როგორ ექნება მიხეილ სააკაშვილს, სურვილის შემთხვევაში, 2010 წლის შემდეგ ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება
სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიამ თავისი მუშაობის ნაყოფი უკვე წარმოუდგინა არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებას, თვით ვენეციის კომისიასაც კი. კომისიის შექმნის მიზანი დიადი და ნათელი გახლდათ – პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა, სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსის აღდგენა, ადამიანთა უფლებების სრულყოფილი დაცვა (დაახლოებით, ასე „ძმობა, ერთობა, თავისუფლება“) და, საბოლოოდ, მართვის საპარლამენტო მოდელზე გადასვლა ძლიერი პრემიერ-მინისტრითა და სუსტი პრეზიდენტით (თითქოს ძლიერ პრემიერ-მინისტრს დაუშლის ვინმე, გახდეს ავტორიტარი). თუ გავითვალისწინებთ, რომ წინასაარჩევნოდ სხვა ბევრ კვლევასთან ერთად იმ კვლევის შედეგებიც გვაცნობეს, 32 პროცენტს სურს იხილოს მიხეილ სააკაშვილი მესამე ვადით პრეზიდენტადო, არ არის გამორიცხული, მოქმედი პრეზიდენტი მართლაც ემზადებოდეს პრემიერ-მინისტრობისთვის ახლა უკვე საპარლამენტოდ წოდებულ მოდელში. ბუნებრივია, ერთია, რისთვის ემზადება მმართველი გუნდი და, მეორე, რა პროდუქტი შემოგვთავაზა დიდი ზარ-ზეიმითა და დემოკრატიისადმი ყურმოჭრილი ერთგულების ეგიდით შექმნილმა სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიამ. სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი.
– ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით გამოსწორდა ის ხარვეზები, რომელთა გამოც უჩიოდნენ ოპონენტები ამ ჩვენს ძველსა და ამჟამად მოქმედ კონსტიტუციას?
– ვიზუალურადაც აშკარაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩატეულია 18 გვერდში, ანუ კომისიის მთელი მუშაობა გამოიხატა ამ 18 გვერდში, ოღონდ გვერდების რაოდენობამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. საერთო ჯამში, ჩასწორებიანად ახალი სულ 5-6 გვერდი თუ იქნება. იმის თქმა მინდა, რომ ამ 18 გვერდიდან ახალი არის 3 გვერდი. ორი თავია სრულიად ახალი: „ადგილობრივი თვითმმართველობა“ – გვერდ-ნახევარი და „კონსტიტუციის გადასინჯვა“ – ერთი გვერდი. დანარჩენ შემთხვევებში ცვლილებები შეტანილია არსებულ მუხლებში. ერთი სიტყვით, კომისიის მუშაობის პროდუქტი არ აღემატება 5-6 გვერდს.
– და რამდენნი და რამდენ ხანს მუშაობდნენ ამ, საერთო ჯამში, 5-6 გვერდზე?
– თითქმის ერთი წელია, მუშაობს 70-კაციანი კომისია, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.
– სანამ ახალი თავების განხილვას შევუდგებით, შესწორებებზე ვისაუბროთ: მართლაც, შემცირდა რეალურად პრეზიდენტის გაზრდილი უფლებამოსილებანი და აღდგა ბალანსი სახელისუფლო შტოებს შორის?
– მთავარი სიახლე, რასაც კომისია გვთავაზობს, არის ის, რომ პრეზიდენტს ჩამოაშორეს ის უფლებამოსილებები, რაც მას ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში. კერძოდ, მას ჰქონდა უფლება, დაენიშნა საქართველოს მთავრობის რამდენიმე მინისტრი: თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის; ჰქონდა უფლება, მოეწვია მთავრობის სხდომა და ამჟამად შეტანილი ცვლილებებით, ეს უფლება პრეზიდენტს დარჩა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, ყველა სხვა შემთხვევაში კი გადაეცა მთავრობას და ასე შემდეგ.
– აბა, რა უფლებები ექნება ჩვენს მომავალ პრეზიდენტს?
– სახელმწიფო მეთაურის, მთავარსარდლის და უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეში. რეალურად, სწორედაც რომ, იმით განისაზღვრება ქვეყნის მოწყობის მოდელი, იღებს თუ არა პრეზიდენტი მონაწილეობას აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში. თუ იღებს მონაწილეობას, ეს არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა, თუ არ იღებს, ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა. ანუ მთავრობის ფორმირების წყაროა მოდელის გარჩევის საშუალება. არის პარლამენტი მთავრობის ფორმირების წყარო? მაშინ ეს საპარლამენტო რესპუბლიკაა; არის პრეზიდენტი მთავრობის ფორმირების წყარო? მაშინ ეს საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. იმიტომაც ამბობენ, შერეული მოდელი ავირჩიეთო, რომ საპრეზიდენტო ელემენტებიცაა და საპარლამენტოც.
– ითქვა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით ფართოვდება პარლამენტის უფლებები. მართლაც, ფართოვდება? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე იქნება პრემიერ-მინისტრზე ძლიერი ფიგურა? ანუ ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი იმ დილემის წინაშე ხომ არ დადგება, 2013 წლის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდეს თუ პარლამენტის თავმჯდომარე?
– საუბარი პარლამენტის უფლებების გაფართოებაზე სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემოთავაზებული კონსტიტუციის ახალი რედაქციით, გაზვიადებულია. მე გაგაცნობთ, რა ნაწილში ფართოვდება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებები და ვნახოთ, გაგიჩნდებათ თუ არა განცდა, რომ პარლამენტი ხელისუფლების დამოუკიდებელი და ძლიერი განშტოება ხდება. პირადად მე, არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის უფლებები თვისებრივად იზრდება. მაგალითად, პრეზიდენტს რჩება პარლამენტის დათხოვნის უფლება. თუ მოქმედი კონსტიტუციით, ოპოზიცია წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში, ცვლილებებით, არა მხოლოდ დროებით საგამოძიებო, არამედ ნებისმიერ სხვა დროებით საპარლამენტო კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარს. აგრეთვე, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს და არანაკლებ 30 000 ამომრჩეველს. შეგახსენებთ, რომ მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ჰქონდა. ამასთან, მოქმედი კონსტიტუციიდან ამოღებულია 66-ე მუხლის მეორე ნაწილი, კერძოდ, ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დეპუტატთა ნახევარზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ გაადვილდეს ორგანული კანონის მიღების პროცედურა.
– ესე იგი, პრეზიდენტის უფლებები გაფართოებულია?
– მაგალითად, 67-ე მუხლიდან ამოღებულია მესამე ნაწილი, რის მიხედვითაც, მთავრობას უფლება ჰქონდა, წარმოედგინა დასკვნა ამა თუ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით. ასევე, შეიცვალა 68-ე მუხლის მეოთხე პუნქტი. ეს ცვლილება კარგია, რადგან პრეზიდენტის შენიშვნების დასაძლევად უკვე საჭიროა პარლამენტის წევრთა არა სამი მეხუთედი, არამედ – ნახევარზე მეტი. ასევე, გაუმჯობესებად შეიძლება, მივიჩნიოთ, ოპოზიციის მონაწილეობა ნებისმიერი დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობაში. ანუ ეს ორად-ორი გაუმჯობესებაა.
– პრეზიდენტისთვის რაღაც-რაღაც უფლებების ჩამორთმევით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ახალი კონსტიტუციით პრემიერ-მინისტრის პოსტი გაძლიერდა?
– ეს უფლებები გადაიტანეს მთავრობაში, თუმცა აქ არის ერთი ძალიან შემაშფოთებელი მომენტი, რომელიც მთავრობის ფორმირების წესს ეხება. საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, წარადგინოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა არჩევნებში პირველ ადგილას გასული პარტიის წარმომადგენლებისგან. ეს კი ხელს უწყობს კრიზისის წარმოშობას, რადგან შესაძლოა, თქვენ, როგორც პარტია, არჩევნებში პირველ ადგილზე გახვიდეთ, მაგრამ მე პარლამენტში შევქმნა კოალიცია. შესაბამისად, როდესაც პრეზიდენტი პირველ ადგილზე გასული პარტიიდან წარადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, თუ პარლამენტში სხვა კოალიციაა, მან შეიძლება, ჩააგდოს ეს კანდიდატურა და ამით გამოიწვიოს კრიზისი. ამ შემთხვევაში პრეზიდენტს წარმოეშობა უფლება, მეორედაც წამოაყენოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, ამის შემდეგ კი ან პარლამენტი დაითხოვოს, ან მთავრობა. ჩვენ ვამბობთ, კონსტიტუციამ კი არ უნდა შექმნას, არამედ განმუხტოს კრიზისები, ამიტომაც პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი უნდა წარადგინოს არა პირველ ადგილას გასული პარტიიდან, არამედ საპარლამენტო უმრავლესობიდან. გავიმეორებ: მე შეიძლება, მესამე ადგილზე გავიდე არჩევნებში, მაგრამ პარლამენტში შევქმნა კოალიცია და ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობამ, მოვითხოვოთ სხვა კანდიდატი. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს: ის ძლიერდება, მაგრამ არა იმდენად, რომ იყოს მთავრობის სრულყოფილი თავმჯდომარე, იმიტომ რომ მთავრობის სხდომის ჩატარებისა და საკანონმდებლო ინიციატივის, ისევე, როგორც ვეტოს ნაწილში, პრეზიდენტს ისევ აქვს უფლებები.
– ესე იგი, ეს არის მთლად ძლიერი პრემიერ-მინისტრისა და სუსტი პრეზიდენტის მოდელი. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ხმები მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერების შესახებ გადაჭარბებულია?
– ახალი ცვლილებებით მუშაობს კონტრასიგნაციის მექანიზმი. კონტრასიგნაცია ნიშნავს მთავრობის სავალდებულო თანხმობას, ანუ პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი ძალაში შედის, თუ მას მთავრობა დაეთანხმება, მაგრამ აქვე ჩამოთვლილია შემთხვევები, როდესაც კონტრასიგნაცია, ანუ მთავრობის თანხმობა არ სჭირდება პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებს და ეს საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია. ანუ პრეზიდენტს ბევრ სფეროში რჩება მთავრობის თანხმობის გარეშე სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლება.
რაც ყველაზე საგანგაშოა: კომისია საზოგადოებას დაჰპირდა, რომ გართულდებოდა კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი. სინამდვილეში კი კონსტიტუციის გადასინჯვას ართულებენ ადამიანის უფლებათა ნაწილში.
– მაინც კარგია, არა?
– არ არის კარგი. ამ თავში მხოლოდ სამი-ოთხი ცვლილებაა შესული იმ 15 წლის განმავლობაში, რაც ეს კონსტიტუცია მოქმედებს. თუ კონსტიტუციის დასაწყის თავებში გახდა საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა, ამისთვის აუცილებელია, მას მხარი დაუჭიროს ორი თანმიმდევრული მოწვევის პარლამენტის სრული შემადგენლობის ორმა მესამედმა, მაგრამ იმ თავებში, რომლებიც ეხება პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს, ცვლილებების შესატანად, საკმარისია, თუ ამ ცვლილებებს ორ თანმიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი მაინც. ანუ კონსტიტუციის იმ თავებში, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება სტაბილურობა, ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ცვლილების შეტანა და იმავდროულად ამოქმედება. თუ იურიდიულ ტექნიკას არ ფლობ, ამის მიხვედრა გაგიჭირდება. მეორე მხრივ, გაუმჯობესებაა ადამიანის უფლებათა თავში, კერძოდ, 24-ე მუხლში შედის კარგი ცვლილებები, რის მიხედვითაც, საკუთრების უფლება ხელშეუვალი ხდება და საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია, წინასწარ და საბაზრო ღირებულებით აანაზღაუროს საკუთრების ღირებულება. ამას გარდა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს აეკრძალებათ სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, თუ არ გავლენ სხვა ქვეყნების მოქალაქეობიდან.
– ესე იგი, თუ მომავალ ხელისუფლებას ისევ საპრეზიდენტო მოდელი მოუნდება, სამ თვეში მიიღებს ამ მოდელს? რა გამოდის? ვისაც როდის გაუხარდება, ისევ მაშინ შეცვლის კონსტიტუციას? ვენეციის კომისია, რომელსაც უკვე გადაუგზავნეს ეს ჩვენი საკონსტიტუციო ცვლილებები, ვერ მიხვდება, რომ თითქმის არაფერიც არ იცვლება?
– ეგრეთ წოდებული შერეული მოდელის ქვეშ ინიღბება არსებული სიტუაციის კოსმეტიკური ცვლილება. მართალია, ამ შერეული მოდელით, პრეზიდენტის რაღაც უფლებამოსილებები ერთმევა პრეზიდენტს და ეძლევა მთავრობას, მაგრამ, თუ ქვეყნის ძირითადი კანონი არ პასუხობს ქვეყნის მოსახლეობის ძირითად მოთხოვნებს, ის არ არის ქვეყნის ძირითადი კანონი. ჩვენი ძირითადი მოთხოვნები კი არის: დემოკრატია, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები, თავისუფალი სასამართლო, მედია და ასე შემდეგ. როდესაც არ არსებობს არანაირი მექანიზმი იმისა, რომ პოლიტიკურმა უმცირესობამ, ანუ ოპოზიციამ შეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა, ყოველთვის იქნება იმის საფრთხე, რომ ახლა უკვე პრემიერ-მინისტრი იქცეს ავტორიტარად. ამიტომ არჩეული კაცის სინდის-ნამუსზე კი არ უნდა იყოს აგებული სისტემა, არამედ უნდა არსებობდეს შეზღუდვებისა და რეგულაციის მექანიზმები. როდესაც არც ერთია და არც მეორე, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები კოსმეტიკური ხასიათისაა, ოდნავ აუმჯობესებს ვითარებას, მაგრამ ვერ ცვლის თვისებრივად.
– და როგორ შეიძლებოდა, ამის შეცვლა თვისებრივად?
– ჩვენ შევთავაზეთ კონკრეტული მექანიზმები საპარლამენტო უმცირესობის ანუ ოპოზიციის გარანტირებული ინსტრუმენტებით აღჭურვისთვის. ვახტანგ ძაბირაძემ თქვა და გავიმეორებ მის აზრს: საპარლამენტო ოპოზიცია იმით უნდა განსხვავდებოდეს პროტესტულად განწყობილი მოქალაქისგან, რომ მას უნდა ჰქონდეს ხელისუფლებაზე ზემოქმედების რეალური ბერკეტები, თორემ გამოხატვის თავისუფლება თქვენც გაქვთ და ოპოზიციონერ დეპუტატსაც. თუ პოლიტიკური ოპოზიცია ხელისუფლების კონტროლის რეალური ბერკეტებით არ აღვჭურვეთ, მაშინ ეს ყველაფერი ფიქციაა. კანონპროექტის მიღებისას კვორუმის გარდა, გათვალისწინებული უნდა იყოს ისიც, თუ რა რაოდენობით უნდა იღებდეს ამაში მონაწილეობას პოლიტიკური ოპოზიცია. რეალურად კი, ორგანულ კანონზე დღემდე არსებული მაღალი კვორუმი დაჰყავთ ჩვეულებრივი კანონის დონეზე. არადა ორგანულ კანონზე მაღალი კვორუმი იმისთვისაა საჭირო, რომ უმრავლესობას დასჭირდეს ოპოზიციური ხმებიც. ეს ჩვენთანაა არანორმალური სიტუაცია, როდესაც უმრავლესობა ხმების ოთხ მეხუთედს ფლობს, თორემ დემოკრატიულ ქვეყნებში უმრავლესობა-უმცირესობის რაოდენობა სულ ზღვარზეა. მაგალითად, კოალიცია რომ არ შეექმნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებდა. ამას გარდა, რეალური ბერკეტი უნდა ჰქონდეს სახალხო დამცველს. პარლამენტის რეალური უფლებამოსილების გაზრდა რა იქნებოდა, იცით? სახალხო დამცველი, ანგარიში ცნობად კი არ მიეღო პარლამენტს, არამედ ამის საფუძველზე მინიჭებოდა ადამიანის უფლებების დამრღვევი თანამდებობის პირის გადაყენების უფლება. რეალური ბერკეტი ის იქნებოდა, რომ პარლამენტში შექმნილიყო ადამიანის უფლებათა დაცვის, პეტიციისა და დემოგრაფიულ საკითხთა კომიტეტები, რომელთა თავმჯდომარეები, კონსტიტუციით, იქნებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები და სადაც წევრთა უმრავლესობა არ იქნებოდა უმრავლესობის წარმომადგენელი. ამდენად, როდესაც პოლიტიკურ ოპოზიციას არ აქვს რეალური ბერკეტები, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვს, საპრეზიდენტო თუ შერეული; ხელისუფლება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივა ან ავტორიტარიზმამდე, ან უკანონობამდე.
– თქვენც იზიარებთ ეჭვს, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას 2010 წლის შემდეგაც?
– კონსტიტუციის ეს მოდელი სააკაშვილს აძლევს არჩევანს, წავიდეს პრემიერ-მინისტრად, მაგრამ მე არ ვუყურებ საკითხს ამ ჭრილში. ნებისმიერი მოდელის შემთხვევაში აქვს სააკაშვილს შესაძლებლობა, დაიკავოს ის თანამდებობა, რომელსაც მოინდომებს.
– ალბათ, პრეზიდენტის გარდა, თუ ახალი კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში ათვლა ნულიდან დაიწყება და ეს ორი ვადა აღარ ჩაითვლება?
– სავსებით რეალურია, განხორციელდეს პუტინის მოდელი: კონსტიტუციაში ისევ არსებობს ჩანაწერი, რომ ერთ პირს ზედიზედ ორჯერ არ შეუძლია პრეზიდენტობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი არჩევნების გამოტოვებით შეუძლია.