როგორ აუშენა რუსეთმა მიხეილ სააკაშვილს უსაფრთხოების კედელი და რატომ მისცა ვაშინგტონმა ქართველ ოპოზიციონერებს პუტინთან შეხვედრის კურთხევა
უკვე ცნობილია, რომ საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებით ყველა კმაყოფილია: ჩვენი ხელისუფლებაც (იმიტომ რომ, გაიმარჯვა), ოპოზიციის დიდი ნაწილი (იმიტომ რომ, დამარცხდა), უცხოელი დამკვირვებლებიც (თუმცა თავიანთ დასკვნას ივნისის ბოლოს დადებენ, რაც, ბუნებრივია, ვერც არჩევნების შედეგზე მოახდენს გავლენას და ვერც ადგილობრივი ძალაუფლების გადანაწილებაზე) და, რაც მთავარია, კმაყოფილნი არიან ოკეანის გაღმაც. რა გრძნობა დაეუფლათ ჩრდილოეთში 30 მაისის შემდეგ (თუ, რა თქმა უნდა, დაეუფლათ), ამის გარკვევას მიხაილ ლეონტიევისგან შევეცდებით.
– მესმის, რომ, განსაკუთრებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს შიდა საქმეა, მაგრამ, მმართველმა ძალამ, მთელი საქართველოს მასშტაბით, არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ნებით თუ უნებობით, 65 პროცენტი მიიღო. რამეს გეუბნებათ ეს ფაქტი?
– არსებითად არაფერს, იმიტომ, რომ პროცესი არ შემისწავლია. მე ვფიქრობ, შესაძლებლობები მაინც დაბალი იყო, რადგან ოპოზიცია გაყოფილი და დემორალიზებულია, სიმართლე რომ ვთქვათ, ოპოზიციური ლიდერები „ნიჩტოჟნი“ ადამიანები არიან.
– „ნიჩტოჟნიე“, პოლიტიკური ძალის მხრივ თუ?
– პოლიტიკური ძალის, სააკაშვილის ალტერნატივის, სააკაშვილის პროგრამული ალტერნატივის თვალსაზრისით. ის ფაქტი, რომ ისინი არ არიან მიხეილ სააკაშვილები, არ არის საკმარისი სტიმული ადამიანებისთვის. თუ სააკაშვილის რეჟიმზე ვისაუბრებთ, ეს არის მსუბუქად პოლიციური რეჟიმი; კვაზიდემოკრატია, ძალიან ჭკვიანურად მოწყობილი. ჩემი აზრით, ამერიკელი კონსულტანტების როლი პოლიტიკური რეგულირების მექანიზმებში ძალიან მაღალია. საერთოდ, ასეთი ტიპის რეჟიმები უხეში ზეწოლით გამოირჩევა ხოლმე, რაც ყველას აღიზიანებს და იწვევს საპირისპირო რეაქციას, ჭკვიანურად ორგანიზებული პოლიციური რეჟიმი კი ხასიათდება წერტილოვანი რეპრესიებით.
– მაგალითად?
– მაგალითად, არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმოადგენს რაღაც ალტერნატიულ ძალას, მაგრამ არ არის საჭირო ამ პარტიის ლიდერების დაჭერა ან მათზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება, იმიტომ, რომ ისინი საჯარო ფიგურები არიან. ამიტომ ხდება საშუალო ან საშუალოზე მაღალი სტატუსის მქონე ადამიანების ერთიმეორის მიყოლებით ლიკვიდაცია, მათ წინააღმდეგ სხვადასხვა საქმეების აღძვრის მოტივით. როდესაც რამდენიმე ადამიანს ასეთი გზით ჩამოაშორებ პარტიას, ადამიანები დემორალიზდებიან და პარტიის მართვა ჭირს. ხდება ასეთი წერტილოვანი დაშინებები და არ ჩანს ტოტალური პოლიციური ტერორის ნიშნები. ეს ძალიან ჭკვიანურად კეთდება. განსაკუთრებით, როდესაც ქვეყანა იზოლირებულია, ის თითქოს თერმოსშია და იმ თერმოსში, რაც გინდა, აკეთე. თქვენთან არის მედიის გარკვეული კონტროლი; საკმარისი დონის კონტროლია ეკონომიკაზეც, ოღონდ, გადაჭარბებული კი არა, როგორც ეს ყირგიზეთშია, არამედ, უფრო „გრამოტნი“, იმიტომ, რომ ეს, მადლობა ღმერთს, არ არის ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
– მადლობა ღმერთს.
– არა, უბრალოდ, სხვადასხვა კულტურაა.
– არც მე მითქვამს ეს რეპლიკა იმიტომ, რომ ყირგიზები დაბალი დონეა და ჩვენ – მაღალი.
– თქვენთან არსებობს კლანის გაგება, რომელიც განსხვავდება ნათესაური კლანის გაგებისგან. ამ თვალსაზრისით, ქართველები ევროპული ტრადიციით მოქმედებენ. თქვენთან ადამიანებს ამა თუ იმ პოზიციის დათმობას აიძულებენ მსუბუქი ზეწოლით. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის თავისებურება ის არის, რომ კურატორი აკონტროლებს საქართველოს მთელ ლეგალურ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომაც, ეს ასრულებს სტაბილიზატორის ფუნქციას და მთელი ეს ლეგალური ოპოზიცია და მთელი მოქმედი ხელისუფლება ერთი წერტილიდან იმართება და, თუ თქვენ კურატორი გეუბნებათ, არ იღელვოთო, არ ღელავთ, იმიტომ რომ, მოქმედების მანდატი სწორედ კურატორისგან უნდა მიიღოთ.
– ეს როგორი კურატორია, როცა ობამა არც კი შეხვდა სააკაშვილს?
– დღეს ისინი ისე ცეცხლოვნად არ კურირებენ, როგორც ამას წინა ადმინისტრაცია აკეთებდა, მაგრამ კურატორები ხომ უპირველესად გეოპოლიტიკურ ამოცანებს წყვეტენ? ის წყვეტს მთავარს – საქართველოს ორიენტაციის საკითხს. საქართველოს ორიენტაცია აშშ-ზე, ფაქტობრივად, აღიარებულია მთელი ლეგალური პოლიტიკური სპექტრის მიერ და თვით რუსეთის მიერაც. ქართული ლეგალური ოპოზიციის მუდმივი ვიზიტებიც მოსკოვში ერთგვარი თამაშია, რადგან ეს ხდება ვაშინგტონის კურთხევით. თავის მხრივ, მოსკოვი დაკავებულია თავისი პირადი ამბიციების დაკმაყოფილებით პირადად სააკაშვილის მიმართ და არა იმ მიზნით, რომ გავლენა მოახდინოს საქართველოს პოლიტიკურ კურსზე. ჩვენ არ ვუწევთ კონკურენციას ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ, ფაქტობრივად, დავთმეთ საქართველო. თქვენთან კი, თუ იქნება ბრძანება ვაშინგტონიდან, შეცვალეთ სააკაშვილიო, შეიცვლება სააკაშვილი; თუ არ იქნება მგავსი ბრძანება – არ შეიცვლება.
– მაშინ, რატომ სააკაშვილი და არა ლეგალური ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი, თუ მაინც ვაშინგტონიდან იმართება? რატომ არის შეუცვლელი სააკაშვილი?
– რატომ უნდა შეცვალოს?! შეიძლება, უნდათ კიდეც შეცვლა, მაგრამ, ცვლილების დროს, შესაძლოა, მოხდეს რაღაც ექსცესები. მართალია, სააკაშვილი არ აღმოჩნდა მაინცდამაინც საუკეთესო კადრი, მაგრამ, მაშინ ნაჩქარევად მოხდა ყველაფერი. რა იყო ვარდების რევოლუციის არსი? თუ შენ არ შეგიძლია აფეთქების თავიდან აცილება, ორთქლი უნდა გამოუშვა. შევარდნაძე არასდროს წარმოადგენდა პრობლემას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მაშინაც კი, როდესაც ის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და, მით უმეტეს, როდესაც საქართველოს ლიდერი გახდა. ის იმიტომ კი არ შეიცვალა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აძლევდა ხელს, არამედ იმიტომ, რომ შევარდნაძემ თავისი შესაძლებლობები ამოწურა და ამერიკელებს უცბად რომ აეღოთ თავიანთ ხელში პროცესი, სხვადასხვა ცვლილება შეიძლებოდა, მომხდარიყო. შესაძლოა, შეცვლილიყო საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაცია. მოსკოვშიც ფიქრობდნენ, რომ მოვიდოდა რუსეთისადმი შევარდნაძეზე უფრო მეგობრულად განწყობილი პოლიტიკოსი.
– ამბობთ, ჩვენ დავუთმეთ ამერიკელებს საქართველოო. რაში გაუცვალეთ?
– არ ვიცი, ეს შეცდომა იყო თუ რაღაც გაცნობიერებული სვლა, მაგრამ აგვისტოს ომის შედეგად ამერიკამ, ფაქტობრივად, მორალურად, პოლიტიკურად და თითქმის იურიდიულად აღიარა რუსეთის პროტექტორატად აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“, რაც ნიშნავდა, რომ რუსეთმა დანარჩენი საქართველო ცნო ამერიკის პროტექტორატად. როდესაც ვაღიარეთ ეს რესპუბლიკები, ჩვენ გავთხარეთ დიდი თხრილი საქართველოსთან და სააკაშვილისთვის ეს არის უსაფრთხოების კედელი. თუ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებისთვის სააკაშვილის მინუსად ითვლებოდა მისი უუნარობა, აღედგინა ტერიტორიული მთლიანობა, ზუსტად იმის გამო, რომ ის დაუპირისპირდა რუსეთს, ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან. საქმე ისაა, რომ აგვისტოში რუსეთმა მოახდინა თავისი იმპერიულობის რეინკარნაცია, მაგრამ დაკარგა გეოპოლიტიკური გავლენა. რუსეთს არ შეეძლო, არ ეღიარებინა ეს რესპუბლიკები და ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ არ არსებობდა არანაირი სტრატეგია, თორემ, შექმნილ ვითარებაში სხვა ვარიანტებიც გვექნებოდა. რუსეთს სჭირდებოდა ლეგიტიმაცია და იმის ლეგალური უფლების მოპოვება, რომ თავისი მოვალეობები შეესრულებინა აფხაზებისა და ოსების წინაშე. რუსეთის რეალური უსაფრთხოება, ბოლო სამასი წელია, უზრუნველყოფილი იყო იმით, რომ კავკასია იყო პრორუსული, უფრო ზუსტად, უბრალოდ, რუსული. დღეს კი მოხდა ნანგრევების გადანაწილება. ამ ნანგრევის ერთი ნაწილი ჩვენია, მეორე – მათი, მაგრამ ეს მაინც ნანგრევებია.
– რუსეთის უსაფრთხოება გამოიხატება იმით, რომ კავკასია არის პრორუსულიო. თუ რუსეთმა დაუთმო დარჩენილი საქართველო ამერიკას, ამით საფრთხე არ შეექმნა მის უსაფრთხოებას?
– რა თქმა უნდა.
– და ასე მშვიდად ამბობთ ამას?
– ჩვენ ძალიან ბევრი საფრთხე გვაქვს. ჩვენ კინაღამ წავედით სევასტოპოლიდან. საქართველოს ვერც კი შევადარებთ სევასტოპოლს: ბოლოს და ბოლოს, ეს არის რუსული ქალაქი, რუსების მიერ აშენებული ქალაქი, რუსების მიერ დაცული და შენარჩუნებული ქალაქი. ეს იგივეა, ამერიკა რომ წასულიყო ვაშინგტონიდან ან ბოსტონიდან.
– აბა, ვის ატყუებს მაშინ პუტინი, ბურჯანაძეს და ნოღაიდელს რომ ხვდება?
– რას ნიშნავს, ვის ატყუებს?! პუტინი სამეურნეო საქმეებითაა დაკავებული. ის ჩვენი მეურნეა.
– და ამდენი დრო აქვს, რომ ვიღაც-ვიღაცეებს შეხვდეს?
– ეს იმიჯის საქმეებია. რუსეთის ხელმძღვანელობას საიმიჯოდ სჭირდება, რომ ცნობილმა ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც თავდაპირველად მკვეთრად ანტირუსული დამოკიდებულება ჰქონდათ, რეალობის გავლენით, შეიცვალეს პოზიციაო. ეს ლეგიტიმაციას უკეთებს ჩვენს ურთიერთობას სააკაშვილთან: ქართველებთან არ ვომობთ, ქართველებთან არ ვჩხუბობთ, აი, მხოლოდ იმ ტიპთან გვაქვს ცუდი ურთიერთობაო. რაც, საბოლოოდ, ლოგიკურია: რა აზრი აქვს სააკაშვილთან საქმის დაჭერას?! რაც შეეხება ვიზიტებს: ეს ყველაფერი ხდება გადატვირთვის კონტექსტში. ბოლოს და ბოლოს, იგივე მოხდა ყირგიზეთშიც: თუ იქ ყველაფერი ბოლომდე არ აფეთქდა, იმიტომ, რომ ამერიკელებთან გამოინახა საერთო ენა. როგორც ჩანს, ჩვენ მივეცით გარანტია, რომ არ ვიმოქმედებთ ამერიკული ინტერესების საწინააღმდეგოდ ყირგიზეთში. ამერიკელები კი მზად არიან, ლოიალურად განეწყონ ყირგიზეთის დღევანდელი რეჟიმისადმი. ეს ყველაფერი კი იმ „ტიტების რევოლუციის“ შედეგია.
– ბაკიევის ჩამოგდება „ტიტების რევოლუციის“ რევანშის მცდელობა იყო?
– არა, ეს რევანში კი არა, ნგრევაა… იგივე ბიჭები მოვიდნენ ხელისუფლებაში, უბრალოდ, ბაკიევი ზეარანორმალური ნაძირალა იყო. თუ ახლად მოსულები უფრო ნაკლებს მოიპარავენ, სტაბილურობა გაგრძელდება. პრობლემა ის არის, რომ ყირგიზეთში სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს, ის უნდა განაწილდეს უფრო შემდგარ მეზობლებს შორის, მაგრამ, ამის წყნარად გაკეთება ფერღანის უდაბნოში შეუძლებელია. საერთოდ, ეს ყველაფერი საბჭოთა პოლიტიკის ეფემერული წარმონაქმნებია. არასდროს არ არსებობდა არანაირი ყირგიზეთი!
– ამაზე იმათ უნდა ეფიქრათ, ვინც საბჭოთა იმპერიას ქმნიდა.
– არა, ამაზე იმათ უნდა ეფიქრათ, ვინც საბჭოთა იმპერიას ანგრევდა. საერთოდ, ნგრევას სისხლი და მსხვერპლი მოჰყვება ხოლმე – ასეთია იმპერიის დანგრევის ფასი. სწორედ იმპერია ინარჩუნებდა საქართველოს ერთიანობაში.
– იმპერიები საერთოდ რომ არ არსებობდნენ, არ გახდებოდა საჭირო საქართველოს ერთიანობის ვინმეს დახმარებით შენარჩუნება.
– მაგრამ, იმპერია – ეს არის მაღალორგანიზებული სტრუქტურა.
– გასაგებია, რომ იქ დიდი მასშტაბები და შესაძლებლობებია, ვიდრე მცირე ზომის ქვეყანაში, მაგრამ…
– არა, საქმე ის არის, რომ ნაციონალური სახელმწიფოები საცოდაობაა. ისინი, ფაქტობრივად, არანაირი სახელმწიფოები არ არიან. სახელმწიფო – ეს არის სუვერენი, რომელსაც შეუძლია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები და გაატაროს ისინი ცხოვრებაში. არც საქართველოს, არც საფრანგეთს, არ შეუძლია, იყოს სუვერენული და ამიტომ თავისი უფლებების დელეგირება უნდა მოახდინოს. ბუნებრივია საქართველოს სურვილი, გახდეს ნატოს წევრი. არანაირი გარანტია არ გექნება, თუ არ გყავს პატრონი. ამიტომ, როგორც კი ნაციონალურ სახელმწიფოს ქმნით, გიჩნდებათ დილემა: დარჩეთ ძველ პატრონთან, მონახოთ ახალი თუ ორივეს ეთამაშოთ, მაგრამ, ეს უკანასკნელიც არ არის სტაბილურობის გარანტია. ამიტომაც მსჯელობენ ქართულ პოლიტიკაში: ვინ გვიყვარს – რუსეთი თუ ამერიკა? სხვა არანაირი პოლიტიკა არ არის, დანარჩენი ყველაფერი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეებია – როგორ დავაგოთ გზები თუ ავაშენოთ ღვინის ქარხნები. მეორე საქმეა თანამედროვე, ჰარმონიული იმპერია, სადაც არ არსებობს კოლონია და მეტროპოლია და მაშინ თქვენ ცხოვრობთ, როგორც ადამიანები, რადგან იმპერიებში არ არსებობს ნაცუმცირესობები. ისინი მხოლოდ ნაციონალურ სახელმწიფოში შეიძლება, იყოს. მაგალითად, სტალინი არ იყო ნაცუმცირესობა რუსეთში, არც ბერია.
– გამოდის, რომ სადაც რუსეთისა და ამერიკის ინტერესები იკვეთება, ყველაფერი ინგრევა?
– ჩვენ არანაირი ინტერესები არ გვაქვს.
– ესე იგი, ამერიკელები აკონტროლებენ ყველაფერს?
– ისინი ვერაფერსაც ვერ აკონტროლებენ. აკონტროლებენ ავღანეთს?! რომ აკონტროლებდნენ, მაშინვე მიიღებდნენ საბჭოთა შედეგებს. მაინც მიიღებენ საბჭოთა შედეგს, მაგრამ გრძელვადიანად. არსებობს ასეთი გაგება: კონტროლირებადი ქაოსი და, ის, რაც ცენტრალურ აზიაში ხდება, ძალიან ჰგავს კონტროლირებად ქაოსს. ისინი ზრდიან კონტინგენტს ავღანეთში და იქიდან წასვლას აპირებენ 2011-ში. ეს ხომ სრული აბსურდია?! მაშინ, რა მიზნით ზრდიან კონტინგენტს?!
– თქვენი აზრით, რა მიზნით?
– მე არ ვიცი მათი კონკრეტული მიზნები, ალბათ, არანაირი მიზნით. ხდება სუბლიმაცია: ერაყიდან წასვლის შეუძლებლობის გამო ავღანეთში ზრდიან კონტინგენტს, ანუ, მიზნის გადატანა ხდება. თანამედროვე დემოკრატიის მწვერვალია დეკლარირებული მიზნების საპირისპიროდ მოქმედება. კაცი, ობამა, მოვიდა იდეით, წავიდეს ერაყიდან, მაგრამ, აქტიურად შედის ავღანეთში და არც ერაყიდან გამოდის. საერთოდ, რუსეთთან ადვილია გადატვირთვა, იმიტომ რომ, რუსეთი მხარს უჭერს მიდგომას: დეკლარაცია საქმის ნაცვლად. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას, არადა, არც ერთი ქვეყანა არ არის ვალდებული, შეამციროს ერთი ტყვიაც კი. თითქოს არსენალები სამჯერ უნდა შემცირდეს, რაც სრული ფიქციაა, რადგან ამის უკან არ დგას არაფერი! ეს ამერიკელებს სჭირდებოდათ იმისთვის, რომ მომავალში თავიანთი ინტერესების გასატარებლად მორალური საფუძვლები ჰქონდეთ, ჩვენებს კი უნდოდათ, მოსწონებოდათ ამერიკელებს. რა უნდა შევამციროთ, როდესაც არსებულ კვოტებსაც კი ვერ ვავსებთ?! ამდენი შეიარაღება არ გვაქვს. ასე რომ, დღევანდელ რუსეთთან ადვილია ამ პოლიტიკის გატარება. რუსეთი დაინტერესებულია, რომ მას ფრთხილად ექცეოდნენ, არ ეხებოდნენ და მეტი არაფერიც არ უნდა – ეს არის დღევანდელი რუსული პოლიტიკის იმპერატივი.