მთავარი – მონაწილეობაა
ვინ ვის დაჰკარგვია
პრინციპი, რომ მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა: ჯერ ერთი, მმართველმა პარტიამ თავის თავს გამარჯვება ეგზიტპოლების გამოქვეყნებისთანავე მიულოცა; მეორეც, მათ არც მერობის „ქრისტიან-დემოკრატი “ კანდიდატი (გია ჭანტურია) ჩამორჩა და „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის, საარჩევნო ხმები გაცივებული არ იყო, გამარჯვების მილოცვას რომ შეუერთდა. შედარებით მოკრძალებულად მოიქცა „ალიანსის“ კანდიდატი: პირველ ადგილზე გასულს მხოლოდ ცესკოს მიერ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაულოცა გზა მერის სავარძლისკენ. სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ სხვა კანდიდატებს (მაგალითად, თორთლაძისეულ იაკობიძეს და ივანიშვილს), არც „ა“ უთქვამთ და არც – „ბე“. ერთი ისაა, რომ კიდევ ერთმა კანდიდატმა, ბ-ნმა ლაღიძემ, მზადყოფნა გამოთქვა, – ახალ მერთან ვითანამშრომლებო, თუმცა ახალმა მერმა ერთ ყურში შეუშვა და მეორეში გამოუშვა, სავარაუდოდ, იფიქრა, ეგ ვიღას დაჰკარგვიაო (ალბათ, წინასაარჩევნო კამპანიას).
ასეა თუ ისე, პირველი ხუთეული („ნაცმოძრაობა“, „ალიანსი“, „ქრისტიან-დემოკრატები“, „ეროვნული საბჭო“ და „მრეწველები“) თბილისის საკრებულოში ცეცხლის დანთებას გვპირდებიან (ჭიაკოკონობა არ გამომაპაროთ!). ყველაზე დიდი კმაყოფილება მაინც ირაკლი ალასანიას ეტყობა: იმის პარალელურად, რომ ბ-ნ უგულავას გამარჯვება მიულოცა, არც საკუთარი თავი დაივიწყა, ჩვენ (ალიანსმა) დავამტკიცეთ, რომ ყველაზე სერიოზული ოპოზიციური პარტია ვართო. თუ გავიხსენებთ, რომ საბჭოთა სასკოლო სახელმძღვანელოები ასე ულაყებდნენ ტვინს საბჭოთა მოსწავლეებს: ყველა სფეროში სსრკ-ს უჭირავს პირველი ადგილი აშშ-ის შემდეგო, როგორც ჩანს, ეს პათოსი ბ-ნ ალასანიას არც ამ გაჩახჩახებულ დემოკრატიაში გახუნებია და ფრიადაც კმაყოფილია თავისი პირველი ადგილით, რომელიც „ალიანსს“ „ნაცმოძრაობის“ შემდეგ დაუკავებია.