რატომ არ სჭირდებათ საქართველოს ბაზარზე არსებულ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს მომხმარებლის მოსაზიდად ტარიფის დაკლება
თავის დროზე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის დასკვნას, რომ საქართველოში მობილური ოპერატორები თავიანთ მომხმარებლებს ყვლეფენ, კომუნიკაციების კომისიამ ცივი უარი შეაგება. თუმცა, მოგვიანებით, ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორებს ურთიერთჩართვის ტარიფი შეუმცირა (თითქმის ორჯერ!), რამაც გააჩინა ეჭვი, რომ კომისია მთლად გულწრფელიც არ იყო თავის ზემონახსენებ ცივ უარში. იყო თუ არ იყო, პირველი აგვისტოდან მობილური ოპერატორების ნაცვლად დაგვპირდა ტარიფების შემცირებას, მანამდე კი „მაგთი“ და „ჯეოსელი“ აქციას აქციაზე გვთავაზობენ, ოღონდ, ბუნებრივია, ქსელის შიგნით. მეორე მხრივ, ასეთი თამაშ-აქციებით, კარგა ხანია, გვართობს მესამე მოთამაშე – „ბილაინი“, რაც სრულიად ბუნებრივია: ის ახალია და ბაზარზე შემოსასვლელ-დასამკვიდრებლად შედარებით დაბალი ფასები და თამაშ-სიურპრიზები ჰაერივით სჭირდება, მით უმეტეს, რომ მთლად „მაგთი“-„ჯეოსელივითაც“ ვერ იჭერს (ანძები არ ჰყოფნის ჯერჯერობით). დაგვირგვინდება თუ არა ეს აღტკინება პირველ აგვისტოს ტარიფების მასობრივი შემცირებით, მაინც რთული სათქმელია, ამიტომაც, საქართველოს მოქალაქეები (რომლებსაც, ერთი მხრივ, ოპერატორები ყვლეფენ, მეორე მხრივ კი, ამ ყვლეფას კომუნიკაციების კომისია უხმოდ ადევნებს თვალს) ჯიბეების დასაცავად მარტივ მეთოდს მიმართავენ: სამივე ოპერატორის ნომერი აქვთ შეიარაღებაში და თითოეულის სიკეთით ცალ-ცალკე ტელეფონიდან სარგებლობენ. სანამდე გაგრძელდება საქართველოს აბონენტების მრავალტელეფონიანობა – ამ თემაზე ყოფილი ენერგოომბუდსმენი დავით ებრალიძე გვესაუბრება, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან დავაში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციას წარმოადგენს.
დავით ებრალიძე: მართალია, ხშირად და დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ მობილური ოპერატორების ტარიფები მაღალი იყო, მაგრამ, გარკვეულ წყალგამყოფად იქცა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის კვლევის გამოქვეყნება. ამან მედიასა და საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და თავისი შედეგებიც გამოიღო. დაიწყო გარკვეული პროცესები: ჩვენ მოგვმართეს ახალგაზრდებმა და შევიტანეთ საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში ტარიფების დაწევის მოთხოვნით. კომისიის მხრიდან ითქვა, რომ პარალელურად იკვლევდნენ ბაზარს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. შეიძლება ითქვას, რომ მოხდა გარკვეული ფარული შეთანხმება კომისიასა და ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს შორის, თუმცა ამას არ აღიარებენ. ამ ეჭვს აღძრავს კომისიის მოსმენა, რომელიც 14 მაისს გაიმართა. შეთანხმების თემაა ის, რომ ფასები დაიწევს. როგორც იცით, კომუნიკაციების კომისიამ შეამცირა ურთიერთჩართვის ტარიფები, რაც პირველი აგვისტოდან ამოქმედდება და სწორედ იმ პერიოდიდან უნდა ველოდოთ ტარიფების დაკლებასაც. მეორე მხრივ, კომისიის სხდომამდე, ანუ 14 მაისამდეც დააკლეს მობილურმა ოპერატორებმა ფასები, ოღონდ, ეს არ არის რეგულარული პროცესი, ფასდაკლება ხორციელდება სპეციალური აქციების ფარგლებში, რითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ტენდენცია: კი არ გვაიძულებენ, არამედ, ჩვენ თვითონ მივდივართ ამ დათმობებზეო. თავის მხრივ, არც კომისიას უნდა იმის ჩვენება, რომ ტარიფების დაწევა მისი ზეწოლის შედეგია, რადგან უხერხულ მდგომარეობაშია: ის მუდმივად აცხადებს, რომ არ ერევა კომპანიების მუშაობაში და არ არეგულირებს ფასებს, მაგრამ, მეორე პრობლემა ისიცაა, თუ აღმოჩნდება, რომ ფასები დასაკლებია, საზოგადოება დასვამს კითხვას – აქამდე სად იყავითო. ამიტომ ის ყველანაირად იცილებს თავიდან იმ პასუხისმგებლობას, რომ ბერკეტი ხელში უჭირავს და შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. ეს გასაგებიცაა, რადგან კომისია დიდ შემოსავლებს იღებს ოპერატორებისგან და არ უნდა კონფრონტაცია.
– ანუ?
– იღებს რეგულირების საფასურს, ასევე, თანხას ლიცენზიების რეალიზაციების დროს. ერთი სიტყვით, კომისიას უნდა, აიცილოს პასუხისმგებლობა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოახერხებს ამას. ჩვენ ადმინისტრაციული წარმოებისას კომისიას დავუსვით კითხვა, თუ რატომ არ ხდება ფასების დაკლება ურთიერთჩართვის ტარიფის კლებისას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. არადა, დღემდე ორჯერ შემცირდა ურთიერთჩართვის ტარიფი, მაგრამ ამან, რატომღაც, არ გამოიწვია ტარიფების კლება. სინამდვილეში ჩვენთან ბაზარზე კორპორატიული სტაბილურობაა. არსებობს შეთანხმება კომპანიებს შორის და ამიტომაც მომხმარებლის მოზიდვა დაბალი ფასებით არ ხდება. ასევე, გაჩნდა ეჭვი, რომ, რადგან „ჯეოსელსა“ და „მაგთის“ ბაზარზე ერთად მოქმედების დიდხნიანი გამოცდილება აქვთ, ახალი ოპერატორი ვერ შემოვიდოდა ასე თავისუფლად, ხელისუფლებიდან მფარველი რომ არ ჰყოლოდა. ამდენად, ჩემი აზრით, ოპერატორები არ არიან მოტივირებული, რომ დაბალი ტარიფებით იბრძოლონ მომხმარებლების რიცხვის გასაზრდელად. ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ „მაგთი“ და „ჯეოსელი“ დომინანტი კომპანიები არიან, რაც მათ ფასების დადგენის საშუალებას აძლევს. კომუნიკაციების კომისია დაგვპირდა, რომ მოხდება ფასების ოპტიმიზაცია და, ამასთანავე, აღიარა, რომ, თუ ეს არ მოხდება, ანუ, თუ ურთიერთჩართვის ფასის დაკლების შემდეგ ტარიფები არ დაიკლებს, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას.
– კანონით, კომისიას ეკისრება ფასების რეგულირების ფუნქცია?
– კომუნიკაციების კომისიის არსებობა თავისთავად მიანიშნებს, რომ ეს სფერო რეგულირებას ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ თავისი სახელწოდებიდან ამოიღო „მარეგულირებელი“ და დარჩა მხოლოდ კომუნიკაციების კომისიად. ამ ფანდით კომისიამ ეშმაკობას მიმართა: ერთი მხრივ, უნდა, რომ შემოსავალი ჰქონდეს ამ სფეროდან და მაღალი ხელფასები დაინიშნონ, მეორე მხრივ კი – პასუხისმგებლობა არ ჰქონდეთ, მაგრამ რეალურად ის რეგულატორია, ხოლო, თუ არ არის, მაშინ რა საჭიროა მისი არსებობა?! მხოლოდ იმიტომ, რომ წურბელასავით იჯდეს და მილიონები ამოიღოს ბაზრიდან?! ხომ ცხადია, ამხელა თანხით იმიტომაც ფინანსდება და ეს არის მომხმარებლების და არა ბიუჯეტის ფული, რომ დაიცვას მომხმარებლის უფლებები. ყველა ოპერატორი იხდის თავისი შემოსავლების, თუ არ ვცდები, 0,5 პროცენტს, რაც უზარმაზარი თანხაა და, ვიმეორებ, ეს არის მომხმარებლის მიერ გადახდილი ფული, ანუ, მომხმარებელი ფულს უხდის კომისიას იმისთვის, რომ მან დაარეგულიროს ეს სფერო, რათა დაწესდეს ოპტიმალური და სამართლიანი ტარიფები. რაც შეეხება კანონს: კანონი ამბობს, თუ ბაზრის კვლევის შედეგად დადგინდება, რომ ესა თუ ის ოპერატორი არის დომინანტი (დომინანტი კანონით განიმარტება შემდეგნაირად: თუ ოპერატორი ფლობს ბაზრის სეგმენტის გარკვეულ ნაწილს), მაშინ კომისია ვალდებულია, შეაფასოს და შეამოწმოს, ხომ არ აქვს დაწესებული ამ ოპერატორს უსამართლო და არარაციონალური ფასები და მომხმარებელი ამისგან უნდა დაიცვას. ესე იგი, თუ დომინანტი კომპანიის არსებობა დადასტურდა და უკვე დადასტურდა, რომ „მაგთი“ და „ჯეოსელი“ დომინანტი კომპანიები არიან, კომუნიკაციების კომისიას კანონი ავალდებულებს, რომ შეაფასოს მათ მიერ დაწესებული ფასების სამართლიანობა.
– და გააკეთა ეს კომისიამ?
– კომისიამ დაადგინა დომინანტი კომპანიების არსებობა, მაგრამ ფასების სამართლიანობა უკვე აღარ დაუდგენია და ფასები ისევ თავის ნებაზეა მიშვებული. თუმცა კომისიაში არაფორმალურად ამბობენ, რომ ტარიფებამდეც მივლენ. როგორც გითხარით, შემცირებული ურთიერთჩართვის ტარიფი პირველ აგვისტოს ამოქმედდება და ვნახოთ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია.
– ამდენ ხანს თუ ვიხდიდით ამ უსამართლო ტარიფებს, აგვისტოც ორიოდ თვეშია.
– კი ბატონო, დაველოდოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ტაქტიკური ნაბიჯია. სწორედ საზოგადოების ყურადღებამ აიძულა ოპერატორებიც და კომუნიკაციების კომისიაც, რომ ფაფხური დაეწყოთ ამ მიმართულებით, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არ მიიღეს. ეჭვი მაქვს, ისინი ელოდებიან, თუ საზოგადოების ყურადღება მინელდება, მიივიწყებენ ამ დაპირებას, ხოლო, თუ არ მინელდება, ტარიფები დაიწევს. ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ მოდუნების დრო არ არის და, რაც შეიძლება, მეტი პრესის ქვეშ უნდა მოვაქციოთ როგორც კომისია, ისე ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები.
– როდესაც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაცია ამბობს, რომ საქართველოში ტარიფები მაღალი და უსამართლოა, რის საფუძველზე ასკვნიან ამას და როგორ ტარიფს ეწოდება სამართლიანი?
– მათ ჩვენთან არსებული ფასები შეადარეს მსოფლიო ფასებს და აღმოჩნდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი მაღალი ფასებია. მაგალითად, სომხეთში, საქართველოსთან შედარებით, მობილური ოპერატორების ტარიფები ორჯერ ნაკლებია, არადა, სომხეთი დაახლოებით ჩვენი ზომის ქვეყანაა. ესე იგი, გამოდის, რომ ჩვენთან რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. ბუნებრივია, დგება საკითხი: რამდენი უნდა იყოს სამართლიანი ტარიფი? ეს რომ გავარკვიოთ, კომისიამ, რაკი უკვე გამოავლინა დომინანტი, უნდა შეისწავლოს მათი შემოსავლები, რომ ნახოს, ხომ არ იღებენ ისინი ზემოგებებს. გარკვეულწილად, ესეც დაადგინა კომისიამ, როდესაც ურთიერთჩართვის ტარიფი, 14 თეთრი, თითქმის გაანახევრა. ესე იგი, ურთიერთჩართვის ტარიფში ორჯერ უფრო მეტი მოგების მიღება იყო დაგეგმილი, ვიდრე ეს საჭირო იყო. აქედან კი ლოგიკურად გამოდის, რომ ის ფასები, რაც დღეს არის, ორჯერ მეტია რეალურ ფასებზე. მაგრამ, ეს რომ ზუსტად დავადგინოთ, დომინანტმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც კომისიამ დეტალურად უნდა გააანალიზოს და უნდა გადმოგვცენ ჩვენც, როგორც მხარეს, მაგრამ, არც ჩვენ მოგვცეს ეს ინფორმაცია და თვითონაც არ სთხოვენ მობილურ ოპერატორებს.
– აქვს კომისიას უფლება, არ მოგცეთ ეს ინფორმაცია?
– თუ ჩვენ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვართ კომისიასთან, უნდა გადმოგვცეს, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც ეშმაკობს კომისია: ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვართ და, მეორე მხრივ, ამბობს, მთლადაც არ ხართო. თუ ვართ, მაშინ, ვალდებულია, გადმოგვცეს, მაგრამ, არ უნდა გადმოცემა, იმიტომ რომ, თუ გადმოგვცემს, ჩვენც დავითვლით და ბევრი საკითხი ნათელი გახდება. სხვათა შორის, ანალოგიური რამ ხდებოდა „თელასშიც“, როდესაც ენერგოომბუდსმენი ვიყავი და მიმალავდნენ „თელასის“ ანგარიშგებებს, მაგრამ, საბოლოოდ, მომცეს და სწორედ ამის მეშვეობით დავადგინე, რომ შემოსავლები არასწორად იყო ნაჩვენები. კომუნიკაციების კომისიაშიც ხვდებიან ამას, თუმცა, ამ შემთხვევაში, ზედაპირზევე ჩანს, რომ მობილური ოპერატორების ტარიფები ორჯერ მაღალია და სწორედ განახევრება იქნება სამართლიანი.
– თქვენ ამბობთ, განახევრდებაო, არადა, მობილურმა ოპერატორებმა უკვე განაცხადეს, ურთიერთჩართვის ტარიფმა დაიკლო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზუსტად ამ თანხით დაიკლებს ტარიფიო.
– როგორც გითხარით, ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირება არ ნიშნავს, რომ ტარიფი სწორედ ამ შემცირებული თანხის პროპორციულად დაიკლებს.
– მაგრამ, თუ მობილური ოპერატორები აღარ გადაიხდიან ამ თანხას ურთიერთჩართვაზე, რა ლოგიკით არ უნდა გამოაკლონ ის ტარიფიდან?!
– საქმეც ის არის, რომ დომინანტი და მონოპოლისტი ვარ, ისედაც ჩემს კონტროლქვეშაა მომხმარებელი, ფასის დაკლება არ მჭირდება მომხმარებლის მოსაზიდად, არავინ მაიძულებს ტარიფის დაწევას და, რატომ უნდა დავუკლო?! კომუნიკაციების სფერო, ისევე, როგორც ენერგეტიკის სფერო, არ მოქმედებს თავისუფალი ბაზრის პრინციპით და ყველა ქვეყანაში სწორედ იმიტომ რეგულირდება ეს სექტორი, იციან, რომ ეს არის ბუნებრივი მონოპოლია. სიხშირეები შეზღუდული რესურსია, ამიტომ, ამ სფეროში აუცილებლად უნდა იყოს კონტროლი იმაზე, რომ ვიღაცამ, მონოპოლიზაციის გამო, გაბერილი ფასებით არ ივაჭროს.
– ესე იგი, იძულების ერთადერთი მექანიზმი კომუნიკაციების კომისიაა.
– კომისიამ აიცილა პასუხისმგებლობა, მაგრამ, თუ ურთიერთჩართვის ტარიფის დაკლებამ არ გამოიწვია ფასების დაკლება, სწორედ კომისიის პასუხისმგებლობაა, აიძულოს კომპანიები და ტარიფი დააწევინოს. ჩვენ, მომხმარებლები, კერძო კომპანიებს ვერ ვაიძულებთ, ტარიფი დაწიეთო, რადგან არ გვაქვს შესაბამისი ბერკეტი, მაგრამ, სამაგიეროდ, გვყავს კომისია, რომელიც, შეიძლება, ვაიძულოთ, რომ ზემოქმედება მოახდინოს მობილურ ოპერატორებზე. ბოლოს და ბოლოს, კომისია იმისთვის არსებობს, რომ სამართლიანი ტარიფები იყოს დაწესებული. მით უმეტეს, მან უკვე აღმოაჩინა, რომ ურთიერთჩართვის ტარიფი მაღალი იყო და გაანახევრა, რაც ლოგიკურად ნიშნავს იმას, რომ ტარიფი უსამართლოა.
– საიდან დაასკვნა კომისიამ, რომ ურთიერთჩართვის ტარიფი უსამართლო იყო?
– რეალურად, მართლაც ურთიერთჩართვის ტარიფების შეფასება კი არ მოხდა, არამედ კომპანიის მთელი შემოსავლები შეისწავლეს და ისინი აღმოჩნდა გადაჭარბებული. ამდენად, კომისიამ მთელი სეგმენტი შეაფასა, მაგრამ ამის გამჟღავნებას ერიდებიან.
– თუ აქამდე ურთიერთჩართვის ტარიფი 14 თეთრი იყო და „ბილაინი“ ერთ-ერთ სატარიფო პაკეტში სხვა მობილურ ოპერატორებთან საუბარს 15 თეთრად გვთავაზობდა, რაც უკვე 19 თეთრამდე ავიდა, ესე იგი, წაგებაზე მუშაობდა?
– შეიძლება, დასაწყისში, სანამ ბაზარზე შემოვიდოდა, ჰქონდა ასეთი პოლიტიკა.
– დადგენილია, რომ საქართველოში თითო ადამიანი თვეში 100 წუთს საუბრობს, დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია, დაითვალოს „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ მოგებები, თითოეულს მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, თუნდაც, ერთთეთრიან მოგებებზე რომ მუშაობდნენ. დაბალი ტარიფები, ძირითადად, მოქმედებს ამა თუ იმ ქსელის შიგნით. ეს ტარიფები თუა სამართლიანი?
– კომისიამ თავი თვითონ შეიზღუდა და მხოლოდ ურთიერთჩართვის ტარიფზე იმსჯელა, იმიტომ რომ, შემდეგ არ გვეთქვა, თუ ესეც შეისწავლე, რატომ არ იღებ გადაწყვეტილებასო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივუთითებდით, მთლიანად შეესწავლათ საკითხი.
– თუ სწორად გავიგე, თუ კომუნიკაციების კომისიასთან ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ხარ ჩართული, ვერასდროს ვერ გავიგებთ, რა ტარიფებს გვიწესებენ?
– დიახ, ვერ გავიგებთ. მაგრამ, ამის მიუხედავადაც, შესაძლებელია, რომ ტარიფი იყოს სამართლიანი და ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიური იქნება საზოგადოება ამ მიმართულებით. კომისიას ჯერჯერობით არ სურს გადაწყვეტილების მიღება, კერძო კომპანიები კი სრულად და შეთანხმებულად აკონტროლებენ ბაზარს და არ სჭირდებათ ფასების დაკლება. ერთადერთი მექანიზმი არის კომუნიკაციების კომისია, მაგრამ მან ტარიფების განსაზღვრის საკითხი ისევ ოპერატორებს მიანდო.
– ბრძნული გადაწყვეტილება მიუღია – მგლებს ცხვარი მიაბარა!
– ჩანს, რომ მათ შორის შეთანხმებაა, მაგრამ, ვიმეორებ: თუ საზოგადოება ყურადღებას არ მოადუნებს, შედეგი იქნება, თუ არა და, ტარიფი არც პირველი აგვისტოს შემდეგ შემცირდება. სხვათა შორის, კვლევებით აღმოჩნდა, რომ, მართალია, „ჯეოსელს“ უფრო მეტი აბონენტი ჰყავს, მაგრამ, უფრო მეტი შემოსავალი „მაგთის“ აქვს.
– ესე იგი, „მაგთის“ უფრო მოლაპარაკე ან სქელჯიბიანი კლიენტები ჰყოლია.
– როგორც ჩანს, „ჯეოსელს“ უფრო პასიური მომხმარებელი ჰყავს.
– ესე იგი, საქმე მომხმარებელზეა: თუ გამოიჩენს სამოქალაქო აქტივობას, მიაღწევს მობილური ოპერატორების ტარიფების გასამართლიანებას, თუ არა და, ოპერატორები ისედაც ტკბილად და შეთანხმებულად იმუშავებენ.