ოთხგზის ვაშა!
წითელი კაბის ფასი
გასულის გასულ კვირას, ანუ „ევროვიზიიის“ ფინალამდე გვაგულიანებდნენ, რომ ქართველი მონაწილე (სოფო ნიჟარაძე) „გუგლის“ გამოკითხვაში მეორე საპატიო ადგილს იკავებს, ოსლოში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით კი ყველაზე მომხიბვლელ კონკურსანტადაც დაასახელესო (ორგზის ვაშა!!!) და უფრო მეტიც: ნორვეგიის საზმაუწყებელმა „ეროვიზიის“ საუკეთესო ხუთეულში დაასახელა და ზედაც სპეცპრიზიც გადასცაო. საქართველოს მიერ ოსლოში მოწყობილი წვეულება კი წლის ყველაზე შთამბეჭდავ ღონისძიებადაც აღიარესო (უკვე ოთხგზის ვაშა!). აღიარება – აღიარებად, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ეს საკმაოდ ძვირიც დაჯდებოდა (თუმცა ისიცაა, ამაზე ბიუჯეტის შემვსებებმა ინაღვლონ). საბოლოოდ კი, ყველაფერი (ნორვეგიელი კომპოზიტორის მიერ სპეციალურად დაწერილი სიმღერა, ფრანგის მიერ დადგმული გამოსვლა და „დოლჩე და გაბანას“ სპეცშეკვეთით შეკერილი წითელი კაბა) მეცხრე ადგილით დაგვირგვინდა (თანაც ისე, რომ 10 ქულა რუსეთმა გვარგუნა, მაშინ, როდესაც პოლონეთმა, სულ რაღაც, 4 ქულა გაიმეტა). მოარული ხმებით, „ევროვიზიის“ ქართველ მონაწილეს სარეზერვო ფონდიც შეეწია (800 000 ლარით). მეორე მხრივ, ზემოჩამოთვლილ სპეცღონისძიებებს, აშკარაა, მხოლოდ ეს 800 000 ლარი ვერ ეყოფოდა.
ბუნებრივია, რაკი თანამედროვე სამყაროში „თვალი ჭამს და თვალი სვამს“, ცივილიზებული აუდიტორიის მოსახიბლავად ჯიბეზე ხელის გაკვრა აუცილებელია, თუმცა, თუ მეცხრე ადგილს გავიხსენებთ და, ამას, თუნდაც, „დოლჩე და გაბანას“ სპეცშეკვეთის ფასს დავამატებთ, ვფიქრობ, მეცხრე საპატიო ადგილის დაკავება, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ავთანდილის მიერ შექმნილი კაბითაც შეიძლებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, არ შეიძლებოდა. ჰოდა, რაკი არ შეიძლებოდა და ამ ჩვენს სარეზერვო თუ ურეზერვო ფონდებს ფული თავზე საყრელადაც ჰქონიათ და ქარის გასატანებლადაც, მაშინ, სრულიად გაუგებარია, ყოველ ოთხშაბათს ამ ჩვენს ისედაც გაძვალტყავებულ თანამემამულეებს ლარ-ლარს რატომ აგროვებინებენ ჩვენივე შეჭირვებული თანამემამულეების სიცოცხლის გადასარჩენად (თანაც ამისკენ ჩვენი მრავალათასხელფასიანი ჩინოვნიკები რომ გვაგულიანებენ)?!
თავად განსაჯეთ, მხოლოდ „დოლჩე და გაბანას“ ის ერთი წითელი კაბა რამდენ სიცოცხლეს გადაარჩენდა?!