რა ზარალი მიაყენა ვლადიმირ პუტინის ფრაზამ მილიარდერ იგორ ზიუზინის ბიზნესს და რის გამო გაიფორმა მან ინვალიდობა
2009 წლის მონაცემებთან შედარებით, 2010-ში „ფორბსის“ მილიარდერთა რუსული „ოლიგარქიული დესანტი“ თითქმის ორჯერ გაიზარდა და 32-ის ნაცვლად 62 გახდა. რუსი მილიარდერების საერთო კაპიტალმა კი 155 მილიარდი დოლარით იმატა და 297 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. „ფორბსის“ რუსულმა გამოცემამ მილიარდერების რეიტინგზე დაყრდნობით, 100 ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენისგან შემდგარი ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, „ოქროს ასეული“, როგორც მას რუსეთში უწოდებენ. სწორედ ამ ასეულის მე-17 ადგილზე არის განთავსებული, „ფორბსის“ რეიტინგის 113-ე ადგილისა და 6,4-მილიარდიანი კაპიტალის მფლობელი რუსი იგორ ზიუზინი. რომ არა ვლადიმირ პუტინის რისხვა, ის გაცილებით მაღალ ადგილს დაიკავებდა რეიტინგებში.
სააქციო საზოგადოება „მეჩელის“ გენერალური დირექტორი და ძირითადი აქციონერი, სანახშირე კომპანია „იუჟნი კუზბასის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ ვლადიმირის ძე ზიუზინი 1960 წელს ტულის რაიონის, ქალაქ კიმოვსკში დაიბადა. 1982 წელს მან წითელ დიპლომზე დაამთავრა ტულის პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ინჟინერის სპეციალობით. 1985 წელს იგივე ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა, ხოლო 1986 წელს დისერტაცია დაიცვა და ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი გახდა. 1987 წელს ზიუზინმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს, კემეროვის ოლქში მდებარე მაღარო „რასპადსკოეში“ დაიწყო მუშაობა. თავდაპირველად, ის სამთო ოსტატი ეყო. 1989 წელს კი ერთ-ერთი ნაკვეთის ზედამხედველად დაინიშნა, ამავე დროს მთავარი ტექნოლოგის მოვალეობასაც ასრულებდა, მაგრამ, უბედური შემთხვევის შემდეგ, რომლის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვება, ზიუზინმა ინვალიდობა გაიფორმა და სამუშაოდ საპროექტო ბიუროში გადავიდა. იმ პერიოდში ზიუზინი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეშახტეების გამოსვლებში და გაფიცულთა კომიტეტის მოთხოვნებს აყალიბებდა. იგი მეშახტეებსა და მთავრობას შორის გამართული მოლაპარაკებების ინიციატორი იყო. ზიუზინის აქტიურობა დაფასდა და 1990 წელს იგი კომერციისა და შიდა ეკონომიკური საკითხების დირექტორის მოადგილედ დაინიშნა მაღარო „რასპადსკოეში“. 1991 წელს მაღარო დახურულ სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. მუშაობის პარალელურად, ზიუზინი სწავლასაც განაგრძობდა. 1992 წელს მან კუზბასის პოლიტექნიკურის დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტი დაამთავრა სამთო ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით. 1993 წლის ოქტომბერში კი, იგორ ზიუზინი სააქციო საზოგადოება მადნის გამამდიდრებელი ცენტრალური ქარხნის „კუზბასკაიას“ დირექტორად დაინიშნა.
1994 წელს იგორ ზიუზინმა ორგანიზება გაუკეთა კომპანია „უგლემეტის“ ჩამოყალიბებას, რომელმაც ხელში ჩაიგდო მაღარო „რასპადსკოეს“ ნახშირის საექსპორტო კვოტა. სამი წლის შემდეგ „უგლემეტი“ გახდა კომპანია „იუჟნი კუზბასის“ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი, საწარმოსი, რომელიც აწვდიდა ნედლეულს მაგნიტოგორსკის მეტალურგიულ კომბინატს.
1997 წელს იგორ ზიუზინი სააქციო საზოგადოება „მეჟდურეჩენსკუგოლის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 1999 წელს იგი ნახშირკომპანია „იუჟნი კუზბასის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა, მოგვიანებით კი, თავმჯდომარე და ეს თანამდებობა მას 2008 წლამდე ეკავა. 2000 წელს, როგორც წარმატებული მეწარმე იგორ ზიუზინი მიწვეული იყო რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მიხაილ კასიანოვის სამუშაო ჯგუფში, მეწარმეთა საბჭოში. 2001 წელს ზიუზინი სააქციო საზოგადოება „მეჩელს“ (ჩელიაბინსკის მეტალურგიული კომბინატის), რუსეთში სიდიდით მეექვსე ფოლადჩამომსხმელ კომბინატს ჩაუდგა სათავეში. 2002 წლის ზაფხულში სანახშირო კომპანია „იუჟნი კუზბასმა“ შეიძინა მეტალურგიული კომბინატის აქციების საკონტროლო პაკეტი და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გაცხადდა „იუჟნი კუზბასისა“ და „მეჩელის“ გაერთიანების შესახებ. კონსორციუმს „ფოლადის ჯგუფი მეჩელი“ ეწოდა და მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს იგორ ზიუზინი. სხვათა შორის, კომპანიის გენერალური დირექტორები არიან – იგორ ზიუზინის რეფერენტი ოქსანა ჟედრინსკაია, რომელიც უკანასკნელი 15 წელიწადია ზიუზინთან ერთად მუშაობს და ზიუზინის პარტნიორის, ვლადიმირ იორიჰის ვაჟი – ევგენი. სწორედ ამ პიროვნებებს აბარიათ „მეჩელის“ აქციების საკონტროლო პაკეტი.
2008 წელს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, თათბირზე, რომელიც ლითონისა და ნახშირის ფასების ზრდას ეხებოდა, პრეტენზიები გამოთქვა „მეჩელის“ და მისი მფლობელის, იგორ ზიუზინის მიმართ. პუტინის თქმით, „მეჩელი“ გაცილებით დაბალ ფასებში ახორციელებდა ნახშირის ექსპორტს უცხოეთში, ვიდრე დაშვებული იყო. აღსანიშნავია, რომ ამ თათბირს თვითონ ზიუზინი არ ესწრებოდა, რამაც პუტინის რისხვა გამოიწვია. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, თათბირამდე, წინა დღით, ზიუზინი ცუდად გამხდარა და ის მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიაში იმყოფებოდა კარდიოლოგიურ გამოკვლევაზე. „იგორ ვლადიმირის ძემ უნდა მიხედოს თავს და მალე გამოჯანმრთელდეს. ავადმყოფობა ავადმყოფობაა და ყველაფერი გასაგებია, თუმცა თუ წარმოშობილი პრობლემა სასწრაფოდ არ მოგვარდება მაშინ, იძულებული გავხდები, თვითონ გავუგზავნო ბატონ ზიუზინს „ექიმი“, რომელიც „სიტუაციას განმუხტავს“, – ვლადიმირ პუტინის ამ ფრაზამ სერიოზული დარტყმა მიაყენა „მეჩელს“. პუტინის გამოსვლიდან მეორე დღეს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 30 პროცენტით დაეცა „მეჩელის“ აქციების ფასი და კომპანიამ თითქმის 5-მილიარდიანი ზარალი ნახა. ამასთან ერთად, პუტინის განკარგულებით, რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კანონდარღვევები აღმოაჩინა კომპანიის საქმიანობაში და ზიუზინს 790 მილიონი რუბლის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. საინტერესოა, რომ პუტინის ცნობილ გამოსვლამდე იგორ ზიუზინს „ფორბსის“ 2008 წლის რეიტინგში, წლევანდელთან შედარებით, გაცილებით უკეთესი პოზიცია ჰქონდა დაკავებული, 10 მილიარდი დოლარით იგი 77-ე იყო მსოფლიო მილიარდერებს შორის.
2009 წლის თებერვალში „მეჩელმა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვანახშირის კომპანია – „ბლუსთონ ქოულის“ აქტივების შეძენის შესახებ განაცხადა. თავდაპირველი ცნობით, გარიგების ფასმა 4 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, თუმცა მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კომპანიის აქტივებში რუსებმა სულ რაღაც 425 მილიონი დოლარი გადაიხადეს. მოლაპარაკებებს ამერიკელებთან იგორ ზიუზინი ხელმძღვანელობდა და დღემდე არ არის ცნობილი, როგორ მოახერხა მან ფასის ამდენად დაკლება.
იგორ ზიუზინის პირად ცხოვრებაზე, პრაქტიკულად, არაფერია ცნობილი. პრესაში დაიწერა, რომ მას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, თუმცა მათი ვინაობა უცნობია.