რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: გთხოვთ დამიხასიათოთ ახალი „აუდი A4-ის“ მოდელები 2.0 ან 3.0 აღჭურვილი ძრავებით. რომელი ჯობია? უფრო სწორად, საქართველოს გზების პირობებზე რომელი უფრო გამძლეა და როგორი სავალი ნაწილი აქვს? ხომ არ ჯდება ამორტიზატორები სწრაფად, ან მის გადაცემათა კოლოფს (ტიპტრონიკს) რამე პრობლემა ხომ არ ექმნება? თუ არის ეკონომიური, სწრაფი და რა სუსტი მხარეები აქვს ორივე მათგანს?
პასუხი: თქვენ, ალბათ, 2005-2008 წლების მოდელებზე საუბრობთ. ძრავების მოცულობა ძალიან ბევრ კითხვაზე თავისთავად გაგცემთ პასუხს. 2.0-იანი ძრავით აღჭურვილი მოდელი, მუშაობს როგორც ბენზინის, ისე დიზელის სისტემაზე, ხოლო 3.0-იანი – დიზელის სისტემაზე. კარგი იქნებოდა, კონკრეტულად გეთქვათ, რა ტიპის ძრავაზეა საუბარი. ამიტომ ჩვენც ამ ძრავებზე ზოგად მონაცემებს შემოგთავაზებთ. რაც შეეხება სიმძლავრესა და სისწრაფეს, 2.0 „ტედეი“ – ბენზინზე მომუშავე ძრავა გამოიმუშავებს 138 ცხენის ძალას და მისი მაქსიმალური სიჩქარე 211 კილომეტრია საათში, ხოლო 3.0-იანი „ტედეის“ ძრავა 230 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 246 კილომეტრ-საათია. გარდა ამისა, არსებობს „ტე ეფესაი“, „დეტეემ ედიშენ“ და სხვა ტიპის 2.0-იანი ძრავები, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მონაცემებით. რაც შეეხება ამორტიზაციის სისტემას, სავალი ნაწილის გამძლეობას, ზოგადად „აუდის“ მარკაზე გეტყვით, რომ ის ნაკლებად არის ადაპტირებული ქართულ რეალობასთან, ანუ არათანაბარ გზის საფართან და სხვა. მისი დაკიდების სისტემა ძალიან ბევრი დეტალისგან შედგება, რათა უკეთესი მანევრი უზრუნველყოს. ეს კი საქართველოში ძალიან ბევრ თავსატეხს აჩენს იმ შემთხვევაშიც თუ ავტომობილს რომელიმე პატარა ნაწილი მაინც გაუფუჭდა. „ტიპტრონიკი“ არის ავტომატური მართვის კოლოფის დანამატი, რომელიც შეიქმნა მათთვის, ვინც ამ ტიპის კოლოფისგან უფრო მეტს ითხოვდა, მაგრამ არც მექანიკა იზიდავდა. ამ ტენდენციას ძალიან სერიოზული მოფრთხილება სჭირდება, რადგან ხშირად აქვს პრობლემები, ანუ ხშირად ფუჭდება და მისი აღდგენა საკმაოდ ძვირი ჯდება.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა აკორდი“. რამდენიმე ხანია, რაც მისი ყუმბარა კაკუნობს, მაგრამ, ამჟამად მისი შეცვლის საშუალება არ მაქვს. რამეს ხომ არ დააზიანებს?
პასუხი: არა. ასე ძალიან დიდხანს ივლით და მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოხდეს, ჩაიშალოს და სადმე გაჩერდეთ.