კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს სანკტ-პეტერბურგიდან გორელ მამას თბილისში და რატომ დაშორდა ერთმანეთს მამა-შვილი


40 წლის ტატიანა შალვას ასული კურიცინა ეძებს 80 წლის შალვა (ცაგარელს), 46 წლის მარინა, 53 წლის ლაურა და 56 წლის რობერტ ცაგარელებს.

ისტორია: ვეძებ მშობელ მამას, ნახევარძმას და დებს. მამაჩემს ჰქვია შალვა (შალიკო). ვიცი, რომ მამას ჰყავდა შვილები, ანუ ჩემი ნახევარდები და ნახევარძმა: ამჟამად ისინი იქნებიან: 46 წლის მარინა, 53 წლის ლაურა და 56 წლის რობერტი. მამაჩემი დაიბადა ქალაქ გორში 1930 წელს. მისი გვარი დედას ზუსტად არ ახსოვს, რადგან მათი ურთიერთობა ხანმოკლე იყო. დაახლოებით ვიცი, რომ მამა შეიძლება იყოს, ცაგარელი. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს ისტორიას გამოეხმაურებიან. მამის შესახებ მისი გვარის გარდა, არცთუ ისე ცოტა რამ ვიცი. გადავწყვიტე, დახმარებისთვის თქვენთვის მომემართა, რადგან თქვენ ჩემი ბოლო იმედი ხართ. მარტომ მისი პოვნა ვერ შევძელი.

– ტატიანა, მოგვიყევით თქვენი ისტორია. რატომ დაშორდით ერთმანეთს მამა-შვილი და როგორ გაიცნეს ერთმანეთი თქვენმა მშობლებმა? როგორც მივხვდი, მამათქვენს თქვენამდე უკვე ჰქონდა ოჯახი.

– დედაჩემი, ირინა ფიოდორის ასული კურიცინა, დაიბადა და გაიზარდა ლენინგრადში, სწორედ ამ ქალაქში ჩამოდიოდა თვეში ერთხელ მამაჩემიც. 1969 წელს იქ გაიცნეს ერთმანეთი ჩემმა მშობლებმა. მათი შეხვედრის დროს მამა უკვე 39 წლის იყო და მას ჰქონდა თავისი ოჯახი. იმ დროისთვის მისი უფროსი შვილი, რობერტი 15 წლის იყო, ლაურა – 12-ის, მარინა კი – 5-ის. დედ-მამას რომანი ჰქონდათ და 1970 წლის მაისში მე დავიბადე. მამამ იცოდა ჩემი დაბადების შესახებ და ჩემს ნახვას აპირებდა, მაგრამ დედამ გადააფიქრებინა. ასე მოხდა ჩვენი დაშორება. პრინციპში, მე ის არც არასდროს მინახავს. უბრალოდ, ვიცი, რომ ძალიან ვგავარ. მამაჩემი მაღალი კაცი იყო, დაახლოებით, – 1 მეტრი 80 სანტიმეტრი სიმაღლის, სახის ფორმითაც მამას ვგავარ. მუქი ფერის თმა ჰქონდა და მეც გამომყვა.

– დედათქვენმა იცოდა იმის შესახებ, რომ შალვას ოჯახი ჰქონდა? რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, ხომ არ უთქვამს თქვენთვის?

– დედას ძალიან შეუყვარდა შალვა და ამიტომ, ალბათ, თავი არ შეიკავა, ან ახალგაზრდული მიამიტობით მიენდო. როგორც გითხარით, მამაჩემი ხშირად ჩამოდიოდა მაშინ ჯერ კიდევ ლენინგრადად წოდებულ ქალაქში, სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად. თვეში ერთხელ ის ლენინგრადში იყო. დედას მე არაფერში ვადანაშაულებ. მას თავისი ცხოვრება აქვს და მე არ მაქვს უფლება, გავამტყუნო. არ ვიცი, მე როგორ მოვიქცეოდი მის ადგილზე. ახლა კი მე ძალიან მინდა მამისა და მისი შვილების პოვნა და გაცნობა. ვიმედოვნებ, ისინი მე უარს არ მეტყვიან.

– კიდევ რა იცით მამის შესახებ, მისი გვარი არც დედათქვენს ახსოვს?

– მამაჩემი მუშაობდა ავეჯის ქარხნის საწყობის გამგედ თბილისში. სწორედ ავეჯის იმპორტური გარნიტურებისთვის ჩამოდიოდა ყოველთვიურად ის ლენინგრადში. სამწუხაროდ, დედას არ ახსოვს მამის გვარი. ჟღერადობით ცაგარელს ამსგავსებს. ვიცი, ეს ცუდად ხვდება ყურს: როგორ შეიძლება, ადამიანმა დაივიწყოს იმის გვარი, ვისგანაც შვილი ჰყავს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს ასეა. სამაგიეროდ, მისი შვილების შესახებ დედას უამრავი დეტალი ახსოვს. მაგალითად, ვიცი, რომ ლაურა და მარინა მუსიკაზე დადიოდნენ, რობერტი კი, 1972-1973 წლებში ჯარში წავიდა. ასევე, ვიცით, რომ მამა გორში დაიბადა, მაგრამ 1968-1974 წლებში თბილისში ცხოვრობდა. გორში კი მას უამრავი ნათესავი ჰყავდა. მე ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ საქართველოში. ეს ქვეყანა ჩემთვის მხოლოდ სითბოსთან ასოცირდება. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მინდა მამის პოვნა. ამჟამად ის უკვე ხანშიშესული იქნება. მაიმედებს ის, რომ მან იცოდა ჩემი დაბადების შესახებდა და ვერ დავიჯერებ, მას მაისში მაინც არ აგონდებოდეს, რომ სადღაც შორს მას კიდევ ერთი შვილი ჰყავს, რომელსაც არასდროს უნახავს მამა.

– დედათქვენმა თუ იცის, მამას რომ ეძებთ და როგორია მისი რეაქცია? მამათქვენის პოვნის შემთხვევაში, რას ფიქრობთ, როგორი რეაქცია ექნება მის ოჯახს, იქნებ, მათ არ იციან თქვენი არსებობის შესახებ?

– დედამ იცის, რომ მამის მოძებნის სურვილი წლების განმავლობაში მაწუხებს. თავიდან წინააღმდეგი იყო, რომ მომეძებნა, სწორედ იმიტომ, რომ მას თავისი ოჯახი აქვს. მაგრამ, როგორც გითხარით, ვიმედოვნებ, რომ ჩემი ნახევარდები და ძმა, მიმიღებენ. მე ხომ მათდამი უდიდესი სიყვარულით ვარ განწყობილი. ერთადერთი სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ მამის გვარი დაზუსტებით არ ვიცი და არც მისი ფოტო მაქვს.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3