კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ძარცვავდა კრიმინალური წყვილი ცნობილ მოქალაქეთა ოჯახებს


გაქცევა

– გავედი. იცოდე, არ დაიბნე! – უთხრა ციხის უნიფორმიანმა ქალმა უნიფორმიან მამაკაცს, რომელიც გვერდით მიჰყვებოდა. ისინი მესამე გამშვებ საკონტროლო პუნქტზე გავიდნენ, შემდეგ მეოთხეც გაიარეს და მხოლოდ ამის მერე აღმოჩნდნენ ქუჩაში.

– ყოჩაღ! – ამოისუნთქა მამაკაცმა, ოფლი მოიწმინდა და ქალს აკოცა, – ნამდვილად არ მეგონა, თუ აქედან გასვლას მოვახერხებდით.

ქალ-ვაჟი იქვე მდგომ „მოსკვიჩში“ ჩასხდა, სულ რაღაც ათიოდე წუთის მერე კი ნოვოჩერკასკი-როსტოვის ტრასაზე მიჰქროდნენ. როსტოვში რომ შევიდნენ, მანქანა იქვე მიაგდეს და უკვე ტაქსით განაგრძეს გზა.

1972 წლის 2 ივლისის, ღამის 2 საათი იყო, როდესაც ნოვოჩერკასკის მკაცრი რეჟიმის ციხიდან 28 წლის ქართველი კრიმინალი, სამჯერ ნასამართლები აჩიკო ბახტაძე გაიქცა. ბახტაძე ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს და 15 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გაქცევაში კი, ხელი იმავე ციხის ზედამხედველმა, 23 წლის ირინა პავლოვამ შეუწყო. პავლოვას იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და ციხეში ნებაყოფლობით დაიწყო მუშაობა იმ მიზნით, რომ სამართალდამცავ სისტემას უკეთ გასცნობოდა და მისი ყველა საფეხური გაევლო. მაგრამ, ციხეში მას ახალგაზრდა ქართველი კრიმინალი შეუყვარდა და მეტიც, მასთან სქესობრივი ურთიერთობაც დაამყარა. ციხიდან გაქცევის მომენტში კი, მისგან თვე-ნახევრის ფეხმძიმე იყო. პავლოვა როსტოვში ცხოვრობდა დედასთან ერთად და აჩიკო თავის სახლში მიიყვანა. რადგან დედამისი ღამის ცვლაში მუშაობდა, იქიდან წასვლისას წერილი დაუტოვა, რომელშიც ეწერა: „მაპატიე, დედიკო, რომ ასე მოვიქეცი, მაგრამ აჩიკო ძალიან მიყვარს. მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და უნდა გავიქცეთ. არაფერზე ინერვიულო. თავს გაუფრთხილდი და უკეთესის იმედი გქონდეს. გკოცნი, შენი ირა“.

აჩიკო ბახტაძემ და ირინა პავლოვამ გამთენიამდე დატოვეს როსტოვი, გაურკვეველი მიმართულებით მიიმალნენ და მათ დასაპატიმრებლად გამოსული მილიციის ყველა ძალისხმევა ამაო გამოდგა – ცამ ჩაყლაპა ისინი თუ მიწამ, ვერავინ გაიგო.

კრიმინალური დოსიე

აჩიკო ბახტაძე 1944 წელს, თბილისში დაიბადა და ბავშვობა სოლოლაკში გაატარა. მამა ფრონტზე დაეღუპა 1945 წლის აპრილში, ბერლინის აღებისას, დედა კი 1947 წელს გარდაეცვალა ჭლექით და 3 წლის აჩიკოს ბებია ზრდიდა. თუმცა, 1954 წელს ისიც გარდაეცვალა, 10 წლის ბავშვი უპატრონოდ დარჩა და ბავშვთა სახლში მოხვდა. სწორედ იქიდან დაიწყო აჩიკოს კრიმინალური ცხოვრება: იგი ჯერ ბავშვთა სახლიდან გაიქცა, მერე კი ქურდების მცირეწლოვანთა ბანდაში მოხვდა და ქურდობა დაიწყო. მალე, ისე გაიწაფა, რომ ყველას აჯობა. 13 წლის ბიჭი ისე ოსტატურად „უსუფთავებდა“ ჯიბეებს თბილისის ტრამვაიში მსხდომ მოქალაქეებს, რომ ფაქტზე ვერ იჭერდნენ. თუმცა, 1958 წელს, 14 წლის აჩიკო თავის სახლში, სოლოლაკში დააპატიმრა მილიციამ. მას ბინაში მოქალაქეებისთვის მოპარული ნივთები ამოუღეს და 2 წლით მცირეწლოვანთა კოლონიაში გაგზავნეს. აჩიკო, რომელსაც იმ პერიოდში ქურდული მეტსახელი „თითა“ შეარქვეს, თავისმა მეწყვილემ, მეგობარმა და მეზობელმა – ნოდარ ჯაშმა „ჩაუშვა“...

1960 წელს თითა პირველი პატიმრობიდან გათავისუფლდა, მაგრამ გამოსწორება არც უფიქრია და კრიმინალური საქმიანობა გააგრძელა. ამჯერად, ეგრეთ წოდებული ბინის ქურდის „კვალიფიკაციით“. თითა, რომელიც სწრაფ „კრიმინალურ პროგრესს“ განიცდიდა, უფრო და უფრო ვაჟკაცდებოდა, ლამაზდებოდა და ისეთი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქალებში, როგორც კინოვარსკვლავი. ამასთან, მას საკმაოდ კარგი შემოსავალიც ჰქონდა და, 18 წლიდან მოყოლებული, ხან ერთ ფეშენებელურ რესტორანში ქეიფობდა რომელიმე ლამაზმანთან ერთად, ხან – მეორეში. თითა მილიციის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ აღმოჩნდა და 1965 წელს, 21 წლის ბიჭი ცნობილი თბილისელი საქმოსნის ბინაში, ფაქტზე დააპატიმრეს და ხუთი წლით გაისტუმრეს ციხეში, საიდანაც ის 1970 წელს გათავისუფლდა.

1971 წელს თითა მესამედ დააპატიმრეს. ამჯერად უკვე ყაჩაღობისთვის და როგორც გამოუსწორებელ რეციდივისტს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, აქედან 5 წელი ნოვოჩერკასკის მკაცრი რეჟიმის ციხეში უნდა გაეტარებინა, საიდანაც ის ირინა პავლოვას ხელშეწყობით გაიქცა.

მოუხელთებელი წყვილი

ირინასა და აჩიკოს ძებნას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, იმის მიუხედავად, რომ საკავშირო ძებნა იყო გამოცხადებული. ამის პარალელურად კი, გაქცეულმა ქალ-ვაჟმა ფართო კრიმინალური საქმიანობა გააჩაღა – მათ მდიდარი მოქალაქეების ძარცვა დაიწყეს.

თითას მიერ მოფიქრებული სქემა უმარტივესი იყო: წყვილი წინასწარ შეთვალიერებული ბინის კარზე ზარს რეკავდა, ირინა მობინადრეს ეუბნებოდა, რომ რაიკომიდან იყვნენ გამოგზავნილები, შემდეგ კი ბინაში შედიოდნენ და იარაღის მუქარით აიძულებდნენ მასპინძლებსა და ზოგჯერ მათ სტუმრებსაც, რომ ფული და ძვირფასეულობა მიეცათ. ბოლოს კი აფრთხილებდნენ, რომ ერთი საათის განმავლობაში არ გამოეძახებინათ მილიცია, ღიმილით ემშვიდობებოდნენ და მიდიოდნენ.

წყვილმა 1972 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მოსკოვში, ლენინგრადსა და კიევში 15 დანაშაული ჩაიდინეს, რის შედეგადაც მათ 370 ათასი მანეთი გაიტაცეს და, მიუხედავად გაძლიერებული დევნისა, კვლავაც მოუხელთებელნი რჩებოდნენ.

1972 წლის 31 დეკემბერს აჩიკო და ირინა საკარნავალო კოსტიუმებში გამოეწყვნენ და მოსკოვის პრესტიჟული, მრავალსართულიანი სახლის მე-19 სართულზე, ცნობილ აკადემიკოსს, პავლე ივანოვს ეწვივნენ, რომლის ბინაშიც იმ პერიოდის საბჭოთა ბომონდი იყო შეკრებილი ახალი წლის აღსანიშნავად. ქალ-ვაჟი ორ-ორი პისტოლეტით იყო შეიარაღებული. ისინი უზარმაზარ ბინაში დაუბრკოლებლად შევიდნენ და მოზეიმეებს შეუერთდნენ, თან სიტუაციას სწავლობდნენ. ბოლოს კი ოცდაათივე სტუმარი კუთხეში მიიმწყვდიეს, პისტოლეტები მიუშვირეს და სულ რაღაც ათ წუთში პირწმინდად „გაასუფთავეს“. წამოსვლის წინ კი, ჩვეულებისამებრ გააფრთხილეს, რომ ერთი საათის განმავლობაში მილიციაში არ დაერეკათ.

მოუხელთებელ წყვილს უპრეცედენტო ძარცვა გამოუვიდათ – აკადემიკოსის ბინიდან წაღებული ძვირფასეულობის ფასმა 200 ათასი მანეთი შეადგინა. ეს თანხა 30 ათასი მანეთით მეტი იყო, ვიდრე წინა 14 ძარცვის დროს წაღებული თანხა.

მაიორი ჯღამაძე

პავლე ივანოვის ბინაში განხორციელებული ძარცვისას ირინა პავლოვა 8 თვის ორსული იყო, უზარმაზარი მუცელი ჰქონდა და საკარნავალო კოსტიუმიც შესაბამისი ეცვა. ამიტომ, იქ შეკრებილი სტუმრები ვერ მიხვდნენ რაში იყო საქმე. თუმცა, როცა იქ მილიცია მივიდა და მოკვლევა დაიწყო, ზუსტად დადგინდა, რომ მოუხელთებელი წყვილის ერთ-ერთი წევრი ფეხმძიმედ იყო. ამიტომ ფეხმძიმეს დაუწყეს ძებნა – მილიციას იმედი ჰქონდა, რომ უპრობლემოდ იპოვიდნენ. მაგრამ, თითას ეს წინასწარ ჰქონდა გათვლილი და, ამიტომ, როგორც კი აკადემიკოსის ბინა დატოვეს, სადგურისკენ გაემართნენ, მოსკოვი-თბილისის მატარებელში ჩასხდნენ და საქართველოს დედაქალაქისკენ აიღეს გეზი.

1973 წლის 2 იანვარს მოუხელთებელი წყვილი თბილისში ჩამოვიდა, ბინა საბურთალოზე იქირავეს და ცოლ-ქმარი ბობროვების საბუთებით ცხოვრობდა. იმის გამო, რომ ორივე ძებნილი იყო, მოუხელთებლები პარიკით და გრიმით გადაადგილდებოდნენ, არანაირ ყურადღებას არ იპყრობდნენ და ბავშვის გაჩენისთვის ემზადებოდნენ, რაც 19 თებერვალს მოხდა: ირინამ თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს სამშობიაროში „გოლიათი“ ვაჟი გააჩინა, რომელიც 5 კილოგრამს იწონიდა და 55 სანტიმეტრი იყო. ქალს საკმაოდ მძიმე მშობიარობა ჰქონდა, სიცხემ აუწია და ბოდვები დაეწყო, რომლის დროსაც წარსულის ამბებს იხსენებდა, რამაც სამშობიაროს მედპერსონალი დააეჭვა და მილიციას გამოუძახეს. მილიცია სწორედ იმ დროს მივიდა საავადმყოფოში, როდესაც იქ აჩიკოც იმყოფებოდა. მან გაქცევა მოახერხა, მაგრამ, სამძებროს თანამშრომელმა, მაიორმა ჯღამაძემ, რომელიც გამოძახებულ ჯგუფს მეთაურობდა, ნამშობიარებ ქალში ძებნილი ირინა პავლოვა ამოიცნო და, ექიმების კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისის მილიციის სამმართველოში გადაიყვანა, რის გამოც ქალის ჯანმრთელობა გაუარესდა – სიცხემ 42 გრადუსამდე აუწია და მილიციის სამმართველოს საკანში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ასეთი რამ იმ პერიოდისთვის უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ჯღამაძე დააკავეს, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და თბილისის ორთაჭალის ციხეში, ეგრეთ წოდებულ „თანამშრომელთა“ საკანში გამოამწყვდიეს, სადაც მილიციის თანამშრომლები იხდიდნენ სასჯელს.

თითამ მეუღლის ამბავი რომ შეიტყო, საშინლად გამწარდა. შურისძიების მიზნით, მან ჯერ მაიორის სახლის მისამართი დაადგინა, შემდეგ კი მისი ოროთახიანი, რომელშიც მილიციელი მარტო ცხოვრობდა, გადაბუგა, მეზობლებს კი დაუბარა, რომ ჯღამაძეს ცოცხალს არ დატოვებდა და წამებით ამოხდიდა სულს.

ავლაბარში მისულ მილიციას მაიორ ჯღამაძის შეშინებული მეზობლები დახვდნენ, რომლებმაც მათ თითას დანაბარები გადასცეს.

საშინელი შურისძიება

თითაზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა, სატყუარად კი მისი ახალშობილი ბავშვი გამოიყენეს, რომელიც ჩვილ ბავშვთა სახლში მოათავსეს და იქ მილიციის ორი ოპერმუშაკი მიამაგრეს სამორიგეოდ. მაგრამ, აჩიკოს ერთხელაც არ მიუკითხავს ბავშვისთვის. ამასობაში ორი თვე გავიდა. მაიორ ჯღამაძის საქმე სასამართლოს გადაეცა, მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და, კვლავ ორთაჭალაში დააბრუნეს, მაგრამ ამჯერად უკვე ეგრეთ წოდებულ „კრიტში“, სადაც მას პატიმრობის პირველი ხუთი წელი უნდა გაეტარებინა.

1973 წლის 3 ივნისს თბილისის „კრიტიდან“ ციხის საბადრაგო მანქანა გამოვიდა, რომლითაც ბადრაგს მაიორი ჯღამაძე გადაჰყავდა. მაგრამ, საბადრაგო მანქანა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოულოდნელად გაჩერდა, რადგან რაღაც გაუფუჭდა და მძღოლი ამბის გასარკვევად გადავიდა მანქანიდან. იმავე წუთში კი იქ ტენტიანი „ვილისი“ გაჩერდა, იქიდან სამი შეიარაღებული მამაკაცი გადმოვიდა, რომელთაგან ორს ნიღაბი ეკეთა, ერთი კი თითა იყო. მათ ჯერ ბადრაგი განაიარაღეს და მათი პისტოლეტები მტკვარში გადაყარეს, შემდეგ პატიმარი გაიტაცეს და გაურკვეველი მიმართულებით მიიმალნენ.

„ვილისი“, რომელშიც გათიშული ჯღამაძე ეგდო, ლოტკინის გორაზე აგრიალდა და ერთ-ერთ კერძო ეზოში გაჩერდა, რომელიც აჩიკო ბახტაძეს ჰქონდა ნაქირავები. ჯღამაძე სახლში შეათრიეს და სარდაფში ჩააგდეს, შემდეგ გააშიშვლეს და კაუჭზე დაკიდეს თავდაყირა.

– როგორ ხარ, შე ნაბიჭვარო, იგრძენი სიკვდილის მოახლოება? – კბილებში გამოსცრა თითამ, პირქვედაკიდებულ მაიორს სამართებელი ჩამოუსვა სხეულზე და მარილი ჩააყარა, თან სიამოვნებით იღიმებოდა და იმეორებდა: – როგორია, როდესაც სული ამოგდის? ისე უნდა ჩაგაძაღლო, ჯოჯოხეთში ნავარდი სანატრელი გაგიხდეს.

თითა ცოლის მკვლელ ჯღამაძეს სასტიკად აწამებდა, ბოლოს კი საშინლად დასერილ სხეულზე მჟავა დაასხა და კიდევ ნახევარი საათი ტკბებოდა ყოფილი მაიორის აგონიით. ხოლო, როდესაც ჯღამაძეს თითქმის ამოუვიდა სული, თითამ მას ხმალი მოუქნია და თავი მოჰკვეთა, შემდეგ ფეხები და ხელებიც მიაყოლა, ბოლოს სიგარეტი ამოიღო, გააბოლა და ჩაილაპარაკა: „ძაღლს – ძაღლური სიკვდილი! წყეულიმც იყავ!..“

P. S. აჩიკო ბახტაძემ თავისი ვაჟი, რომელსაც ზურიკო დაარქვა, ერთი წლის მერე ჩვილ ბავშვთა სახლიდან მოიტაცა, წინასწარ შემუშავებული მარშრუტით ჯერ თურქეთში გადავიდა, ბოლოს კი ახალ ზელანდიაში და იქ დასახლდა, სადაც 1999 წელს გარდაიცვალა. ზურიკო კი დღესაც ახალ ზელანდიაში ცხოვრობს და რაგბის გუნდს ავარჯიშებს.


скачать dle 11.3