კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გააწკეპლინა გურჯი ხათუნის მეუღლემ მოლა ნასრედინი და რატომ განარისხა რუსუდან მეფე მისმა ქალიშვილმა


თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი ხათუნის სილამაზეზე უამრავი გადმოცემა არსებობს. იგი 13 წლის ასაკში გაუთხოვებიათ რუმის სულთანზე, სადაც დიდი სიყვარული და პატივისცემა დაუმსახურებია. აღსანიშნავია, რომ ქართველების მიმართ არასახარბიელოდ განწყობილი რუმის უდიდესი ისტორიკოსი იბნ ბიბი გურჯი ხათუნის შებრძანებას მათ მიწაზე უფლის წყალობად აფასებს. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მირიან მახარაძე გვიამბობს, თუ როგორ იქცა ეს ქალბატონი სულთნის უსაყვარლეს მეუღლედ, რისთვის დაისაჯა სიკვდილით სულთნის პირველი მეუღლე, როგორ მოესწრო გურჯი ხათუნი ქმრის სიკვდილს და ამის შემდეგ, როგორ გათხოვდა ის ხელმეორედ ქმრის მკვლელზე.


მირიან მახარაძე: გურჯი ხათუნი, იგივე თამარ ბაგრატიონი, თამარ მეფის შვილიშვილი და რუსუდან მეფის ქალიშვილი იყო. ის ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი მძლავრი პოლიტიკოსი გახლდათ. გურჯი ხათუნი 13 წლის ასაკში მიათხოვეს რუმის სელჩუკთა 17 წლის სულთანს – ქეიჰუსრევ მეორეს. რა თქმა უნდა, ეს ქორწინება, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. თუმცა, გურჯი ხათუნის სილამაზემ პოლიტიკა უკან გადადო და ის სულთანს თავდავიწყებით შეუყვარდა.

– ბუნებრივია, სილამაზით განთქმულ თამარს უამრავი ხელის მთხოვნელი ეყოლებოდა, რატომ დაუმოყვრდნენ ქართველები, მაინცდამაინც რუმის სულთანს?

– ორივე ქვეყანა დიდ პოლიტიკურ როლს ასრულებდა იმდროინდელ მახლობელ აღმოსავლეთში. ქორწილს შესაძლებელია, შეეკრა კავშირი მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ. როგორც საქართველოსთვის, ისე რუმის სელჩუკთა სახელმწიფოსთვისაც, ამ პერიოდში საფრთხეს ილხანთა მონღოლები წარმოადგენდნენ. ეს ქორწილი დიდი მოვლენა იყო, რასაც მრავალი იმდროინდელი აღმოსავლური წყარო აღწერს.

– რას იუწყებიან ეს წყაროები?

– სელჩუკთა სახელმწიფოში მრავალი მომლოდინე გაოგნებული იყო 13 წლის ქართველი ქალწულის სილამაზით, სათნოებითა და გულუხვობით. მნახველები თამარს არ აკლდებოდა. საქართველოდანაც კი, მას ასამდე დიდებული და ურიცხვი მდაბიო გაჰყვა. მაგალითისთვის, იბნ ბიბის გადმოცემით, მრავალი ქართველი ქორწილის შემდეგ უკან არ გაბრუნებულა და სამუდამოდ დარჩა კონიაში (რუმის სელჩუკთა დედაქალაქში). მინდა აღვნიშნო, რომ სელჩუკთა დიდი ისტორიკოსი იბნ ბიბი არ გამოირჩევა ქართველებისადმი კეთილგანწყობით. მეტიც, სულ დამამცირებელი ეპითეტებით ამკობს მათ. თუმცა, კარდინალურად განსხვავებულია მისი შეხედულებები თამარ ბაგრატიონზე. იგი აღტაცებულია ამ ქალის გარეგნობითა და ყველა ქმედებით. ფაქტობრივად, ღმერთის წყალობადაც კი აფასებს ამ ქალის სელჩუკეთის მიწაზე მობრძანებას.

არის გადმოცემები, რომ თვით ცნობილი მოხეტიალე და მოარაკე – მოლა ნასრედინი, რომლის ოხუნჯობანი დღესაც კი აქტუალურია, უზომოდ იყო გურჯ ხათუნზე შეყვარებული, რის გამოც იგი სულთანმა სამაგალითოდ გააწკეპლინა. გარდა ამის, გურჯი ხათუნი უამრავი პოეტისა და მხატვრის მუზა იყო.

– რამდენი ცოლის ყოლის უფლება ჰქონდათ იმხანად მუსლიმ მამაკაცებს და მერამდენე ცოლი იყო თამარი სულთან ქეიჰუსრევისა?

– მუსლიმ მამაკაცებს ოთხი კანონიერი ცოლის ყოლის უფლება ჰქონდათ, თუმცა მათი ჰარამხანები სავსე იყო ათეულობით და ზოგჯერ ასეულობით მანდილოსნითაც. მათ შვილებს რომ შემდეგ სასულთნოზე არანაირი პრეტენზია არ გამოეხატათ, წესის თანახმად, პირველი ცოლის შვილს ჰქონდა ყველაზე დიდი შანსი გამხდარიყო მემკვიდრის დედა.

რაც შეეხება თამარს, ის ქეიხუსრევის მესამე ცოლი იყო. თუმცა მისმა სილამაზემ და გამჭრიახობამ, ქეიჰუსრევის უსაყვარლეს მეუღლედ აქცია იგი, რამაც ძალიან გააღიზიანა სულთნის დანარჩენი ცოლები. მათ გურჯი ხათუნის მოწამვლაც კი სცადეს, სულთნის პირველი მეუღლის თაოსნობით. ამით განრისხებულმა სულთანმა პირველი ცოლი სიკვდილით დასაჯა.

– იყო თუ არა ქორწილის პირობებით გათვალისწინებული თამარის რჯულის შეცვლა?

– ქორწილის პირობების თანახმად, თამარი ქრისტიანად უნდა დარჩენილიყო ქორწინების შემდეგაც, თუმცა რუსუდან მეფის უსაქციელობის გამო, მას არჩევანი აღარ დარჩა და ქმრის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, რჯული შეიცვალა.

– რა უსაქციელობაზეა საუბარი?

– რუსუდანმა თამართან გააგზავნა მისი ძმისშვილის – ლაშა-გიორგის შვილი, დავითი, შემდგომში ულუდ წოდებული. რუსუდანს, დავით ლაშას ძე თავისი შვილის – დავით რუსუდანის ძის კონკურენტად ესახებოდა საქართველოს ტახტზე და ამიტომ გურჯ ხათუნს მისი მოკვლა დაავალა. თუმცა, გურჯმა ხათუნმა, არათუ შეასრულა დედამისის დავალება, პირიქით, სრულ კომფორტსა და ფუფუნებაში ამყოფებდა თავის ბიძაშვილს. ამით განრისხებულმა მეფე რუსუდანმა, საკუთარი შვილის წინააღმდეგაც გაილაშქრა და სიძეს – რუმის სულთანს მისწერა: დაბრმავებულხარ და ვერ ხედავ, როგორ გღალატობს ცოლი ლაშა-გიორგის ძესთანო.

– რა რეაქცია ჰქონდა სულთანს ამ წერილზე?

– ქეიჰუსრევი ძალიან განრისხდა, ცოლი ისე სცემა, რომ სიკვდილის პირას მიიყვანა, დავითი კი დილეგში ჩააგდო. სულთანმა გურჯ ცოლს ულტიმატუმი წაუყენა, რომ მას აუცილებლად რჯული შეეცვალა. გურჯმა ხათუმა ისლამი მიიღო, თუმცა, ქრისტიანული სათნოება, ისლამურ სათნოებაში ჰპოვა. ამ პერიოდში რუმის სასულთნოში მოღვაწეობდა შუა საუკუნეების დიდი მოაზროვნე და პოეტი ჯალალ ედდინ რუმი. გურჯი ხათუნი ამ პიროვნებას დაუახლოვდა და მისი მოწაფე და მფარველი შეიქნა.

– მომავალში როგორ გაგრძელდა გურჯი ხათუნის ცხოვრება?

– ქეიჰუსრევი მალევე მიხვდა, რომ რუსუდანმა ის საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და გურჯ ხათუნს პატიება სთხოვა. მათი სიყვარული, ქეიჰუსრევის ბურუსით მოცულ სიკვდილამდე გაგრძელდა.

– როგორ დაიღუპა სულთანი და ამის შემდეგ რა ბედი ეწია თამარს?

– წყაროების მიხედვით, ქეიჰუსრევი აბანოში დაიხრჩო. თუმცა, ამბობენ, რომ მის დახრჩობაში დიდი წვლილი მიუძღოდა მის პირველ ვეზირს ფერვანეს. ქეიჰუსრევის გარდაცვალების შემდეგ, რუმის სულთანი და ბატონი სწორედ ეს ფერვანე გახდა. აღსანიშნავია, რომ გურჯი ხათუნის ქმრის მკვლელმა, იძულებითა და ძალდატანებით იქორწინა გურჯ ხათუნზეც.

– რა დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან ახალ სულთანს და გურჯ ხათუნს?

– ფერვანეს იგი სიგიჟემდე უყვარდა. ყველაფერს უსრულებდა და იმდენად ანებივრებდა, რომ უბრალო მიზეზის გამო გურჯმა ხათუნმა, სასახლე დატოვა და ფერვანეს განერიდა. სულთანმა მის დასაბრუნებლად და პატიების სათხოვნელად, ჯალალ ედდინ რუმიც კი გაგზავნა შუამავლად. თავდაპირველად, გურჯი ხათუნი შერიგებას იმ პირობით დათანხმდა, თუ მას ფერვანე გაეყრებოდა, მაგრამ შემდეგ ჯალალ ედდინ რუმის დიდი მოთხოვნით, გურჯი ხათუნი სულთანს შეურიგდა.

– ამის შემდეგ რა მოხდა?

– ამის შემდეგ მოხდა ის, რომ რუმის სელჩუკთა სასულთნოს მონღოლები შემოესივნენ და თამარი იძულებული გახდა თავის ვაჟთან ერთად კონია დაეტოვებინა და ლტოლვილობაში წასულიყო. თუმცა, ლტოლვილობამ ის დიდ განსაცდელს ვერ აარიდა. ნახევარძმების მოთხოვნით, თამარისა და ქეიჰუსრევის შვილი მოკლეს. საქმე ისაა რომ ქეიჰუსრევმა სიკვდილამდე, მის შემცვლელად, თამართან შეძენილი ვაჟი აღიარა. სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზიც. შვილის სიკვდილმა საბოლოოდ გატეხა წელში გურჯი ხათუნი.

– საბოლოოდ, რა ბედი ეწია ქართველ დედოფალს?

– გურჯი ხათუნის სიკვდილის შესახებ წყაროებში არაფერია მოთხრობილი და გადმოცემები კი ურთიერთგამომრიცხავია. ზოგი გადმოცემით, იგი კონიაში გარდაიცვალა, ზოგის მიხედვით კი, საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებს.

გურჯმა ხათუნმა დიდი კვალი დატოვა, როგორც აღმოსავლეთის, ისე საქართველოს ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში ჯერ კიდევ ცხოვრობდა ხალხი, რომელიც დიდი თამარ მეფის ეპოქას და მართებულ სახელმწიფოს იყო მოსწრებული. რუსუდანის გამეფებამ, მონღოლთა შემოსევებმა, მართებული სახელმწიფო მთლიანად მოშალა. რენესანსის ეპოქაში მყოფი საქართველო დეგრადაციის გზას დაადგა. ამიტომ, ქართველებმა დაიწყეს დიდი თამარ მეფის ტრადიციების გამგრძელებლის ძიება, ეს კი ზოგიერთმა ქართველმა გურჯ ხათუნში იპოვა. არის გადმოცემები, თუ როგორ აგროვებენ ქართველები ოქროსა და ფულს სელჩუკებისგან გურჯი ხათუნის გამოსახსნელად, რადგანაც მათ სჯეროდათ, რომ სწორედ ეს თამარი დაუბრუნებდა მათ დიდი თამარის საქართველოს.


скачать dle 11.3