რა განიცადა თეონა თავართქილაძემ მტკივნეულად და რატომ გახდა მისი ცხოვრება საგიჟეთი
ის ახერხებს იყოს ყოველთვის საინტერესო და უამრავი სიახლე შეიტანოს თბილისურ ცხოვრებაში. ცხელი მოდური გაზაფხულის შემდეგ, თეონა თავართქილაძე ისევ აქტიურად მუშაობს, უამრავი შეკვეთა აქვს და დატვირთული დღის შემდეგ ულამაზეს გარემოში, თავისივე კაფეში ცდილობს მეგობრების წრეში განტვირთვას. თეონას საქმეში წარმატებაზე ვესაუბრეთ – გრძნობს თუ არა ის თავს ბიზნესქალბატონად.
თეონა თავართქილაძე: თბილისის „ფეშენ-ვიქის“, მართლა ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. მონაწილეობა მიღებული მაქვს მოსკოვის „ფეშენ-ვიქზე“ და ვიცი, რა და როგორ ხდება იქ, ვიცნობ შიდა სამზარეულოს. მერწმუნეთ, ჩვენი კვირეული ორგანიზების თვალსაზრისით, არაფრით ჩამოუვარდებოდა, თუ არ ჯობდა კიდეც მოსკოვის მოდის კვირეულს. მართალია, კოლექცია ორ კვირაში მოვამზადეთ, მაგრამ იმდენი საორგანიზაციო საქმე მოგვშორდა, რომ მართლა ჩავეტიეთ დროში. ძალიან დიდი ფუფუნებაა, როდესაც შენს მაგივრად სხვა აგვარებს სცენის, დეკორაციისა და მსგავს ამბებს.
– როგორია თქვენი ქალი?
– ინსპირაციებსა და შთაგონებებზე ბევრი ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ჩვენ კოლექციას სახელს არასდროს ვარქმევთ და რაღაც ამბიდან გამომდინარე არ ვაკეთებთ. ერთი წერტილიდან არ გამოვდივართ. ეს იყო მინიმალიზმზე აწყობილი სილუეტი, ოთხკუთხედი ფორმა, მაგრამ როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად წასული ქალისკენ, დანაზებული. ფერებიდან გამოყენებული გვქონდა შავი, „ბეჟი“, ფერი ლაიტმოტივად ცისფერი და მწვანე გასდევდა. ერთად აღებული თითქოს ერთმანეთს არ უხდებოდა, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხეთ და ეს ორი ფერი ერთად გამოვიყენეთ, არც ზედმეტი სიჭრელე გამოვიდა და ძალიან ლამაზად დაჯდა. რაც შეეხება აქსესუარებს, მოვერცხლილი ლითონის ქამრები გვქონდა გამოყენებული და ჩანთები შავი და „რიჟა“ ტყავისა და ზამშესგან. ბოლო გამოსვლამ, რომელიც ცოტა ფუტურისტული გამოვიდა, თითქოს რაღაცნაირად შეკრა ყველაფერი და კოლექციას სახელი მისცა – გოგონები შავ კაბებში გამოვიდნენ, რომელთაც ცისფერი გეომეტრიული ფიგურები ჰქონდათ მკერდზე.
– ოთხკუთხედი ფორმით ქალურობა და სინაზე როგორ შეძელით შეგექმნათ?
– სამოსი ძალიან რბილი და ჰაეროვანი ქსოვილებით იყო შექმნილი, ამიტომ არ იდგა უხეშად, ვარდებოდა და შესაბამისად, რბილი და ქალური ხდებოდა. ამ მინიმალიზმში საკმაოდ რთული კონსტრუქცია იდო და ამიტომაც გამოვიდა ასე საინტერესო. მაგრამ, ახლა გვაქვს სრული საგიჟეთი. დაიწყო ბანკეტებისა და ქორწილების სეზონი, როდესაც ყველას კაბა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია შემოდგომა-ზამთრის იყო, ჩვენ მაინც გავითვალისწინეთ ეს მომენტი და ზამთრის თხელი პალტოებისა და თბილი პიჯაკების შიგნით ძალიან თხელი და ლამაზი კაბები შევქმენით. ამიტომ შიდა რაღაცეები სულ გაიყიდა, დაგვრჩა პალტოები და პიჯაკები. ეს ნორმალურიცაა. სეზონზე უკვე მათ შეიძენენ. უამრავი შეკვეთა გვაქვს, ასეთი საგიჟეთი დიდი ხანია არ გვქონია.
– პლუს ამას ემატება კაფეც.
– კი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ის დიდ დროს ითხოვს. ისე ავაწყვეთ ყველაფერი, რომ ჩემი აქ ყოფნა აუცილებელი არ არის, მაგრამ ძალიან მიყვარს აქაურობა და საღამოობით სულ ვცდილობ, მოვიდე, მეგობრები აქ მაინც ვნახო. რომ გითხრა, კაფე სერიოზული ბიზნესის დასაწყისიაო, მოგატყუებ. ეს იდეა საერთოდ არ ყოფილა. მოდის სახლთან, ჩვენ სფეროსთან ძალიან ახლოს არის კაფე. ამიტომ, კაფეს გახსნა ჩვენი მხრიდან არანაირი უცნაურობა არაა. სამ მენეჯერზე გვაქვს გადაბარებული კაფეს მიხედვა, რომ არა ეს, ალბათ, მთელი დღეები აქ მოგვიწევდა ყოფნა, რადგან თუ ბოლომდე არ ხარ ჩართული იმ საქმეში, რასაც აკეთებ, არ გამოდის. ერთი სიტყვით, აქ როგორც სტუმრები ისე მოვდივართ.
– ყოველთვის დაძაბულ რეჟიმში გიწევდა მუშაობა. საქმიან ქალებთან დაკავშირებით სულ დგას ეს საკითხი – საქმე თუ ოჯახი, რადგან წარმატება ყოველთვის ოჯახისთვის წართმეულ დროს მოაქვს.
– ახლა უკვე ისეთ სიტუაციაში ვარ, ვერც გაიგებ, ვინ ვის ართმევს დროს. ჩემი უფროსი შვილი ინგლისში სწავლობს და შესაბამისად, ჩემზე დაკავებულია (იცინის). იმ პერიოდს, როდესაც ჩამოდის არანაირ საქმეს არ ვამთხვევ, ყველაფერი გადადებული მაქვს და სულ ერთად ვართ. პატარა შვილიც ფეხბურთში ისეა ჩართული, სულ აღარ აინტერესებს, სხვა რა ხდება. ახლაც გერმანიაშია „ზბორებზე“ წასული. აქამდე ზუგდიდში ჰქონდა „ზბორები“... ანუ ისიც სულ წასულია, სულ თავის საქმეშია. რეზიკოსაც, რა თქმა უნდა, რთული რეჟიმი აქვს. ახლაც ესპანეთშია წასული სამსახურის საქმეზე. ყველას თავის საქმე აქვს.
– ძალიან რთულია ორი ბიჭის დედობა?
– მართლა ძალიან რთულია. ვერც ვიტყვი, ზუსტად როგორ უნდა მოახერხოს მშობელმა, ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც ამდენი ინფორმაციაა და ბავშვები გაცილებით უფრო დამოუკიდებლები არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით, შვილებთან სიახლოვის შენარჩუნება, ისე, რომ კონკრეტული მომენტები მხედველობიდან არ გამორჩეს. ყველაზე რთულია მშობლისთვის, არ გაეპაროს ის დრო, როდესაც მისი შვილი უკვე პატარა აღარ არის, არ არის ბავშვი და უკვე პიროვნებაა. შენ კი გგონია, რომ ის ჯერ კიდევ პატარაა, გინდა, შენს ჭკუაზე იაროს, მარტივად აძლევ შენიშვნებს და თან დარწმუნებული ხარ, რომ შენი ყველა შენიშვნა უნდა გაითვალისწინოს. ამ დროს მას გარდატეხის პერიოდი აქვს და მიაჩნია, რომ ყველაფერში მართალია. ამ პრობლემას უფროს შვილზე წავაწყდი და ამას უმცროსზე აუცილებლად გავითვალისწინებ. მეგონა, ისევ ჩემს ჭკუაზე უნდა ევლო, არადა მეკამათებოდა, რომ მან უკეთ იცის, რა სჭირდება. ვერ იტანენ შენიშვნის მიცემას.
– და როგორ მოგვარდა ეს კონფლიქტი?
– ჩემ თავში რაღაცნაირად გადავხარშე, რომ ის პატარა აღარაა. რეზი დაგვეხმარა ძალიან. ჩემი ფუნქციებიც საკუთარ თავზე აიღო. შენიშვნის მიცემა რომ მინდოდა, რეზის ვეუბნებოდი და რეზი უხსნიდა კაცურად. რაღაც ასე უფრო უსმენდა და ესმოდა მისი. იოლად იტანდა მისგან რჩევებს. ისიც დამეხმარა, რომ ინგლისში წავიდა, დამოუკიდებლობას მიეჩვია. თავიდან ძალიან გამიჭირდა ამასთან შეგუება, ბავშვი რომ წავიდა, მეგონა, ცხოვრება დამთავრდა. სულ რაღაც შიშებში და ფიქრებში ვიყავით, მაგრამ მერე ნელ-ნელა შევეგუე. ანუ, ისევ თემას რომ დავუბრუნდე, გეტყვით, რომ საერთოდ არ ვარ ის ადამიანი, ვინც კარიერაზე ფიქრობს. არც მაქვს ისეთი საქმე, სადაც დიდად განსაზღვრულია კარიერული საფეხურები და ამისკენ მივდივარ. არაფერი არ მოდის თავისით, რა თქმა უნდა. რასაც ვაკეთებ, იმაში კოლოსალურ შრომას ვდებ, თავისით ყველაფერი არ მოდის. მაგრამ, ეს არატიპური საქმიანობა, იმდენად შემოქმედებითია, რომ სულ მავსებს. ეს არის ფანტაზია, ეს არის სიამოვნება... ჩვენებაც რა არის?! პატიჟებ ადამიანებს იმისთვის, რომ მათ სილამაზე აჩვენო, დადებითად დამუხტო, კარგი მუსიკა მოისმინოს და კმაყოფილი წავიდეს. მთელი შრომის საფასურს იმ ერთ დღეში იღებ, როდესაც ჩვენებაზე კმაყოფილ სახეებს დაინახავ. მერე სადღაც წახვალ და შენს სამოსში გამოწყობილ გოგონას დაინახავ, რაც, ვერ აგიწერთ, ისე მიხარია. კი არ იყიდა და სახლში დაკიდა – უყვარს, მოსწონს, კარგად მოირგო და თავს კომფორტულად გრძნობს. უფრო სულიერი სიამოვნებაა ეს ყველაფერი, ვიდრე ფინანსებზე ორიენტირებული. ფინანსები იმისთვისაა საჭირო, რომ ეს საქმე არ გაჩერდეს და არ დაიხუროს.
– „ფეშენ-ვიქზე“ მოსულთა შორის სულ იყო საუბარი იმის შესახებ, რომ თეონა სულ უფრო და უფრო კარგად გამოიყურებაო.
– ვაიმე, დიდი მადლობა. რომ გითხრა, საკუთარ თავს ყურადღებას არ ვაქცევ-მეთქი, მოგატყუებ, ვცდილობ, ნორმალურად გამოვიყურებოდე. მაგრამ, არც ზედმეტი მჭირს. თავისუფალ დროს სალონშიც დავდივარ, მასაჟებსაც ვიკეთებ, კოსმეტიკის დონეზე ვუვლი თავს. ჯერჯერობით არ ვფიქრობ პლასტიკურ ქირურგიაზე. ისე, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მგონია, რომ მე ვერ გავიკეთებ. ვისაც უხდება, გადასარევია. არ ვიცი, თავს ვერ დავდებ, შეიძლება წლები გავიდეს, დამჭირდეს და არც ამაზე ვთქვა უარი.