გადაცმულები
„დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით“
მართალია, მანდატურები ქართულ საჯარო სკოლებში ახალი ხილია, თუმცა მათი სამსახური ძალაში შედის (და ამ პროცესს არც სატელევიზიო მხარდაჭერა აკლია, მათ შორის, არც სარეკლამო რგოლების მიმართულებით). გასულ კვირას გაირკვა, რომ ამ გაწვრთნილ სამკაციან კონტინგენტს (შეიძლება ითქვას, გადაცმულ პოლიციელებს. ამ განსაზღვრების ოპონენტებს შევახსენებ, რომ მანდატურები შესაბამის წვრთნას პოლიციის აკადემიაში გადიან. ჰოდა, თუ გადიან, ამიტომაც ვუწოდე) დამატებითი ფუნქციებიც დაეკისრებათ. კერძოდ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისა (აი, ასე საზეიმოდ გვამცნეს ჩვენმა ელმედიელებმა: გარდა დანაშაულის პრევენციისა, მანდატურები შეძლებენ პირველადი დახმარების გაწევასაცო). მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ყველა სკოლას ექიმი ჰყავს, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ გახდა აუცილებელი მანდატურებისთვის ხელოვნური სუნთქვის ჩატარების პროცედურის სწავლებაო. ისიცაა, რომ ეს გულუბრყვილო კითხვა მხოლოდ საქმეში ჩაუხედავ დილეტანტებს თუ გაუჩნდებოდათ და, აი, რატომ: მოარული ხმებით, საჯარო სკოლებში პედაგოგთა მასობრივი შემცირება იგეგმება. კერძოდ, ყველა პედაგოგმა, რომელსაც 18-საათზე ნაკლები აქვს, სკოლა უნდა დატოვოს (განვმარტავ, რომ ასეთთა რაოდენობა სკოლებში თითზე ჩამოსათვლელია) და მათ კლასის კურატორ-დამრიგებლებიც უნდა მიჰყვნენ (ეს ის დამრიგებლები არიან, ამ წლის დასაწყისში გულდათუთქულმა მთავრობამ ხელფასი რომ მოუმატა. ცნობისთვის: მომატებამდე 20-ოდე ლარს იღებდნენ, რამაც გაზრდის შემდეგ 60 ლარამდე იმატა). შესაბამისად, რაკი პედაგოგთა რაოდენობა შემცირდება, ესე იგი, კლასები უნდა გამსხვილდეს (და შესაძლოა, ერთ კლასში 50 მოსწავლემაც კი მოიყაროს თავი). ამ ამბით გულგახეთქილ პედაგოგებს უკითხავთ, მერედა, დისციპლინაო?! რაზეც პასუხად მიუღიათ: დისციპლინაზე მანდატურები იზრუნებენო (სავარაუდო პრინციპით: „ამ მოსწავლეს დახვრეტა, იმას – ჩამოხრჩობა“). აი, ის კი აღარავის დაუზუსტებია, სწავლების რა ხარისხი იქნება გამსხვილებულ კლასებში (თუმცა ისიცაა, თუ მთლად იმას ვერ შეისისხლხორცებს ჩვენი მომავალი თაობა: „სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა“, იმას კი ნაღდად გააგებინებს, თუ პედაგოგი ვერა, მანდატური, რომ „შიში შეიქმს სიყვარულსა“).
ვფიქრობ, ამ წიაღსვლის შემდეგ ერთი შეხედვითაც აშკარაა, რაში გამოადგებათ მანდატურებს სამედიცინო გადამზადება: ისინი ყოველმხრივ მზად იქნებიან სამსახურიდან დათხოვნილი მასწავლებლების გონზე მოსაყვანად!!!