სიდედრმა სიძე ვაზის სასხლავი მაკრატლით მოკლა
პენსიონერმა სიდედრმა მედოლე სიძე მოკლა. მკვლელობის იარაღად სიდედრმა, არც მეტი, არც ნაკლები, ღუმელის ხის საჩხრეკი და ვაზის სასხლავი მაკრატელი გამოიყენა, რომელიც პოლიციამ მისი სახლიდან გაპრიალებული ამოიღო. მომხდარის გამო სიდედრს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ გარდაცვლილის მხარე უკმაყოფილოა – ვარაუდობენ, რომ მკვლელობა არა სიდედრმა, არამედ გარდაცვლილის ცოლმა ჩაიდინა, რაც დედამისმა ხანდაზმულობის გამო დაიბრალა. თავად სიდედრი კი ირწმუნება, რომ მოძალადე სიძე ნამდვილად მან მოკლა და მის ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა.
36 წლის არკადი გიგოლაევი სიდედრმა საკუთარ სახლში, ოთხი ადამიანის თანდასწრებით მოკლა, რომელთაგან სიტუაციის განმუხტვა ვერავინ შეძლო. ამიტომაა, რომ გარდაცვლილის ახლობლები მკვლელს სწორედ ამ ოთხ ადამიანში ვარაუდობენ – არკადის სიდედრს იმდენი ღონე სად ჰქონდა, რომ მარტოს მორეოდაო, – აცხადებენ ისინი და, გამოძიებისგან განსხვავებით, მკვლელობის სხვა ვერსიაზე საუბრობენ.
გამოძიების მასალებით, 8 მარტს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, ნასვამი არკად გიგოლაევი ცოლის, ლელა კაბოლევას სახლთან მივიდა და მისი მისამართით უცენზუროდ იგინებოდა. რამდენიმესაათიანი გინების მიუხედავად, არც მის ცოლს და არც ოჯახში მყოფ ახლობლებს რეაგირება არ მოუხდენიათ. როგორც ჩანს, ამაზე არკადი უფრო გამწარდა, ცოლს სახლში შეეჭრა და ცემა დაუწყო. ამ ცემა-ტყეპაში ცოლ-ქმარი ძირს დავარდა. იმ მომენტისთვის ოთახში მათი შვილები, სიდედრი – მადონა კაბოლევა, მეზობლის გოგონა და მისი ქმარი იმყოფებოდნენ. მაგრამ, გამოძიების თქმით, მათ მოჩხუბრების გაშველება ვერ შეძლეს. თუმცა, როგორც ჩანს, სიდედრმა იმარჯვა – გამოძიების მტკიცებით, შურისძიების მოტივით, მან სიძის მოკვლა გადაწყვიტა და, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯერ ღუმლის ხის საჩხრეკი ჩაარტყა თავში, შემდეგ კი ვაზის სასხლავი მაკრატლით დაჭრა. როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, დაჭრილმა იმის თქმაღა მოასწრო, რომ ჭრილობის მოსაწმენდად სასწრაფოდ არაყი მოეტანათ და გაითიშა. დაჭრილი მეზობლის ტაქსით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, მწვავე სისხლნაკლებობით ის გზაში გარდაიცვალა.
საინტერესო დეტალი: მკვლელობის შემდეგ ეჭვმიტანილმა სიდედრმა მაკრატელი გარეცხა, ანუ, მკვლელობის იარაღი, როგორც მტკიცებულება, გამოძიებისთვის საინტერესო აღარ იყო, რადგან მასზე ყველანაირი კვალი წაიშალა. რაც შეეხება ხის საჩხრეკს, ის ღუმელში შეუკეთა. თუმცა, ვინაიდან სიდედრმა აღიარა, რომ სიძე მან მოკლა, პოლიციამ იმავე დღეს დააკავა და გამოძიებამ მას განზრახ მკვლელობის, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი წაუყენა. სიდედრს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ელოდა.
რატომ არ სცილდებოდა ქმარი ცოლს
მკვლელობის მომენტისთვის, ცოლ-ქმარს, ლელა კაბოლევასა და არკად გიგოლაევს შორის ქორწინება, ფაქტობრივად, შეწყვეტილი იყო, მაგრამ არკადი ბედს მაინც არ ურიგდებოდა, ცოლთან შერიგებას ყველანაირად ცდილობდა. როგორც მისი ცოლის მხარე ამბობს, ყოფილი სიძე მათ იმდენად ავიწროებდა, რომ პოლიციასაც კი გააგებინეს, და ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქმარს მეუღლესთან და, საერთოდ, მის ოჯახთან კონტაქტი აეკრძალა. თუმცა, კაბოლევები ამბობენ, რომ, ამის მიუხედავად, ყოფილი სიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას არაფრად აგდებდა, ბინაში უვარდებოდა მათ და როგორც ცოლს, ისე მის ახლობლებს, სცემდა და აგინებდა.
სიდედრმა, მადონა კაბოლევამ, სასამართლოს შემდეგი მოუთხრო: „არკადი თავიდან ერთი წელი ცხოვრობდა ჩვენთან. შემდეგ, ხუთი წლით რუსეთში წავიდნენ, იქიდან კი ჩემი სიძე აგრესიული ჩამოვიდა. თუ ფხიზელი იყო, კიდევ არაფერი, მთვრალი კი ყველას გვცემდა. კიდევ კარგი, სამ-ოთხ დღეში ერთხელ სვამდა. როცა შვილს სცემენ, ამას დედა ვერ მოითმენს. არკადი კი მას ბოლო ორი წელი გამუდმებით სცემდა. შვილი მეუბნებოდა, აღარ შემიძლია მოთმენაო. რამდენჯერ პოლიციაც გამოვიძახე, ბოლოს კი სასამართლოში ვიჩივლეთ და ჩვენთან მოსვლა აეკრძალა. ვინაიდან სახლში შემოსვლა აკრძალული ჰქონდა, მკვლელობის დღეს ქუჩაში ამიტომ იგინებოდა. შემდეგ კარზე აბრახუნებდა, შორიდან ყვიროდა, რომ ჩემი შვილი მასთან გასულიყო, მაგრამ ყურადღება არ მივაქციეთ. ვინაიდან ჩვენი ეზოს კარი კლიტით არ იკეტებოდა, მაინც შემოვარდა და ჩემს შვილს ცემა დაუწყო – დღეს 8 მარტია, მინდოდა, მომელოცა და რატომ არ გამომხედეო. ვაშველებდი, მაგრამ მეც შემომიტრიალდა და მუშტი დამარტყა – ყველაფერი შენი ბრალიაო. ცემის მომენტში ის და ჩემი შვილი წაიქცნენ. დავინახე, რომ დახრჩობას უპირებდა, მაგრამ მიახლოების საშუალებას არ მაძლევდა. დაახლოებით ორი მეტრის მანძილზე ვიდექი, ჯერ ღუმელის საჩხრეკი ჯოხი ავიღე და ის დავარტყი, მაგრამ მაინც არ გაჩერდა. ამ დროს კი ვაზის სასხლავ მაკრატელს დავავლე ხელი, რომელიც იმ დღეს ვარდების გასასხლავად ვიყიდე და მაგიდაზე იდო. ვინაიდან სხვა გზა აღარ დამიტოვა, ავიღე და დავარტყი. რა ვქნა, ჩემი თავი და ტვინი არ მუშაობდა. ერთხელ ქუჩაში მეზობლების თვალწინაც კი მცემა. მისი ისე მეშინოდა, გარეთ ვერ გავდიოდი, მაგრამ, ამის მიუხედავად ძალიან ვნანობ. რა ვქნა, ასე მომივიდა, ტვინი გადამიბრუნდა, ავიტანდი მაგის გინებასაც და ცემასაც, ოღონდ არ მომკვდარიყო. ვაღიარებ, დამნაშავე ვარ”, – განაცხადა პენსიონერმა პატიმარმა და ბოლოს განმარტა – მაკრატელი იმიტომ კი არ გავრეცხე რომ კვალი წამეშალა, იმიტომ რომ სისხლიანი იყო და, შეიძლება, ბავშვს მოეკიდა ხელიო.
პატიმარი დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ მკვლელობა აღელვების გამო ჩაიდინა და, ცხადია, დადგა საკითხი, იყო თუ არა მკვლელობის დროს სიდედრი აფექტში. გამოძიებამ ფსიქიატრებს ორი კითხვით მიმართა: 1. იყო თუ არა მკვლელობის მომენტში განსასჯელი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და 2. სიძის ქცევას შეეძლო თუ არა, მიეყვანა აფექტამდე? დასკვნის თანახმად, სიძის ქცევას შეეძლო, სიდედრი აფექტამდე მიეყვანა, მაგრამ, კლინიკური სურათით, ექსპერტებმა არ ჩათვალეს, რომ ინციდენტის მომენტში ქალი აფექტში იყო – „დინამიკით არ გამოვლინდა აფექტისთვის დამახასიათებელი მეორე და მესამე ფაზა“, – ასეთი იყო მათი დასკვნა.
„აფექტს სამი ფაზა ახასიათებს. პირველ ფაზაში სუბიექტი მწვავედ განიცდის ვინმესგან მოულოდნელ, შეურაცხმყოფელ მოქმედებასა თუ გამოთქმას; მეორე ფაზაში განცდა კულმინაციას აღწევს, რაც სუბიექტისგან დამოუკიდებლად, უეცრად მიმდინარეობს და არ იცის, რას სჩადის, ანუ, ის მკვლელობასაც კი ვერ აცნობიერებს; მესამე ფაზაში აფეთქება ცხრება, სუბიექტს მთელი შინაგანი ენერგეტიკული რესურსები ეცლება, აპათიურია, დაბნეული, ძილისადმი მიდრეკილება ახასიათებს, მწვავედ განიცდის მომხდარს, ფიქრობს იმაზე, რომ თავად აღმოუჩინოს მსხვერპლს დახმარება. განსასჯელის შემთხვევაში მეორე და მესამე ფაზა გამოირიცხა, სუბიექტი ყველაფერს აცნობიერებდა და მას შეეძლო, შეურაცხყოფა დაეძლია. ხოლო, თუ არ არსებობს ჩამოთვლილთაგან რომელიმე ფაზა, ესე იგი აფექტი გამორიცხულია“, – განაცხადეს ექსპერტებმა.
როდესაც 68 წლის პენსიონერისთვის პროკურორმა 12 წლით პატიმრობა მოითხოვა, სიდედრი აღშფოთდა: „თქვენ რომ ყოფილიყავით ჩემს ადგილას, თქვენი შვილი რომ ეცემა თქვენ თვალწინ, რას იზამდით? მეც არ შემეძლო სხვაგვარად მოვქცეულიყავი. გთხოვთ ციხის ნაცვლად გარეთ მოვიხდი სასჯელს“. მაგრამ, მოსამართლემ მას 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
დაზარალებულებს გამოძიების
ვერსიის არ სჯერათ
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ეჭვობენ, რეალურად მკვლელობა გარდაცვლილის ცოლყოფილმა ჩაიდინა, რომელსაც ქმარი არ უგლოვია. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ქალს ქმარი აღარ უყვარდა, „თვალი სხვაზე ეჭირა“ და ამიტომ მოიშორა თავიდან... გარდაცვლილის ახლობლების მტკიცებით, არკადი და ლელა ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ, ბავშვობაში ერთ უბანში, გვერდიგვერდ ეზოში ცხოვრობდნენ. თუმცა, ვიდრე არკადი ლელას ცოლად მოიყვანდა, ქალმა ორჯერ გათხოვება მოასწრო. პირველად ლელა მშობლებს სოფელში გაუთხოვებიათ, მაგრამ ქმარს ცოლზე მეტად საქონელი აინტერესებდა და, მიუხედავად იმისა, რომ შვილიც შეეძინათ, ეროვნების გამო კაცს ქალზე გული აუყრია, საბოლოოდ გაიყარნენ და ქალი შინ დაბრუნდა. რაღაც პერიოდის შემდეგ ქმართან შერიგებასაც აპირებდა, მაგრამ, მოულოდნელად, მისი ქმარყოფილი ცოფიანი ძაღლის ნაკბენით გარდაიცვალა. ლელასთვის მეორე ქმარი დედას უშოვია და პირველთან თუ ბიჭი ჰყავდა, მეორესთან გოგონა შეეძინა. თუმცა, მისი ქმარი ვალუტის ჯიხურის გაქურდვისთვის დააკავეს. სწორედ ამ პერიოდში შეხვედრიან ყოფილი მეზობლები ერთმანეთს. არკადი თავიდან ქალს გულშემატკივრობდა, ქმრის სანახავად ციხეშიც კი დაჰყვებოდა. ბოლოს კი, როგორც ჩანს, ისე დაახლოვდნენ, რომ მათ შორის ინტიმური კავშირი დამყარდა. არკადი გიგოლაევი, რომელიც ქორწილებში დოლის დაკვრით კარგ თანხას შოულობდა, არა მხოლოდ ლელას, მის შვილებსა და ციხეში მყოფ მის ქმარსაც ახარჯავდა ფულს.
გარდაცვლილის ახლობლების მტკიცებით, რაღაც ორი თვის შემდეგ, ქალმა კაცი მოატყუა, ვითომ მისგან დაორსულდა. ასე დაიწყო მათი ცოლქმრობა და არკადი სიდედრს ჩაესიძა. როდესაც ლელას ქმარი ციხიდან გამოსულა, თავიდან მას და არკადის პატარა „გაუგებრობა“ მოსვლიათ, მაგრამ ციხიდან გამოსულ ქმარს დაუთმია – „შენ უნდიხარო“ და ცოლზე ხელი აუღია.
ახლად შეუღლებულებმა სამი შვილის გაზრდა ერთად დაიწყეს. არკადი რამდენიმე წელი ჩასიძებული ცხოვრობდა, მაგრამ, ვინაიდან სიდედრთან საქმე აერია, ლელამ უფროსი შვილები დედას დაუტოვა და ქმართან ერთად რუსეთში წავიდა, სადაც ნაქირავებში ცხოვრობდნენ. არკადის მანქანების შეკეთება უსწავლია, რაც ადრეც ეხერხებოდა და მუშაობა დაიწყო მაგრამ, ცოლ-ქმარს წამოსვლა მოუწიათ, რადგან ბავშვს ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი და, გადაწყვიტეს, თბილისში დაბრუნებულიყვნენ. ვინაიდან არკადის მშობლებს ლელას დანახვაც არ უნდოდათ, მათთან ცხოვრების უფლებას არ აძლევდნენ, ამიტომ ცოლ-ქმარი ისევ სიდედრის ბინაში დაბრუნდა.
ცოლ-ქმარსა და სიდედრს შორის უსიამოვნება ჩამოსვლის შემდეგ ისევ განახლდა. არკადიმ ისევ მედოლეობა დაიწყო. შემდეგ კი ლელას 16 წლის ბიჭმა ცოლი მოიყვანა. ამაზე ცოლ-ქმარი თურმე სულ ჩხუბობდა, არკადი ცოლს გინებით იკლებდა, რადგან ბიჭის ქორწინებას ნაადრევად მიიჩნევდა. თუმცა, როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, არკადი კი არ სცემდა ცოლსა და სიდედრს – პირიქით, ისინი სცემდნენ, რადგან ბიჭი ფიზიკურად სუსტი იყო და ადვილად ერეოდნენ.
რაც შეეხება ცოლ-ქმრის დაშორებას, მათი თქმით, მიზეზი ის გახდა, რომ გაღიზიანებულმა კაცმა ლოთობა დაიწყო, რის გამოც ქორწილებში აღარ ეძახდნენ: „ეტყობა, დედა-შვილმა იფიქრა, კაცი აღარ ივარგებსო და აღარ ინდომეს. ბიჭს კი ცოლი მაინც ძალიან უყვარდა. სულ მათკენ იყურებოდა. შემდეგ მუშაობაც დაიწყო. მართალია, პოლიციამ ხელი მოაწერინა, რომ მათთან არ მისულიყო, მაგრამ ლელა მას ფულს მაინც ართმევდა, რადგან არკადი ძალიან კეთილი იყო. არადა, კაცმა არ იცის, ბავშვი მისია თუ არა. როცა გავიგეთ, რომ ლელა ორსულად იყო და ცოლად უნდა მოეყვანა, ძალიან ვბრაზობდით. არკადის ვეხვეწებოდით, გამოკვლევა გაეკეთებინა, რომ დარწუნებულიყო, ბავშვი მისი იყო თუ არა, მაგრამ არ დაგვიჯერა. ჩვენ ახლაც არ გვჯერა, რომ მისია. მკვლელი სიდედრი არ არის. არკადიმ იცოდა, რომ ამდენ ხალხს ვერ მოერეოდა და ცოლს მისსავე სახლში არ დაარტყამდა. საქმეში წერია, რომ არკადის კისერიც სისხლიანი ჰქონდა. ლელას ოჯახი ამბობს, ფანჯარა ჩაიმტვრა და მინაზე გაიჭრაო, მაგრამ, დადგინდა, რომ ფიცარი ჩაარტყეს, რომელიც ღუმელში შეაგდეს. მაგათ მარტო ფული უნდოდათ, ლელა კი უკვე სხვა კაცზე იყო შეყვარებული“, – აცხადებენ არკადის ახლობლები, რომლებიც არა მხოლოდ სიდედრის, არამედ გარდაცვლილის ცოლის დასჯასაც ითხოვენ.