ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გავთხოვდი 19 წლის ასაკში. იმ პერიოდში ვსწავლობდი უმაღლეს სასწავლებელში. მეუღლე მუშაობდა უცხოურ ფირმაში დიდ თანამდებობაზე, ჰქონდა მაღალი ანაზღაურება და შეიძინა სახლი პრესტიჟულ უბანში. ახლა ვაპირებთ განქორწინებას. ვარ თუ არა ამ სახლის თანამესაკუთრე?
პასუხი: დიახ, ხართ, რადგან, არსებული კანონმდებლობით, მეუღლეთა მიერ კანონიერად რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილ ნებისმიერ კაპიტალზე, ქონებაზე თანამესაკუთრეობის უფლება წარმოიშობა მაშინაც კი, როცა ერთ-ერთი მუშაობდა, მეორე კი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას.
კითხვა: სამი წლის წინ გავთხოვდი. ჩემი 4 წლის ქალიშვილი, რომელიც მამის გვარზეა, დედაჩემთან დარჩა საცხოვრებლად. ამჟამად ვიმყოფები ახალ ქორწინებაში. გადავედი მეუღლის გვარზე. მეუღლემ ჩემი ქალიშვილი ისე მიიღო, როგორც ღვიძლი შვილი. შეიძლება თუ არა, ჩემი შვილი გადავიყვანო მის გვარზე?
პასუხი: შეიძლება, რადგან, კანონის მიხედვით, მშობელს, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა, ქორწინების შეწყვეტის შემდეგ უფლება აქვს, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს შვილისთვის თავისი გვარის მიკუთვნების შესახებ.
კითხვა: ერთ-ერთი ფირმის დავალებით, ჩემი ნათესავი ქუჩებში, ავტობუსებში მგზავრებს სთავაზობდა მტვერსასრუტის შეძენას. ერთ-ერთი მოქალაქე გაეცნო კატალოგს, მოეწონა ნივთი და გარიგების პირობები. მან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, ნათესავს ნივთი სახლში მიატანინა და თანხაც გადასცა. ხუთი დღის შემდეგ მან შეიტყო, რომ ამ მარკის მტვერსასრუტი მის სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში შედარებით იაფად იყიდება და მოინდომა ხელშეკრულების მოშლა და ითხოვს ფულს. აქვს თუ არა ამის უფლება?
პასუხი: არ აქვს, რადგან კანონის მიხედვით, მომხმარებელსა და საკუთარი სარეწის ფარგლებში მოვაჭრე პირს შორის ქუჩაში და მსგავს ადგილებში დადებული ხელშეკრულება ძალაშია, როცა ხელშეკრულების შესრულება მისი დადებისთანავე ხდება.
კითხვა: მოქალაქე გარდაიცვალა 2004 წელს. მისი შვილი ფლობს მის ქონებას. დაინტერესებულმა პირმა წელს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი უღირს მემკვიდრედ ცნობა. სასამართლომ უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?
პასუხი: კანონიერია, ვინაიდან სარჩელი პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილი უნდა იქნას ხუთი წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა ეს პირი შეუდგა სამკვიდროს ფლობას.
კითხვა: მეზობელმა მამაპაპისეულ ნაკვეთში წამოიწყო უპროექტო სახლის მშენებლობა, რის შედეგადაც დაიკარგა მიწის ნაკვეთის კავშირი საჯარო გზასთან. აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად ის ითხოვდა ჩემი ნაკვეთის გამოყენებას შესაბამისი კომპენსაციის გადახდით. მაქვს თუ არა უარის თქმის უფლება?
პასუხი: შეგიძლიათ, უთხრათ უარი, რადგან აუცილებელი თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა, გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედების შედეგად.
კითხვა: ვარ მრავალბინიანი სახლის ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი. თხუთმეტი წლის განმავლობაში სისტემატურად ვაყენებ ავტომანქანას სახლის ეზოში ერთსა და იმავე ადგილას. ამ მიწის მონაკვეთით სარგებლობისას მობინადრეებს ხელი არ ეშლებათ. ითვლება თუ არა ადგილი, სადაც მანქანას ვაყენებ, ჩემს ინდივიდუალურ საკუთრებად?
პასუხი: დიახ, რადგან მანქანის დასაყენებელი ადგილები ითვლება იზოლირებულად, თუკი მათი საზღვრები გამოკვეთილია ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენების შედეგად.
კითხვა: მოქალაქე, სასამართლო წესით ძმის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შემდეგ, შეუდგა მისი ქონების მართვას მინდობილი საკუთრების სახით. სამი წლის განმავლობაში, ქონების მართვის შედეგად, მიიღო სარგებელი 120 000 ლარის ოდენობით. მეოთხე წელს მისი ძმა დაბრუნდა და პრეტენზიას აცხადებს აღნიშნულ თანხაზე. სამართლიანია თუ არა მისი ქმედება?
პასუხი: მისი ქმედება არასამართლიანია, რადგან მეურნეობის სათანადო გაძღოლით მიღებული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მას არ აქვს.
კითხვა: მოქალაქემ მატერიალურ ზიანთან ერთად მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც მისი ხელის მოტეხვა მოჰყვა. ჰქონდა თუ არა მას მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება?
პასუხი: ჰქონდა, ვინაიდან, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობის ვნების მიყენების შემთხვევაში, დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვის ქონებასთან ერთად.
კითხვა: როგორ შეიძლება მიიღოს სამკვიდრო ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირმა?
პასუხი: სამკვიდროს მიღება შეუძლია ქმედუნარიან პირს. ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირები სამკვიდროს იღებენ მათი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით.
კითხვა: ჩემი და ცხოვრობს რუსეთში. ბინის რეგისტრაციის მიზნით, მიგზავნის მინდობილობას. მაინტერესებს, სჭირდება თუ არა ლეგალიზაცია ამ მინდობილობას? თუ არ სჭირდება, რა ფორმით უნდა იყოს შედგენილი, რომ მიიღოს სარეგისტრაციო სამსახურმა?
პასუხი: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში (რომლის წევრი რუსეთის ფედერაციაა) გაცემული მინდობილობის ლეგალიზაცია არ მოითხოვება. საკმარისია, მხოლოდ თარგმანის სანოტარო წესით დამოწმება.