რატომ ისურვა სიმონ ჩიქოვანის მეუღლემ სიკვდილის შემდეგ კრემაცია და იშვილა თუ არა მან ხალხის მტრის შვილი
„ცოცხალი ვარ, ცოცხალი, შენი ტრფობით ვიწვები, მოვკვდები და ფერფლად გადაგეყრები“, – სწორედ ეს სიტყვები გამახსენდა, როდესაც ჩვენმა რესპონდენტმა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, პოეტმა შარლოტა კვანტალიანმა, სიმონ ჩიქოვანისა და მისი მეუღლის – მარიკას სიყვარულის ამაღელვებელი ისტორია მიამბო.
– ქალბატონო შარლოტა, რამდენიმე ხნის წინ თქვენი რედაქტორობით წიგნი გამოვიდა: „მოგონებები, წერილები, ლექსები სიმონ ჩიქოვანზე.“ როგორ შეიქმნა ეს წიგნი?
– წიგნში შესული ძირითადი მასალა სიმონის ვაჟმა, ნიკა ჩიქოვანმა და ნიკას მამიდაშვილებმა – ლიზიკო გაბუნიამ და ზურაბ სირაძემ შეკრიბეს. შემდეგ მეც დავამატე რამდენიმე ავტორი. ამ წიგნზე მუშაობამ დამაახლოვა სიმონ ჩიქოვანის ოჯახთან, რამაც დიდი სიხარული და კმაყოფილება მომგვარა. ბატონი ნიკასგან, ლიზიკოსა და ზურაბისგან ისეთი ამბები მოვისმინე, ამ დიდი პოეტისა და პიროვნების შესახებ, რომ ეს მასალა ნამდვილად ვერ დაეტეოდა ერთ კრებულში. მრავალი უცნობი დეტალი სიმონ ჩიქოვანის ცხოვრებიდან, ჯერ კიდევ ელოდება დღის სინათლეს.
– ყველაზე საინტერესო, მაინც რა იყო მისი ოჯახის წევრთა მონათხრობიდან?
– მარიკასი და სიმონის დამოკიდებულება, რომელიც მათ სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. ამის შესახებ მათი თანამედროვეები ბევრს ლაპარაკობდნენ და ვფიქრობ, არც დღესაა ინტერესს მოკლებული.
– მაინც, რა იყო განსაკუთრებული, ჩვენ ხომ სიყვარულის მრავალი საინტერესო ისტორია მოგვისმენია და გვინახავს...
– დავიწყოთ იმით, რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარების რომანტიკული ისტორია. დედაქალაქში ახლად ჩამოსული, ბედის მაძიებელი, ნიჭიერი, პროვინციელი ყმაწვილი, ფუტურისტების ლიდერი, ახალი პოეზიის დეკლარაციისა და ორიოდე დაბეჭდილი ლექსის ავტორი, სეირნობდა რუსთაველზე და უცებ დაინახა სილამაზით განთქმული სუსანა ელიავას გვერდით გამხდარი, სიფრიფანა, 16-17 წლის გოგონა. იკითხა, ვინ არისო? სუსანას შუათანა და, მარიკააო, უთხრეს. ჰოდა, მაგ გოგოს შევირთავ ცოლადო. გასცინებიათ მეგობრებს. ვინ გამოგატანს ელიავას ქალს ცოლად. თანაც, მგონი, ავადმყოფი არისო. მარიკას სუსტი ფილტვები ჰქონდა. სიმონის გადაწყვეტილება საბოლოო იყო – მე უკვე მთელი ცხოვრება დავგეგმე მასთან ერთად, მის გარდა არავის შევირთავო.
– მერე რა მოხდა. ადვილად მოინადირა მარიკას გული სიმონმა?
– არც ისე ადვილად. თითქმის 7 წელი დასჭირდა სიმონს, რომ ოცნება ახდენოდა. უძღვნიდა ლექსებს. ერთი პერიოდი საავადმყოფოში იწვა მარიკა და სიმონი მთელი დღეები მის ფანჯრებთან იდგა ყვავილებითა და ლექსებით. ნიკა იხსენებდა, მარიკამ მითხრა, იმდენს კი არ გავაწვალებდი, გაყოლაც ბევრჯერ გადავწყვიტე, მაგრამ, უცებ ისეთ რამეს ჩაიდენდა, გუნება მიფუჭდებოდა, ხან უწინდებოდ მოდიოდა, ხან ისეთ ლექსს მომიძღვნიდა, ჩვენს რეალურ ურთიერთობას, რომ არ შეეფერებოდაო...
– უწინდებოდ რატომ დადიოდა?
– სხვათა შორის, უპალტოოდაც დადიოდა ზამთარში. კაშნეს მოიხვევდა და თავაწეული მიაბიჯებდა თოვლში. ეს ფუტურისტები გიჟები არიანო – ამბობდნენ. სიგიჟე რა შუაშია, – მითხრა ლიზიკომ, არ ჰქონდა პალტო და იმიტომაც არ ეცვა, შეიძლება, ზოგჯერ წინდაც არ ჰქონდაო...
– მაგრამ მაინც შეაყვარა თავი მარიკას.
– მერე როგორ. სამუდამოდ და განუკურნებლად... მარიკა გახდა მისი პოეზიის მუზა. იშვიათად ნახავთ პოეტს, მთელი ცხოვრება რომ ერთ ქალს ეტრფოდეს და ეს ქალი მისი ერთგული მეუღლე იყოს. მსოფლიო პოეზიაში ცნობილ პოეტთა მუზები, უმეტესად, გამოგონილი ქალები იყვნენ, ან სხვისი მეუღლეები... სიმონ ჩიქოვანის სატრფიალო ლირიკა, რომელიც სათავეს მარიკას გაცნობიდან იღებს (1927 წელი), ორიოდე გამონაკლისის გარდა, აისახა მის უკანასკნელ ლექსშიც: „იანვარი, თებერვალი, მარტი, სამი თვეა მეტად უღიმღამო. გულის ჯამში დამიგროვდა ჭვარტლი, მოგიზგიზე სიყვარულის გამო.“ ეს „მოგიზგიზე სიყვარული“, მთელი ცხოვრება არ განელებულა და ამას ორივე, სიმონი და მარიკა, ერთნაირად უფრთხილდებოდნენ.
– როგორი მეუღლე იყო მარიკა?
– იდეალური. ისინი 1933 წელს დაქორწინდნენ. ამ დროს მარიკა ოცდასამი წლის იყო, სიმონი, – ოცდაათის. იმავე ზამთარში სიმონს თბილი პალტო ჰქონდა. ამაზე მარიკამ იზრუნა. საოცრად თბილი და კეთილი მარიკა, დაუნდობელი იყო მტრების მიმართ. სიმონს ადვილად შეეძლო პატიება, მარიკას – არა. მიზეზიც ჰქონდა 1937 წლის რეპრესიებს მამა და ძმა – ზურაბი ემსხვერპლნენ, რძალი – თინაც გადაასახლეს. სწორედ მაშინ იშვილეს 5 წლის ობლად დარჩენილი ნიკა. მაბეზღარებიც მაშინვე გამოჩნდნენ – სიმონ ჩიქოვანი „ხალხის მტრის“ შვილს ჰპატრონობსო. ნიკა, ჩიქოვანების ერთადერთი და უსაყვარლესი შვილი იყო. სხვათა შორის, იგი სულ რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა და მრავალი ფასდაუდებელი სათქმელი გაიყოლა თან...
– იცოდა ნიკამ ნაშვილები რომ იყო?
– რა თქმა უნდა, ის სკოლაში ელიავას გვარით იყო, სიმონმა მისცა ნება თავად აერჩია გვარი. ნიკამ დედობილ-მამობილის უსაზღვრო სიყვარულის გამო მიიღო ჩიქოვანების გვარი. მისი საფლავის ქვას კი, ორივე გვარი აწერია. ის ბიოლოგიური დედის გვერდით დაასაფლავეს.
– მარიკას დასაფლავების ისტორიაც უცნაურია. ასე მხოლოდ ლამაზ ზღაპრებში იქცევიან...
– არც იყო გასაკვირი. მარიკა და სიმონი ერთ მთლიან პიროვნებად იქცნენ. ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებდნენ. სიმონი ვერ გახდებოდა ისეთი როგორიც იყო, რომ არა მარიკა. ნიკა იხსენებდა, – უსაზღვრო იყო მარიკას სიკეთე და სათნოება. ერთ წელს თურმე გამოჩნდა შესაძლებლობა სიმონი, ინგლისში გამგზავრებულიყო, მაგრამ საშუალება არ ჰქონდა. მარიკამ წლობით ნაგროვები და აგარაკის ასაშენებლად კოოპერატივში ჩადებული თანხა, უკან გამოიტანა და საყვარელი მეუღლე ინგლისში გაამგზავრა. სიმონს დღეს ინტელექტუალ, დახვეწილ და გემოვნებიან პოეტად და პიროვნებად რომ მიიჩნევენ, მარიკას დამსახურებაცაა.
– როგორ გადაურჩა სიმონ ჩიქოვანი რეპრესიებს?
– იმ დროს, ნურავინ დაიტრაბახებს, ისეთი მაგარი ვიყავი, სტალინსა და ბერიას ხელჩართული ვებრძოდიო. ასეთები დახვრიტეს. მაგრამ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც, არ ხმაურობდნენ და ისე აკეთებდნენ ეროვნულ, კეთილ საქმეებს. როგორც „ჩიქოვანებისგან“ ვიცი, სიმონს ბერია არ სწყალობდა, მაგრამ კანდიდ ჩარკვიანმა გაუწია მფარველობა. ერთი ისტორიაა საინტერესო. კანდიდ ჩარკვიანი იძულებული გახადეს, ვაჟა ფშაველას შემოქმედება დაეწუნებინა და სიმონ ჩიქოვანსაც, როგორც მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, დაავალეს იგივე გაეკეთებინა. თურმე, მარიკამ ურჩია, არ მიეღო ამაში მონაწილეობა – „დაე, მოგხსნან, საამაყოდ გექნება, რომ ვაჟა ფშაველას გამო მოგხსნეს“. ასეც მოხდა.
– როგორი იყო მარიკასა და სიმონის თანაცხოვრების ბოლო წლები. სიმონის დაბრმავება როგორ აისახა მათ ურთიერთობაზე?
– სიმონის სიბრმავემ, რომელსაც პოეტი დიდხანს მოხერხებულად მალავდა, ახლობლები რომ არ შეეწუხებინა, უფრო დაახლოვა ისინი. მარიკა გახდა მისი თვალი და ხელი. მარიკა უკითხავდა, იწერდა მის ნაკარნახებს. მარიკა, უკვე თავადაც მძიმე ავადმყოფი, სიმონს ოთახიდან ოთახში დაატარებდა, ასეირნებდა. თავის დღიურებში იგი წერდა: „ძნელი სათქმელია, რომელი რომელს დავატარებთ“. ლიზიკომ მიამბო: ერთ დღეს სიმონისა და მარიკას ასეთ დიალოგს მოვკარი ყური, დეიდა (მარიკა) ეუბნებოდა ბიძიას, – რომ იცოდე სიმონ, როგორ დავბერდი და დავუშნოვდი... სიმონმა უპასუხა, – ეგ შეუძლებელია, მაგრამ თუ მართლა ასეა, მაშინ არ ვნანობ, რომ დავბრმავდიო. დამეთანხმებით, ამაღელვებელი დიალოგია...
– მარიკას გარდაცვალებასა და დასაფლავებაზე ვსაუბრობდით. როგორ დაასაფლავეს იგი?
– სიმონის გარდაცვალების შემდეგ, მარიკამ მხოლოდ იმისთვის იცოცხლა, რომ ქმრის „საქმეები“ მოეწესრიგებინა. შემდეგ კი მკურნალობაზე უარი თქვა. მისმა ანდერძმა არა მარტო ახლობლები, მთელი საქართველო შეძრა. მარიკა ითხოვდა, მისი სხეული დაეფერფლათ და სიმონის საფლავზე მოებნიათ. სიმონი მთაწმინდაზე იყო დასაფლავებული. გასაგები მიზეზების გამო, მარიკას ქმრის გვერდით არ დაასაფლავებდნენ და „მარადიულმა სატრფომ“ არც სიკვდილის შემდეგ ისურვა ქმართან განშორება. აკი თავად სიმონი წერდა ერთ ლექსში: „დაფნა რად გვინდა, გავეხვიოთ ციხის სუროში, და როს მოვკვდებით გავეხვევით ერთად სუროში“.
– მერე აღასრულეს მარიკას ანდერძი?
– რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ მიცვალებულის კრემაცია უჩვეულო იყო საქართველოში, მარიკა მოსკოვში წაასვენეს. მას იქ სიმონის მეგობარ პოეტთა ჯგუფმა მიაგო პატივი, ბევრი ითქვა სიყვარულის უკვდავებაზე. შემდეგ კი, მარიკას ფერფლის ნაწილი მოაბნიეს სიმონის საფლავს, ნაწილი კი მის ფერხთით ჩაფლეს. ისინი უკვე ორმოც წელზე მეტია, ერთად განისვენებენ მთაწმინდაზე. მარიკას სხვა საფლავი არ აქვს. მართებული იქნებოდა, სიმონის საფლავის ლოდზე, მოკრძალებით აღნიშნულიყო მარიკას სახელიც. ეს ხომ სიმონის ოცნებაც იყო.
ნიკამ ცალკე წიგნად შეკრიბა სიმონის მარიკასადმი მიძღვნილი ლექსები და გამოსცა სათაურით „შინ შემომაქვს ყვავილები“. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავწერე, ამ ადამიანების სიყვარულზე მეც. ასე შეიქმნა ტრიოლეტი „სიმონი და მარიკა“.