რატომ უწყობს ხელს რუსეთი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ქართული ეკლესიის დისკრედიტაციას
ამ ჩვენს ისედაც დაძაბულ ყოფას დროდადრო ისევ ძაბავს ხოლმე საუბრები ლუსტრაციის კანონის შესახებ (ამჯერად იდეის ინიციატორი ხალხის რჩეული გია თორთლაძეა), რომლის არც მიღებას დაადგა საშველი და, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირისგან ლამის ბუნდღაც აღარ დარჩა, აგერ უკვე 18 წელია, ვერ მიგვიღია. უფრო მეტიც, საბჭოთა აგენტურის სიები, ასევე, საბჭოთა აგენტებმა თუ „კა- გებეს“ შტატიანმა თანამშრომლებმა, უკვე პირწმიდად გაიტანეს, ასე რომ, ფრიად ბუნდოვანია, რის საფუძველზე უნდა გამოვლინდნენ საბჭოთა აგენტები, რომელთა უმეტესობამ, ასაკის გათვალისწინებით, ალბათ, უკვე უფალს მიაბარა თავისი ცოდვილი სული. მაგრამ, რაკი, თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო, მამუკა გიორგაძეს დავეკითხეთ ქართული ლუსტრაციის პერსპექტივაზე.
– რას შეცვლის საბჭოთა აგენტების საბჭოთა კავშირის დაშლიდან მეთვრამეტე წლისთავზე გამოვლენა?
– ლუსტრაცია აუცილებელია, რადგან ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება, თუ ლუსტრაციის კანონი არ მივიღეთ და არ ავამოქმედეთ. როგორ შეიძლება, შევქმნათ სახელმწიფო, თუ მის მმართველობას არ ჩამოვაცილებთ უცხო ქვეყნის აგენტებს?! ნებისმიერ ნორმალურ ხელისუფლებას, როგორც კი მოვიდოდა ხელისუფლებაში, უპირველესად ლუსტრაციის კანონი უნდა მიეღო, თუმცა დღემდე არც ერთ ხელისუფლებას ამის სურვილი არ ჰქონია, თორემ იოლად განახორციელებდა, რადგან საქართველოში ჯერ არ ყოფილა ხელისუფლება, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყოლოდა. არც ერთმა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მაშინ მათ უნდა ეღიარებინათ ისიც, თვითონ როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამერიკას, რა თქმა უნდა, აქვს საქართველოს მთავრობის ფუნქციონირების დაბლოკვის მექანიზმი, ბოლოს და ბოლოს, ფულს არ მისცემს, მაგრამ ხელისუფლების მოყვანის მექანიზმი ამერიკას არ გააჩნია. ეს მექანიზმი აქვს რუსეთს, იმიტომ რომ საქართველოში დიდი რაოდენობით აგენტურა ჰყავს.
– იმას ამბობთ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა რუსეთმა?
– რა თქმა უნდა! და ამას არანაირი ლუსტრირება არ სჭირდება, ამის ნათელი დადასტურებაა სააკაშვილის მოქმედებები. ამიტომ, ბუნებრივია, ის ლუსტრაციის კანონს არ მიიღებს ან გამოაქვეყნებს მხოლოდ და მხოლოდ მისთვის სასარგებლო ინფორმაციას. სააკაშვილი ვერ მოახდენს ლუსტრაციას, რადგან მაშინ მან უნდა აღიაროს თავისი უცხო ქვეყნისადმი სამსახური! დასაფლავების დროს ამბობენ ხოლმე: „რუჩკებს“ არ ენდოთო“, შესაბამისად, როგორ შეიძლება, სააკაშვილს ვენდოთ?! ჩვენ უნდა ვენდოთ მის საქმეებს, მისი საქმეები კი ცალსახად ამბობს, რომ მიცვალებული სასწრაფოდ უნდა დასაფლავდეს, რადგან უკვე ყარს და ეს მიცვალებულია დღევანდელი ხელისუფლება. ამიტომ მის „რუჩკებს“, ანუ ტელევიზიებს არ უნდა ვენდოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამის ნათელი დადასტურებაა აგვისტოს ომი, რომელიც რუსეთის დაკვეთით განახორციელა სააკაშვილმა და რუსეთს მისცა საშუალება, რომ მთელ მსოფლიოში არგუმენტირებულად წარმოეჩინა თავი. საერთოდ, როგორც წესი, პატიოსნებაზე ყველაზე ხშირად მეძავები საუბრობენ, ამიტომაც სწორედ ხელისუფლება საუბრობს ყველაზე ხშირად ლუსტრაციაზე.
– რეალურად ამაზე საუბრობს ბ-ნი თორთლაძე.
– სააკაშვილი – ეს არის მრავალსახოვანი იანუსი და თორთლაძე მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა. ხომ უნდა დაუმტკიცოს თავისი ერთგულება პატრონს?! ამიტომ ლუსტრაციის თემა თავის თავზე აიღო; მაგალითად, აგვისტოს ომის გამოძიება სხვამ აიღო თავის თავზე. არჩევნების თემა – სხვამ და ასე შემდეგ. მეორე მხრივ, გარდა იმისა, რომ არანაირ ლუსტრაციის კანონს არ მიიღებენ, ხდება იდეის დისკრედიტაცია. საერთოდ, თემებმა მოყირჭება იცის ხოლმე და ესენი ცდილობენ, ხალხს ლუსტრაციის თემა მოაყირჭონ.
– რუსეთი თავს მიიჩნევს საბჭოეთის მემკვიდრედ და, უფრო მეტიც, საბჭოეთი რუსეთის იმპერია იყოო. ვისი აგენტები უნდა გამოვავლინოთ – საბჭოთა კავშირის თუ რუსეთის?
– ლაპარაკია საბჭოეთის აგენტებზე.
– და რა კავშირში არიან ისინი რუსეთის აგენტებთან? რაკი საბჭოეთის სამართალმემკვიდრე რუსეთია?
– სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. მათ უნდათ, რომ ჩამოწერონ ეს თვრამეტწლიანი პერიოდი. შესაბამისად, დღეს ხდება ის, რომ რუსეთმა, როგორც საბჭოეთის მემკვიდრემ, იკისრა აგენტურის პატრონობაც. მაშინდელი „კაგებე“ რეორგანიზდა და სხვადასხვა უწყებაში გადანაწილდა, შესაბამისად, რუსეთში არსებობს „ეფესბე“, „გრუ“, სხვადასხვა სტრუქტურები და მათ თავიანთი აგენტები თავ-თავიანთ სამსახურებში წაიყვანეს. ვინც „კაგებეს“ სტრუქტურას იცნობს, დამეთანხმება, რომ არსებობდა პირველი და მეორე სამმართველოები, რომელთა აგენტები არც ირიცხებოდნენ და არც ექვემდებარებოდნენ საქართველოს „კაგებეს“, ამიტომ საქართველოში დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს ეს სხვადასხვა უწყება და ამ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები საქართველოში წარმატებით აწყობენ სპექტაკლებს. ანუ, თუ სააკაშვილს კურირებს ერთი უწყება, იგორ გიორგაძეს აქვს კავშირი მეორე უწყებასთან. ეს ორი უწყება მოსკოვში ერთმანეთის კონკურენტია და მათი წარმომადგენლები საქართველოში ერთმანეთის კონკურენტები არიან. შესაბამისად, თუკი ვინმე ბეჟუაშვილი ერთი უწყების სამსახურშია, მაგალითად, ლომაია მეორე უწყების სამსახურშია, რაც აისახება აქ შექმნილ ვითარებაზე. თუ იქ გადაწყვეტენ, რომ საჭიროა ამ უწყებების ერთად მუშაობა, ისინი იქნებიან ერთად და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ უჭერდა იგორ გიორგაძე მხარს მიხეილ სააკაშვილს. ესე იგი, ეტაპებს გააჩნია და, თუკი მაშინ სააკაშვილისთვის იყო იგორ გიორგაძესთან თანამშრომლობა კომპრომატი, დღეს იგორ გიორგაძისთვისაა კომპრომატი სააკაშვილთან თანამშრომლობა. მაგრამ დასჭირდა რუსეთს თავისი ერთიანი გეგმის შესრულება?! ერთიანად გაუკეთეს მობილიზაცია თავიანთ სტრუქტურებს. დღეს არ სჭირდება მათი ერთად მოქმედება?! ამიტომაც ლამაზ სპექტაკლებს ვიღებთ რუსთაველის გამზირსა თუ მთავრობის კაბინეტებში. ის აგენტები არსად გამქრალან. შესაძლოა, მათი ნაწილი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოში 30 000-დან 50 000-მდე აგენტი ირიცხებოდა. ეს საკმაოდ დიდი ციფრია, ამასთან, ეს აგენტურა იყო როგორც ფეხსაცმლის მწმენდავებში, ისე უმაღლეს სახელოვნებო საზოგადოებაში; როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ წრეებში და ის ხალხი დღესაც წარმატებით ახორციელებს ფუნქციონირებას. მეორე მხრივ, პოლიტიკურად, სულაც არ მჭირდება აგენტების ძიება, რადგან მათი საქმეების მიხედვით თავისუფლად შემიძლია, ვიმსჯელო, ვინ აკეთებს ქართულ საქმეს და ვინ – არა. მათ შორის, ვინც არ აკეთებს ქართულ საქმეს, არის ორი კატეგორია: აგენტები და სულელები. ხოლო, რადგანაც საქართველოში საქმე ძალიან ცუდად მიდის და ამას ვერ დავაბრალებთ მხოლოდ სისულელეს, ესე იგი, აკეთებენ შეგნებით. გადავხედოთ პოლიტიკურ სპექტრს: პოლიტიკური ფიგურები სინუსოიდივით მოძრაობენ – ხან ზემოთ ადიან, ხან – ქვემოთ ჩამოდიან, მაგრამ საჭადრაკო დაფიდან არ გაჰყავთ, რადგან, თუ გაიყვანენ, სიცარიელეში აუცილებლად გამოჩნდება ის ჯანსაღი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პროცესებს წარმართავენ. საერთოდ, ყოფილი აგენტი არ არსებობს: არიან დარეზერვებული და აქტიური აგენტები. დღეს საქართველოში უცხო ქვეყნის აგენტურის სიმრავლეა და იმ ხალხს არ შეუწყვეტია თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა. ამიტომ, თუ ვინმეს უნდა, რომ ნორმალურად განახორციელოს ლუსტრირების პროცესი, ამას სულ სხვა მექანიზმები სჭირდება და არა თორთლაძის განცხადებები.
– მაგრამ, მთავარია მონაცემები, იმიტომ რომ, რთული იქნება ჩადენილი საქმეებით იმის განსჯა, ვინ სულელია და ვინ აგენტი, სიები კი არ არსებობს.
– სანამ სიებამდე მივა საქმე, რამდენიმე პარამეტრია საჭირო: პირველი – ეს არის პოლიტიკური ნება; აქვს კი ამ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება?! მას ეს ნება არ გააჩნია, ამიტომ ეს ყველაფერი ფიარია. მეორე პარამეტრია ის, რომ ლუსტრაციის პროცესი უნდა განახორციელოს დამოუკიდებელმა სტრუქტურამ, რომელსაც ექნება საზოგადოებრივი ნდობა; მე კი არ მგონია, რომ ხელისუფლებას უნდოდეს ასეთი ჯგუფის მიერ ლუსტრაციის ჩატარება, და, მესამე პარამეტრი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის აგენტურაზე, გაცნობიერებული უნდა გვქონდეს, რომ ის ქვეყანა, რომლის აგენტებიც უნდა გამოვავლინოთ, არის ან იყო ჩვენი მტერი. სამწუხაროდ, ეს არ არის გაცნობიერებული. თუ ეს გაცნობიერებულია, მაშინ როგორ არის საგარეო საქმეთა მინისტრი მტერი ქვეყნის მოქალაქე?! რად უნდა ამას ლუსტრაცია?! ადამიანი ვერ თმობს მტერი ქვეყნის მოქალაქეობას და ხვალ რუსეთმა საომარი მოქმედებები რომ დაიწყოს და გაიწვიოს, ის ჩვენ წინააღმდეგ ომში უნდა წავიდეს.
– პირადად მე ძალიან მამხიარულებს, როდესაც მახსენდება, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვია. მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთის აგენტი რომ იყოს, ასე აშკარადაც ხომ არ იქნებოდა რუსეთის მოქალაქე?
– მე არ ვამბობ, რომ ვაშაძე რუსეთის აგენტია, მე ვლაპარაკობ პოლიტიკურ განწყობაზე. ჩვენ დღესაც ვერ გავარკვიეთ, რუსეთი მტერია თუ მოყვარე. თუ რუსეთი მტერია, მაშინ მე მაინტერესებს, რატომ გადასცა ხელისუფლებამ რუსეთს სტრატეგიული ქონება, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ გამოისყიდოს ეს ქონება?!
– ხელისუფლება ამბობს, რომ ფულს არ აქვს წარმომავლობა.
– როგორ არ აქვს წარმომავლობა მტრის ფულს?! ეს ხომ არ არის თავისუფალი ბიზნესი?! თუ ის მტერი ქვეყანაა, მაშინ უნდა დადგეს საკითხი, რატომ გეხმარებოდა 2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლაში?! ერთი სიტყვით, სანამ არ მოგვარდება ეს ფუნდამენტური საკითხები, ლუსტრაციაზე ლაპარაკი იქნება მხოლოდ ფიარი. ხშირად ამბობენ, რომ იმ ადამიანებს ჰყავთ შვილები, აქვთ ოჯახი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჰყავთ, მაგრამ მათ მიერ დაბეზღებულ ადამიანებს არ აქვთ ოჯახები?! ამიტომ ყველამ უნდა აგოს პასუხი.
– და რას ნიშნავს ეს პასუხისმგებლობა?
– თუ მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, უნდა დაეკისროთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა; თუ მორალური დანაშაული ჩაიდინეს, შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ; თუ დააზარალეს ვინმე, უნდა აუნაზღაურონ ზარალი და, რაც მთავარია, ეს ხალხი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას სახელმწიფო საქმეებში. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ ავაშენებთ ქვეყანას. როგორ შეიძლება, აგენტებმა ააშენონ ქვეყანა? აგენტები ვერ მოიგებენ ომს! აგენტები ვერ შეძლებენ ეკონომიკის გაჯანსაღებას! აგენტები ვერ დაიცავენ საქართველოს ინტერესებს! დღევანდელი ხელისუფლება დასვეს იმიტომ, რომ ანტიქართული საქმე აკეთონ, ჩვენთან კი საუბრობენ ხელისუფლების შეცდომებზე. არა, ბატონო, ისინი შეცდომებს კი არ უშვებენ, დანაშაულს სჩადიან! ის ხელისუფლებაში მოვიდა იმიტომ, რომ გაგვანადგუროს; მოვიდა იმიტომ, რომ ქართველები აიძულოს, საქართველოდან წავიდნენ; ის მოვიდა იმიტომ, რომ საქართველოში არ განავითაროს ეკონომიკა! ის მოვიდა იმიტომ, რომ ჩაკლას ქართული სული! ის მოვიდა იმიტომ, რომ ებრძოლოს საქართველოს ეკლესიას და ამ ყველაფერს აკეთებს, თორემ შეცდომას კი არ უშვებს! შეცდომას ვუშვებთ ჩვენ, როდესაც ამ კუთხით ვუყურებთ ხელისუფლების მოქმედებას და ვამბობთ, გზა ხომ დააგოო. ქვეყანა დამინგრია და, რა მნიშვნელობა აქვს, დააგო თუ არა გზა?! ჩვენ ვართ არაადეკვატურები, თორემ სააკაშვილი ძალიანაც ადეკვატურია.
– ამბობთ, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მექანიზმი აქვს მხოლოდ რუსეთსო, მაგრამ ცნობილია, რომ ვარდების რევოლუციაზე სოროსის ფული დაიხარჯა. ეს როგორ?
– „კაგებესა“ და სოროსის ფულები ძალიან კარგად თანამშრომლობდნენ თავის დროზე საერთაშორისო ფინანსურ არენაზე და შემთხვევითი არ არის, რომ უნგრეთში, საბჭოთა სისტემაში დაბადებული კაცი, უცბად ხდება ამხელა ფულის პატრონი. გაგახსენებთ სოროსის ბოლო, აგვისტოს ომის შემდგომ განცხადებებს: რუსეთს მიეცით ფული, თორემ უფულო რუსეთი საშიშიაო. როგორ არის საშიში უფულო რუსეთი?! სწორედ ფულიანი რუსეთია საშიში! მეორე მხრივ, რუსეთს საქართველოში ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელსაც არ დაერქმევა მისი სახელი, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბომბებს ხომ ვეღარ ესვრის ამ ქვეყანას?! მას სჭირდება თავიდან ბოლომდე თავისი, მაგრამ სახელად სხვისი ხელისუფლება. დასავლეთს კი უნდა, რომ შემოვიდეს ამ სივრცეში. ნუ დაგვავიწყდება, რომ მხოლოდ საქართველო ვერ იქნება ამხელა გარიგების ობიექტი, რომ არა მისი სტრატეგიული მნიშვნელობა: კონტაქტი ჩრდილოეთ კავკასიასთან, თურქეთთან, ირანის მიმართულებით, აზერბაიჯან-სომხეთის მიმართულებით… დასავლეთს სჭირდება ეს სივრცე გარკვეული ინტერესებისთვის, ამიტომ იძულებულია, თვალი დახუჭოს რუსეთის შემოთავაზებაზე: თუ არ გინდათ, რომ საერთოდ ჩაგიკეტოთ ეს სივრცე, კეთილი ინებეთ და იკისრეთ პასუხისმგებლობა ამ ადამიანის მოქმედებებზეო. ამერიკის დასმული რომ ყოფილიყო სააკაშვილი, დასჭირდებოდა ამდენი წვალება იმისთვის, რომ როგორმე შეენარჩუნებინა მაგისტრალური გაზსადენი?! ერთადერთი, რაც ამერიკამ გადაარჩინა, სწორედ გაზსადენია.
– ჯერჯერობით რკინიგზაც.
– რკინიგზაზე სერიოზული ჭიდაობაა. აქედან გამომდინარე, დასავლეთი იძულებულია, თორემ მან ძალიან კარგად იცის, როგორ მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში. მეორე მხრივ, დასავლეთმა ისიც იცის, რომ ქართველ ხალხს სჭირდება პარტნიორი და, თუ უარს იტყვის ამ პროექტში მონაწილეობაზე, ის დაკარგავს კონტაქტს ქართველ საზოგადოებასთან. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ დასავლეთს ამ რეგიონში, საქართველოს გარდა, სხვა მენტალური პარტნიორი არ ჰყავს. სწორედ ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით მიდის დასავლეთი ამ ნაბიჯზე. როგორ დაბომბავდა რუსეთი საქართველოს, თუ აქ მისი ვირტუალური მტერი არ იქნებოდა?! მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პატრიარქის საწინააღმდეგო მოქმედებები შეკვეთილია რუსეთიდან, იმიტომ რომ მის მაღალ ავტორიტეტს ვერაფერს უპირისპირებენ რუსეთში, არადა, რუსეთის ხელისუფლებას არ სჭირდება საქართველოსთან მეგობრობა, პატრიარქის ავტორიტეტი კი ხელს უშლის ამ გეგმის განხორციელებაში. რუსეთს უნდა, რომ საქართველო დაშალოს და დაანაკუწოს, ამ საქმეში სააკაშვილი ხელს უწყობს პუტინს, ამ დროს კი პატრიარქი ამ გეგმას შლის სიყვარულით. ამბობს, მოდი, ვიმეგობროთო, არადა, იმ ხალხს არ უნდა ქართველ ხალხთან მეგობრობა. ყველამ კარგად იცის, რომ უწმიდესი კონფედერაციის წინააღმდეგია, ამიტომ ამ ვითარებაში მისი ნეიტრალიზებაა საჭირო. პატრიარქის პოზიცია რუსეთისთვის არ არის მისაღები, იმიტომ, რომ მას საქართველოსთან მტრობა უნდა, პატრიარქს კი უნდა, რომ მოძებნოს რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობის რესურსი. ამასთან, აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ რუსი და პუტინი და ქართველი და სააკაშვილი, იმიტომ რომ პუტინი და სააკაშვილი თავიანთი ხალხების მტრები არიან. პატრიარქი კი ცდილობს, რომ ქართველი და რუსი დაამეგობროს ერთმანეთთან. აი, ასეთი მარტივი ლოგიკით იშიფრება ეს ყოველივე. და, ვინ ახორციელებს ამას?! რა თქმა უნდა, რუსული აგენტურა. ასე რომ, ანტირუსებიც და პრორუსებიც რუსულ პოლიტიკას ატარებენ, რადგან სივრცე უნდა შეავსო, იმიტომ, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სივრცეს შეავსებს ჯანსაღი ძალა, რომელიც რეალურ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც ცხინვალში საქმის გარჩევას კი არ დაიწყებდა, არამედ სამშვიდობო ძალებს აუკრძალავდა მოქმედებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სხვა ქვეყნებისგან შეძენილი და მათ მიერ ნაჩუქარი ტექნიკა რატომ გაატანა რუსებს?! გამიზნულად, რადგან რუსეთს ის ტექნიკა არ ჰქონდა და სჭირდებოდა, მაგრამ აშკარად ხომ ვერ გადასცემდა, როგორც თავის დროზე ჩეჩენი მებრძოლები გადასცა?! აი, ამ ყველა მასალით ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მტერი ჰყავს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გაფორმებული აგენტები არიან თუ გაუფორმებელი.
– რუს პოლიტოლოგ-ჟურნალისტებთან საუბრისას მეც გამიჩნდა აზრი, რომ რუსეთი მაინცდამაინც არ არის დაინტერესებული საქართველოში მეგობარი ხელისუფლებით. რატომ არ უნდა უნდოდეს ეს რუსეთს?
– იმიტომ არ უნდა, რომ საქართველოსა და რუსეთს მსგავსი ხელისუფლებები ჰყავთ: რუსეთშიც სახელმწიფო გადატრიალებისა და კლანების ურთიერთშეთანხმების გზით მოვიდა ხელისუფლება და ისიც ხალხსაა დაშორებული. ამდენად, არ არის კონკურენტუნარიანი და მას არ შეუძლია რუსი ერის ნაციონალური ინტერესების გატარება, ამიტომ არ ცდილობს, რომ საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს, პირიქით, ცდილობს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ შედგეს, რადგან, თუ ქართული სახელმწიფო შედგა, მისი ბუნებრივი ადგილი ევროპაშია. სულ რომ რუსეთის დროშებით მოვიდეს ვინმე საქართველოს ხელისუფლებაში, ის გარკვეულ ეტაპზე მაინც თავისი ბუნებრივი გარემოსკენ დაიწყებს გახედვას და ამ პროცესის შეჩერებას პუტინი უკვე ვეღარ შეძლებს მეგობრულად. ამიტომ რუსეთი ირჩევს მარტივ გზას: აქ არ უნდა არსებობდეს სახელმწიფო!
ნინო ხაჩიძე