კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააშვილა მთავარმა ექიმმა ახალგაზრდა კალათბურთელების მიერ დროებით ბავშვთა სახლში ჩაბარებული ჩვილი და რა გამოჰყვა გაშვილებულ ბავშვს მშობლებისგან გენეტიკურად


41 წლის რეზო სირაძე (ზაზა ნოზაძე) ეძებს: მამას (დაახლოებით, 1944-1951 წლებში დაბადებული), სახელი უცნობია და დედას (დაახლოებით 1944-1951 წლებში დაბადებული) იდრისოვას, სახელი უცნობია.

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს: მამას – გვარად სირაძეს და დედას – იდრისოვას. დავიბადე 1969 წლის 12 ივნისს. ბიოლოგიურმა მშობლებმა რეზო დამარქვეს, სანამ მიშვილებდნენ, ვიყავი რეზო სირაძე.

– როგორ გაიგეთ, რომ ნაშვილები ხართ? რამდენი წლის იყავით მაშინ და რა რეაქცია გქონდათ მომხდარზე?

– სიმართლე ჩემმა აღმზრდელმა დედამ მითხრა ხუთი წლის წინ – 2005 წელს. უკვე 36 წლის ვიყავი. მას უნდოდა, სიმართლე მისგან გამეგო: არაფერი იმალება და ჯობია, ჩემგან იცოდეო. სანამ ჩემს ისტორიას გავიგებდი, ეჭვადაც არასდროს მქონია, რომ მე ნაშვილები ვარ. ჩემი ბიოლოგიური მშობლების გვარებიც, სწორედ აღმზრდელი დედისგან ვიცი. მაგრამ, ის თვითონაც ძალიან მწირ ინფორმაციას ფლობს.

– გვიამბეთ, რა იცით თქვენი ბიოლოგიური მშობლების შესახებ. რა იყო მათ მიერ თქვენი მიტოვების მიზეზი?

– ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს ძალიან ჰყვარებიათ ერთმანეთი. როგორც ჩანს, ისინი ახალგაზრდები იყვნენ და მე უკანონოდ გამაჩინეს. ვიცი, რომ ორივე სპორტსმენი, კალათბურთელები იყვნენ. „ზბორებზე“ რომ მიდიოდნენ, მე მაშინ სამი თვის ვყოფილვარ და დროებით, ბავშვთა სახლში მიმიყვანეს. ჩემმა აღმზრდელმა, ექვსი თვის რომ ვიყავი, მაშინ მიშვილა. 1969 წლის 12 ივნისს ვყოფილვარ დაბადებული და მრქმევია რეზო სირაძე. ახლა კი, ზაზა ნოზაძე ვარ – აღმზრდელების გვარი მაქვს. აღმზრდელმა დედამ დაბადების დღე 12 სექტემბრად გადამიკეთა. ვფიქრობ, 1969 წელს ჩემი ბიოლოგიური მშობლები დაახლოებით, 18 წლიდან 25 წლამდე იქნებოდნენ.

– ზაზა, თქვენ ახსენეთ, რომ ბიოლოგიური მშობლები კალათბურთელები იყვნენო. თქვენ აშკარად გამოგყვათ მათი გენი: ძალიან მაღალიც ბრძანდებით და კალათბურთელის ტანიც გაქვთ. ხომ არ თამაშობდით კალათბურთს?

– არ დაიჯერებთ, მაგრამ კალათბურთი ჩემი უსაყვარლესი სპორტია. ჯერ კიდევ სკოლამდელი ასაკიდან ვთამაშობდი კალათბურთს. მთელ რაიონში ბადალი არ მყავდა. სკოლის დამთავრების შემდეგ იძულებული გავხდი, თავი დამენებებინა კალათბურთისთვის, რადგან მატერიალური მდგომარეობის გამო ვეღარ გავაგრძელებდი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამზრდელმა დედამ მითხრა სიმართლე, მივხვდი, რომ ჩემი ამ სპორტისადმი სიყვარული გენეტიკური იყო.

– ის თუ იცით, სად იმშობიარა თქვენმა ბიოლოგიურმა დედამ, ან აქამდე თუ გიძებნიათ მშობლები და როგორ?

– სამწუხაროდ, სამშობიარო სახლის ნომერი ვერ გავარკვიე. ვიცი მხოლოდ ის, რომ კანდელაკის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა სახლიდან მიშვილეს. აღმზრდელ დედას ატანდნენ ჩემს „მეტრიკას“, მაგრამ, მან უარი თქვა და არ წამოუღია. ახლა კი ნანობს. უბრალოდ, მას ისე უნდოდა ბავშვის აყვანა, მეტზე ვეღარაფერზე ფიქრობდა. ამჟამად აღმზრდელი მამა ცოცხალი აღარ მყავს, დედა კი გვერდში მიდგას და მგულშემატკივრობს ბიოლოგიური მშობლების მოძებნაში. მთავარ ექიმს, რომელმაც მე გამაშვილა, სახელად, თუ არ ვცდები, ეთო ერქვა. მისი გვარი არ ვიცი, მაგრამ მასზე შემდგომ სტატიაც კი დაიწერა სათაურით: „მგელი თეთრ ხალათში“. ის, თურმე, ჩვილ ბავშვებს მშობლების დაუკითხავად აშვილებდა და ჰყიდდა. მათ შორის, მეც გამყიდა. ჩემმა ბიოლოგიურმა მშობლებმა მე დროებით დამტოვეს ბავშვთა სახლში და დაუბარებიათ, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და წავიყვანთ ჩვენს შვილს, დროებით მიგვიხედეთო. ექიმმა კი გამყიდა და გარდაცვლილად გამატარა. მე ვერ ვიპოვე ისინი. თუმცა, მცდელობა მქონდა. ვიყავი არქივში, სადაც ერთ-ერთ თანამშრომელს, გულახდილად ვესაუბრე და ვთხოვე დახმარება – ჩემი საბუთების მოძიება. მან ორი კვირის შემდეგ დამიბარა, რომ მივაკითხე, გამიხსენა და დამიდასტურა, რომ ჩემი ბიოლოგიური მშობლების გვარი მართლაც სირაძე და იდრისოვაა. მას სამშობიარო სახლის ნომერიც კი სცოდნია, სადაც დავიბადე, მაგრამ არ მითხრა – სანაცვლოდ ფული მოითხოვა. როდესაც მიხვდა, რომ თანხა ხელზე არ მქონდა, გადათქვა თავისივე ნათქვამი და თან დააყოლა – რად გინდა, მშობლებს რომ ეძებ, რაში გჭირდებაო, – ასე გამომისტუმრა. დედისტოლა ქალი იყო. ცუდს როგორ ვაკადრებდი, თორემ კაცი რომ ყოფილიყო, სხვაგვარად გავუსწორდებოდი.

– უხერხული შეკითხვაა, მაგრამ რა თანხაზე იყო საუბარი, რამდენად გაგყიდათ მთავარმა ექიმმა?

– აღმზრდელი დედისგან ვიცი, რომ მან ათას სამასი მანეთი გადაუხადა ექიმს. იმ დროს მის ოჯახს არ უჭირდა და ეს მართლაც დიდი ფული იყო. ექთნის შეკითხვაზე, რა ვქნა, სირაძის ბავშვი როგორ ჩავწეროო, მას უპასუხია – ჩაწერე რომ მოკვდაო. შეიძლება და გამორიცხული არაფერია, რომ ჩემმა ბიოლოგიურმა მშობლებმა მხოლოდ იმიტომ ვერ მიპოვეს, რომ მათ მკვდარი ვგონივარ. სწორედ ეს მტკენს გულს და არ მასვენებს. ძალიან მინდა, ისინი ვიპოვო. მჯერა და მწამს, რომ ცოცხლები იქნებიან და შეიძლება, დედმამიშვილებიც მყავს.

– რამე ნიშანი თუ გაქვთ, რითაც თქვენს მშობლებს შეუძლიათ, გიცნონ ამდენი წლის შემდეგ?

– დაბადებიდან ცერა თითზე ორი წითელი ნიშანი მქონდა. არ არსებობს, რომ მათ ეს არ იცოდნენ, ასევე, განსხვავებული ჭიპი მაქვს – ძალიან მაღალი ვარ, რაც, აშკარად, გენებით გამომყვა. ვფიქრობ, ორივე მაღლები იყვნენ. დიდი იმედი მაქვს, ჩემი მშობლები საქართველოში ცხოვრობენ და იქნებ, ამ ისტორიით მიხვდნენ, რომ მათი შვილი ვარ.


скачать dle 11.3