კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეიცვალა „ელიტ მოდელ ლუქში” გამარჯვების შემდეგ სოფო შერგელაშვილისთვის და როგორ ცხოვრობს ის ზესტაფონში


სამოდელო სააგენტო „იმიჯ-ცენტრმა” 24 მაისს უკვე მეოთხედ ჩაატარა პრესტიჟული სამოდელო კონკურსი „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯია”, რომლის გამარჯვებული გახდა 16 წლის სოფო შერგელაშვილი. მკითხველს შევახსენებ, რომ წინა წლებში ამ კონკურსის გამარჯვებულები არიან: თამთა შედანია, ანა კოვაჩი და მარიტა ჯანაშია, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშის სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ ფეშენ შოუებშიც იღებენ მონაწილეობას.


სოფო შერგელაშვილი: 16 წლის ვარ, ჯერჯერობით სკოლაში ვსწავლობ, მეათე კლასში, ვცხოვრობ ზესტაფონში. გადაწყვეტილი მაქვს უცხოეთში გავაგრძელო სამოდელო საქმიანობა. თუმცა, მხოლოდ მოდელობით არ შემოვიფარგლები, პარალელურად, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, იურიდიულ ფაკულტეტზე.

– მითხარი, როგორ ცხოვრობ ზესტაფონში, გარდა სწავლისა, რითი ხარ დაკავებული?

– ყოველდღიურად დავდივარ სკოლაში, ვერ მოვახერხე სპორტზე, ან ცეკვაზე სიარული.

– როდის გადაწყვიტე მოდელობა?

– ვერ ვიტყვი, რომ მოდელობა ბავშვობიდან მინდოდა, ან ამაზე ვოცნებობდი. უბრალოდ, ორი წელია, მინდოდა, „ელიტში” მიმეღო მონაწილეობა და საკუთარი ძალები მომესინჯა. ამ კონკურსის შესახებ გვანცა ჟღენტისგან შევიტყვე, რომელიც ხუთეულში გავიდა, ისიც ზესტაფონში ცხოვრობს. ძალიან მომინდა, მეც მეცადა ბედი და მომესინჯა ჩემი შესაძლებლობები. მივედი და კიდეც გამიმართლა, პირველ ადგილზე გავედი. მანამდე, ქასთინგისთვის ჩამოვედი თბილისში, სააგენტოში მივედი და დავრეგისტრირდი. ოჯახის წევრებს მოეწონათ ჩემი გადაწყვეტილება და ყველანაირად მიწყობდნენ და ახლაც მიწყობენ ხელს. გამარჯვების იმედი არ მქონდა, ვფიქრობდი, ხუთეულში მოვხვდებოდი. ძალიან გამიხარდა, რომ პირველ ადგილზე გავედი და არჩევანი ჩემზე გააკეთეს. მშობლებს ძალიან გაუხარდათ ჩემი გამარჯვება, განსაკუთრებით დედას.

– ალბათ, კონკურსის წინ კარგად გაერთეთ?

– თითოეულ მონაწილესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, არც ერთს არ აღვიქვამდი კონკურენტად, ვმეგობრობდით. „მედიში” დავდიოდით, ვვარჯიშობდით სისტემატურად. შემდეგ გვიტარდებოდა მეტყველების, ფსიქოლოგიის გაკვეთილები, ვეცნობოდით დეფილეს პრინციპს, აქტიურად ვემზადებოდით კონკურსისთვის. სააგენტოში ვერთობოდით, იქ ბევრ დროს ვატარებდით, სულ ერთად ვიყავით.

– კონკურსზე, ალბათ, ძალიან ღელავდი.

– კი და შემეტყო კიდეც. თავიდან გამოსვლა კარგად ვერ დავიწყე, მაგრამ მერე გამოვასწორე. პოდიუმზე, ამდენი ხალხის წინაშე, რომ გამოვდიოდი საოცარი შეგრძნება დამეუფლა. ასეთი რამ პირველად ვიგრძენი. წინა დღეს ვიქტორია დე სილვამ ჩაატარა წინა შესარჩევი კონკურსი, თუმცა, არც მაშინ მიფიქრია, რომ ჩემზე გააკეთებდნენ არჩევანს. ბოლოს, როდესაც ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, ვერ გეტყვით, რა დამემართა, რა ვიგრძენი, ეს იყო ენით აუწერელი ბედნიერება, საოცრად გახარებული და აღფრთოვანებული ვიყავი. თუმცა, ახლა უკვე შევეგუე გამარჯვებას და ეიფორიამაც გადამიარა. დიდი მადლობა „იმიჯ-ცენტრს”, რომ ასე კარგად მომამზადეს და მომცეს საშუალება, ჩემი შესაძლებლობები გამომემჟღავნებინა. კონკურსის შემდეგ ყველანი „ბამბარუმში” წავედით, კარგად გავერთეთ, ვიცეკვეთ, ცოტა დავლიეთ.

– თითქმის ყველა გოგონას გაუხარდა შენი გამარჯვება და ისიც თქვეს, რომ ამას ელოდებოდნენ.

– ალბათ, ყველას გაუხარდა, მე ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩემს გარშემო ხშირად აღნიშნავენ, რომ მეგობრული ვარ, ადამიანებთან იოლად შევდივარ კონტაქტში.

– როგორი ხარ კიდევ?

– ხალისიანი ვარ, მხიარული, ბავშვური. სულ მეუბნებიან, ყოველთვის კარგ ხასიათზე და მხიარული ხარო. შემიძლია, ადამიანები გავამხიარულო და კარგ განწყობაზე დავაყენო. მეც ვდგები ხოლმე ცუდ ხასიათზე, მაგრამ ამ დროს არც გაბრაზებული, ვარ და არც შარზე, ჩემთვის ვარ, ჩუმად, უარყოფით ემოციებს არ ვიწვევ ადამიანებში. თანაც, წყენა ძალიან მალე გადამივლის ხოლმე. თუ ვინმე მაწყენინებს, მე ვურიგდები და გამოსავალს ყოველთვის ვპოულობ.

– როგორი ბავშვი იყავი?

– ძალიან ცელქი. ხეებზე, მოკლედ, ყველგან დავძვრებოდი, ხიფათშიც ხშირად გავხვეულვარ. სკოლაშიც ძალიან ცელქი ვიყავი, მერე უფრო შევიცვალე, ნელ-ნელა ვიზრდები. იმასთან შედარებით, რაც ვიყავი, უფრო დავიხვეწე, გავიზარდე და ისეთი ქაჯი აღარ ვარ, როგორიც ბავშვობაში ვიყავი. თან, ვსწავლობ ქუსლიან ფეხსაცმელზე სიარულს. ადრე, სულ სპორტულად ვიცვამდი, დაბალძირიანი ფეხსაცმლით დავდიოდი. ამიტომ, თავიდან გამიჭირდა ასე სიარული, მაგრამ მივეჩვიე. ახლა ხომ სულ ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა მომიწევს. კონკურსის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, უფრო თავდაჯერებული გავხდი, საკუთარ თავში ახალ-ახალი თვისებები აღმოვაჩინე.

– როგორი დახვედრა მოგიწყვეს ზესტაფონში?

– მეგობრებს ძალიან გაუხარდათ ჩემი გამარჯვება. მითხრეს, ამას ველოდებოდითო. ჩემთვის სიურპრიზი იყო, რომ ყველა ჩემთან დამხვდა სახლში და აღვნიშნეთ ჩემი გამარჯვება.

– თაყვანისმცემლები ნამდვილად გეყოლება.

– როგორც ყველა გოგონას, მეც მყავს თაყვანისმცემლები, მაგრამ საერთოდ არ მაწუხებენ. ჩემთან ურთიერთობაში ძალიან ჭკვიანები არიან. მე არ ვაბედინებ ზედმეტ რაღაცეებს. მათთან ძირითადად დისტანციური ურთიერთობა მაქვს.

– როგორი ბიჭები მოგწონს?

– სიმპათიური გარეგნობის ბიჭები მომწონს. ასევე, სერიოზული უნდა იყოს. არ მომწონს თბილისელი ტიპები – ცანცარები რომ არიან და თავში აქვთ რაღაცეები ავარდნილი. მე უფრო სერიოზული, თავდაჯერებული მამაკაცები მომწონს. რაც შეეხება ხასიათს, უნდა იყოს მხიარული, ჩემს ხასიათთან ახლოს – ისე, ალბათ, ვერ გავუგებ. თუმცა, ჯერჯერობით არავინ მომწონს, არ მყავს შეყვარებული და არც მეყოლება. ამისთვის არ მცალია, ჯერ უნდა ვისწავლო და კარიერა ავიწყო.


скачать dle 11.3