როგორ იწინასწარმეტყველა თემო რცხილაძემ დედის გარდაცვალების მოახლოება და როდის დაეწყო მას უცნაური შეგრძნებები მოსალოდნელ ფაქტებზე
მომღერალ თემო რცხილაძეს ფენომენალური ნიჭი ბავშვობიდან შეამჩნიეს ახლობლებმა, თუმცა თავად ამას დღესაც ვერ ხსნის და უკვირს. ვერ ხვდება, საიდან მოდის მასთან ინფორმაცია მომავალზე, ადამიანების შესაძლო საფრთხეზე, როგორ შეუძლია ძმასთან ტელეპათიური კავშირის დამყარება და აზრებისა და ფიქრების დონეზე შორ მანძილზე კონტაქტი.
თემო რცხილაძე: პატარაობისას, სიზმრად უცნაურობებს ვხედავდი. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ერთხელ, დამესიზმრა უცნაური სიზმარი, თითქოს, ვიღაცას მიასვენებდნენ, უამრავი ხალხი ირეოდა, ბებიაჩემი გაჰკიოდა – არ წახვიდე, არ დამტოვოო. რომ გამომეღვიძა, ღამის სამის ნახევარი იყო. დილით დედას მოვუყევი სიზმარი და როგორც გაირკვა, ზუსტად იმ ღამით, სამის ნახევარზე, ბებიას ბიძაშვილი გარდაიცვალა.
– წინასწარმეტყველური ინფორმაცია შენთან ძირითადად სიზმრის სახით მოდის?
– სხვათა შორის, არა. დედა ახლახან გარდაიცვალა. მართალია, ორი თვე ავადმყოფობდა, მაგრამ სასიკვდილო არაფერი სჭირდა. მოკლედ, საღამოს დამეწყო შინაგანი ფორიაქი, გულმა სხვანაირად დაიწყო ცემა, ვალიდოლიც კი მივიღე. ვგრძნობდი, დედასთან დაკავშირებით რაღაც ცუდი უნდა გამეგო. ღამით, ოთხის თხუთმეტ წუთზე ტელეფონმა დარეკა, ყურმილი რომ ავიღე, ზუსტად ვიცოდი, რომ დედის გარდაცვალებას შემატყობინებდნენ. დამიჯერეთ, წინასწარ ვიგრძენი დედის გარდაცვალების მოახლოება და ვერ წარმოიდგენთ, ეს რა საშინელი განცდა იყო. გონება არ უშვებდა დედის ცუდს, გული კი ამას მკარნახობდა თავისი უცნაური ძგერით. ასე რომ, ჩემმა გულმა წინასწარ შემამზადა დედის გარდაცვალების ამბის გასაგებად და არც მოტყუვდა ამაში.
– ეს უცნაური შეგრძნებები და წინასწარი განცდები მოსალოდნელზე, მხოლოდ ახლობელ ადამიანებს უკავშირდება?
– არა მარტო ახლობლებს. სხვა ადამიანებზეც მეუფლება ხოლმე უცნაური წინასწარი განცდა და ვხვდები, მის თავს კარგი რომ არაფერი მოხდება და საფრთხის წინაშე დგას. ადრე, ჩვენთან, „დიელოში“ მღეროდა არაჩვეულებრივი ქალბატონი ლეილა როდე. შემთხვევით, პლეხანოვზე შევხვდით ქუჩაში ერთმანეთს. დავინახე, რომ ამქვეყნიური აღარ იყო. ცუდად ვიგრძენი თავი. ვიფიქრე, ეს რაებს ვფიქრობ, ქალი მელაპარაკება და მე მას ამქვეყნიურად აღარ აღვიქვამ-მეთქი. არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ მის სხეულს რამდენიმე დღეღა ჰქონდა დედამიწაზე ყოფნის უფლება და მერე უნდა გარდაცვლილიყო. მოკლედ, დავემშვიდობე და ორი დღეც არ იყო გასული, რომ ქალბატონი ლეილა ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა. ბევრს შეიძლება არარეალურად მოეჩვენოს ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ მერწმუნეთ, ისე მძაფრად ვრეაგირებ სუნზე, რომ ისიც გარკვეულ ინფორმაციას მაწვდის მოსალოდნელზე. უცნაური, სპეციფიკური სუნი თუ ვიგრძენი, ვიცი, ვიღაც ახლობელს კარგი არ ელის. ერთხელ, მოსკოვში მეტროთი ვმგზავრობდი. უცბად, საშინელი სუნი ვიგრძენი და გავიფიქრე, ვიღაცაზე ცუდი ამბავი უნდა გავიგო-მეთქი. ამოვედი თუ არა მეტროდან, ჩემმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ მისი ოცდახუთი წლის დისშვილი, სრულიად ჯანმრთელი ბიჭი გარდაიცვალა. ეს მძაფრი სუნის შეგრძნება და ვინმეს სიკვდილის გაგება, ერთია. არ მინდა, ამას რომ განვიცდი წინასწარ. ისე ვიძაბები და ცუდის მოლოდინში ისეთი დაზაფრული ვარ, დამიჯერეთ, მართლა საშინლად ვგრძნობ თავს.
– თემო, ბევრი ადამიანი, საუბრობს მსგავს შეგრძნებებზე, ამბობენ რომ გვირაბი გაიარეს, იმქვეყნად მოხვდნენ და ამის შემდეგ დაიწყეს მომავლის წინასწარ განჭვრეტა. შენ თუ გიმოგზაურია ასტრალში და გვირაბის ბოლოს შუქი თუ დაგინახავს?
– ვერ მოგატყუებთ, არც ასტრალში მიმოგზაურია და არც გვირაბის ბოლოს დამინახავს შუქი, მაგრამ ფაქტია, რაღაც უცნაური ხდება ჩემს თავს. თუმცა, ახლა რომ მახსენდება ბავშვობაში ნანახი სიზმარი, ბებიას ბიძაშვილის გარდაცვალების მომენტი, მგონი, მაშინ უნდა მემოგზაურა ასტრალში და იმქვეყნიურ ცხოვრებასაც გავცნობოდი. მართლა ვერ გეტყვით ზუსტად, რა მოხდა, რა ხდებოდა და რა ხდება ჩემს თავს, ფაქტია, შარში ვარ (იცინის). ნამდვილად არ მსიამოვნებს, ვიღაცის გარდაცვალების შემდეგ წინასწარ ვიცოდე ან შესაძლო საფრთხეს ვგრძნობდე. რომ მკითხეთ იმქვეყნად თუ გიმოგზაურიაო, გეტყვით, რომ ერთხელ, ადრე ვნახე საშინელი სიზმარი, და ვფიქრობ, ეს იმქვეყნიურ ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული. დღესაც სულ იმ სიზმარზე ვფიქრობ და გაურკვეველი შეგრძნება მეუფლება მისი გახსენების დროს. მოკლედ, ლაბირინთებში დავდიოდი, უამრავი ხალხი ირეოდა და ყველას შავი ანაფორა ეცვა. ზომბებივით დადიოდნენ. ზევით ცა ჩანდა, ახლოს მონასტერიც იდგა. ვიტანჯებოდი, დავდიოდი ამ ლაბირინთებში და გასასვლელს ვერ ვპოულობდი. რომ გამეღვიძა, სულ სველი ვიყავი, ოფლში ვცურავდი. „იზმენაში“ ჩავვარდი. სულ ვხუმრობ, იშვიათად ვნახულობ სიზმარს და რად გინდა? თუ ვნახე, ისიც უცნაური, საშინელი, გაურკვეველია და ყველაზე დიდ ადრენალინს ამ დროს გამოვყოფ-მეთქი.
– საკუთარ თავზე თუ გქონია წინასწარმეტყველური ხილვა, შეგრძნება ან სიზმარი თუ გინახავს და აგხდენია?
– როგორ არა. თვრამეტი წლის რომ ვხდებოდი, წინა ღამეს ვნახე ასეთი სიზმარი: სარკესთან ვიჯექი და თმას ვიჭრიდი. დილით დედას მოვუყევი და გადაირია, მე რატომ მომიყევი, ეგ ისეთი სიზმარია, წყლისთვის უნდა მოგეყოლა და გაგეტანებინაო. გამეღიმა, ვიფიქრე, დედა ამეტებს-მეთქი. საღამოს შევიკრიბეთ მეგობრები, რომ გადაგვეწყვიტა სად აღგვენიშნა ჩემი დაბადების დღე. ხუმრობით წავკინკლავდით, ეს სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა, ერთმა დანა „გააძრო“, მეორე დაჭრა და საავადმყოფოში კომაში მიიყვანეს. ძლივს შეძლეს ექიმებმა მისი გადარჩენა. პრაქტიკულად, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ჩემი სიზმარი რამდენიმე საათში ახდა.
– ამბობენ, თითქოს ტელეპათიურად შეგიძლია ადამიანებთან შორ მანძილზე ფიქრების და აზრების დონეზე კონტაქტი და საუბარი. ამაზე რას მეტყვი?
– ესეც მართალია და ამას ჩემი ძმა, რომა დაადასტურებს. ძალიან ხშირად, მე და რომა, დიდ მანძილზეც კი, ვახერხებდით ტელეპათიურ კონტაქტს. თუნდაც ათი მეტრის რადიუსის დაშორებით, შეგვეძლო, ერთმანეთისთვის შეგვეხედა და ფიქრებით გაგვება საუბარი, ისე რომ სხვებს ვერ გაეგოთ. მერე, რომ ვეკითხებოდით ერთმანეთს, ამ დროს რას გრძნობდი და რა ინფორმაციას იღებდი ჩემგანო, ზუსტად ემთხვეოდა. ფიქრისა და აზრის დონეზე, ხშირად მომხდარა ჩემსა და რომას შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა. ერთი-ორჯერ, ჩემს მეგობრებსაც მივუხვდი, რას ფიქრობდნენ და რომ ვუთხარი, შენ ახლა ეს გაიფიქრე-მეთქი, გადაირივნენ (იცინის). ტელეპათიურად აზრების კითხვის და ინფორმაციის შორ მანძილზე ფიქრის დონეზე გადაცემის ნიჭი ნამდვილად მაქვს. ვცდილობ ვიცხოვრო ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ. არც იმის სურვილი მაქვს, ისეთ ადამინთან მივიდე, ვინც ამ სფეროში სპეციალისტად ითვლება და რამე ვკითხო. მე ეს ნიჭი ბავშვობიდან მაქვს და ვცდილობ, ის ჩემს სიმღერასა და ნახატებში გადმოვცე, გამოვიყენო. მიყვარს სილამაზე და ღმერთს მადლობა, რომ სილამაზის აღქმის უნარიც მაქვს. ისე, თუ იმქვეყნიური განცდები და უცნაური შეგრძნებები ცოტა ხნით მაინც შემეშვება და მშვიდად ცხოვრების უფლებას მომცემს, ბედნიერი ვიქნები. მართლა საშინელებაა, როცა ამქვეყნად იმქვეყნიურ ამბებს იგებ, გრძნობ, ვინ როდის გარდაიცვლება, გეშინია ღამის კოშმარული ხილვა რეალობაში არ ახდეს და ასე შემდეგ. ისე, ინფორმაციას ზევიდან, თითქმის ყოველთვის ახლობელ ადამიანზე ვიღებ და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი საშინელებაა, როცა ამ ადამიანზე წინასწარ ხედავ ცუდს და იცი, რაც ელის.