ურთიერთობის ხელოვნება
როცა ახალგაზრდა ხარ, ძნელია, გაარკვიო, ვინ იქნება შენთვის იდეალური პარტნიორი. შეცდომებს გვერდს ვერ აუვლი, მწარე დღეების გარეშე შეუძლებელია ბედნიერება. აუცილებლად მოგიწევს, წახვიდე რისკზეც. გატაცება და მერე იმედგაცრუებაც აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა. მხოლოდ რამდენიმე მცდელობის შემდეგ მიაგნებ იმ ერთადერთს, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე გენდომება ყოფნა. იშვიათ ერთეულებს უმართლებთ, პირველივე ჯერზე იპოვონ თავისი მეორე ნახევარი.
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს გულწრფელობას. კავშირი ვერასოდეს იქნება ხანგრძლივი და ჰარმონიული, თუკი მეუღლეებიდან ერთ-ერთი მუდმივად თამაშობს და თავის ნამდვილ სახეს მალავს. არც ის არის ადვილი, პარტნიორს მისი ხასიათის შესაბამისად ექცეოდე და მისივე პრინციპით ცხოვრობდე – იმ პრინციპებით, რომლებიც შენთვის შინაგანად მიუღებელია.
მიმოიხედე გარშემო. ყველას თავისი გზა აქვს და ცხოვრების იმ ბილიკს მიუყვება, რომელსაც აირჩევს ან გარემოება აარჩევინებს. არც ერთი გზა არ არის ადვილი და ია-ვარდით მოფენილი, ყველას თავისი წილი პრობლემები აქვს. თუ მეორე ნახევარს მხარში არ ამოუდგები და ამ გზას არ გაუიოლებ, მაშინ რიღასთვის გინდათ ერთმანეთი?! შენი სიყვარული ყოველთვის შენ გვერდით უნდა იყოს, მაშინაც კი, როცა ის ფიზიკურად არ არის შენ გვერდით.