კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რამდენი წელია, რაც ტუჩის საცხი (პომადა) არსებობს და რას იყენებდნენ ამ დანიშნულებით ქალები მანამდე?
პასუხი: ტუჩის საცხი დაახლოებით 140 წელია, არსებობს, მანამდე კი ქალბატონები ცოცხალი ჭარხლის წვენს იყენებდნენ.
კითხვა: რის მიხედვით უნდა შევარჩიო პომადა – სახის კანის თუ თმის ფერის მიხედვით?
პასუხი: ტუჩის საცხის ტონის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ როგორც სახის კანის, ისე თმის ფერიც: რაც უფრო მუქია კანი, მით უფრო ჰარმონიულად გამოიყურება „მსუყე“ ფერის საცხი, ხოლო ღია ფერის კანს პასტელის ფერები უხდება.
რაც შეეხება თმას: მოერიდეთ კონტრასტულ ფერებს თმასთან მიმართებაში. ქერა ან მუქი, შავი ფერის თმას უხდება ცივი ტონალობის პომადა ან „ბლესკი“; ოქროსფერ, წითურ ან წაბლისფერ თმას კი – თბილი ტონალობის.
კითხვა: თუ შეიძლება, მიამბეთ წამწამების ტუშის წარმოშობის შესახებ.
პასóóუხი: როგორც ცნობილია, წამწამების ტუში გამოიგონა ფარმაცევტმა ვილიამსონმა თავისი დისთვის – მეიბელისთვის, რომ მას გულისსწორისთვის მოეწონებინა თავი. ვილიამსონმა ერთმანეთში აზილა ვაზელინი და ნახშირის მტვერი. თავდაპივრელად ტუშს ზელდნენ ნამიანი ჯაგრის-სავარცხლით და ისე ისვამდნენ წამწამებზე.
მეიბელი მალე მისთხოვდა თავის შეყვარებულს, მისმა ძმამ კი ორი წლის შემდეგ ჩამოაყალიბა კომპანია, რომელმაც მსოფლიოში პირველი კომპაქტ-ტუშის წარმოება დაიწყო.
თანამედროვე (ტუბის) ფორმა კი ტუშს მისცა ელენა რუბინშტაინმა, 1957 წელს.
კითხვა: რა ნიშნით უნდა შევარჩიო ყიდვისას წამწამების ტუში?
პასუხი: წამწამების ტუშის ყიდვისას აუცილებლად წაიკითხეთ ტუშის ტუბზე ან ინსტრუქციაში განთავსებული წარწერა. პირველ ყოვლისა, უნდა დარწმუნდეთ, რომ მას გავლილი აქვს ტესტი ალერგიაზე. გარდა ამისა, დააკვირდით, რა ნივთიერებებისგან შედგება, კერძოდ, შედის თუ არა მასში აბუსალათინის ზეთი („კასტორკა“), ნატრიუმის გიალურონატი, პანტენოლი და ვიტამინები.
თქვენი წამწამების ბუნებრივი მონაცემებიდან გამომდინარე, შეარჩიეთ ტუში „სპეციალური ეფექტებით“.
კითხვა: ვინ გამოიგონა ტონალური კრემი და პუდრი და როგორ უნდა შევარჩიო ისინი ჩემი სახის კანისთვის?
პასუხი: 1914 წელს მაქს ფაქტორმა გამოიგონა კინოგრიმი, იგივე ტონალური კრემი, რომელიც კარგად ერწყმოდა კანს, არ ჭიმავდა და ფარავდა კანის ყველა დეფექტს და, რაც მთავარია, მსურველს შეეძლო, კრემი შეერჩია საკუთარი სახის კანის ტონალობის მიხედვით. მეორე „რევოლუცია“ მაქს ფაქტორმა მოახდინა მაშინ, როცა გამოიგონა კომპაქტური პუდრი, მოთავსებული პატარა კონტეინერში ფუნჯის თანხლებით.
ტონალური კრემისა და პუდრის შერჩევისას, პირველ ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ასაკი და კანის ტიპი; შემდეგ უნდა გაითვალისწინოთ წასმის ინტენსივობა, ანუ თხელ ფენად წაესმევა კანს თუ სქლად. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ტექსტურას და თავად განსაზღვროთ, რომელი უფრო მოუხდება თქვენს კანს – თხელი, კრემის მაგვარი კონსისტენციის თუ უფრო კომპაქტური. ფერის შერჩევისას კი შეეცადეთ, მაქსიმალურად შეერწყას ის თქვენი სახის კანის ტონს.
კითხვა: როდიდან იღებავენ ქალები თმას ქიმიური საღებავით?
პასუხი: ჯერ კიდევ ძველი რომაელი ქალები იღებავდნენ თმას ინით („ხნით“), რაც, შეიძლება ითქვას, ერთადერთი საშუალება იყო თითქმის მეოცე საუკუნემდე. ინით შეეძლოთ, მიეღოთ, დაწყებული სტაფილოსფერიდან, დამთავრებული ბრინჯაოსფერით. განსხვავებულ ტონალობებს იღებდნენ ინაში ინდიგოს, გვირილის ან კაკლის წენგოს შერევით. ჩირგვის ფოთლებისგან კი ამზადებდნენ ბასმას. მეოცე საუკუნის დასაწყისში კი საქმეს ქიმიკოსებმა მოჰკიდეს ხელი. 1907 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა ეჟენ შუელერმა გამოიგონა საღებავი, რომელიც შედგებოდა სპილენძის მარილების, რკინისა და ნატრიუმის სულფატისგან.
თავისი ნაწარმის გამოსაშვებად შუელერმა ჩამოაყალიბა „თმის უვნებელი საღებავის ფრანგული საზოგადოება“, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ გადაიქცა ფირმა „ლორეალად“, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო იცნობს.
კითხვა: როდის შემოვიდა მოდაში ფრჩხილების ლაკი – მანიკიური და რას ნიშნავს ეს სიტყვა?
პასუხი: ფრჩხილების ლაკს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და ჩინეთში იყენებდნენ. ძველ ეგვიპტეში ლაკის ფერით განისაზღვრებოდა „წოდებრივი კოდი“: მკვეთრი, „მსუყე“ ტონები სამეფო ოჯახის წევრობაზე მიუთითებდა, მონებს კი მხოლოდ მკრთალი, პასტელის ფერის საღებავის წასმის უფლება ჰქონდათ.
ძველ ჩინეთში ფრჩხილების ლაკს ამზადებდნენ ცვილის, კვერცხის ცილის, ჟელატინისა და გუმი-არაბიკის (ეგრეთ წოდებული „გუმერაბიკის“, ანუ არაბული წებოს) გარკვეული ტექნოლოგიის მიხედვით ერთმანეთთან შერევით.
თანამედროვე ლაკის პირველი წინაპარი კი 1932 წელს ამერიკაში შეიქმნა.
სიტყვა „მანიკიური“, ლათინურია: MANUS – ფუნჯი, CURE – მოვლა.
გვერდები მოამზადა
თამრიკო ზამთარაძემ