კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-21(491)


საბადრაგო მანქანა ორჯერ გადაყირავდა, მტკვრის მოაჯირს დაეჯახა და გაჩერდა. მათემ მანქანის ფოლადის გისოსს მიარტყა თავი და გონება დაკარგა. თვალი რომ გაახილა, ფურგონიან მანქანაში იჯდა, ნატა კი მას სისხლს სწმენდდა და თავს უხვევდა. იქვე ორი ახალგაზრდა იჯდა. მათ შავი ფერის სპეციალური უნიფორმა ეცვათ, უხმოდ ისხდნენ და ნატას და მათეს ლაპარაკს ისმენდნენ.

– მაგრად მიგირტყამს თავი და, შეიძლება, იოლ ფორმებში ტვინიც კი შეგერყა, – უთხრა ნატამ მათეს და სახვევი გადაკვანძა, – ესეც ასე, გაუნძრევლად იწექი. მალე მივალთ და ლოგინში ჩაგაწვენ.

– ეს არაფერი, შენ ის მითხარი, რა ხდება და ეს ხალხი ვინაა, – უნიფორმიან ახალგაზრდებზე მიუთითა მათემ.

– რა ხდება და, ამერიკელების კლანჭებისგან გამოგიხსენი, ესენი კი ჩემი მეგობრები არიან.

– სად მივდივართ?

– საიმედო ადგილას. მშვიდად იწექი და რომ მივალთ, ლაპარაკი იქ განვაგრძოთ.

***

მათე ერთ-ერთ კერძო, ფეშენებელურ სახლში მიიყვანეს ვერაზე და ფურგონი უკან გაბრუნდა. ნატამ მათე ლოგინში ჩააწვინა და ჰკითხა:

– როგორ ხარ?

– თავი მიბრუის და გულისრევის შეგრძნება მაქვს.

– მართალი ვყოფილვარ. ტვინის შერყევა გაქვს, – ნატა ყურადღებით დააკვირდა თვალებში მათეს, – ნამდვილად ასეა, მაგრამ, არა უშავს.

– თქვი, რა მოხდა. რაშია საქმე, სად ვიმყოფები.

– ეს „ბაითი“ გურიკო მიქაიასია. გახსოვს ასეთი ვინმე?

– შენ რა, სულელი გგონივარ? – ჩაეცინა მათეს, – ამ კაცის სახლში, საბურთალოზე მთელი ბანდა ვიმალებოდით ერთი წლის განმავლობაში და გურიკომ ჩემ გამო ბევრი უსიამოვნება ნახა. შენ კი მეკითხები, თუ გახსოვსო.

– ჰოდა, მისი სახლია.

– შენ საიდან იცნობ?

– არ ვიცნობ.

– აბა, აქ როგორ მოხვდით?

– პეტიკოს წყალობით. როდესაც გუშინ შენს მორიგ სამალავს ვეძებდით, პეტიკომ ეს „ბაითი“ აირჩია.

– ესე იგი, ჩემი გაქცევა პეტიკომ მოაწყო?

– არა, გაქცევა მე და ჩემმა მეგობრებმა მოვაწყვეთ. პეტიკო და ჰამო, უბრალოდ, გვეხმარებოდნენ.

– შენი მეგობრები ვინ არიან, რა მასტის ხალხია?

– ჩემი კოლეგები არიან. ფორმალურად – ხელქვეითები, სინამდვილეში კი – მეგობრები.

– ესე იგი, ჩემი ამბავი ქვეყანამ იცის და წუთი-წუთზე ჩემს დასაჭერად მოსულ სპეცებს უნდა ველოდოთ?

– ნუ გეშინია, საქმე სუფთად გავაკეთეთ. ჩემმა მეგობრებმა კი, ენაზე კბილის დაჭერა იციან.

– პეტიკო?

– რა – პეტიკო?

– მას ხომ ამერიკელები უთვალთვალებდნენ.

– ახლაც უთვალთვალებენ.

– ჰოდა, თქვენი შეხვედრა შეუმჩნეველი დარჩებოდათ?

– ჩვენ არც შევხვედრივართ ერთმანეთს და, როგორც შეთანხმებულები ვიყავით, ისე დავეკონტაქტეთ, ანუ – წერილებით.

– შენი საქმე როგორაა, სპეცაგენტები რომ დახოცე, არაფერი გითხრეს?

– როგორც ვიყავით შეთანხმებულები, ისე მოვიქეცი: ჯერ პოლიცია გამოვიძახე და გამომძიებელს ყველაფერი ჩვენებაში დავუწერე. მერე კი ჩემი უწყების უფროსს დავუწერე პატაკი, სადაც ნათქვამია, რომ მაყუჩიანი პისტოლეტებით შეიარაღებული კაცები ტერორისტები მეგონა და დავხოცე.

– მერე, რა გითხრეს?

– სწორად მოქცეულხარო.

– ამერიკელების პონტი „გაიასნდა“?

– ამერიკელები მე არ დამკონტაქტებიან, მაგრამ თავისი სპეცაგენტების გვამები იმ დღესვე შტატებში წაასვენეს.

– დაიჯერეს, რომ, არ იცოდი, ვის კლავდი?

– შეიძლება, არც დაიჯერეს, მაგრამ ოფიციალურ პრეტენზიას ვერ წამიყენებენ. მაშინ უნდა აღიარონ, რომ მითვალთვალებდნენ და, რაც მთავარია, უნდა დაასაბუთონ ეს ქმედება.

– არც შენი უფროსობაა საქმის კურსში?

– უფროსმა იცის.

– რა?

– ის, რომ მითვალთვალებდნენ და ეს მან პირისპირ საუბარში გამანდო.

– რატომ გაგანდო?

– იმიტომ, რომ არც ის იყო ამ საქმის კურსში და კეისმა ეს მხოლოდ იმიტომ უთხრა, რომ დახოცილი სპეცაგენტების ამერიკაში გადასვენებაში მიხმარებოდა.

– მერე, რა რეაქცია ჰქონდა ამაზე შენს უფროსს?

– ამერიკელებს აგინებს. არ ევასება და ამბობს, ჩვენს კომპეტენციაში იჭრებიან და გვატყუებენო.

– გასაგებია, მაგრამ, ამერიკელები ახლა კუდზე აღარ გასხედან?

– არა. ეს ზუსტად ვიცი. ჩემს უფროსს კეისისთვის უთქვამს, ვაშინგტონში გიჩივლებ თვითნებობისთვის და ოპერაციის ჩაშლას არ გაპატიებენო. ამიტომ მას ბოდიში მოუხდია და ჩემზე თვალთვალი მოუხსნია.

– ახლა ის მითხარი, ჩემი გაქცევა როგორ მოაწყვე?

– ჩემი მეგობრების დახმარებით. ისინი მე უსიტყვოდ მემორჩილებიან და, რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს არავისთან იტყვიან, რომ შენს გაქცევაში მე ვთხოვე მონაწილეობის მიღება.

– ჩემი გაქცევისას ბევრი დაიღუპა?

– საერთოდ არავინ მომკვდარა და, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად შენ დაზარალდი.

– ეგ როგორ?

– როგორ, ჩემო კარგო და ორივე მანქანას მხოლოდ ამოსატრიალებლად ვესროლეთ. მერე კი მაპარალიზებელი ტყვიებით დაყარეს თორმეტივე ბადრაგი, ასე რომ, საშიში არაფერია. შენ აქ ხარ, ისინი კი უკვე გონზე იქნებიან და ასე შემდეგ, – გაეცინა ნატას.

– წარმომიდგენია, ახლა რა ხდება ქალაქში.

– ამას ახლავე შევიტყობთ, – თქვა ნატამ და ტელევიზორი ჩართო. სპეციალური საინფორმაციო გამოშვება გადიოდა, რომელშიც სანაპიროზე მომხდარი კონფლიქტის კადრებს აჩვენებდნენ, ჟურნალისტი კი ასეთ კომენტარს უკეთებდა: „მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე უცნობმა შეიარაღებულმა, ნიღბიანებმა გაქცევა მოუწყვეს ცნობილ ქართველ კანონიერ ქურდს ზვიად მათეშვილს, მეტსახელად მათეს, რომელიც, სანდო წყაროს ცნობით, საქართველოში იმალებოდა. პოლიციამ ის დააპატიმრა, მაგრამ ტრანსპორტირებისას მისი გაქცევა მოაწყვეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ძალოვანთა წინასწარი ვარაუდით, მოქმედებდნენ პროფესიონალები“.

– მაგარი ამბავია, – თქვა მათემ, – ახლა ზუსტად იციან, რომ თბილისში ვარ და მარყუჟში მოქცევას შეეცდებიან. შენც და დანარჩენებსაც დაასხდებიან კუდზე და გასაქანს არ მოგცემენ.

ამ დროს ნატას ტელეფონმა დარეკა.

– გისმენთ, შეფ! – უპასუხა ნატამ.

– სად ხარ, ნატა?

– მეგობართან.

– რა მოხდა, იცი?

– ამ წუთას შევიტყვე ტელევიზორიდან.

– სასწრაფოდ მოდი! რამდენ ხანში იქნები?

– მაქსიმუმ, ნახევარ საათში.

– გელოდები!

ნატამ ტელეფონი დაკეცა და მათეს უთხრა:

– დაფაცურდნენ. ამერიკელები ძალიან გამწარებულები იქნებიან, რომ ყველაფერი საქვეყნოდ გაუბაზრდათ და კეისს ნაღდად გაიწვევენ. მის ადგილას კი სხვას გამოგზავნიან. ასე რომ, დრო უნდა მოვიგოთ და უფრო საიმედოდ გადაგმალოთ.

– აქ არცთუ ისე საიმედო სამალავია და ადვილად მომაგნებენ.

– არცთუ ადვილად – აქ ყველაფერი ვიდეოკამერებით კონტროლდება. მაგრამ, ვინიცობაა, მოგაკითხონ, ამ სახლის ქვეშ ორმოცდაათმეტრიანი გვირაბია გათხრილი და გაქცევას მოახერხებ. თანაც, აქ მარტო არ ხარ – ორი ადამიანი მოგემსახურება. ისინი ყველაფრის საქმის კურსში არიან და, თუ საჭირო გახდა, გაქცევაშიც დაგეხმარებიან.

– ვინ არიან?

– ჩემი მეგობრები, ნოდარი და გიგი, – თქვა ნატამ და ოთახში ორი ათლეტი შემოიყვანა, – აი, გაიცანი. ნოდარი ვიდეოკამერებს აკონტროლებს, გიგი კი, რასაც დაავალებ, შეგისრულებს. კართან იქნება, თუ დაგჭირდა, დაუძახე და მოვა.

ნოდარი და გიგი თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ, ნატამ კი წასვლის წინ მათეს უთხრა:

– ვეცდები, მალე დავბრუნდე. რომ მოვალ, დანარჩენს მერე გეტყვი.

***

ნატა ნაშუაღამევს დაბრუნდა კონსპირაციულ სახლში. მათე მოიკითხა და უთხრა:

– ამერიკელები გიჟებს ჰგვანან, კეისი უკვე უკან გაიწვიეს და ხვალ ახალ კაცს გზავნიან.

– გაქცევაზე ვის სთხოვენ პასუხს?

– ყველაფერი ამერიკელებს გადაბრალდა. ჩემი შეფი საკმაოდ ეშმაკი კაცია და კეისს დაასწრო, ვაშინგტონში დეპეშა გაგზავნა და აცნობა, რომ, რადგან კეისმა ქართულ მხარეს არ აცნობა, ვის ეძებდნენ და ის დამოუკიდებლად, ფარულად და საქართველოს საზიანოდაც კი მოქმედებდა, ამიტომ არ მოხერხდა შემთხვევით დაკავებული მათეს საიმედოდ დაცვა. გესმის, ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ამერიკელები ფარჩაკები არიან და საიდუმლოდ მოქმედება არ შეუძლიათ. ყველაზე მეტად კი ის აგიჟებთ, რომ რუსეთი ამას ამერიკელების წინააღმდეგ გამოიყენებს. ეს კი ამერიკელებს ყველაზე მეტად არ აწყობთ.

– ეს მათი პრობლემებია, მაგრამ, მე რა შეღავათი? პირიქით, ამერიკელები ახლა გასამმაგებული ძალებით დამიწყებენ ძებნას, მით უმეტეს, იციან, ცოცხალი ვარ და აქ, თბილისში ვიმალები. თანაც, შენი კოლეგებიც ჩაერთვებიან ამ საქმეში.

– უკვე ჩართულები არიან და საკმაოდ აქტიურადაც. მთელი გეგმებია საამისოდ შემუშავებული, – გაეცინა ნატას.

– ასეც ვიცოდი.

– რა იცოდი?

– ის, რომ მთელ ძალებს ჩემს დასაჭერად გადმოისროდნენ.

– ისიც ხომ არ იცოდი, რომ შენი დასაჭერი ოპერაციის ხელმძღვანელობას მე დამავალებდნენ?

– შენ?

– ჰო, მე. ამიტომ დამიბარა შეფმა და მთელი დღე შენს დასაჭერ ბადეს ვქსოვდით.

– საინტერესოა, – გაეცინა მათეს, – რას აპირებ?

– მთელი თბილისი უნდა გადავჩხრიკო და ვერ დაგიჭირო.

– მერე, რომ ვერ დამიჭირო, ხომ არ დაგაქვეითებენ?

– არ მგონია. ამასაც ამერიკელებს დავაბრალებთ და ყველაფერი ჩაიფარცხება.

– სინამდვილეში რას აპირებ?

– აქედან უნდა გაგიყვანო და, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად.

– ნატა, – თქვა მათემ და უშიშროების მაიორს თვალი თვალში გაუყარა. – რა პატივიც შენ მეცი, შეიძლება, ცხოვრებაში ვერც გადაგიხადო, ამხელა კაცი ამ პატარა გოგოს წინაშე ვეებერთელა ვალში ვარ, მაგრამ, ერთ რამეს გკითხავ, ყურადღებით მომისმინე და გულწრფელი პასუხი გამეცი. მოსულა?

– მოსულა.

– მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შემთხვევით არ შევხვდით ერთმანეთს... ამაზე რას იტყვი?

– რა უნდა ვთქვა, მართალი ხარ. ამქვეყნად ყველაფერი ღმერთის ნებაა და ჩვენი შეხვედრაც მისი მოწყობილი იყო.

– ამას არ ვგულისხმობ.

– აბა, რას?

– მე ხომ გთხოვე, გულწრფელად მიპასუხე-მეთქი და შენც დამეთანხმე. უბრალოდ, მაინტერესებს, ღმერთის გარდა კიდევ ვინ ურევია ჩვენს შეხვედრაში.

– მათე, ჩემში ეჭვი გეპარება?

– სიმართლე მითხარი, ნატა, – მშვიდად თქვა მათემ, – ასე აჯობებს.

– მათე... – გაიღიმა ნატამ.

– ნატა, სიმართლე თქვი, არადა, ახლავე წავალ აქედან. სიმართლე უნდა ვიცოდე, არ მინდა, რომ ვინმე მარიონეტივით მათამაშებდეს.

– კარგი, გეტყვი. მითხარი, კონკრეტულად რა გაინტერესებს?

– ხომ გითხარი – ჩვენი შეხვედრა ვინ მოაწყო?

– ჩვენ, – მოკლედ და კონკრეტულად თქვა ნატამ და სიგარეტი გააბოლა.

– ვინ – თქვენ?

– ჩვენ, მათე, ქართველმა პატრიოტებმა, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს, მისი ბედ-იღბალი ადარდებს და მზადაა, საამისოდ თავი გაწიროს.

– რაღაცას „წიომნობ“.

– არაფერსაც არ „ვწიომნობ“. მე და ჩემი მეგობრები ამერიკელებსაც, რუსებსაც და მრავალ სხვასაც, ჩვენი მიზნებისთვის ვიყენებთ. ჩვენი მიზანი კი, უკვე გითხარი.

– მე, ალბათ, იმ „მრავალ სხვათაგან“ ერთ-ერთი ვარ, ხომ?

– აქამდე ასე იყავი. დღეიდან კი, იმედი მაქვს, ყველაფერი სხვაგვარად იქნება და ჩვენიანი გახდები.

– უშიშროებასა და „ძაღლებს“ შევეკრა?

– არა.

– აბა, რას მთავაზობ?

– იმას, რომ მთელი შენი შესაძლებლობები, ნიჭი, ძალა და გავლენა სამშობლოს მოახმარო.

– კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო?

– რასაც ერთად გადავწყვეტთ.

– ერთად?

– ჰო, ერთად. შენც ჩვენთან ერთად გადაწყვეტ.

– უარი რომ ვთქვა შენს წინადადებაზე და თქვენთან ყოფნა არ ვისურვო?

– ეს ძალიან სამწუხარო იქნება.

– დააკონკრეტე.

– ნუ მათქმევინებ. მე შენ დიდ პატივს გცემ და, არ მინდა, შენ მიმართ ცუდი გამოთქმა ვიხმარო.

– და მაინც, მე მინდა ამ სიტყვის გაგონება.

– მათე, ჩემო კარგო, ზოგჯერ ისე ხდება, რომ ძალიან კარგ ადამიანებს ძალიან ცუდი რაღაცეები ემართებათ და ხშირ შემთხვევაში ეს მათი შეცდომის ბრალია. გულწრფელად გეუბნები, არ მინდა, ასეთი რამ შენც დაგემართოს.

– ესე იგი, დამბრიდავთ?

– ღმერთმა არ ქნას!

– თუ არ შეგეკვრებით, დამბრიდავთ. გასაგებია, – ჩაეცინა მათეს, – გამოდის, რომ საქართველოში სასიკვდილოდ ჩამოვსულვარ.

– არა, მათე, სისულელეა. ახლა შენ სამართლიანად ხარ აღელვებული და მე შენი მესმის. შენს მდგომარეობაში სხვას უფრო მწვავე რეაქცია ექნებოდა. დამშვიდდი, გამოიძინე და მერე ვილაპარაკოთ.

– არა! – კატეგორიულად თქვა მათემ, – ახლავე „გავაიასნოთ“ ყველაფერი!

– იქნებ, აჯობებს, რომ დილამდე გადავდოთ?

– არა. ახლავე!

– ახლავე?

– ჰო, ახლავე.

– კარგი. მაინც, რისი „გაიასნება“ გინდა?

– ყველაფრის. ვინ ხართ, რა ხალხი ხართ და რას აპირებთ. ერთი სიტყვით, აბსოლუტურად ყველაფრის საქმის კურსში უნდა ვიყო.

– შენ იცი, რომ თუ ყველაფერს შეიტყობ და ჩვენთან ყოფნაზე უარს იტყვი, სამწუხაროდ, სიცოცხლეს დაემშვიდობები? რაც ნამდვილად არ მინდა.

– ისე ხომ, რას ამბობ, უარი რომ ვთქვა, ცოცხალს დამტოვებთ და პრემიასაც გამომიწერთ!

– ესეც მართალია.

– ჰოდა, თუ მართალია, მაშინ ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი, თუ ჭკუაში დამიჯდა, თქვენიანი გავხდები, არადა, შეგიძლიათ, გამასაღოთ, – უთხრა მათემ ნატას და გააბოლა.

ნატამ ოთახში გაიარ-გამოიარა და მათეს უთხრა:

– შენი გაქანების ადამიანი ამქვეყნად არც ისე ბევრია და ასეთ ხალხს სანთლით ვეძებთ. მართლაც რომ ბედის წყალობაა შენი ხელში ჩაგდება.

– ესე იგი, ჩემზე ნადირობდით? – კოპები შეკრა მათემ.

– შეიძლება ითქვას – კი. მაგრამ, ამას კარგი გაგებით ვამბობ და, ნუ გწყინს. შენზე ბევრი ვინმე ნადირობს და, ხომ ხედავ, რომ ყველაზე მაგრები ჩვენ აღმოვჩნდით – ჩვენს ბადეში გაები.

– ნატა, – ჩაეცინა მათეს, – ეს ცხოვრება ისეთი რამაა, რომ ჩემი პროფესიის კაცი ხან გაებმება ბადეში, ხან კი თავს დააღწევს. თქვენი პროფესია დაჭერაა, ჩემი კი – გაქცევა. ასე რომ... – აღარ დაასრულა მათემ.

– ნუ გწყინს, მათე, გიმეორებ, რომ ყველაფერს კეთილი გულით გეუბნები და შენი მარიონეტივით გამოყენება არავის უცდია, არც შეეცდებიან და, რომც მოინდომონ, მაინც არ გამოუვათ. ამიტომ, დამშვიდდი და მომისმინე, ფრაზებს ნუ გამოეკიდები და არსს ჩასწვდი.

– გისმენ, განაგრძე.

– მათე, ჩვენ სულ ოციოდე ადამიანი ვართ, მაგრამ, თითქმის ყველაფერს ვაკონტროლებთ ქვეყანაში და სულ ვიცით, ვინ სად და რას ჩალიჩობს. შავი ბიზნესიც ჩვენი ყურადღების ქვეშაა, თეთრიც და კიდევ მრავალი, მრავალი რამ. სწორედ ჩვენი ძალისხმევით უდგას სული ქვეყანას და ფარული, მაგრამ ძალიან დიდი გავლენა გვაქვს ქვეყნის მმართველობაში.

– მთელი ცხოვრება „პაბეგში“ და ფარულ „ჩალიჩებში“ ვარ, მაგრამ ასეთ პონტში პირველად „გავიჩითე“. თავი მასონთა „პადვალში“, ფარულ შეკრებაზე მგონია, ჩირაღდნებით განათებული ბნელი და მასკები გვაკლია, – ირონიულად თქვა მათემ, – უფრო კონკრეტულად მითხარი, რა „პუბლიკა“ ხართ და მე რა უნდა ვაკეთო თქვენთან.

– ჩვენ ის ხალხი ვართ, ჩემო მათე, ვინც ყველაფერს ქართულს უფრთხილდება და ფარულად აფინანსებს, ახალისებს და ასეთი რწმენის ხალხს ასევე ფარულად უწყობს ხელს კარიერულ წინსვლაში. ჩემ გარდა, ამ საქმეში ჩვენი უწყებისა და სხვა უწყებების ბევრი ბობოლაა, აი, ისინი, – უთხრა ნატამ მათეს და ფურცელზე 19 ადამიანის ვინაობა დაუწერა, რომელთა უმრავლესობას მათე იცნობდა, არა პირადად, არამედ პრესა-ტელევიზიის საშუალებით.

– ესე იგი, თქვენ ხართ ერის ბირთვი?

– მათე, ჩემო კარგო, ეს ისეთი საკითხია, რომ, ირონია, მით უმეტეს, სარკაზმი და მსგავსი რამ, არ უხდება. ამიტომ, თავი შეიკავე დაცინვისგან და ან „ჰო“ თქვი, ან – „არა“. მაგრამ – იცოდე, ჩვენგან ვერ გაიქცევი და, სანამ ცოცხალი ხარ, ის საქმე უნდა აკეთო, რაშიც უკვე თავი გაქვს გაყოფილი.

– ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო, არა?

– შენს შემთხვევაში ცოტა სხვანაირადაა. უფრო სწორად, საპირისპიროდ – იმდენად საჭირო კაცი ხარ, რომ, ჩაყოლის მაგივრად, ჩაგითრიეს.

– ესე იგი, ყველაფერი გაჩალიჩებულია და თქვენთან შემთხვევით არ მოვხვედრილვარ.

– ყველაფერს ვერ გააჩალიჩებ. ჩვენთან კი, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ ხარ მოხვედრილი და კარგა ხანია, ამას ვჩალიჩობდით, თუმცა, შემთხვევაც დაგვეხმარა რამდენჯერმე.

– ხომ არ დააკონკრეტებ?

– სიამოვნებით. შენი დათრევა ჯერ კიდევ ორი წლის წინ, მაშინ გვინდოდა, როდესაც შენ და შენი ამალა გურიკო მიქაიას სასახლეში იმალებოდით, საბურთალოზე და ყველა მოგზავნილი რუსი ქილერი გაანადგურეთ.

– მერე, რამ შეგიშალათ ხელი?

– იმან, ჩემო კარგო, რომ გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ. ყველა არ იყო თანახმა.

– ვინ ყველა?

– ჩვენი წესებით, დიდი საბჭოს ერთი წევრიც რომ წინააღმდეგი იყოს, ის საკითხი არ მტკიცდება. ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი წევრი, ამჟამად მკვდარი, წინააღმდეგი იყო შენი ჩვენთან მოყვანის და ეს ამბავი მაშინ ჩაიშალა.

– ვინ იყო ჩემი წინააღმდეგი?

– ყოფილი მინისტრი.

მათეს თვალები გაუფართოვდა, ნატას მწველი მზერა ესროლა და უთხრა:

– მინისტრი თქვენ „დაბრიდეთ“?

ნატამ ცივად გააქნია თავი:

– ყველა ასეთი ადამიანი თვითონ იბრიდავს თავს.

– მურტალოსავით ბაზრობ.

– რაც მთავარია, სიმართლეს ვამბობ.

– მერე?

– მერე ის, რომ მან შენზე თქვა, გავასაღოთო, რაზეც ყველანი წინააღმდეგი წავედით.

– რას მერჩოდა, რატომ „მბრიდავდა“?

– გრძნობდა, რომ ადრე თუ გვიან მაინც ჩვენიანი გახდებოდი და „სტოპირიოდს“ იჭერდა.

– რის „სტოპირიოდს“? ვერაფერს ვხვდები.

– რის „სტოპირიოდს“ და, იმ ნაბოზარს სულ სხვა გეგმები ჰქონია, ქვეყნის პირველი პირობა უნდოდა და საამისოდ მყარ ნიადაგს ამზადებდა. თურმე, სხვა საიდუმლო ჯგუფიც ჰყოლია. თუმცა, იქ თვითონ იყო ყველაფრის ბატონ-პატრონი და, რაც მთავარია, ჩვენს ერთიან ლიკვიდაციას გეგმავდა.

– ნაბოზარი! – ზიზღით თქვა მათემ.

– დიდ დიღომში რომ რუსი აგენტები დახოცეთ, გახსოვს?

– ამას რა დამავიწყებს. ერთი მათგანი დავითრიეთ, გადავიბირეთ და ახლაც ცოცხალია.

– ჰოდა, ჩემო კარგო, იმ ნაბოზრებს სწორედ მან მისცა ნაკოლი და დღემდე მიკვირს, როგორ გადარჩით.

– სასწაულებრივად. ჰამომ „დაწვა“ ისინი. ესე იგი, ის ბოზი რუსეთზეც მუშაობდა?

– ეგრე გამოდის. თუმცა, მისთვის მთავარი ძალაუფლება იყო და არა იდეა.

– მერე, როგორ ვერ გაშიფრეთ?

– გავშიფრეთ, ოღონდ, გვიან და, აი, შედეგიც – ახლა ის მიწაში წევს, შენ კი ჩვენთან ხარ.

– კი მაგრამ, მე ხომ ჯერ არ მომიცია თანხმობა? – გაეცინა მათეს.

– მერე, რას ელოდები, ან „ჰო“ თქვი, ან – „არა“.

– თანახმა ვარ. ახლა ის მითხარი, რა უნდა ვაკეთო?

– ეს წინასწარი თანხმობაა და შენი საკითხი დიდმა „სხოდკამ“ უნდა „გააიასნოს“, – გაეცინა ნატას, – ხომ ქურდულად ვლაპარაკობ?

– თითქმის.

– ახლა, რაც შეეხება შენს საქმიანობას. ალბათ, იგივე ფუნქცია დაგეკისრება, რაც შენ და შენს კოლეგებს გსურდათ და რისთვისაც ამერიკელებს სჭირდები, რომლებიც ამდენ ფულს ხარჯავენ შენს ხელში ჩასაგდებად.

– ანუ?

– ანუ, ჩემო მათე, რუსეთთან საბრძოლველად.

– მე და ჩემი კოლეგები სულაც არ ვაპირებდით რუსეთთან ბრძოლას. პირიქით, ჩვენ გვიყვარს რუსეთი და ჩვენი პოზიციების დაბრუნება გვინდა. ჩვენი მტერი მანგუსტია და არა რუსეთი.

– სწორედ ამას გეუბნები მეც, რუსეთს კი არა, მანგუსტს ვებრძვით ჩვენც და ამერიკელებიც და შენი ამ ბრძოლაში გამოყენება გვინდა.

– ესე იგი, მე მანგუსტის წინააღმდეგ მიმართული იარაღი ვარ?

– სწორედ ასეა.

– კონკრეტულად, რა უნდა ვქნა?

– შენმა ხალხმა რეგიონები უნდა დაითრიოს, ანუ, რა დავალებაც მათ მისცა რუსეთის ახალმა მაყურებელმა მახომ, იგივე პითონმა, ოღონდ, შენი კარნახით უნდა განხორციელდეს. ამაში კი ჩვენ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს.:

– ის საიდანღა იცით, თუ ვინ და რა დავალება მისცა ქურდებს მოსკოვში?

– ჰამო და ლუდა დაგავიწყდა?

– ჰამო თქვენთანაა შეკრული?

– რა თქმა უნდა, არა. ეს შეუძლებელია.

– აბა, ლუდა?

– არა, არა, უბრალოდ, ჩვენ ჰამოს ვუსმენთ და, პეტიკოს რომ „ებაზრებოდა“, ყველაფერი გავიგეთ, გავაანალიზეთ და დასკვნების გამოტანა არ გაგვჭირვებია.

– ლუდა მედვედევა ვინაა, გეცოდინებათ.

– რა თქმა უნდა. მამამისი მანგუსტის უახლოესი გარემოცვის წევრია და უშიშროების გენერალი.

– ძალიან კარგი, – თქვა მათემ, შემდეგ ჭერში აიხედა, კუთხეები დაათვალიერა და ნატას ჰკითხა: – ჩვენს საუბარს იწერენ?

– არა.

– გვიყურებენ?

– არა.

– სიმართლეს ამბობ?

– კი.

– დარწმუნებული ხარ?

– ასი პროცენტით.

– მაშინ, მომისმინე, ჩემო კარგო: შენ იცი, რომ ლუდას მამა ჩვენი აგენტია?

ნატას გულიანად გაეცინა:

– კარგ გუნებაზე ხარ, მაგრამ, ჯერ – საქმე და ხუმრობა მერე იყოს.

– სულაც არ ვხუმრობ.

– კარგი, რა, მათე, თუკი ჰამო მინისტრის ქალიშვილს ჟიმავს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი მამა ქართველი ქურდების აგენტია.

– არ ნიშნავს, მაგრამ გენერალი მედვედევი მართლა ჩვენი აგენტია, უფრო მეტიც: ჩვენ ვიცით ყველა ის სამალავი, სადაც რუსები თავისი დივერსიული საქმიანობისთვის იარაღს მალავენ და ეს ყველაფერი დისკზეა ჩაწერილი. დისკი კი მაშინ ჯერ კიდევ პოლკოვნიკ მედვედევს ავახიეთ, როდესაც ის გუდაუთაში მუშაობდა.

ნატას დაბნეულობა აღებეჭდა სახეზე და მათეს უთხრა:

– ისეთი გამომეტყველება გაქვს, რომ, მგონი, სიმართლეს ლაპარაკობ.

– ასპროცენტიან სიმართლეს და ეს დისკი საიმედოდ მაქვს გადამალული.

– მაშინ, თუ ასეა, ჩვენი შანსები კიდევ უფრო მეტად იზრდება და მანგუსტს დიდი ძალებით შეგვიძლია, შევუტიოთ.

მათეს ჩაეცინა:

– შენ საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილი ხარ, მიუხედავად შენი ასაკის, ამიტომ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან. მანგუსტი მსხვილი ფიგურაა და მას ჯაშუშთა ქსელის განადგურებით ზიანს ვერ მიაყენებ, ძვირფას აგენტს კი დაკარგავ. ამიტომ, ყველაფრის გონივრად განჭვრეტაა საჭირო. ნუ გგონია, რომ მანგუსტს ასე ადვილად დაამარცხებ და, სხვათა შორის, არც მისი დამარცხებაა პანაცეა.

– გეთანხმები, მაგრამ, დიდი კაპიტალი გვქონია და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

– გამოვიყენებთ კიდეც, მაგრამ დანიშნულებისამებრ. ახლა კი ძალიან დავიღალე, თან, თავიც მტკივა, და, შენი ნებართვით, ცოტას დავიძინებ.

ნატა ისე იყო აღგზნებული მათესგან მიღებული ინფორმაციით, რომ შეეძლო, დილამდე განუწყვეტლივ ელაპარაკა, მაგრამ თავი შეიკავა და უთხრა:

– კეთილი, ასე იყოს, დილით განვაგრძოთ. ძილი ნებისა!

– ძილი ნებისა! – მიუგო ნატას მათემ, გაუღიმა, თავი ბალიშზე დადო და თვალდახუჭულმა უთხრა, – ღამის 3 საათია და მართლა ძალიან მეძინება.

***

ნატა მათეს ოთახიდან გავიდა. შემდეგ თავის ოთახში განმარტოვდა, ტელეფონზე დარეკა და თქვა:

– ყველაფერი რიგზეა.

– ძალიან კარგი. შენი პროტეჟეა და „ჩეპეზე“ მაგასთან ერთად შენც ხარ პასუხისმგებელი, – მიუგო ნატას მამაკაცის ხმამ და ტელეფონი გათიშა.

ნატამაც გათიშა ტელეფონი და ტახტზე წამოწვა, რომ თვალი მოეტყუებინა, რადგან ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ მისი ყურადღება ყრუ ბრაგუნმა მიიქცია, წამოხტა, პისტოლეტმომარჯვებული გავარდა ოთახიდან და მათეს კარის წინ ის ორი ახალგაზრდა დაინახა იატაკზე დაყრილი, რომლებიც მან მათეს მიუჩინა მეთვალყურეებად და მოსამსახურეებად.

გოგონამ ორივე მათგანი მოასულიერა და ჰკითხა:

– რა მოხდა?

– მათე დაგვესხა თავს და გაიქცა, – თითქმის ერთდროულად უპასუხეს მოსულიერებულებმა. ამ დროს ქუჩიდან მანქანის ძრავის ხმა გაისმა. ნატა აივანზე გავარდა და ღამის სიბნელეში დიდი სისწრაფით მიმავალი „ჯიპი“ დაინახა, რომელიც მათემ გაიტაცა.

– ფუი, მაგის დედაც! რამ გააგიჟა ამხელა კაცი! – იყვირა ნატამ. შემდეგ ეზოში ჩაირბინა, მოტოციკლს მოახტა, მათეს დაედევნა და ჩაილაპარაკა: – ეს რომ ახლა ააგდონ, ყველაფერს ჩაგვიშლის.

მათე, რომელსაც დილით მიღებული ტრავმისგან ტვინის შერყევა ჰქონდა, „ბეემვეს ჯიპს“ მიაქროლებდა ღამის თბილისის ქუჩებში და გადაწყვეტილი ჰქონდა, დროებით მაინც ყველას და ყველაფერს დამალვოდა.

„ნაბოზრები, – ფიქრობდა შეურაცხყოფილი ქურდი, – პრეზერვატივი ხომ არ ვარ, რომ მიხმარონ და გადამაგდონ! მე მათე ვარ, მათე და ასე ადვილად ვერ მომიხელთებენ! თქვენი დედაც! მოდით, აბა და, მომიხელთეთ!“

მათეს ნატას ლაპარაკი, მისი თავდაჯერებული ტონი აღიზიანებდა და გაქცევაც ამიტომ გადაწყვიტა. მასში ქურდულმა სიამაყემ გაიღვიძა, რასაც ტვინის შერყევამაც შეუწყო ხელი და ისე ააღელვა, რომ ასეთ უკიდურეს ნაბიჯზე წავიდა.

„ბეემვეს ჯიპმა“ დიდი სისწრაფით ჩაიარა იპოდრომის დაღმართი და მოძრაობის ყველა წესების დარღვევით შევარდა მკვეთრ მოსახვევში, სადაც მას პატრული დაედევნა.

„ესღა მაკლდა, – გაიფიქრა ნატამ, რომელიც მათეს სპორტული მოტოციკლით მისდევდა, – ახლა პოლიცია იგერიე“.

მათემ ქარივით ჩაიქროლა ფართო ქუჩაზე და იგრძნო, რომ გონებას კარგავდა. ამიტომ, ჯერ სიჩქარე დააგდო, შემდეგ კი მკვეთრად დაამუხრუჭა, თავი მანქანის საჭეს მიარტყა და გონება დაკარგა.

საპატრულო მანქანა „ჯიპის“ გვერდით გაჩერდა, საიდანაც პისტოლეტმომარჯვებული პოლიციელები გადმოხტნენ და „ბეემვეს“ კარებს ეცნენ, მაგრამ ნატამ მათ უყვირა:

– ხელი არ ახლოთ, იარაღი დაუშვით!

– შენ ვინ ხარ? – კოპები შეკრა ერთ-ერთმა პოლიციელმა და გოგონას შეუბღვირა.

– აი, ჩემი ქსივა, – ნატამ უშიშროების საბუთი აუფრიალა პოლიციელებს, – ჩემი კოლეგაა, ძალიან მთვრალია და აიჭრა.

– ავარია რომ მოეხდინა და უდანაშაულო ხალხი დაეხოცა, მაშინაც გაამართლებდი? სიმთვრალე გამართლებაა, მაიორო? – არ შეეპუა მეორე პოლიციელი ნატას.

– არა, ჩემო ძმაო, ნამდვილად არ ვამართლებ, მაგრამ, უნდა გავუგოთ. ამ დილით თვალწინ მეწყვილე მოუკლეს და საკუთარ თავს ვერ პატიობს. ამბობს, ჩემი ბრალიაო და აჭრილია, მთელი დღეა სვამს და, როგორც ეტყობა, ჩაეძინა. ასე იცის ხოლმე, როცა ბევრს დალევს.

– გასაგებია, – ერთხმად თქვეს პოლიციელებმა, – წაიყვანთ თუ მოგეხმაროთ?

– მე თვითონ წავიყვან, თქვენ კი ეს მოტოციკლი დამიყენეთ „შტრაფნოიზე“ და ხვალ ან ზეგ წამოვიყვან.

– რატომ „შტრაფნოიზე“, – გაუღიმა ნატას ერთ-ერთმა პოლიციელმა, – აქვე ვცხოვრობ, ჩემს ეზოში დავაყენებ და ხვალ წაიყვანეთ ან, სულერთია, როდის. აი, ჩემი ტელეფონი და დამირეკეთ.

– მადლობელი ვარ, კოლეგა, – უთხრა ნატამ პოლიციელს, ტელეფონი გამოართვა და გაუღიმა, – ხვალ ან ზეგ დაგირეკავთ.

პოლიციელი მოჯადოებული იყო გოგონას სილამაზით და თამამად ჰკითხა:

– ქმარი გყავთ?

– არა, გათხოვილი არასდროს ვყოფილვარ.

– არც შეყვარებული?

– კაცები ჩემს პროფესიას რომ იგებენ, ყველანაირ კავშირს წყვეტენ ჩემთან, რა თქმა უნდა, კოლეგებს არ ვგულისხმობ.

პოლიციელი იმდენად გაახარა ნატას სიტყვებმა, რომ აღტაცებით უთხრა:

– მეც ხომ კოლეგა ვარ!

– რა თქმა უნდა. ახლა კი უნდა დაგტოვოთ, ხვალამდე! – უთხრა ნატამ, საჭეს მიუჯდა, მანქანა ადგილიდან დაძრა, პოლიციელებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და მიაძახა, – ხვალ დაგირეკავ, კოლეგა!

გათიშული მათე უკანა სავარძელზე იწვა, სადაც ის პოლიციელებმა მოათავსეს და მხოლოდ მაშინ მოვიდა გონზე, როდესაც ნატამ კონსპირაციული სახლის ეზოში შეიყვანა „ჯიპი“ და ხელქვეითები დასახმარებლად იხმო.

ახალგაზრდებმა ფრთხილად აიყვანეს მათე მეორე სართულზე, საწოლში ჩააწვინეს და მხოლოდ იმის შემდეგ დატოვეს იქაურობა, როდესაც ოთახში ნატა შევიდა და მათ უთხრა:

– გმადლობთ, ბიჭებო. წადით, დაისვენეთ, – შემდეგ მათეს მიუბრუნდა და ჰკითხა:

– როგორ ხარ?

– თავი მიბრუის.

– სად გარბოდი, მათე, ჩვენ ხომ შევთანხმდით?

– მე არავის მარიონეტი არ ვარ, – თვალები დააბრიალა მათემ, – და ვერავინ მაიძულებს, თავის ჭკუაზე მატაროს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3