კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ენაკვიმატი ცოლის მიერ შესამოწმებლად გამზადებული ქმარი, მუსიკოსი „პინგვინები“, პოპულარული „გაიშნიკი“ და საძინებლად გამზადებული ლიფტი


მომღერალი გია ჭირაქაძე იმ დროს დაიბადა, როცა ჯერ კიდევ ფაეტონი დადიოდა თბილისის ქუჩებში, სადაც კაცის სიტყვა ფასობდა, განსხვავებული გაგება, ურთიერთობა და სიტყვა-პასუხი ჭრიდა. როგორც ბატონი გია ამბობს, როცა დედამისი სამშობიაროში მიჰყავდათ, ფაეტონს თურმე ბორბალი გაძვრა. ამაზე თავად, ძალიან ხალისობს. მოკლედ, მისთვის თბილისი ის ადგილია, სადაც სიმღერა უხარია, უამრავი ნაცნობ-მეგობარი ჰყავს და ყველა მოგონება კარგ, განსხვავებულ განწყობაზე აყენებს.


პირდაღებული ოპერის მომღერლები და გოგი დოლიძის სუფრაზე წაყვანილი „სტოსი“

ერთხელ, ზურაბ ანჯაფარიძესთან ერთად სუფრასთან ვისხედით და ვქეიფობდით. გოგი დოლიძემ დაიწყო სიმღერა, ჩვენც ავყევით. ზურაბს ორი უცხოელი კოლეგა – ოპერის მომღერალი ახლდა თან. გოგის სუფრაზე „სტოსი“ მიჰყავდა. დაასრულებდა ერთ სიმღერას და წამოიწყებდა მეორეს. უსმინა, უსმინა ბიძინა კვერნაძემ, მერე ადგა, მიუახლოვდა ზურაბს და ყურში ჩასჩურჩულა: მაგ შენს სტუმარ კოლეგებს უთხარი, ა, ბატონო სიმღერა ამას ჰქვია, აბა ის არის სიმღერა, რომ დადგებით სცენაზე, დააღებთ პირს ამხელა კაცები და გაჰკივითო? ზურაბი გადაბჟირდა სიცილით. ჩააცივდნენ კოლეგები, რა გითხრა ამ კაცმა ასეთიო, მაგრამ ამას როგორ გაუმხელდა? ერთი კი უთხრა, ამ კაცის ნათქვამი რომ გაიგოთ, ნამდვილი თბილისური იუმორის უნდა გესმოდეთ და თუ ამ ქალაქში არ ხართ დაბადებულ-გაზრდილი, ისე ვერ გაიგებთო, გეწყინებათ და ამიტომ ვერ გავამხელო.

სახელგანთქმული „გაიშნიკი“ ერდემონი და ფულწაგლეჯილი პოპულარული მომღერალი

ერთხელ, მანქანით მივდიოდით მე და ჩემი მეუღლე. სააკაძის მოედანთან „გაიშნიკმა“ თავისი ჯოხი დააქნია და თან ჩამისტვინა, გააჩერეო. გავაჩერე, დავხიე უკან მანქანა. „იკარუსი“ ჰყავდა გაჩერებული და სანამ იმის მძღოლს ესაუბრებოდა, კარგა ხანს ვუცადე. როგორც იქნა, მოვიდა. მკითხა, რატომ არ გააჩერეო. ვუთხარი, გავაჩერე ბატონო-მეთქი. რატომ არ დამიძახეო, – ვუთხარი, „იკარუსის“ მძღოლს ესაუბრებოდით და გელოდებოდით-მეთქი. სად იყო „იკარუსიო“... მოკლედ, შარზე იყო. მაშინ „გაიშნიკებს“ მკერდზე ეწერათ სახელი და გვარი. ამოვიკითხე: ერდემონ მორგოშია. ნამეტანი უცხვირპირო კაცი იყო. მეჯუჯღუნა, ვერ აღმომიჩინა დარღვევა, მაგრამ ფული მაინც გადამახდევინა და ისე გამიშვა. კი გამიკვირდა, ამ ქალაქში ყველა მცნობს და ეს კაცი რანაირი ქალაქელია, რომ უმიზეზოდ ამიშარდა-მეთქი. გავიდა რამდენიმე დღე. ისევ იმ ადგილას გავიარე და ისევ იმ „გაიშნიკმა“ გამაჩერა. მასთან ერთად სხვა „გაიშნიკებიც“ იყვნენ. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი. მესმის, კოლეგები ეუბნებიან: კაცო, არ იცი, ვინ უნდა გააჩერო და ვინ არაო. ესეც უკან არ იხევდა: ვითომ ეს რატომ არ უნდა გავაჩეროო. გამწარდნენ „პაგონებიანი“ ბიჭები და ეცნენ: კაცო, ნუ გადაგვრიე, შენ, ვერ იცანი, ვინ არისო? მისი სახელი და გვარი ამოკითხული და დამახსოვრებული მქონდა პირველი შეხვედრის დროს. მივუახლოვდი და ხმამაღლა ვუთხარი: მე ყველა მცნობს ამ ქალაქში ენდემონ მორგოშიას გარდა, მაგრამ სამაგიეროდ, ის ისეთი პოპულარულია, რომ მე არც ერთი „გაიშნიკის“ სახელი და გვარი არ ვიცი, ერდემონ მორგოშიას გარდა-მეთქი. გაიბადრა. ესიამოვნა. მოვბრუნდი და წამოვედი. ჩავჯექი მანქანაში და ვიფიქრე, მაშინ წახდა ჩვენი საქმე, ამ ქალაქში ერდემონ მორგოშიები რომ პოპულარობენ და ქართულ სიმღერას ფასი აღარ აქვს-მეთქი.

წიხლქვეშ გაგდებული ქალი და არათბილისური დარტყმა

ერთხელ, ვაკეში, შეყვარებულ გოგონასთან ერთად მოვდიოდი. მე ამ გოგოს ვეპრანჭები, თავს ვაწონებ, ვუხსნი, რომ კაცმა ქალის გამო თავი უნდა გასწირო, რომ მას უნდა გაუფრთხილდე, ხელისგულზე ატარო, ეთაყვანო და... გავიხედე ვიღაც ბიჭს წიხლქვეშ ჰყავს გაგდებული გოგონა და რაც ძალი და ღონე აქვს, გამეტებით ურტყამს. ვერ მოვითმინე, ვეცი იმ ბიჭს და მაგარი მოვდე. ძირს რომ დაეცა, ხელი დავუჭირე და ვუთხარი, აზრზე მოდი, რას აკეთებ-მეთქი. მიპასუხა, ნუ მიჭერ ხელს, არ დაგარტყამ, ქალთან ერთად ხარო. გადავირიე და კიდევ ერთი მოვდე: შე, კაი კაცო, ამდენი თუ გესმის, რომ ქალთან ერთად არ შეიძლება მუშტზე ყურება, ეს ქალი რომ გაგიგდია და ურტყამ, ნამუსი არ გაქვს? თბილისელი მაინც არ ხარ? არ იცი, რომ ამ ქალაქში ასეთი რამეები არ მოსულა ძმაო, აზრზე მოდი-მეთქი. დაფიქრდა. ამომხედა და ჩუმად მითხრა, მართალი კი ხარ, მაგრამ კაცის ბუნება ხომ იცი, თან საყვარელ ქალსაც ხომ გააჩნია, ამ ურთიერთობაში თბილისელობა და კაი ბიჭობა არ ჭრისო.

საძინებლად გამზადებული ლიფტი

ერთი ოჯახი ძველ თბილისურ ეზოში ცხოვრობდა. კომუნისტების დროს ახალი ბინა მისცეს მრავალსართულიან კორპუსში და იქ გადავიდნენ საცხოვრებლად. ცოლ-ქმარი დილიდან საღამომდე მუშაობდა და ამიტომ, კარგად არ იცნობდნენ მეზობლებს. მათი შვილი კი მეტად უსაქმური ვინმე იყო. თუმცა, გარეგნულად სიმპათიური გახლდათ და არც მშობლების ფულით „გულავი“ აკლდა. ერთადერთი ვაჟი ჰყავდათ და მეტი რა გზა ჰქონდათ, ანებივრებდნენ როგორც შეეძლოთ. მოკლედ, ამ ბიჭს, გოგონები ეხვეოდნენ და ოთხ წელიწადში სამი ცოლი გამოიცვალა. ერთ დღესაც, დედამისი ისვენებდა და გადაწყვიტა სახლი ძირფესვიანად დაელაგებინა. მიჰყვა, მიჰყვა და სახლი რომ დააწკრიალა, სადარბაზოს დაუარა. ლიფტთან რომ მივიდა ცოცხით, უცბად კარი გაიღო და კარის მეზობელი გამოვიდა. გაუკვირდა, მაპატიეთ, მაგრამ, პირველად გხედავთ სადარბაზოში ცოცხით ხელში, ხომ მშვიდობააო. ამანაც არ დააყოვნა პასუხი: რა ვიცი, შემოგევლე, იმდენჯერ მოიყვანა ჩემმა ბიჭმა ცოლი, ყველამ რომ წილი მოითხოვოს ჩვენი ბინიდან, ჩემი ადგილი აღარ რჩება და უბინაოდ დარჩენას, აგერ ლიფტს გამოვასუფთავებ, ღამე მაინც არავინ სარგებლობს, მოვაწყობ და დავიძინებ, არც ჩემი ქმრის ხვრინვა შემაწუხებს და არც ყოფილი რძლების წუწუნიო.

ბიძინა კვერნაძის მუსიკოსი „პინგვინები“ და „ტოჩკაში“ მოხვედრილი მუსიკა

ერთხელ, ხუთი-ექვსი ბიჭი შევიკრიბეთ სუფრასთან და ბიძინა კვერნაძე დავნიშნეთ თამადად. დალევის და ქეიფის ეშხში რომ შევედით, უცბად ბიძინა წამოდგა და თქვა, მაპატიეთ, კონსერვატორიაში პინგვინები მელოდებიან, ლექცია მაქვს ჩასატარებელი, მეჩქარება და უნდა გავიდეო. დაგვაინტერესა და ვკითხეთ: თუ კაცი ხარ აგვიხსენი, როგორ ასწავლი მაგ შენ პინგვინებს მუსიკის წერასო. გაეცინა და გვიპასუხა: კლავიატურას ვაჩვენებ, მერე ვეუბნები, აბა ჩემო პინგვინებო, დაუყევით მარჯვნიდან მარცხნივ კლავიშებს, მერე პირიქით და ბოლოს „ტოჩკაში“ მოარტყით. მუსიკაც დაიწერება. აბა სხვანაირად როგორ ავუხსნა, კონსერვატორიაში კი შემოძვრნენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს „პინგვინები“ არიან, მეტი რა მოვთხოვოო.

ტყეში „გატყუებული“ ნოდარ დუმბაძე

მწერალთა კავშირში მუშაობდა ერთი კაცი. თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დაბადების დღეზე, მშობლებმა რაიონიდან გამოუგზავნეს გამზადებული პურმარილი. იფიქრა ამ კაცმა, ნაქირავებ, პატარა სახლში ვერ დავტევ სტუმრებსო და გადაწყვიტა ქალაქგარეთ, ბუნებაში დაეპატიჟებინა კოლეგები. მოკლედ, წავიდნენ, მდელოზე გაშალეს სუფრა და ჩამოსხდნენ. იქვე გადიოდა მატარებლის ლიანდაგიც. თავად იუბილარმა თამადად ნოდარ დუმბაძე დანიშნა. ნოდარმა აიღო ღვინით სავსე ჭიქა და დაიწყო: ამ ჭიქით, მე მინდა... და უცბად, მატარებელმა გაიგრიხინა. ნოდარის ხმა გადაფარა. დაიცადა ნოდარმა სანამ მატარებელმა გაიარა, ისევ ასწია ჭიქა და რომ დაიწყო: ამ ჭიქით მე მინდა, ვადღეგრძელოო... ისევ ჩამოიგრიხინა მატარებელმა, ოღონდ საპირისპიროდ მომავალმა. მესამედ რომ აიღო ჭიქა და შორიდან გაიგო მატარებლის ხმა, მიუბრუნდა იუბილარს და უთხრა: რა დაგიშავე, შე, კაი ადამიანო, კაცია მაუნჯაძესავით რომ გამომიტყუე ამ ტყეში და „რეიცაზე“ დამადებინე თავიო.

ენაკვიმატი ცოლი და ქალის შესამოწმებლად გამზადებული ქმარი

თბილისში, ერთი ცნობილი ოჯახი ცხოვრობდა. ნამდვილი კოლორიტები იყვნენ. დიასახლისი, მოკრძალებული, ჩვეულებრივი შესახედაობის ქალი გახლდათ, მაგრამ კარგი ოჯახიშვილი, განათლებული და მოწესრიგებული. თუმცა, ძალიან ენაკვიმატი ვინმე იყო. ერთ დღესაც, ოჯახის უფროსი – თანამდებობის კაცი, ბევრი ჭკუას რომ ეკითხებოდა. სახლში დროზე ადრე დაბრუნდა. სანამ ცოლი მაგიდას გაშლიდა, წყალი გადაივლო და ცოლს სთხოვა, ახალი გარეცხილი და გაუთოებული პერანგი მინდაო. ცოლს გაუკვირდა, ახლა არ მოხვედი და სადღა უნდა წახვიდეო. იმანაც უპასუხა: სად უნდა წავიდე და ჩემს ახლობელ ბიჭს შეყვარებული ჰყავს, ცოლად აპირებს მის შერთვას, რესტორანში დაგვპატიჟა მე და ის გოგონა, მთხოვა, შევამოწმო თუ გამოდგება ოჯახშიო. ხომ იცი, ჩემს სიტყვას წონა აქვს, დავაკვირდები, როგორი გარეგნობისაა, როგორი ქცევის, სიტყვა-პასუხის და მოკლედ, მის სანახავად მივდივარ, დაბლა მანქანაში მელოდებაო. უცებ, ცოლმა ხელები გაშალა და უთხრა: ეგ შენი ნაცნობი აქ ამოიყვანე, ჩემი თავი გააცანი, კარგად დამაკვირდეს და მერე ვნახოთ თუ წაგიყვანს საცოლის შესამოწმებლად და თუღა გენდობა გემოვნებაშიო.

ავტობუსის მძღოლის შერცხვენილი კაცობრიობის „გადმონაშთები“

თბილისში ყველა ეროვნების ხალხი, ერთმანეთს პატივს სცემდა. უბატონოდ სიტყვას არ ეტყოდნენ ერთმანეთს. ყველა თავის საქმეს აკეთებდა და განურჩევლად ეროვნებისა, ყველა ერთნაირად ფასდებოდა. თბილისში ერთი ძველი ავტობუსი დადიოდა, რომელსაც მხარბეჭიანი, სომეხი სტასიკა მართავდა. მისი მარშრუტი ასეთი იყო – კოლმეურნეობის მოედნიდან, სადაც ბაზარი იყო და სულ პროდუქტით დატვირთული ხალხი ირეოდა, ისინი უნდა ჩაესვა და აეყვანა სოლოლაკში. მოკლედ, მისი ძირითადი მგზავრები სოფლის ნობათით დატვირთული, გადაღლილი და სახეგაწამებული ქალბატონები იყვნენ. რუსთაველისა და სოლოლაკის კაი ბიჭების ბირჟა ერთ-ერთ სანაყინესთან იყო, სადაც ამ ავტობუსს უნდა გაევლო და ერთ-ერთი გაჩერებაც სწორედ ამ ადგილას ჰქონდა. მოკლედ, აიბარგნენ ქალები და დაიძრა ავტობუსი. ამ ბირჟასთან რომ გაჩერდნენ, აცვივდნენ „ბირჟავიკი“ ბიჭები, ატეხეს აყალ-მაყალი, ერთი ამბავი, იხმაურეს, ცუდად მოიქცნენ და შემდეგ გაჩერებაზე ჩამოვიდნენ. ამ ცოტა ხანში, ქალები აღშფოთდნენ მათი ქცევით. მანამდე ხმის ამოღება ვერ გაბედეს და რომ ჩავიდნენ, მერე აქოთქოთდნენ: უმსგავსოები, უტიფრები, საზიზღრები, გაუზრდელები... მძღოლი მშვიდად ზის და „რულს ატრიალებს“. მის სიმშვიდეზე სულ გადაირივნენ და იმ ბიჭებზე გაბრაზებულები, მას დაეტაკნენ: რატომ არ მოსთხოვე პასუხი, ამ უმსგავსოებს, ხმა ვერ ამოიღეო? უცებ, გააჩერა მძღოლმა ავტობუსი, მოხედა ქალებს და დამტვრეული ქართულით უპასუხათ: „მაგას ვინ არის, რომ მე ვინ უნდა ვარ, რომ მე ჩემი ყურადღება მაგათ მივცე, მაგათი კაცობრიობაც შავარცხვინეო.“


скачать dle 11.3