კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელობა მეჯლისზე


აგათა კრისტი


მშვენიერ გაზაფხულის დილას ჩვენ პუაროს ოთახში ვიჯექით, როდესაც ბინის მეპატრონემ, ინსპექტორ ჯეპის მოსვლა გვაცნობა. ჯეპი ჩვენი ძველი ნაცნობი იყო და მას თბილად შევხვდით.

– მესიე პუარო, – დაიწყო ჯეპმა, როდესაც სავარძელში მოკალათდა, – ახლა ერთ საქმეს ვიძიებ, რომელიც აუცილებლად დაგაინტერესებთ – გამარჯვების მეჯლისს ვგულისხმობ. გაზეთებიდან უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ წინა სამშაბათს გამარჯვების მეჯლისი გაიმართა, განაგრძო ჯეპმა, – ეს შესანიშნავი ზეიმი იყო, რომელშიც მთელი ლონდონი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდა ლორდი კრონშაუ და მისი მეგობრებიც. 25 წლის მდიდარი და უცოლო ვიკონტი კრონშაუ, ჭორებს თუ ვენდობით, მის კორტნეიზე იყო დანიშნული. ქალი თეატრ ოლბანის მსახიობი გახლდათ. ლორდ კრონშაუს კომპანია ექვსი კაცისგან შედგებოდა: თავად ლორდი, მისი ბიძა – უსტას ბელტეინი, კოხტა ამერიკელი ქვრივი – ლედი მელბი, ახალგაზრდა მსახიობი – კრის დევიდსონი, მისი ცოლი და კოკო კორტნეი. როგორც ცნობილია, ეს კოსტიუმირებული მეჯლისი იყო. კრონშაუს კომპანია იტალიური კომედიის პერსონაჟებს განასახიერებდა. ყოველ შემთხვევაში, კოსტიუმები იუსტას ბელტეინის ფაიფურის ქანდაკებების ძველი კოლექციის მიხედვით შეიკერეს. ლორდი კრონშაუ არლეკინი იყო, ბელტეინი – პონჩინელო, მის მელბი – მისი მეგობარი პოლჩინელა. დევიდსონები პიეროსა და პიერეტას განასახიერებდნენ, მის კორტნეი კი, რა თქმა უნდა, კოლომბინა იყო. ლორდი კრონშაუ ცუდ ხასიათზე გახლდათ და უცნაურად იქცეოდა. როდესაც მთელი კომპანია განცალკევებულ, პატარა კაბინეტში შეიკრიბა, ყველამ შეამჩნია, რომ ლორდ კრონშაუ და მის კორტნეი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ქალი ისტერიკის ზღვარზე იყო. კაბინეტიდან ყველა რომ გამოვიდა, მის კორტნეიმ დევიდსონს სახლში წაყვანა ხმამაღლა სთხოვა. ახალგაზრდა მსახიობი შეყოყმანდა, შემდეგ ორივე კაბინეტში შეიყვანა, მაგრამ მათი შერიგება ვერ შეძლო. ტაქსი გამოიძახა და უკვე ატირებული კორტნეი სახლში წაიყვანა. ქალი ძალიან გულგატეხილი იყო, მაგრამ ჩხუბის მიზეზებზე დევიდსონისთვის არაფერი უთქვამს. უბრალოდ, მთელი გზა იმეორებდა, რომ კრონშაუ ამას აუცილებლად ინანებდა. როდესაც დევიდსონმა ბოლოს და ბოლოს, მისი დაწყნარება შეძლო, მეჯლისზე დაბრუნებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. იგი სახლში წავიდა. მალე მისი ცოლიც დაბრუნდა და საშინელი ტრაგედიის შესახებ ამცნო.

მის კორტნეის წასვლის შემდეგ, ლორდი კრონშაუ ცდილობდა კომპანიისგან განცალკევებით ყოფილიყო. ამიტომ, მათ იგი თითქმის არ უნახავთ. დაახლოებით, ღამის ორის ნახევარზე, როდესაც ყველას უკვე ნიღაბი უნდა მოეხსნა, კაპიტანმა დიგბიმ, კრონშაუს ჯარის მეგობარმა, რომელმაც იცოდა, მას როგორი კოსტიუმიც ეცვა, მეგობარი ლოჟაში დაინახა და ჩამოსვლა სთხოვა.

– ახლავე ჩამოვალ, – უპასუხა კრონშაუმ, შებრუნდა და ლოჟიდან გავიდა. კაპიტანი დიგბი, რომელიც მისის დევიდსონთან ერთად იდგა, კარგა ხანს ელოდა, მაგრამ კრონშაუ არ გამოჩნდა. ძებნა დაუწყეს, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს მის მელბიმ შესთავაზა, იმ კაბინეტში მოეძებნათ, სადაც ივახშმეს. იქით გაემართნენ და რა ნახეს! – არლეკინი იატაკზე გაშხლართულიყო და გულში სუფრის დანა ჰქონდა ჩარტყმული. მეორე დღეს უკვე ყველა გაზეთი ამის შესახებ წერდა. ამასთან, გამოქვეყნდა მცირე განცხადებაც იმის შესახებ, რომ მის კორტნეი საკუთარ ლოგინში იპოვეს გარდაცვლილი. გარდაცვალების მიზეზად კოკაინის გადაჭარბებული დოზა დასახელდა. მისმა მოახლემ განაცხადა, რომ მის კორტნეი ნარკოტიკს ეტანებოდა. გადაწყდა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, თუმცა ვერც თვითმკვლელობას გამოვრიცხავთ. სხვათა შორის, კრონშაუს გვამის გაჩხრეკისას ემალის პატარა ყუთი იპოვეს, რომელზეც კოკოს სახელი იყო ამოტვიფრული. ყუთში კოკაინი ეყარა. თავად ლორდი ნარკომანი არ ყოფილა. პირიქით, იგი ამ ჩვევის გამო, მის კორტნეის ყოველთვის ჰკიცხავდა. რას იტყვით?

– მკვლელობის ადგილზე მეტი არაფერი გიპოვიათ? – ჰკითხა პუარომ.

– აი, რა ვიპოვეთ, – უთხრა ჯეპმა და ჯიბიდან პატარა პაკეტი ამოიღო, პაკეტში ღია მწვანე პომპონი იდო. ძაფებზე ეტყობოდა, რომ მოეგლიჯათ, – ჩვენ ის გარდაცვლილის ხელში ჩაბღუჯული ვიპოვეთ.

პუარომ მას პომპონი ყოველგვარი კომენტარის გარეშე დაუბრუნდა და ჰკითხა:

– ლორდის სიკვდილის შემდეგ მის მემკვიდრეობას ვინ იღებს?

– ბიძამისი, ბატონი უსტას ბელტეინი. მას ერგება მისი ტიტულიც და მამულიც. არის რამდენიმე საეჭვო გარემოება, რაც მის დანაშაულზე მიუთითებს. რამდენიმე ადამიანი ამტკიცებს, რომ კაბინეტიდან, სადაც ვახშამი იმართებოდა, ხმამაღალი საუბრის ხმა გაიგონეს. მათ შორის უსტას ბელტეინის ხმაც ისმოდა. სუფრის დანა კი ჩხუბის დროს შეიძლება მაგიდიდანაც კი აეღო. თავად ბელტეინი ამბობს, რომ ერთ-ერთი ოფიციანტი ძალიან დათვრა და მას ეჩხუბებოდა. ეს ღამის პირველ საათზე იყო და არა ორის ნახევარზე. კაპიტან დიგბის ჩვენება კი, მკვლელობის დროს ზუსტად ადგენს. მისი და კრონშაუს საუბრიდან და გვამის აღმოჩენამდე, მხოლოდ ათი წუთი გავიდა.

– იმ განცალკევებული კაბინეტის დარბაზიდან ფარდა ჰყოფდა, რომლის უკანაც საკმარისი ადგილი იყო ადამიანის დასამალად, ასე არ არის?

– ზუსტად ასეა. როგორ გაიგეთ ამის შესახებ? იქ ხომ არ ყოფილხართ?

– ექიმს დაუძახეს? – მშვიდად განაგრძობდა პუარო, – ექიმს რაიმე უჩვეულო არ შეუმჩნევია?

– კი, – ჯეპმა თვალები დაჭყიტა, – არ ვიცი, ეს როგორღა გაიგეთ. ექიმმა თქვა, რომ გვამის გაშეშება უცნაურად სწრაფად მოხდა, რაც ვერაფრით ახსნა.

– იმ ფაიფურის ქანდაკებების ნახვა მინდა, რომელთა მიხედვითაც კოსტიუმები შეკერეს, – განაცხადა პუარომ.

ჩვენ ტაქსი დავიჭირეთ და ახალგამომცხვარ ლორდ ბელტეინისკენ გავეშურეთ. ლორდი სახლში არ დაგვხვდა, თუმცა ფიგურების დათვალიერების საშუალება მაინც მოგვცეს. ჯეპი სკოტლანდ-იარდში წავიდა. ჩვენ კი დევიდსონებთან გავემართეთ. თავად ბატონი დევიდსონი სახლში არ დაგვხვდა. მისის დევიდსონი მაშინვე გამოგვეგება. პუარომ აუხსნა, რომ მხოლოდ იმ კოსტიუმის სანახავად მივედით, რომელიც მას მეჯლისზე ეცვა. მართალია, მისის დევიდსონს ჩვენი თხოვნა გაუკვირდა, მაგრამ კოსტიუმი მაინც გამოიტანა. პუარომ გამოართვა, დაათვალიერა და უკან დაუბრუნა.

– მადლობა, მადამ. ვხედავ, მწვანე პომპონი დაგიკარგავთ, რომელიც აქ მხარზე უნდა გქონოდათ.

– დიახ, ის მეჯლისზე მომწყდა. ავიღე და საცოდავ კრონშაუს მივეცი.

– აი, პომპონის საიდუმლოსაც ფარდა აეხადა, – ვუთხარი პუაროს, როდესაც გარეთ გამოვედით.

– არ ვიცი. პომპონი, რომელიც ამ კოსტიუმს აკლდა, მოწყვეტილი არ ყოფილა. ის აკურატულად იყო აჭრილი – ყველა ძაფი ერთი სიგრძისაა. სპექტაკლი დამთავრდა. ახლა ვაპირებ მხოლოდ ერთი სცენა დავამატო – არლეკინის სცენა.

იდუმალი წარმოდგენა პუარომ მომავალ სამშაბათს დანიშნა. ოთახის კუთხეში თეთრი ეკრანი დადგა და მის ორივე მხარეს მძიმე ფარდები ჩამოჰკიდა. გამნათებელი და მსახიობების ჯგუფი მოიწვია. ცოტა ხანში ჯეპიც გამოჩნდა, რომელიც მხიარულ გუნებაზე იყო. მივხვდი, პუაროს გეგმას აგდებულად უყურებდა. სტუმრებიც მალე მოვიდნენ: ახალი ლორდი, მისის მელბი, შემდეგ დევიდსონები. პუარომ ოთახში შუქი ჩააქრო და განათებული მხოლოდ ეკრანი დარჩა. მერე გამოაცხადა, რომ ახლა მათ წინაშე ექვსი ფიგურა ჩაივლიდა – იტალიური კომედიის გმირები. ფიგურებმა ეკრანის წინ ჩაიარეს. შუქი აინთო და ყველამ ამოისუნთქა. პუარომ იკითხა:

– თქვენ ახლა იტალიური კომედიის ექვსი პერსონაჟი ნახეთ, ასეა?

– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა ყველა.

– მინდა გითხრათ, რომ ყველანი შეცდით. თვალმა მოგატყუათ, ისევე როგორც მაშინ, მეჯლისზე. თქვენ დღესაც, მაშინდელივით მხოლოდ ხუთი ფიგურა დაინახეთ და არა ექვსი!

სინათლე ჩაქრა. ეკრანის წინ პიეროს ფიგურა გამოჩნდა.

– ეს ვინ არის? – იკითხა პუარომ, – ეს პიეროა?

– კი, – იყვირა ყველამ.

– დაკვირვებით, შეხედეთ!

სწრაფი მოძრაობით მსახიობმა პიეროს უბრალო კოსტიუმი გაიხადა და შუქზე ყველამ დაინახა არლეკინის ლამაზი ფიგურა. ვიღაცამ დაიყვირა და სკამი გადააბრუნა.

– ღმერთმა დაგწყევლოთ! – გაისმა დევიდსონის ხმა, – როგორ მიხვდით?

ხელბორკილებმა გაიჩხაკუნა და ჯეპმა დევიდსონს თავისი უფლებები წაუკითხა.

გვიხსნიდა პუარო, – მწვანე პომპონი, რომელიც გარდაცვლილის ხელში ნახეს აშკარად აგლეჯილი იყო. თუმცა, პიერეტა ვიკონტს ვერაფრით ვერ მოკლავდა. მას ძალა არ ეყოფოდა, რომ სუფრის დანა კრონშაუსთვის მკერდში ჩაერჭო. ამიტომ, ყურადღება პიეროზე გადავიტანე. მაგრამ, პიერომ დარბაზი მკვლელობამდე ორი საათით ადრე დატოვა. გამოდის, რომ ის ან მოგვიანებით დაბრუნდა უკან, ან კრონშაუ მანამდე მოკლა, ვიდრე მეჯლისს დატოვებდა. ვინ ნახა კრონშაუ ვახშმის შემდეგ? მხოლოდ მისის დევიდსონმა. მან კი მოიტყუა, რათა ამით პომპონის გაუჩინარება აეხსნა. ესე იგი არლეკინი, რომელიც ორის ნახევარზე ლოჟაში ნახეს, ნამდვილი არ იყო. თავიდან ვფიქრობდი, რომ მკვლელი მისტერ ბელტეინი იყო, მაგრამ პუნჩინელოს კოსტიუმი ძალიან რთულია, იმისთვის რომ ერთდროულად პუნჩინელოსა და არლეკინის როლები შეასრულო. ძალიან რთული კოსტიუმი აქვს – ნაკეცები, მაქმანები, კუზი, მაღალი ქუდი. დევიდსონი კი ახალგაზრდა კაცია. დაახლოებით, კრონშაუს აგებულების. თანაც მსახიობი. მას ამის გაკეთება მარტივად შეეძლო. ექიმის განცხადებაც გაიხსენეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ გვამი უჩვეულოდ სწრაფად გაშეშდა. დევიდსონმა ლორდი კრონშაუ ვახშმის დასრულებისთანავე მოკლა, მაშინ როდესაც ყველამ დაინახა, როგორ გაიყვანა იგი ცალკე კაბინეტში. შემდეგ მის კორტნეის გასაცილებლად გაემგზავრა. ქალი სახლის კართან დატოვა და მეჯლისზე დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად არლეკინის კოსტიუმში. მან უბრალოდ, პიეროს კოსტიუმი გაიძრო, რომელიც არლეკინის კოსტიუმზე ეცვა.

– რაში დასჭირდა მას კრონშაუს მოკვლა? – იკითხა მოკლულის ბიძამ.

– აი! აქ სხვა ტრაგედია შემოდის. მის კორტნეის ტრაგედია. მის კორტნეი ხომ კოკაინის ზედმეტი დოზისგან გარდაიცვალა. თუმცა, მისი კოკაინი იმ პატარა კოლოფში იყო, რომელიც მოკლულს უპოვეს. მაშინ სად იშოვა მან კოკაინი, რომელმაც მოკლა? მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო მისი ნარკოტიკით მომარაგება – დევიდსონს. ეს კი ყველაფერს ხსნის. ეს ხსნის ქალისა და დევიდსონის მეგობრობას. ლორდ კრონშაუმ, რომელიც ნარკომანიის მოწინააღმდეგე იყო, ქალის ნარკომანობის ამბავი გაიგო, გაიგო ისიც, რომ მას ნარკოტიკებით დევიდსონი ამარაგებდა. დევიდსონი, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ კრონშაუმ სიმართლის გარკვევა გადაწყვიტა. მას შეეძლო საცოდავი გოგოსთვის ეს ეპატიებინა, მაგრამ, ალბათ, არ აპატიებდა ადამიანს, რომელიც ნარკოტიკების ვაჭრობით მდიდრდებოდა. ასე რომ, დევიდსონს გამოაშკარავება და სავარაუდოდ, ციხე ემუქრებოდა. ის მეჯლისზე იმ განზრახვით მივიდა, რომ კრონშაუ ყველა ხერხით გაეჩუმებინა. როდესაც მოკლა, გვამი ფარდის უკან დამალა. თვითონ კი ყურადღება რომ მიექცია, ლოჟაში დაბრუნდა და ვიდრე მეჯლისს საბოლოოდ დატოვებდა, გვამი სამალავიდან გამოათრია. რაც შეეხება კოკოს, მისი სიკვდილი ალბათ, უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ, დევიდსონის დაგეგმილი. გამორიცხული არაა, რომ მან განერვიულებულ ქალს დოზის გაზრდა ურჩია. შეგიძლიათ, ამაშიც წაუყენოთ ბრალი.


скачать dle 11.3