კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიმინალური საუბრები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹9-21(491)


აჰა, როგორც იქნა, გათენდა. არასდროს დავკვირვებივარ, თურმე რა გვიან თენდება ზღვაზე. საათს ვუყურებ. გათენდა, არადა, მზე არ ჩანს მოწმენდილ ცაზე. სახლის უკან გავიხედე, საიდან კიოდნენ-მეთქი ტურები და გავოცდი – პატარა მთა იყო წაწვეტებული თავით და ისე სხვანაირად გაბრწყინებულიყო იქაურობა, კინაღამ შიშმა დამრია ხელი. მთა შავად ჩანდა, ანუ არ ჩანდა, რადგან მის უკან ამოდიოდა მზე. აუ, რა ლამაზი იყო...

– ჩეფირი არ დავლიოთ?

– დავადგმევინე უკვე. დიასახლისი ხაჭაპურს აცხობს, დავაყუმბაროთ და ამასობაში შენი სულოც გაიჩითება.

– რა უგემური წყალია, არა?

– მაგარი.

– ეტყობა, ზღვის წყალს მარილს აცლიან, ფილტრავენ და იმას უშვებენ მილებში, – გამოთქვა ვარაუდი გიუშამ.

– ჰო, იმ გამოცლილი მარილით კიდევ „კილკას“ ამარილებენ... კარგ გუნებაზე ხარ, აი!

– ჰო, კარგ გუნებაზე ვარ, ცოტა ხანში შენც კარგ გუნებაზე დადგები.

– გაფიცებ! შენ ისე საეჭვოდ გეღიმება, ასიანი დაბოლილი ხარ...

– ჰო, გუშინ რომ პატარა ბიჭი გაიჩითა, „სპასატელი“, რაღაცაზე იყო შემოსული ეზოში და დამპატიჟა... აჰა!

– ე, აქ პლანის მეტი რა არის...

– ცოტა ხანში გადმოვალო... ეს დამპალი წყალი ჩეფირს სხვა გემოს არ მისცემს? – ისევ წყალს წუხს გიუშა.

– ჩაი გადაძალავს.

ფისუნია გამახსენდა. ნეტავ რას აკეთებს ახლა, მას ხომ ლოგინში გორაობა არ უყვარს, ფეხზე იქნება უკვე. წყალმა გამახსენა ფისო თუ ჩაის ხსენებამ?

ჭირივით სძულდა ჩეფირის და ყავის დანახვა, სულ იმაზე მეწიკვინებოდა, ამ ოხერს რომ დალევ, ჭიქას წყალი მაინც გამოავლე და ნიჟარაშიც წყალი მოავლე, გაყვითლდა ყველაფერიო. შევისმინე? – არა. რას მთხოვდა შეუძლებელს, მაგრამ არა, არ შევუშვი თავში. რამდენი რამე მაგონდება, მაგრამ რა ვქნა, მაინც სულ ფისოს ვამტყუნებ. დილით შვიდ საათზე, უკვე რომ აღარ მეძინებოდა, მინდოდა, ისიც ამდგარიყო. გოგო-მეთქი, ადექი რა, გამისწორე, მე წავალ და მერე იძინე, რამდენიც გინდა. ფისო ჭკუიდან გადადიოდა, როცა მეძინება, მაშინ მეძინება, შეკვეთით როგორ დავიძინოო. ამას მე უყურადღებობაში ვუთვლიდი, ის ეგოისტობაში მითვლიდა. ერთი „მე“ მეუბნებოდა, გოგო მართალიაო, მეორე ხიპიშობდა – შენ ხარ მართალი, ქალი უნდა ადგეს და გააცილოს ქმარიო. იმდენს ეკაჩავებოდნენ ერთმანეთს ეს „მეები,“ რომ ახლა აქ ვარ, სადღაც, ვიღაც სულეიმანს ველოდები..

– აუ, რა დამპალი წყალია, ერთი ყლუპი მოვსვი და ლამის ამოვასხი უკან, – ისევ წყალს გლოვობს გიუშა.

კაი პლანია, აი, ფიქრებში წამიყვანა...

– ფისო, ეს ნელ-თბილი წყალი რომ მომიტანე, ცივი გენანება? – შევუღრინე ერთ დღეს ფისოს.

– ჯერ ვერ გააცივა მაცივარმა და რა ვქნა?

– აუ, როდინდელია, ვინ იცის, – ვშარობ მე, თორემ რა როდინდელია, ნახევარი საათის წინ შედგა მაცივარში.

– ნუ ხარ შარზე! – მიმიხვდა ფისო.

– თბილია.

– ერთ ზაფხულს თუშეთში ვარ, ომალოში. ცხელა, მაგრამ რას ცხელა, იწვის მთა. ხომ წარმოგიდგენია, რა სიცხეა ბარში, როცა 3 000 მეტრის სიმაღლეზე ასეთი ამბავია. სოფელში წყარო დაშრა, არადა, წყალი ხომ გვინდა. წავედით ომალოს ბოსლიდან ხიბრეტ...

– რა ენაზე ამეტყველდი ფისო, თუშურად?

– ვა, ნეტავ სწორად როგორ უნდა ვთქვა? მოკლედ, ხიბრეტი ადგილია ომალოს აეროდრომის ქვემოთ. ბოსელი გომური არ გეგონოს, უბრალოდ ასე ქვია.

– ჩემ გაგებაში რაღაც დავხაზე და წარმოვიდგინე.

– ხიბრეტში წავედი ან ხიბრეტზე წავედიო ვერ იტყვი, არც ერთი თანდებული არ ესადაგება. არ ვიცი, ვერ ვუთავსებ. ხიბრეტ წავედით და მორჩა. გზად ერთი მოხუცი ცხოვრობდა, ასე ოთხმოც წლამდე იქნებოდა. ვიცოდით, მომკითხავი არავინ ჰყავდა და ჩვენ მივადექით:

– ფორე პაპა, წყალზე მივდივართ და რამე ჭურჭელი მოგვეცით, თქვენც მოგიტანთ, – ვუთხარით პაპას. მოხუცმა ხელით მოიჩრდილა და ტკბილად იუარა, არ მინდა, მაქვსო. გავბრუნდით და ფორე პაპას მოძახილიც მოგვესმა, გაზაფხულის პირზე თოვლი ავიღე თუნგებით და ჯერაც არ გამომლევიაო. ხომ წარმოგიდგენია, რამდენი ხნის ნადგომი წყალი იქნებოდა. გამაჟრჟოლა. წარმოვიდგინე აპკმოკიდებული, დამყაყებული წყალი. „ფორე პაპა, ეგ წყალი ხომ აღარ ივარგებს, გაფუჭებული იქნება!“ – გავძახე პაპას. მოხუცმა ღიმილით მიპასუხა, რა გააფუჭებდა თუნგებში, პირიქით, ძალიან კარგი, მოტკბო გემო აქვსო. შენ კიდევ გაშოტილხარ აქ და ორი წუთის წინ აღებულ წყალს მიწუნებ! – დამტუქსა ფისომ.

– ფისო, გაფიცებ, თუნგი რა ჭურჭელია?

– სპილენძის დიდპირიანი დოქია რა, ხელით აკეთებდნენ. პაპაჩემს შამილის ნაქონი თუნგი ჰქონდა. რამდენი ვეძებეთ და ვეღარ ვნახეთ. აზრზე ხარ, რა მაგარი ნივთი მექნებოდა? მახსოვს, რაღაც აღნიშვნები იყო თუნგზე იმის დამადასტურებელი, რომ ნამდვილად შამილის იყო. რომ იცოდე, იმ ფორე პაპამ ასოც წელიწადს იცოცხლა...

ფისოსი არ იყოს, გააჭირა გიუშამ ამ წყლის ძაგებით საქმე!

– ვიღაც იძახის თუ მომესმა?

– ისაა, ის პატარა ბიჭი, ავთო მქვიაო, ეგრე მახსოვს. ოღონდ მარტო არაა...

– მერე რა!

– მოდი ავთო, მოდი!

რამდენად არ ვიცნობთ ერთმანეთს სხვადასხვა კუთხის შვილები. ერთ ნაწილს რატომღაც მეგრელები არ ეხატება გულზე, ვიღაცას კახელები, ვიღაცას სვანები. რა არის ეს, რას ჰგავს, ვინ ჩალიჩობს ამას? ჩათლახი და გოთვერანი ყველგანაა, მაგრამ ერთმანეთის მოთხრა შემთხვევითი ამბავი არ მგონია, ეს უფრო გამიზნული საქმეა. ერთი პირი რომ არ ჰქონდეს საქართველოს, ვიღაც ძალიან ჭკვიანს ძალიან მაგრად აქვს დახაზული სვლები...

– როგორია?

– ბომბაა...

– სამი წლის წინათ თბილისელი ბიჭები ისვენებდნენ. რაღაცნაირად დავახლოვდით, ერთად ვბოლდებოდით. გავიხედე და ჩემი მეზობელი მეძახის, რომ მოიცალო, ჩემთან ჩამოდი სამსახურშიო. გამიკვირდა. კაცი მილიციაში მუშაობს, იქ რას მიბარებს, აქ ვერ მეტყვის-მეთქი? მოცლა რა, ვზივარ პლაჟზე და ზღვას ვუყურებ, ვინმე არ ჩაიხრჩოს. ბიჭებს დავუბარე, მალე მოვალ-მეთქი და წავედი. თურმე იმ ბიჭებიდან ერთ-ერთ ნაბიჭვარს, თავისი ჭკუით, ჩავუშვივარ. მე რა, ბარიგა ხომ არ ვარ, პატივისცემას გამოვხატავდი, უნდოდათ და ვაბოლებდი, – ერთგვარი საყვედურით თქვა ავთომ.

– არიან ეგეთებიც, მაგრამ რას იზამ, უმადური ხალხის მეტი რა არის, – წაეშველა მეორე და თავი დააკანტურა.

– უმადურობა კიდევ სხვაა... ოთხი ადამიანი მყავს გადარჩენილი, მაგრამ მერე რა, ღმერთმა არავის გაუჭირვოს, თორემ თავს არ დავზოგავ. ადამიანს რომ სიკვდილს გამოსტაცებ და მერე იმას ფეხზე დამდგარს, გაცინებულს დაინახავ, ამაზე კარგი გრძნობა არ არსებობს. უყურებ და გიხარია, ასე გგონია, შენ აჩუქე სიცოცხლე. იმ ოთხიდან სამს მადლობაც არ უთქვამს, თითქოს სწყენია კიდეც, ეს რა ვალი დამედოო. აი, მეოთხე, დამა ქალი, ყოველ წელს ჩამოდის, პურ-მარილს შლის, ცხვარს კლავს, სულ „შვილო, ავთო“ და „ჩემი გადამრჩენელი“ აკერია პირზე. კარგი ქალია, სერიოზული, მაგრამ მადლიერებას პატარა ბავშვივით ალალად და დაუფარავად გამოხატავს, მე კიდევ მიხარია. არც მე და არც არავინ, ვინც სხვის საშველად ნაბიჯს დგამს, ერთი წამით არ ფიქრობს, რომ ახლა ამას გადავარჩენ და მერე სასახლეს დამიდგამსო. ეს ისეთი მომენტია, როცა უცნობი ადამიანისთვის რაღაც პროცენტით აშკარად თავს სწირავ, მაგრამ სრულიად უანგაროდ. ეს თავგანწირვა სულაც არ მაკვირვებს, მე ის მიკვირს, სიკვდილს გადარჩენილი კაცი მადლობას რომ არ გეტყვის. მადლობის თქმას რა უდგას წინ... – გულისტკენა არ დამალა ავთომ.

– მაგი რაა... ამასწინებზე ზღვის ნაპირზე გავედი, მაინტერესებდა, სათევზაო დარი თუ იყო. კეფალი გეყვარებათ თქვენც, მოგართმევთ პატარა ხანში. საღამოს პირი იყო. გავყურებ ზღვას ჰორიზონტის მიმართულებით და ვხედავ, რაღაც ტივტივებს. დავაკვირდი კარგად, მარა ვერ ვარჩევ, რაა. კი ეტყობა კუნძი რომ არაა, მაგრამ არც ადამიანს ჰგავს. ცოტა კი გრილოდა, მაგრამ მაინც არ მომითმინა გულმა, გავიძრე ტანზე და შევცურდი. მივედი ახლოს და კაცია თურმე, პირქვედამხობილი, ზედ აცვია ყველაფერი. პალტო თუ რაღაც ეცვა და მედუზასავით ჰქონდა გაშლილი ირგვლივ, იმიტომ ვერ მოვედი აზრზე, რა იყო. ვტაცე ხელი და ძლივს გამოვათრიე ნაპირზე. სხვასაც დავუძახე, მოვასულიერეთ წვალებით და ჩემი მეზობელი არ აღმოჩნდა? სომეხი კაცია, ის არ ყოფილა? პატივისცემა არა, ის კიდევ... ისეთი მთვრალი ყოფილა, ისიც არ იცოდა, რატომ შევიდა შარვალ-კოსტუმიანი და პალტოთი წყალში. აბა, ასეა ბიძიებო, – დააბოლოვა ჰუსეინ ძიამ და მესამე ტარიანის შეკეთება დაიწყო.

– ჰუსეინ ძია, რა ხნის იქნებით ახლა? – დაინტერესდა გიუშა.

– 78-ის გავხდი გაზაფხულს.

– კარგად გამოიყურებით.

– რა მიჭირს, ადრე უკეთ გამოვიყურებოდი.

– მამა, ძროხები გავდენო? – საიდანღაც მოისმა ჰუსეინის ბიჭის ხმა.

– ჭკუა აქვჩ ახლა ამხელა კაცს?! – მოგვიტრიალდა ჩვენ, – პაპიროსს მაგი არ სწევს და ქალებში მაგი არ დაიარება, რა უნდა ნეტავი?

გიუშა წამოდგა და რაც შეეძლო, თავშეკავებულად გავიდა გარეთ, მაგრამ მე მივხვდი, რომ გავარდნას არაფერი ერჩივნა. ისეთი გულდაწყვეტილი ინტონაციით თქვა მოხუცმა თავისი გულისნადები, რომ დაბოლილი გიუშასთვის ნამეტანი სამხიარულო მასალა იყო. რატომღაც ჰუსეინის მუხლებზე დადებული ხელებისკენ გამექცა თვალი. ტანად ჩემი ბადურიკასავით გალეული იყო, მაგრამ ხმა ჰქონდა და ხელის მტევნები, იფიქრებდი, ამათი პატრონი, სულ ცოტა, ორი მეტრი სიმაღლის მოსული მამაკაცი იქნებაო. ხელის მტევნებზე სამგუმბათიანი ეკლესია ჰქონდა ამოსვირინგებული. დახე ჰუსეინას?! ეს სალდაფონი გიუშა სიცილის შესაკავებლად გავარდა, ჰუსეინი კი ზის აქ და ღრმა ნაფაზს აგზავნის სამსუდიმოსტიან ჯანში...

– ჰუსეინ ბატონო, შრომობს კაცი, – სიტყვა შეაწია ჰუსეინის ბიჭს ლონგომ.

რა სახელს აღარ გაიგებ კაცი, ეს ლონგო ვინღაა ნეტავ საბუთებში?

– ლონგინოზ, ბიძია, შენ მიხედე შენს საქმეს, – მიუგო ჰუსეინმა მშვიდად, მაგრამ მტკიცედ.

ლონგინოზი გაიტრუნა. ავთომ გიუშა მოიკითხა და სასხვათაშორისოდ ჰკითხა ჩასვრილი ბავშვივით გატრუნულ ლონგინოზას:

– ლონგი, თავი მოგირჩა თუ გტკივა კიდევ?

– თავი თუ მაბია, ისიც არ ვიცი... რა ვდნიყე, ბიჯო, ქვას?!

ოთახში ფეხშემოდგმული გიუშა ისევ გარეთ გავარდა.

– რას დაიარება იგი ყმაწვილი ასე უმისამართოდ, ვერ მეტყვით? – დაინტერესდა ჰუსეინი და გაუპარსავ ლოყებზე მოისვა ხელი.

– იცის მასე ამან, – ტარიანი გადააწოდა ავთომ ლონგოს.

– კი, იცის... უნდა იცინოთ, ბიძიებო, მაგრამ იგიც უნდა იცოდეთ, რაა სასაცილო, – თვალები მილულა ჰუსეინმა.

– რა თხლიშა ქვას თავი, დავწყდით კინაღამ სიცილით, – წამოიწყო ავთომ.

ღადაობის ხასიათზე ვართ ყველა, თვით ჰუსეინიც, მაგრამ ყველა თავისებურად ამჟღავნებს. ავთო მსმენელს ითხოვს, ლაყბობის დილიხორშია. ამ დაბოლილმა „სპასატელებმა“ როგორ უნდა გადაარჩინონ ხალხი...

– ავთო, ლაყაფი გინდა, დავაი, მოყევი, როგორ თხლიშა თავი ქვას...

– ავთომ რა იცის, – გააპროტესტა ლონგინოზამ.

– მაშინ შენ მოყევი, ბიძია! – ძლივს გასაგონად უთხრა ჰუსეინმა.

– ე, ბიჯო, უკვე საღამოვდებოდა, ბოლო წრეზე მიმყავდა ხალხი კატერზე გამობმული „ბანანით“, მაშველ ჟილეტებს იცვამდნენ უკვე. მოვიდა გაპრანჭული გოგო და მეუბნება, ჩემი დაქალი შევიდა ზღვაში კარგა ხანია, ვიყურები და არ ჩანს, ჩაგიჯდები კატერში, ვნახო ეგებაო. ამისთანების თქმა ხშირად იციან ჩამოსულებმა. უარი ვუთხარი, თუ ვნახე სადმე, გეტყვი, აქ დამელოდე-მეთქი. სად უნდა ვნახო გაშლილ ზღვაში, პროსპექტია იქ და სეირნობს თუ როგორაა?! წავედი დიდ წრეზე მაინც, მაგრამ კაციშვილის ჭაჭანება არაა. უკან რომ მოვბრუნდი, რამდენიმე ახალგაზრდა დამხვდა, ამაღამ თბილისში მივდივარ და რა იქნება, ერთი გაგვაკატავეო. უარი ვერ ვუთხარი. ის გოგო ისევ მომადგა, ჩამსვი კატერში, რა მოგივაო. ისევ უარი ვუთხარი.

– ჩაგესვა, რა, დაგამძიმებდა? – ვერ გავიგე მისი გაჯიუტების მიზეზი.

– უჰ, არ იცი შენ მაგენის ამბავი... ი გათხიპნილი გოგო რაში მჭიროდა, ანგელოზივით ქალი და სამი ბოვში მყვანან სახჩი, – ისევ იუარა ლონგომ.

– კაი, ჰო, მერე?

– გავედი გაშლილ ზღვაში და ნაპირისკენ მომავალმა, ასე სამ კილომეტრში, რაღაცას მოვკარი თვალი. ცოტა შორიდან მოვუარე, ადამიანი არ იყოს, ზედ არ გადავუარო-მეთქი. ე, ბიჯო, გოგოა თმაგაშლილი და საცაა წავა ფსკერისკენ. თანაშემწეები გადავსვი, „ბანანი“ ჩავხსენი და თავის მგზავრებიანად იმათ ჩავაბარე. როგორია, ერთს ხომ არ გადავარჩენ და ექვსს დავახრჩობ? ნამეტანი გავწვალდით. მოლეღვებული სხეულის კატერზე ამოთრევაც ძალიან ძნელია, ადვილი შესაძლებელია, კატერი გადაყირავდეს. ჩავრთე სირენა და მთელი სისწრაფით გამოვენთე ნაპირისკენ. არასდროს შემმთხვევია ამისთანა რამე და, სიმართლე გითხრათ, შემზარა. აგერ, ავთომ მითხრა, მოფრინავდა თურმე კატერი, მაგრამ მე კი არ მახსოვს, თვალზე რაღაც მეკვროდა, ხან დავინახავდი ნაპირს, ხან თეთრი ეკრანივით ჩანდა. გავითიშე...

– აწი მე ვიტყვი, ამან არ იცის მაინც, – ჩაუჭრა ავთომ.

– ერთი ვერ იტყვით? – ხმა ამოიღო ჰუსეინმა.

– მე ვიტყვი, აგი გაჩუმდეს. ამოვარდა კატერი ნაპირზე და ამოაგდო დარტყმის ძალამ ჩვენი ლონგინოზი. კაი ხუთჯერ ამოტრიალდა ჰაერში. ის გოგო ისედაც ცოცხალმკვდარი იყო და ახლა ტორპედოში ჩაერჭო. მივეშველეთ აქედან ჩვენც, კატერი გამოვრთეთ და გოგო მოვასულიერეთ. ის კი წაიყვანა სასწრაფომ საავადმყოფოში, მაგრამ ლონგოს ჩვენ ვუწამლეთ, ისე, კაი მაგარი თავი ჰქონია, კი არ გაუსკდა...

– გაუსკდა თვარა გადმოდინდებოდა რამე, – ჩაურთო ჰუსეინმა.

რატომ აღადავებს მოხუცი ამ ბიჭს?

– მაგი კიდევ სხვა საკითხია, – გაეპასუხა ავთო.

– თუ ცურვა იცოდა, თავი როგორ უნდა დაეხრჩო? – გულწრფელად გამიკვირდა.

– თურმე შეყვარებულს გაუბრაზებია, აი შტერი გოგო. აგიც ამდგარა, დაულევია ბლომად და შეუცურია სადამდეც ჯანი მიჰყვა გაბრაზებულ გულზე. მერე, ეტყობა, ცუდად გახთა და იხრჩობოდა მშვიდად. ხელოვნურ სუთქვას რომ ვუტარებდით, იმისთანა არყის სუნი ამოსდიოდა, კიღამ ზედ დავარწყიე ორხელ...

– არყის სუნიან ქალზე არ გაქვს ნაკოცნი, ბიძია? – წამოიწია ჰუსეინმა.

– რას ჰქვია არ მაქვს, მარა იმას ნამეტანი სუნი ჰქონდა, – თავი იმართლა ავთომ.

– რატომ, ბიძია, თუ იცი? იმიტომ, რომ იგი არ იყო შენი. აბა, შენი ყოფილიყო, მაშვინ კი არ შეგზიზღდებოდა. ასეა, შენად რაც გეგულება, მის სიგლახეს ვერ ამჩნევ... წავედი ახლა ბერიკაცი, მივეფიცხები მზეს.

ჰუსეინი წავიდა.

– გიუშ, სად აითესე, ტო?

– ზიას ველაპარაკებოდი და მოვედი. რა იყო? – თვალი ჩამიკრა გიუშამ.

– არაფერი, ისე გკითხე.

– რაო ზიამ, გითხრა ხომ? – შეეკითხა ლონგო.

– რაზე მეკითხები? – თვალი თვალში გაუყარა გიუშამ.

– ვიცი, რომ გეტყოდა...

– თუ იცი, რაღას მეკითხები, ტო! – ხელი აიქნია გიუშამ და მიესვენა საწოლზე.

ესენი ხომ არ ურევენ!

– თქვი, ბიჭო, რას იბოღმები?! – მიუბრუნდა ავთო.

– რა ვთქვა, თვითონაც გადმოცემით ვიცი. ჰუსეინს და ბებიაჩემის დედას ერთმანეთი ჰყვარებიათ, ერთი სოფლიდან იყვნენ ორივე. იმ სოფელში ერთი ბიჭი ყოფილა, იმასაც მარეხი ჰყვარებია, მაგრამ ჰუსეინის შიშით ვერ ამჟღავნებდა. ერთხანს ეს ბიჭი სოფლიდან გამქრალა და ცოტა ხანში ჩეკისტად დაბრუნებულა. ჰუსეინი რომ სოფელში არ იყო, ამ ჩეკისტმა მარეხი მოიტაცა და ცოლად დაისვა. ჰუსეინს შემოუთვლია, კაცი არ ვიყო, თუ ცოლზე არ დაგაკლაო. ეს ჩეკისტი რომ საქმეზე მიდიოდა დიდი ხნით, ცოლს მშობლებთან უშვებდა, ეშინოდა, ალბათ, ცოლი არ გამტაცოსო. ერთ ღამეს, მთლად საქმეში რომაა ჩეკისტი, ტყვია მოხვდა და დააკვდა ზედ თავის ცოლს. შეიყარა ქვეყანა. დაჩხრიკეს იქაურობა და ვერ გიიგეს, სიდან ესროლეს, თვარა, ჰუსეინი რომ იზამდა ამ საქმეს, წყალი არ გაუვიდოდა. ვერც ჰუსეინი იპოვეს და ვერც ადგილი, საიდანაც ესროლა, არადა, კაცი ერთი ტყვიით იყო მკვტარი. ვიღაც ჭკვიანს მოუვიდა აზრად და კი აიხედეს ჭერშიც. ზუსტად იმ ტახტის თავზე ყოფილა მოზრდილი ჭუჭრუტანა გაკეთებული, რომელზეც ცოლ-ქმარი იწვა. იქიდან უსვრია. რამდენი უფხოკიალია, თუ ხედავთ! დაიჭირეს მერე ჰუსეინი და რუსეთში უკრეს თავი. ესაა სულ, – ამოიხვნეშა ლონგინოზამ.

– მერე, შენ რა შუაში ხარ?

– აფერში. ბებიაჩემის დედა გათხოვდა მერე კიდევ და იმის შთამომავალი ვარ, მაგრამ ჰუსეინი რომ მხედავს, ბებიაჩემის დედა აგონდება და მე მერჩის. კი არაფერს მიშავებს, მარამ ასე მჭამს. მე რა შუაში ვარ ნეტავი, იმ კაცის არაფერი ვარ და, ბებიაჩემის დედა რომ გათხოვდა, რა ჩემი ბრალია? ჰუსეინი მისი მომყვანი აღარ იყო და, აბა, ხომ არ დამწნილდებოდა თვრამეტი წლის გოგო გუუთხოვარი, მითხოვდა ვიღაცას...

– ჰოო...

– თქვენ დღეს მიხვალთ?

– არ ვიცით, ძმაკაცს ველოდები, მუხაესტატედან უნდა ჩამოვიდეს, – არ დაამადლა პასუხი გიუშამ.

– აბა, წავალთ ახლა ჩვენ, პლაჟზე ვიქნებით თუ მოიწყინოთ... დღეს თუ არ წახვალთ, კეფალი დაიპატიჟებს თავს.

– მადლობა, მადლობა!

ვაა, რა კარგად ვარ, ლაპარაკი მეზარება...

– გიუშ, რატომ გიყვარს ბევრი ლაპარაკი?

ეს მაინც უნდა დავტუქსო.

– რაზე ამბობ, რა ვთქვი რო?! – გაკვირვებული მომაჩერდა გიუშა.

– ვისი რა ტრაკის საქმეა, საიდან ჩამოდის შენი ძმაკაცი...

– მერე ვინ თქვა რო? მუხაესტატე ვთქვი, მაგრამ მართლა იქიდან კი არ ჩამოდის. ეე, მნახე რა!

– მაშინ უკაცრავად, ძმაო...

– კარგადა ხარ არა?

– მაგრად.

– ის ლონგინოზა რა შავ დღეშია ჰუსეინას გადამკიდე, არადა, უდანაშაულოა ბიჭი, – შემოაგდო ბაზარი გიუშამ.

– ჰო, უდანაშაულოა ყველანაირად. გინდაც იმ ჩეკისტის შთამომავალი იყოს, ეს რა შუაშია...

– მე რომ ვუყურებ, უდანაშაულო ხარ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. როგორც აწყობთ, ისე გამოგიყვანენ. აი, შენი მაგალითი რომ ვთქვათ, ყველა სროკზე დამნაშავე იყავი?

რა ჩერჩეტია ეს ჩემისა!

– ჩემ გაგებაში არ ვიყავი, მაგრამ კანონი ამბობს, რომ მის გაგებაში – ვარ.

– მოიცა, შენ ახლა ძალიან ისეთს მეუბნები, რაც მოსახარშია. მე მაგის განათლება არ მაქვს, გლეხურად მითხარი, რომ გავიგო.

– ვიღაცების მიერ დაწერილი კანონების წიგნით ვიყავი დამნაშავე, მაგრამ ჩემი დაუწერელი წიგნის მიხედვით – არა. სხვანაირად როგორ გითხრა, შემეშვი რა!

– კარგი, მაშინ ის გამაგებინე, მე უნდა ვამტკიცო, რომ უდანაშაულო ვარ, თუ შენ უნდა დამიმტკიცო, რომ დამნაშავე ვარ?

– გიუშ, ძმურად, გლეხურად ვერ აგიხსნი და შემეშვი რა!

– ჯანდაბას, რამენაირად ამიხსენი, ოღონდ ისე, რომ ცოტა მაინც გავიგო. რაღაცას ვერ ვიგებ და ვერც ვამბობ, რას ვერ ვიგებ. მგონი, წეღან უფრო დალაგებულად გამომივიდა. კაროჩე, ვთქვათ, შენ ამბობ, რომ მე ხიდან ვაშლი მოგპარე. ამის გამო დედაჩემმა უნდა გამტყიპოს, მაგრამ ჯერ ხომ უნდა გაიგოს სიმართლე, იქნებ შენ მაბრალებ და არ მომიპარავს? საიდან უნდა დაიწყოს – შენ უნდა დაამტკიცო, რომ მოგპარე, თუ მე უნდა ვამტკიცო, რომ არ მომიპარავს?

– რა ხოხმა ვინმე ხარ, გიუშ! დედაშენს, მამაშენს, პაპაშენს და ასე შემდეგ, უფლება არ აქვთ, რომ მტკიცების ტვირთი შენ აგკიდონ, ანუ შენ რომ ამტკიცო, არ მომიპარავსო, იმათ კიდევ გიტყლაშუნონ, ან რამე სხვანაირად დაგსაჯონ, გაიგე?

– შენი ახსნილი კი გავიგე, მაგრამ ეგრე რომ არ არის?!

– კიტაროს! არ არის, მაგრამ ეგრე უნდა იყოს, ეგრე უწერიათ თავიანთ კანონებში, მაგრამ მაგას ვინ უყურებს. ყველა ეჭვმიტანილი, განსასჯელი უდანაშაულოა მანამ, სანამ მისი ბრალეულობა არ დადასტურდება კანონით განსაზღვრული წესით, მაგრამ ამათ აღარც წესები უნდათ და აღარც კანონები, თუ თავად ვერ მოირგებენ. გასროკვა იქით იყოს, ისე აიღე: ვიღაცა რაღაცას დააბრალებს მეორეს. დამბრალებელს კი არავინ ეკითხება, ამას რომ ამბობ, ფაქტები სად გაქვსო, ბრმად უჯერებენ. უნდა დადგეს მერე ის ვიღაცა და ამტკიცოს, ეგრე არ იყოო. მთელი უბედურება ის არის, რომ ადამიანების ტვინები ერთნაირად არის მოწყობილი, ბრალდებას იზიარებს, უდანაშაულობის პრეზუმფციას კი გვერდზე ისვრის, წარმოდგენა არ აქვს, რა არის ეს და რატომ არის. სანამ თვითონ არ ჩავარდება მსგავს სიტუაციაში, ყურს არ იბერტყავს, სულ ქინძზე ჰკიდია სხვისი უბედურება... ამერიკა მევასება, როგორც ავანტიურისტების მერე შექმნილი სუპერსახელმწიფო, თორემ ევროპასთან რას მოვა. ევროპა ჯერ მარტო იმითაა უფრო ადამიანური, რომ ბებერია...

– ამერიკა რა, ახლა ამოტივტივდა?

– ეს ამერიკა ჰო, თორემ, ნატურში ვისიც არის ის ტერიტორია, ფაქტობრივად, აღარ არსებობენ, გაითქვიფნენ. ევროპამ რომ თავზე ნაგავი მოიგდო, ოკეანის გაღმა – სხვა კონტინენტზე გატყორცნა. მე თუ მკითხავ, იმიტომაა ეშმაკი მტაცებელი ამერიკა, რომ კრიმინალების, მაგარი შენძრეული ხალხის შექმნილია. ამერიკა კი არა, რასაც შენ მეკითხები ახლა, უდანაშაულობის ვარაუდი, პირველად საფრანგეთში აღიარეს, თან როდის, XVIII საუკუნეში.

– ვაა... ფრანგები ვაფშე მაგარი ტიპები არიან, სტრასბურგიც იქ არაა?

რა ბოდიალა ხარ, გიუშ!

– ე, რა გამახსენდა! ჩემი მეორე ცოლის დაქალი ბაზრობდა ერთხელ, ზუსტად ეგ პონტი იქნებოდა. კაროჩე, თურმე ლალიკო იმ დროს ეზოიან საკუთარ სახლში ცხოვრობდა. ერთ დღეს ბავშვობის ამხანაგი გაეჩითა. შესჩივლა თურმე, სიდედრმა რაღაც ყვავილის თესლი გამომატანა, ჯერ მიწაში უნდა გახარება და მერე ქოთანში გადარგვაო. რაზეა ბაზარი, აგერ მიწა, დათესეო. ტიპმა დათესა... სვანეთში იყო ლალიკო თავის კურსელთან და იქიდან მარტოს უწევდა წამოსვლა. კურსელის ძმამ ერთი ცელოფნის პარკი სუნელი გამოატანა, ჩემი თანასოფლელის მისამართს მოგცემ, გეხვეწები, მიუტანე, კუბდარისთვის სჭირდებაო. ჩამოუტანა... ერთ დღეს ლალიკოს და მის მეგობარ გოგონას მეზობელი ბიჭი ეუბნება, აუ, ლალი, ძმურად რა, დიტო ხომ იცი, მანგლისშია ჯარში, მარტოს არ გვინდა წასვლა და წამოგვყევითო. რაზეა ბაზარიო და გაჰყვნენ. დიტო ინახულეს და, უკან რომ ბრუნდებოდნენ, ვიღაცის ეზოსთან გაუჩერებიათ მანქანა. ვა, ნახეთ, რა ლამაზი ყვავილებია, ეგეთი გინახავთო? სად უნდა ენახათ „მაკი“. თუ გინდათ, გადადით, სთხოვეთ, არ დაგიკავებენო. ესენიც გადასულან და დაუკრეფიათ. ლალიკო ამბობდა, გავგიჟდი, კაცო, ეს რა ვნახე, ბრიტვა და ბინტი რომ ამოაძვრინეს, კინაღამ გული გამისკდაო. ხო აზრზე ხარ, სერავდნენ, რძეს ადენდნენ და ბინტში ინახავდნენ. ჩამოვიდნენ... ერთი ამხანაგი ჰყოლია, რომლის მამაც ძეხვეულის ქარხანაში მუშაობდა. ერთ დღეს უთხოვია, ძეხვეულის შესაკმაზი სუნელები ჩამოუვიდათ დიდი პარტია, დასამუშავებელი და გამოსაშრობია, ჩვენი სახლი გავძეძგეთ და იქნებ შენთანაც გაგვაშრობინოო. რაზეა ბაზარიო. მთელ სახლში კანაპლიის ძირები ჰქონდა გაფენილი და პლიტები ჩართული... ერთ დღეს ნათესავი მივიდა თურმე და ისე მოუხშირა მასთან სიარულს, ლალიკო დაეჭვებულა, ნეტავ რა ხდება, ხომ არ იძებნება და ჩემთან აფარებს თავსო. თურმე ერთი ძირი თავისით ამოსულა ეზოში და ტიპი ნება-ნება კაიფობს. ეს ყველაფერი მერეღა გაირკვა, ლალიკო რომ უკვე დიდი ქალი გახდა და აზრზე მოვიდა. დღემდე აჟრჟოლებს, ამ ამბებს რომ იხსენებს. ხომ იყო ასაგდები, ფაქტებით სავსე იყო, ამ დროს უდანაშაულო იყო ცამდე...

– მაგარ ხრიკებს გადარჩენილა...

– აზრზე მოდი, ხუთი სუდიმოსტი და ხუთივე პლანის ბარიგობაზე, თუ გინდა – თანამზრახველობაზე, რა მნიშვნელობა აქვს. ეს გათახსირებული „ძაღლები“ და მამაძაღლები ხომ არც არაფერს დაიჯერებდნენ და არც არაფერს გაითვალისწინებდნენ, ხომ გაუბედურდებოდა საწყალი გოგო?

– არ ეწერა რა!...

– ამის დედა ვატირე, თუ ახლობლები იყვნენ, არ უნდა ეთქვათ, რას აკეთებდნენ, რა საშარო საქმეში ხვევდნენ? მესმის, გოგო აზრზეა და თანახმაა, ასე გამოყენება არ მესმის რა!.. ისე, ხანდახან მაგრად მეცოდება ქალი. თუ მგელი კაცი არ ჰყავს გვერდით, მაგრად იჩაგრება. მარტო კაცს კი არ ვამბობ – მამა, ბიძა, ძმა, ბიძაშვილი და ეგეთი სასტავი რა!

– ეგრეა. რაგინდ მამალი ქალი იყოს, მაინც ქალია რა...

– ამის დედა ვატირე, ნატუსიას კლასელი იყო ერთი, ძალიან ლამაზი გოგო. მთელი რაიონის საცოლო ბიჭები უკან დასდევდნენ ლანდივით. ერთ დღესაც ეს ლამაზი გოგო ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მოიტაცა. გოგომ თავი გაიგიჟა თურმე, არ მინდიხარო. ამ ბიჭმა ძალა იხმარა. გოგო მაინც თავისაზე იდგა თურმე, შენ კი არა, მთელმა რაიონმა რომ გადამიაროს, მაინც არ გამოგყვები ცოლადო. ტო, რა იყო და როგორ იყო, აბა, ზუსტად ვინ იტყვის, მაგრამ ეს ბიჭი ისე გამწარებულა, მაყრიონად წაყვანილი ექვსივე ბიჭი მიუსევია და ყველას ზედ გადაუვლია...

– მაიცა კაცო, ეს როდის ხდებოდა...

– მაგარი არეულობა რომ იყო, ესენი რომ დემოკრატიობანას სათამაშოდ აიშალნენ, მაშინ. ძაღლი პატრონს ვერ სცნობდა, მაგრამ როგორ ტო? მამამისის ადგილზე, შვიდივეს ჩავხოცავდი. გოგოს არ უნდიხარ, რას აკეთებ! აი, ჩემი ხომ არავინაა ის გოგო, თვალით არ მინახავს, მაგრამ იმ შვიდიდან რომელიმე რომ შემხვდეს, რას ვუზამ, აზრზე არ ვარ და გოგოს მამასაც მაგრად დავბეთქავდი. იმის ტრაკი თუ არ გაქვს, შვილს მასტი დაუჭირო, მამა კი არა, ზედმეტი ბარგი ხარ!..

– ყველას არ შეუძლია...

– მოიცა! დარწმუნებული ვარ, მამამისი სადმე სუფრასთან გაიჯგიმება, კაცობისა და ვაჟკაცობის სადღეგრძელოს დალევს და წარბი არ შეუტოკდება...

– მანდ რაღაც სხვანაირად იქნება საქმე, ხალხი ფანტაზიორია...

– არა, ყველამ იცის.

– ყველამ რა იცის, რვა კაცმა იცის სინამდვილე, იმ რვიდან ერთი ქალია, დაზარალებული, ხო? ის შვიდი ხომ არ მოყვებოდა, ესე ვქენითო, ქალმა მოყვა, ასე იყოო. რატომ დავიჯერო იმ ქალის, òåì ხîëåå, რომ გოგოს მხრიდან ხმა არავინ ამოიღო, თანაც რაიონში, სადაც ყველა ყველას იცნობს, ასეთი რაღაცის კისრება ცოტა სხვანაირია. ყველანი ხომ ისევ იქ ცხოვრობენ, რანაირად?

– ჰო, აი, მაგ კუთხით კი აღარ შემიხედავს...

ქალი ისეთია, თუ თავზე ხელი აიღო, ყველაფერს იკადრებს, მაგრამ რა ვქნა, მე ვისაც ქალს ვუწოდებ, ის სულ სხვა მასალითაა შექმნილი, სულ სხვა არსებაა. ამოუცნობი, მიმზიდველი და მომნუსხველი. ქალი ან კარგია, ან ცუდი. საშუალო არ არსებობს... ერთ დღეს ქალებსა და კაცებზე ვლაპარაკობდით და ფისოს ჩემი აზრი ვუთხარი ქალებზე. ფისომ ჩაიცინა და დაიკნავლა, აბა, მე მკითხე აზრი კაცებზეო. ვკითხე.

– კაცები არიან: ავიტან, ვერ ავიტან, ცოტა ხანს ავიტან, გაჭირვებაში ავიტან, თუ მეტი გზა არაა, ავიტან, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავიტან, ქმრად ვერ ავიტან, საყვარლად ვერ ავიტან, საყვარლად ავიტან. მოკლედ, კარგი და ცუდი კაცი არ არსებობს. ყველა კაცი ერთნაირია, უბრალოდ, მათი ქცევაა განსხვავებული.

– მე რომელი ვარ, ფისო?

– საყვარლად ავიტან.

– რატომ, ფისო? – დამწყდა გული.

– იმიტომ, რომ კაცები ოჯახისთვის არ ხართ შექმნილები. თქვენ ხართ მბრძანებლები. ყველაზე ფარჩაკ კაცსაც კი, თავისი უბადრუკი თავი ბელადობის ღირსად მიაჩნია. მე მბრძანებლობას ვერ ვიტან, შენ დიდი დოზით გაქვს ლიდერობისკენ ქვეცნობიერი სწრაფვა. ასე უკეთესია, თანაც გამოცდილება ხომ მაქვს – სანამ ქმარი დაგერქმეოდა, ძალიან კარგი იყავი, ქმარი გახდი და გაბლატავდი.

– ფისო-ფისო, მასე ქალები იქცევით...

– მე არ ვიცი, როგორ იქცევიან შენი ნაცნობი ეგრეთ წოდებული ქალები, მაგრამ მე ასე არ ვიქცევი. ეს შენ მოითხოვ ჩემგან ყველაფერს, თორემ მე არაფერს ვითხოვ. აბა, მიმოიხედე ძალიან საახლობლოში, ახლობელ ქალებს შემადარე, მე რომ მათ მსგავს პრეტენზიებს გიყენებდე, რას იზამდი?

– დაგბრიდავდი.

– აბა, რას მერჩი? იდეალური ცოლი ვარ, არავის სამყაროში არ შევიჭრები, არავის მოვახვევ თავზე ჩემს აზრებს და არავის გადაკეთებას არ შევეცდები, მაგრამ, იმავდროულად, იმავე აკრძალვებს ვაწესებ ჩემს მიმართაც. ვინც ვერ შეიგნებს, გზა ფართოა, გაიარეთ, უქმად ნუ გაჩერდებით!..

ჰოდა, აი, გავიარე, მივდივარ... მაგრამ მე დავბრუნდები!

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3