რის გამო არის საშიში მამაკაცი ზაზა იაკაშვილი და რატომ ატარებს ქალი მთელ ცხოვრებას „ნიანგთან“
ქალების რომ არაჩვეულებრივად ესმის, ეს საუბრის დაწყებისთანავე შეეტყო. ზაზა იაკაშვილი ამბობს, რომ რაც კი თავის ცხოვრებაში გაუკეთებია, აკეთებს და მომავალში გააკეთებს, ყველაფრის ადრესატი ქალია. ქალი – დედა, ქალი – შვილი, ქალი – მეგობარი, ქალი – შეყვარებული და საერთოდ, ქალი... არსება, რომლის გამოც ღირს ყველა მამაკაცის ამქვეყნად მოსვლა. მსახიობმა საკმაოდ გულახდილად გაგვიმხილა ის პატარა საიდუმლოებები, რომლებიც მას ქალებთან ურთიერთობისას ეხმარება და რატომღაც მგონია, რომ ისინი ბევრ მამაკაცს წაადგება რჩევებად. მოდი, მოვუსმინოთ ზაზა იაკაშვილს, მან მოახერხა ისე შესულიყო „ქალის ტყავში“, რომ საკუთარიდან არც გამომძვრალა.
ზაზა იაკაშვილი: არის თუ არა ძნელი, იყო ქალი? – მე მგონი, ძნელი კი არა, სასიამოვნოა. კაცად ყოფნა, რა, ადვილია? ქალად გავჩნდებოდი თუ კაცად, ეს უზენაესის ნება იყო და რადგან კაცად დავიბადე, ალბათ, ეს იყო ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი. უფალმა უკეთ იცის, ვისთვის რა ჯობია. ამიტომ, მე კმაყოფილი უნდა ვიყო, რომ კაცი ვარ (იცინის).
– მამაკაცებისთვის უფრო ადვილი არ არის ცხოვრება?
– რა არის, იცი? ზოგ რამეში შეიძლება არის კიდეც ადვილი. გეთანხმები იმაში, რომ მამაკაცი უფრო თავისუფალია თავის არჩევანში. მაგრამ, თვითონ ცხოვრებაა ერთნაირად რთული ორივესთვის. ამიტომ, კაცს ყველაფერი თავისით მოსდის და ქალი წვალობსო, ვერ ვიტყვი ამას. კაცს თავისი ფუნქცია აქვს, ქალს – თავისი.
– მე ვგულისხმობ, რომ ქალი უფრო ხშირად იზღუდავს საკუთარ თავს, მისთვის უფრო მეტია აკრძალვებიც.
– მართალია. მით უმეტეს, საქართველოში მცხოვრები ქალისთვის და მიმაჩნია, რომ ეს ასეც უნდა იყოს. მამაკაცის მიერ გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი არ ჩანს. მაშინ, როცა ქალის მიერ იგივე საქციელი უარყოფითად აღიქმება. ქალს ბევრ საკითხში მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება და ეს ასეც უნდა იყოს. ამით ქალს კი არ ვაკნინებ, ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ, თვითონ ქალის არსში დევს სინაზე, მორჩილება, და კიდევ ბევრი ისეთი თვისება, რაც ამ ყველაფერს არეგულირებს. მით უმეტეს, რომ კაცსაც არანაკლები პასუხისმგებლობა მოეთხოვება. არ არის ისე მარტივად საქმე, როგორც ზოგს შეიძლება ეგონოს. ბევრიც უნდა იტვირთოს და რაც მთავარია, ქალს თავი არ უნდა მოაბეზროს. მამაკაცი არ აკეთებს არჩევანს. არჩევანს აკეთებს ქალი და ეს არის რეალობა. ან აგირჩევს, ან თუ არ აგირჩია, ამას უნდა შეეგუო. თუ ქალს არ უნდა, არაფერი არ მოხდება. ქალს რომ უნდოდა, იმიტომ მოხდა... (იცინის) რომ არ ნდომოდა, არც მოხდებოდა.
– არ გჯერათ იმის, რომ მამაკაცს შეუძლია ქალის ცდუნება?
– (იცინის) რაშია საქმე იცი, საკუთარი გამოცდილებიდან და სხვების მაგალითებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რაც წეღან ვთქვი – ქალი ირჩევს მამაკაცს. შეიძლება, ძალიან იწვალო და რაღაცას მიაღწიო, მაგრამ ეს მერე ძალიან ცუდად შემოგიბრუნდება. უმეტეს შემთხვევაში, არაფერი გამოგივა. ამიტომ, კაცს უნდა გეყოს იმდენი ჭკუა, ამას მიხვდე. თუ ხედავ, რომ არ უნდიხარ, იქ აღარ უნდა – შეტოპო. არ არის რა, პრობლემა... ქალები მამაკაცებზე მეტია რაოდენობრივად, ხვდები ხომ რისი თქმა მინდა... (იცინის) რა თქმა უნდა, ისეც ხდება, რომ დაინახავს კაცი ქალს და „გადაეკეტება“ გადაირევა და გაგიჟდება მასზე, მაგრამ ჯერ მე ასეთ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ და ამიტომაც ვლაპარაკობ მშვიდად. მეტისმეტად თავდაჯერებული არ უნდა იყო. ნურავინ დაიკვეხნის, ნურც ერთი მამაკაცი, რომ ქალს მისთვის – „არა“ არ უთქვამს. ასეთი მამაკაცი არ არსებობს. პირადად მე, ძალიან ბევრჯერ მომისმენია და ვერაფერს საგანგაშოს ამაში ვერ ვხედავ. – მე როგორ მითხრეს უარიო?! – რატომ არ უნდა ეთქვათ, ვინ ხარ, ასეთი? თვალისმომჭრელი კაციც რომ იყო, რა მოხდა, რომ არ უნდიხარ? ათასი მიზეზი შეიძლება, არსებობდეს ამისთვის და შეიძლება, მიზეზი საერთოდ არ არსებობდეს. არა და მორჩა. არ დაიქცევა ამით ქვეყანა. კაცმა უნდა იცოდე, რომ ყველასთვის კარგი და ყველასთვის საყვარელი ვერ იქნები, თორემ ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდები. მაგრამ, რა არის, იცი? მამაკაცი ბუნებით უფრო ისტერიკიანია, ვიდრე ქალი (იცინის). ჰო, აბა, იმიტომაც არის სუიციდი უფრო ხშირი მამაკაცებში. ქალი ტირის, ჭყივის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, გულამდე არ უშვებს. გადის ცოტა ხანი და გამოდარებული აქვს უკვე. უყურებ და გიკვირს, როგორ ახერხებს ამას. ამაში ქალები მამაკაცებზე გაცილებით ძლიერები არიან.
– როგორი მამაკაცები მოსწონთ ქალებს? ასე მგონია, რომ კარგად უნდა იცოდეთ, რა უნდა სუსტ სქესს.
– (იცინის) როგორი მოსწონთ და სერიოზული, თავდაჯერებული, მშვიდი, მხიარული, კარგი იუმორის გრძნობით.
– საიმედო და ერთგული...
– რა თქმა უნდა. ყურადღებიანი, ალერსიანი, მაგრამ ასეთი ანეკდოტიც არის: ქალი ჩებურაშკას ჰგავს. უყვარს ყურებით და ამის გამო, მთელ ცხოვრებას ნიანგთან ატარებსო (იცინის). ეს ხუმრობით. ისე კი, კაცებსაც ძალიან უყვართ ყურადღება. ქალებზე მეტადაც კი სიამოვნებთ. გაცილებით მეტად. შეიძლება არ იმჩნევდნენ ამას, მაგრამ ზედ გულზე ხვდებათ. აი, თუ შეაჩვევ ყურადღებას და მერე მოაკლებ, გიჟდებიან ეჭვიანობით. კაცი ბავშვივით არის. დიდი ბავშვია და რომელი კაციც ამას არ აღიარებს, ის შტერია.
– ქალებს ხშირად გვაბრალებენ, რომ ინტრიგებისკენ გვაქვს მიდრეკილება.
– სამწუხაროდ, ინტრიგები მამაკაცებსაც კარგად გამოსდით და ეს არის ყველაზე საშინელი, რაც კი შეიძლება, კაცმა გააკეთოს. ინტრიგანობა და ჭორიკნობა ისეთი არაკაცური რამეა, მე მართლა არ მეგონა, კაცებშიც თუ ხდებოდა ასეთი რამეები. კაცი არა ხარ, რა გალაპარაკებს. ვგიჟდები, ხოლმე. ქალს კიდევ უხდება ჭორაობა. ყოველ შემთხვევაში, გამაღიზიანებელი არ არის. მაგრამ, კაცი რომ ენას დაიგრძელებს, საზიზღრობაა. კაცი ხომ გაცილებით ინტელექტუალია და მეტი თავდაჭერილობა მართებს. ისე კი არ გამიგოთ, რომ ქალები არ არიან ჭკვიანები და ინტელექტუალები, მაგრამ მათ უფრო ინტუიცია აქვთ განვითარებული. შინაგანი ალღო აქვთ საოცარი. კაცს არ აქვს ასეთი ინტუიცია და ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, ქალის რჩევა ყურადსაღები და გასათვალისწინებელია. ჭკვიანმა კაცმა ეს იცის. მე ორი ქალიშვილი მყავს. უფროსი თხუთმეტი წლის არის, უმცროსი – თერთმეტის და მათ რჩევებსაც კი ვითვალისწინებ. ზოგჯერ ისეთ რამეზე მიმითითებენ და გაამახვილებენ ყურადღებას, მიკვირს. ქალი და კაცი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და ამიტომაც არის მათი ურთიერთობა საინტერესო და მიმზიდველი. ურთიერთობა კი შემდგარია, როცა ისინი ერთი მიმართულებით იხედებიან.
– ეს, როცა ქალი ცდილობს, იყუროს იქით საითაც მამაკაცი?
– კაცი არის ოჯახის თავი. ქალი კი მისი კისერი, ამ სიტყვის კარგი გაგებით. ეს უნდა იცოდეს ერთმაც და მეორემაც. ამაში არაფერია შეურაცხმყოფელი და როცა ქალი თმობს, მან უნდა იცოდეს, რომ ამ დათმობით ათჯერ მეტს იგებს. შეიძლება, ნაბიჯიც გადადგას უკან, რომ მერე ამ უკანდახევით ორი ნაბიჯით წინ წაიწიოს. მაგრამ, არიან ისეთი ქალები, რომლებიც ამას ვერ ხვდებიან და რაღაცის დამტკიცებას ცდილობენ. არ არსებობს გამარჯვებული ამ ორთაბრძოლაში. ქალმა თუ თავის ადგილი იცის და კაციც თავის ადგილზე დგას, მაშინ მათი ერთად ყოფნა გამოდის იდეალური.
– როცა ქალმა თავისი ადგილი არ იცის, ხომ არ არის ეს კაცის ბრალი?
– კაცის ბრალია, რა თქმა უნდა. ჯერ კაცი უნდა იდგეს თავის სიმაღლეზე და მერე მოითხოვოს ქალისგან, პატივი სცეს მის მამაკაცურ ღირსებას. ქალს თუ კაცის ტვირთი და პასუხისმგებლობა აქვს წამოკიდებული, ის ურთიერთობაშიც –იკაცებს“ და კაცს ეს აღარ უნდა გაუკვირდეს. მაგრამ ზოგი მამაკაცი შტერია.
– ადამიც ეგეთი შტერი იყო, შეჭამა ვაშლი და დავკარგეთ სამოთხე.
– (იცინის) აბა, ვის დაუჯერა და როგორ დაუჯერა. როგორ გაიარა ქალის ჭკუაზე.
– მას შემდეგ დადის და დადის კაცი ქალის ჭკუაზე...
– მაგაშია საქმე (იცინის), მაგრამ ქალსაც გააჩნია. თუ ის შენი გულშემატკივარია, თუ გვერდით გიდგას და ყველაფერში გეხმარება, მამაკაცებს იმდენი საზრუნავი გვაქვს, ქალის ხელის წახმარება, ძალიან დიდი სტიმულია და უნდა წაგახმაროს კიდეც, თუ ის მართლაც შენიანია.
– გისმენ და ვხვდები, რომ კარგი ქალი იქნებოდი.
– მე?! ვაიმე! მამაკაციც არ ვარ ცუდი და ძალიან მიხარია და მაწყობს, რომ კაცი ვარ. თუმცა, ქალების მოსმენა და მათი გაგებაც შემიძლია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანა და მარიამი მყავს, რომლებისთვისაც მარტო მამა კი არა, მეგობარიც ვარ. უნდა ვიცოდე ქალის ფსიქოლოგია, მათ რომ კარგად გავუგო. მამაკაცების გასაგონად ვიტყვი, ქალს არ სჭირდება ბევრი რამე იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. მხარი უნდა საიმედო, რომ მოგეყრდნოს და მოდუნდეს.
– ეჭვიანი მამა ხარ?
– არა, არანაირად. მე არ ვეჭვიანობ მათზე და ისინი არ ეჭვიანობენ ჩემზე. განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ძალიან ვმეგობრობთ და მათ იციან, რომ ჩემს ცხოვრებაში ჯერჯერობით, სერიოზული არაფერი ხდება.