პოპულარიზაციის საწინდარია.
ალბერტ გორი მეუღლეს დასცილდა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ერთ დროს პრეზიდენტობის კანდიდატი ალბერტ გორი მეუღლეს – ტიპერ გორს დაშორდა. ამის შესახებ მან თავის მეგობრებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობა და დაამატა, რომ გაყრის მიზეზი უცნობი დარჩება საზოგადოებისთვის. ალბერტ გორი მეუღლესთან 40 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მათ ოთხი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავთ. ამერიკულ პრესაში ვარაუდობენ, რომ გაყრის მიზეზი ღალატი იყო, თუმცა წყვილიდან რომელია მოღალატე არ კონკრეტდება.
ბრიტანელი მინისტრი ჰომოსექსუალთან კავშირში გამოიჭირეს
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე – დევიდ ლოუზი, იძულებული გახდა გადამდგარიყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის რვა წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბინის ქირის კომპენსაციას იღებდა, რომელიც მის გეი-პარტნიორს ეკუთვნოდა. „დეილი ტელეგრაფის“ ცნობით, რვა წლის განმავლობაში დევიდ ლოუზი ყოველთვიურად 950 ფუნტ სტერლინგს იღებდა. ამ ხნის განმავლობაში, თანხამ 40 ათას ფუნტს გადააჭარბა. თავისი ქმედება ლოუზიმ იმით ახსნა, რომ არ სურდა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის აფიშირება და ამით ცდილობდა, დაემალა კავშირი ჯეიმს ლანდისთან – დიდი ხნის პარტნიორთან. ლოუზის ამ აღიარებამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო დევიდ კამერონის კონსერვატორებისა და ლიბერალ-დემოკრატების ახალი სამთავრობო კოალიცია.
ვალუევი პუტინის „ედინაია როსიას“ ახალი დამრტყმელი ძალა გახდა
პროფესიონალმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ ნიკოლაი ვალუევმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. იგი სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას სამთავრობო პარტია „ედინაია როსიას“ სიით. ცნობილმა მოკრივემ განაცხადა, რომ სადეპუტატო მანდატის მიღების შემთხვევაში ის სპორტის, კერძოდ კრივისა და მძლეოსნობის პოპულარიზაციის საკითხებს მიხედავს.
ლუკაშენკო ბელორუსიას ინტერნეტის „ტვინით“ უზრუნველყოფს
ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რესპუბლიკამ საინფორმაციო ტექნოლოგიებიდან მოგების მიღება უნდა დაიწყოს. პრეზიდენტის თქმით, იგი აპირებს ინტერნეტი ქვეყნისა და ეკონომიკის სამსახურში ჩააყენოს. ბელორუსია ინტერნეტს მოსკოვიდან და სხვა ქვეყნებიდან იღებს, სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, ლუკაშენკო გეგმავს ახალი სამინისტროს შექმნას, რომელიც დაარეგულირებს ინტერნეტის მუშაობას და იზრუნებს ბელორუსიის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციებზე, რათა ინტერნეტიდან ქვეყნის ბიუჯეტმა დამატებითი თანხები მიიღოს.
ფოტოგრაფი, რომელმაც ბერლუსკონი მეძავებთან ერთად დააფიქსირა ესპანეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს
იტალიელმა ფოტოგრაფმა ანტონელუ ძაპადუმ, რომელმაც ბერლუსკონის სკანდალური ფოტოებით გაითქვა სახელი, პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მიზნით, ესპანეთის მთავრობას მიმართა. შეგახსენებთ, რომ ძაპადუს პიკანტური ფოტოების მეშვეობით საზოგადოებამ გაიგო თუ როგორ ერთობოდნენ ბერლუსკონი და ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მირეკ ტოპოლანეკი იტალიელი პრემიერის ვილაზე 2008 წლის შობის დღესასწაულზე. ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ ძაპადუ მოხსნეს სამსახურიდან, ხოლო მისი ფოტოარქივი იტალიურმა პროკურატურამ დააკავა და დღემდე არ უბრუნებს. გარდა ამისა, ფოტოგრაფის თქმით, მას უთვალთვალებენ და ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. ამის გამო მან იტალიის დატოვება გადაწყვიტა.