კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გასცა 1832 წლის შეთქმულება და რატომ ჩამოგლიჯა ჯვარი რუსმა ეგზარქოსმა ფილადელფოს კიკნაძეს


1832 წლის შეთქმულება მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში უკანასკნელი მცდელობა იყო ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის დაბრუნებისა. ეს შეთქმულება, გამცემლობის შედეგად, ძირშივე იქნა აღკვეთილი. აჯანყებულები სხვადასხვა კატეგორიებად დაჰყვეს. მათ შორის, სიკვდილით დასასჯელთა სიაში მოხვედრილები რუსეთის იმპერატორის „სულგრძელობის შედეგად“ იქნენ შეწყნარებულნი და მხოლოდ გადასახლება აკმარეს. ყველაზე სასტიკად დაისაჯა შეთქმულების ორი მონაწილე, რომლებიც შედარებით დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდნენ. ესენი იყვნენ: სოლომონ დოდაშვილი და ფილადელფოს კიკნაძე. როგორ მზადდებოდა აჯანყება და ვინ და როგორ გასცა ის, ამას ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს:


– ჩვენი დღევანდელი საუბარი შეეხება ერთ ტრაგიკულ მომენტს 1832 წლის შეთქმულებიდან. უნდა ითქვას, რომ ეს შეთქმულება თავიდანვე განწირული იყო დამარცხებისთვის, მაგრამ ამისდა მიუხედავად, კიდევ უფრო უარყოფითი როლი მისი ცალკეული მონაწილეების ცხოვრებაში, ნებით თუ უნებლიეთ, მომხდარმა გამცემლობამ ითამაშა. ერთი გამცემი – იასე ფალავანდიშვილი, მეორე კი შუამთის უსახელო ბერი იყო. ყოველ შემთხვევაში, ისტორიამ არ შემოგვინახა ამ ბერის სახელი.

მოგეხსენებათ, ამ დროს საქართველო ორ ნაწილად გაყოფილი რუსეთის გუბერნია გახლდათ. 1832 წლის შეთქმულება, ეს იყო ქართველი ხალხის უკანასკნელი მცდელობა, მეცხრამეტე საუკუნეში, ძალის საშუალებით დაებრუნებინათ ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა და საქართველოს ტახტზე კვლავ ბაგრატიონთა დინასტია აღედგინათ, მაგრამ, რუსეთის იმპერიამ აჩვენა, რომ არ მოითმენდა არანაირ ძალისმიერ მეთოდებს და არც საქართველოს დათმობდა.

– ვინ იყვნენ ამ შეთქმულების მონაწილენი?

– 1832 წლის შეთქმულების მონაწილეები იყვნენ: ქართველი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ბატონიშვილები. მაგალითად: დავით გიორგის ძე, ფარნაოზ ერეკლეს ძე, ოქროპირ გიორგის ძე და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, შეიძლება, ითქვას, ეს იყო ზედა ფენების შეთქმულება. ერთადერთი, უფრო დაბალი ფენის წარმომადგენელი, განთქმული ფილოსოფოსი და მოაზროვნე სოლომონ დოდაშვილი გახლდათ. ამ შეთქმულების აქტიური წევრი იყო აგრეთვე ფილადელფოს კიკნაძე. ის შეთქმულთა ფარული საზოგადოების, ძირითადი წესდების ავტორი გახლდათ. საზოგადოება ჯერ მოსკოვსა და პეტერბურგში ჩაისახა და შემდეგ თბილისში შეისხა ფრთები, თავის წესდებას ფილადეფოს კიკნაძემ დაარქვა „აქტი გონიერი“. ამას გარდა, ფილადელფოს კიკნაძემ შეთქმულთა მიმოწერისთვის შექმნა ფარული ანბანი. ამ პიროვნების ბედზე იმოქმედა იმ გამცემლობამ, რომლის შესახებაც შემდეგ მოგითხრობთ.

– რა არის ცნობილი ფილადელფოს კიკნაძის შესახებ და როგორ მოექცა ეს პიროვნება შეთქმულების ცენტრში?

– ფილადელფოს კიკნაძის საერო სახელი იყო ნიკიფორე. ის გახლდათ იმერელი სამეფო აზნაურის ივანე კიკნაძის ოჯახში დაბადებული, 1793 წელს. მამამისს არანაირი საშუალება არ ჰქონდა, შვილისთვის განათლება მიეცა. მხოლოდ შეძლო, გადმოეყვანა აღმოსავლეთ საქართველოში და მიებარებინა იოანე ნათლისმცემლის დავით გარეჯის მონასტერში. ამ დროს კიკნაძე 7 წლის უნდა ყოფილიყო. სულ მალე მას მშობლები დაეღუპა, რომლებიც 1811 წელს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიას ემსხვერპლნენ. შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მეზობელმა თავადმა – აბაშიძემ მას სახლ-კარიც გადაუწვა. იგი ფაქტობრივად, სრულიად მარტო და მიუსაფარი აღმოჩნდა, ოჯახისგან და მშობლიური კუთხისგან მოშორებული. თუმცა, თავისი ნიჭის წყალობით, ფილადელფოს კიკნაძემ შეძლო დაწინაურება. ის აღიკვეცა ბერად, სახელი შეიცვალა და უწოდეს ნიკოლოზი. ამის შემდეგ, როდესაც იგი მღვდელ-მონაზვნად ეკურთხა, კიდევ ერთხელ შეიცვალა სახელი და ისტორიაში დამკვიდრდა ბოლო სახელით – ფილადელფოს. ის გამორჩეული ახალგაზრდა ყოფილა. როდესაც ნათლისმცემლის მონასტერს სწვევია ხირსის არქიმანდრიტი, მას ძალიან მოსწონებია ეს ახალგაზრდა. აქედან დაიწყო მისი წინსვლაც. არქიმანდრიტმა კიკნაძე ხირსაში წაიყვანა, სადაც ფილადელფოსი ფილოსოფიისა და ლიტერატურის შესწავლას შეუდგა.

– ამის შემდეგ რა მოხდა?

– განსწავლული ფილადელფოს კიკნაძე ხირსიდან თბილისში ჩამოვიდა დარეჯანის სასახლეში, ფერისცვალების ეკლესიაში. აქ ის თავისი ნიჭის წყალობით, ბატონიშვილთა და მაღალ საეკლესიო პირთა ყურადღების ცენტრში მოექცა. მის დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ 1826-1827 წლებში, ის რუსეთში, იყო გაგზავნილი, კერძოდ, ნიჟნი ნოვგოროდში გადასახლებულ ანტონ მეორე კათოლიკოსთან. იქ მან რამდენიმე თვე დაჰყო. ფილადელფოსს საშუალება ჰქონია, რომ მოსკოვშიც ჩასულიყო, გაეცნო საინტერესო ადამიანები და ბევრი ახალი იდეაც დაესახა. მაგრამ, ვერ შეთანხმდა კათოლიკოსთან და როგორც ჩანს, მანვე გამოამგზავრა უკან. თან, საყვედურის წერილი გამოატანა. წერილში ანტონ ეგზარქოსი წერდა, მე სხვა პიროვნებას უფრო შევეგუებოდიო. ამისდა მიუხედავად, ფილადელფოს კიკნაძის რუსეთში მოგზაურობამ დადებითი როლი ითამაშა მისი თვალსაწიერის ჩამოყალიბებაში.

როგორც ჩანს, სწორედ მოსკოვში გაიცნო მან ქართველ ბატონიშვილთა ფარული წრეები, სადაც მსჯელობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. საქართველოში დაბრუნებული ფილადელფოს კიკნაძე იწყებს აგიტაციასა და მოღვაწეობას შეთქმულების სასარგებლოდ. სამშობლოში მობრუნების შემდეგ იგი შუამთის მონასტერში გააგზავნეს, იმდროინდელი რუსი ეგზარქოსის – იონას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე. იქ მოღვაწეობის დროს, ფილადელფოს კიკნაძე იმდენად განთქმული ყოფილა თავისი განათლებით, რომ ცნობილი ოჯახის წევრები ცდილობდნენ შვილები მისთვის მიებარებინათ აღსაზრდელად. მაგალითად, ამ მიზნით, მასთან იზრდებოდა ცნობილი პოეტი რაფიელ ერისთავი.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს შეთქმულება წინასწარვე იყო განწირული, მაინც როგორ მოხდა მისი გამჟღავნება?

– შეთქმულებს დაგეგმილი ჰქონდათ, როგორ უნდა მომხდარიყო ყოველივე. აჯანყების შეთქმულთა გეგმის მიხედვით, ისინი 1832 წლის ნოემბერ-დეკემბერში, თავად-აზნაურთა მეჯლისზე შეიკრიბებოდნენ. აქ დაპატიჟებული იქნებოდა კავკასიის მთავარმართებელი – ბარონი როზენი, რომელსაც მოულოდნელად დააპატიმრებდნენ. მის გარდა, პატიმრობაში აიყვანდნენ სხვა მნიშვნელოვან თანამდებობის პირებსაც და ასე აიღებდნენ ხელში ყველა მნიშვნელოვან პუნქტს თბილისში, შემდეგ კი საქართველოში. სანამ რაიმე ქმედებამდე მივიდოდა საქმე, შეთქმულების ერთ-ერთმა წევრმა, იასე ფალავანდიშვილმა თავის ძმას – ნიკოლოზს, რომელსაც თბილისის მთავარმართებელთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა (თბილისის სამოქალაქო გუბერნატორი იყო), გაანდო ამბავი ამ შეთქმულებასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, უკვე წინასწარ არსებობდა ცნობები შეთქმულების შესახებ და იასეს ნაამბობი მაინცდამაინც შოკისმომგვრელი არც იყო ძმისთვის. თუმცა ამ ნაბიჯმა შეთქმულების შემდეგი ბედი კი განსაზღვრა.

– რატომ გაანდო ძმამ ნიკოლოზ ფალავანდიშვილს ამბავი შეთქმულების შესახებ?

– ეს მან იმიტომ გააკეთა, რომ მოსალოდნელ აჯანყებაში ნიკოლოზიც ჩაერთო. ნიკოლოზის მხრიდან ამას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. მან სასტიკად დაგმო შეთქმულება და იასეს უთხრა, რომ თუ ყველაფერს არ გაანდობდა, რაც იცოდა, თვითონაც დაიღუპებოდა და შეთქმულებსაც დიდ ზიანს მიაყენებდა. გადარჩენის ერთადერთი გზა, მისი აზრით, იყო ის, რომ მეფის რუსეთის თბილისის ადმინისტრაციისთვის მოეხსენებინათ ყოველივე. ნიკოლოზმა ბოლოს და ბოლოს დააჯერა იასე და მანაც ყველაფერი გაანდო ძმას. ესეც გამცემლობის ერთ-ერთი ფაქტია. იასეც არის ამ ისტორიის ერთ-ერთი ანტიგმირი, რომელმაც თავისდაუნებურად, ძირშივე აღკვეთა ეს შეთქმულება და ფილადელფოს კიკნაძის ბედიც განსაზღვრა მისმა ამ საქციელმა. სწორედ ამის შემდეგ მიაკითხეს შუამთის მონასტერში.

– რა მოხდა შუამთის მონასტერში?

– 1833 წლის იანვრის დასაწყისში, მოულოდნელად, ასამდე ჯარისკაცი და სამოცამდე ყაზახი შეიჭრა შუამთის მონასტერში. გამოიყვანეს ბერები და გაამწკრივეს ეზოში. განცალკევებით დაუყენებიათ ფილადელფოს კიკნაძე. ყველა ბერს სათითაოდ ეკითხებოდნენ: რა თქვა ფილადელფოსმა ანტისახელმწიფოებრივი, რა იქადაგა შუამთობაზე, ან ალავერდობაზე, ან ხომ არაფერი იცოდნენ მისი ანტისახელმწიფოებრივი ჩანაწერების შესახებ. თუმცა, ყველა ბერი ერთხმად პასუხობდა, რომ მსგავსი არაფერი სმენოდათ, პირიქით, ყველა დადებითად ახასიათებდა მას, მაგრამ ეტყობა, რაღაც ცნობები თავდამსხმელებს წინდაწინვე ჰქონდათ და კიდევ და კიდევ უბრუნდებოდნენ ბერებს დასაკითხად. დაკითხვას პირადად ეგზარქოსი იონა და მისი წარმომადგენლები აწარმოებდნენ. ერთობლივი დაკითხვის შემდეგ, ცალ-ცალკე დაიწყეს ბერების გამოძახება. მაინც ვერაფერს გახდნენ. მომხდურები ისე გამწარებულან, რომ ბერები სათითაოდ მიუბამთ ხეებზე. ამანაც არ გაჭრა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეგზარქოსი ყველას დაემუქრა, თქვენ სენაკებსა და სახლებს გადავწვავთ, თუ არ გვეტყვით, სად არის დამალული საბუთებიო, მოხდა გამცემლობა. ერთ-ერთმა მოხუცმა ბერმა, რომლის სახელიც არ არის შემონახული, ვეღარ გაუძლო ამდენ დაკითხვებს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას და უთხრა: მე გაჩვენებთ სად არის საიდუმლო ნაწერები დამალულიო. მართლაც, წაუძღვა და აჩვენა, ის სახლი, რომლის ბანზეც, მიწის ქვეშ, კოჭებს შორის, დამალული იყო უამრავი ხელნაწერი. მართლაც, გათხარეს და რასაც ეძებდნენ აღმოაჩინეს კიდეც.

– ამის შემდეგ რა მოხდა?

– ნაწილი აღმოჩენილი ნაწერებისა იქვე გაჩაღებულ ცეცხლში დაწვეს, ნაწილი კი წაიღეს როგორც მტკიცებულება. ამის შემდეგ, ეგზარქოსი იონა, თურმე მიეჭრა ფილადელფოს კიკნაძეს და მკერდიდან ჩამოაგლიჯა ჯვარი. ფილადელფოსს უთქვამს: ეს ჯვარი კათოლიკოსმა მაჩუქა და მანვე აკურთხა. ქართველი კათოლიკოსის ნაჩუქარი ჯვრის წართმევის უფლება კი, რუს ეგზარქოსს და რუს ეპისკოპოსს არ აქვსო. ამან ისე გაამწარა იონა, ხელითაც კი დაუწყია ფილადელფოს კიკნაძის ცემა, რაზედაც ფილადელფოსსაც ასევე უპასუხია და რამდენიმე მუშტიც უთავაზებია ეგზარქოსისთვის. ამის შემდეგ, ფილადელფოს კიკნაძე უკვე განწირული იყო. მას ხელებზე ბორკილები დაადეს, წელსა და კისერზე გრძელი თოკი მოაბეს და ცხენზე შემჯდარ ყაზახს ხელში დააჭერინეს. ასე არბენინეს იგი შუამთიდან თბილისამდე. ამან ფილადელფოსი, ფიზიკურადაც და მორალურადაც ისე გატეხა, როცა ციხიდან გამოუშვეს და ფერისცვალების მონასტერში დააბრუნეს (როგორც ჩანს ზედამხედველობის ქვეშ), მალევე გარდაიცვალა, კერძოდ, 1833 წლის სექტემბერში. ასე რომ, ამ უსახელო ბერის გამყიდველობამ დიდი როლი ითამაშა, როგორც საერთოდ 1832 წლის შეთქმულებაზე, ასევე ფილადელფოს კიკნაძის ბიოგრაფიაში. ამ ანტიგმირის სულმოკლეობამ დაღუპა შეთქმულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე.

– სხვა შეთქმულებს რა ბედი ეწიათ?

– შეთქმულები კატეგორიებად დაყვეს, – ვინ მონაწილე იყო, ვინ ხელის შემწყობი და ასე შემდეგ. მთავარ მონაწილეებს სიკვდილი მიესაჯათ, მაგრამ ნიკოლოზ პირველმა სულგრძელობის ჟესტი გაითამაშა და საჯაროდ აჩუქა მათ სიცოცხლე. ისინი რუსეთის შიდა გუბერნიებში გადაასახლეს. ყველაზე მკაცრად, გარდა ფილადელფოს კიკნაძისა, დაისაჯა სოლომონ დოდაშვილი, როგორც დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი. ის ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს, სადაც დასნეულდა და გარდაიცვალა.

– რატომ გამოუშვეს ფილადელფოს კიკნაძე რამდენიმე თვეში საპყრობილედან?

– ეს არ არის წყაროებში მითითებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან გატეხილი და, სიკვდილის პირას იყო მისული. არ უნდოდათ, მაინცდამაინც ციხეში გარდაცვლილიყო და ამიტომ დააბრუნეს მონასტერში. მაგრამ, ძალიან მალევე გარდაიცვალა.

– გამცემ ბერს რა ბედი ეწია?

– ამის შესახებ არაფერია ცნობილი. გარდა იმისა, რომ ფილადელფოსის დაპატიმრების შემდეგ ის ინანიებდა ჩადენილს და ცდილობდა, ეგზარქოსის წინაშე მისი ხვედრი შეემსუბუქებინა, რაც უკვე სრულიად უაზრო იყო.

ასე წარიმართა 1832 წლის ამბოხებისა და თავად ამბოხებულთა ბედი.


скачать dle 11.3