როგორ უნდა ვავარჯიშოთ გონება ავარიის თავიდან ასაცილებლად
საქართველოში ავარიების სიმრავლეზე, თბილისის ქუჩებსა თუ ტრასებზე არსებულ საცობებზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, მაგრამ ჩვენს რუბრიკაში არ გვისაუბრია, თავად ჩვენ ვართ თუ არა ავარიის გამოწვევის მიზეზი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საავარიო სიტუაცია ჩვენ არ შეგვიქმნია. თუ როგორ შეიძლება ელემენტარული ყურადღებითა და მობილიზებით მართვის მაღალი ოსტატობის გარეშე ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება, მევლუდ მელაძე გვესაუბრება.
მევლუდ მელაძე: ავარიის შიში მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაქვს, თუ სერიოზული შემთხვევა თავად გვქონია, ან მაშინ, როცა ქუჩაში საშინელ ავარიას წავაწყდებით. ამ დროს სწრაფადაც რომ მოდიოდეს, არ არსებობს, ამ შემთხვევაში მძღოლმა არ შეანელოს მოძრაობა, მაგრამ, სულ ცოტა ხნით. სწორედ ეს ერთი ძირითადი მიზეზია, რომელიც ხელს გვიშლის იმის გაანალიზებაში, რომ უფრო ფრთხილად ვიყოთ და ამა თუ იმ ქმედებას მეტი აზრი დავატანოთ. ავტომობილის მართვისას კონცენტრაცია გვაკლია, მით უმეტეს – ზაფხულში, ხალხი ისეთი არეული დადის, ვგიჟდები, რომ ვუყურებ. სულ ვფიქრობ, ვინ მისცა მათ მართვის მოწმობა-მეთქი (იცინის). საჭის მართვისას ვსაუბრობთ მობილური ტელეფონით, ვეკამათებით გვერდით მჯდომს, მუსიკა ხმამაღლა გვაქვს ჩართული და თან ჩვენც ვღიღინებთ, რაც ნიშნავს, რომ სულ მოულოდნელი შემთხვევის დროს მხოლოდ ჩვენი რეფლექსების დონეზე ვიმოქმედებთ და გონებას არ დავატანთ მანევრს. რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ უკვე მაღალი ოსტატობის მქონე მძღოლია და მას ეს არ დაემართება. ჩემი მოსწავლეებისგან ხშირად გამიგია ფრაზა – აუ, ამ სიტუაციიდან როგორ ვერ უნდა გამოძვრეო, მაგრამ, გაკვეთილის დროს, მოულოდნელ სიტუაციაში, მაშინაც კი, როდესაც ვაფრთხილებ და იციან, რომ წინ რაღაც საფრთხე ელოდებათ, ოღონდ ზუსტად ადგილი და საფრთხის რაობა არ არის ცნობილი, ისე იბნევიან და ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, რომ მერე დარცხვენილები სხედან ხოლმე. თან, არ დაგავიწყდეთ, ჩემთან გაკვეთილებს ისეთი მძღოლები გადიან, რომლებსაც რამდენიმეწლიანი პრაქტიკაც აქვთ და მართვის მიღებამდე სპეციალურ გამოცდასაც გადიან. ასე რომ, ყოველთვის უნდა წარმოვიდგინოთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვიქცეოდით ამა თუ იმ სიტუაციაში, მაშინაც კი, როდესაც აბსოლუტურად მართლები ვართ. ანუ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ირიბად, მაგრამ, მაინც მიგვიძღვის წვლილი, რადგან, არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც გამოსავალს ვერ იპოვი, თუკი ამისთვის მომზადებული ხარ.
– მაინც, როგორ უნდა ვავარჯიშოთ გონება?
– სულ თუ არა, ხანდახან მაინც უნდა გავიფიქროთ, რას ვიზამდით, უცებ ადამიანმა რომ გადაგვირბინოს, ან წინ მიმავალ მძღოლს მანქანა ჩაუქრეს, ან, სულაც, ჩვენს მანქანას უცებ, კაპოტი რომ აეხადოს.
– ვთქვათ, მანქანაზე აგვეხადა კაპოტი...
– კაპოტის ახდა საშინელ ხმას იწვევს, რაც მძღოლს ძალიან აბნევს. ამ დროს ხედვა იზღუდება და ამის გამოა, რომ მძღოლი ხან იქით უხვევს და ხან – აქეთ. არადა, საქარე მინის ბოლოს მაინც რჩება პატარა ადგილი, საიდანაც გზის დანახვა შეგვიძლია, იმდენად მაინც, რომ ავტომობილი გავაჩეროთ. სულ უბრალო სიტუაცია განვიხილოთ: ვთქვათ, მოვდივართ ტრასაზე, ჩვენს სავალ ზოლში, ძალიან მშვიდად, წესების დაცვით, არავის ვაწუხებთ, მაგრამ, არ გავიხედეთ შორს, არ გავაანალიზეთ სიტუაცია, თუ რა ხდება ჩვენ ირგვლივ. სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, ავარიების ძირითადი ნაწილი არასწორად განხორციელებულ გასწრებაზე მოდის. რას ვაკეთებთ ჩვენ არასწორად და რა არის ჩვენი ბრალეულობა? ვთქვათ, ჩვენ წინ ავტომობილი მიდის, მას უკნიდან ძალიან სწრაფად ეწევა სხვა ავტომობილი. ჩვენ ვხვდებით, რომ მან გასწრება უნდა განახორციელოს, მაგრამ ამას ყურადაც არ ვიღებთ, რადგან ვიცით, რომ, წესით მან უნდა დაამუხრუჭოს, რადგან იმ სიტუაციაში გასწრება არ შეიძლება და, მოკლედ, „ჩვენ მართლები ვართ“. მაგრამ, თუ ჩვენ ოდნავ დავამუხრუჭებთ, მას ადგილს დავუთმობთ და ძალიან მარტივი მანევრით გზის მაქსიმალურად მარჯვენა მხარეს გადავალთ, ან, ბოლოს და ბოლოს, სულაც, გავაჩერებთ, მინიმუმ, ავარიას მაინც ავიცილებთ თავიდან და ტრასაზე კომფორტულ სიტუაციას შევქმნით.