რა არ არის კაცის ნაკლი და როდის ზარმაცდება თამუნა ნიკოლაძე
თამუნა ნიკოლაძე: ნებისმიერ ადამიანს უყვარს და უნდა, რომ კომფორტულად გრძნობდეს თავს. თუმცა გეთანხმებით იმაში, რომ კომფორტი ყველას ინდივიდუალურად ესმის. ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტი ის არის, როცა ვარ ძალიან დაკავებული და ბევრი სამუშაო მაქვს. რაც მეტად დავიტვირთები, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. მაგრამ, მინდა, სახლში დაბრუნებულს დამხვდეს სითბო, მით უმეტეს, თუ გარეთ ცივა. სითბო აუცილებელი პირობაა, რომ სახლში თავი კარგად ვიგრძნო. გადაღებიდან, რეპეტიციიდან მოსულს, ნამდვილად მჭირდება პირობები და კომფორტი, რომ დავისვენო.
– უცებ წამოჭრილი საყოფაცხოვრებო პრობლემები გაწუხებთ თუ შეგიძლიათ მათი იგნორირება?
– გააჩნია პრობლემას. საერთოდ, საქმის გადადება არ მიყვარს, ვერც იმას ავიტან, ჩემ გარშემო უწესრიგობა იყოს. არ მიყვარს არეული და დაულაგებელი სახლი. მაგრამ, თუ უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, მაშინ, შეიძლება, დროებით ავიტანო, რამე გაუმართავი თუა, მერე კი აუცილებლად გამოვიძახებ ხელოსანს. მით უმეტეს, თუ ვხვდები, რომ ამას ჩემ გარდა სხვა არავინ გააკეთებს.
– რას უფრო ვერ იტანთ, უშუქობას თუ უწყლობას?
– არაფრით არ შემიძლია უშუქობა. ძალიან ვწუხდები და ვერაფერს ვერ ვაკეთებ. სინათლე და მზე ყველაზე ძალიან მიყვარს (იცინის).
– ანუ, ამინდმაც შეიძლება გაგიფუჭოთ განწყობა?
– რა თქმა უნდა! არ მიყვარს ქარიანი ამინდი და შემაწუხებელი სუსხი, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი მირჩევნია ზაფხულს. ზამთარი კარგია – გარეთ არის სუფთა, კარგი, ცივი ჰაერი და ამ დროს თავსაც გაცილებით ჯანსაღად ვგრძნობ. ზაფხულში, როცა ცხელა, ჩემი შრომისუნარიანობის დონე აშკარად ქვევით იწევს (იცინის), მოდუნებული, მოშვებული ვარ და სულ მეძინება. ერთი სიტყვით, სიცხეში ვზარმაცდები.
– საკუთარი ხელით თუ შეაკეთებთ რამეს?
– ნათურა შემიძლია, რომ გამოვცვალო და ლურსმნის მიჭედებასაც მოვახერხებ, მაგრამ, სველი წერტილებისა და ელექტროობის არაფერი მესმის. ამისთვის არიან ხელოსნები.
– „ცხელი ხაზით“ სარგებლობთ?
– დიახ, დამირეკავს და მიზეზი მიკითხავს. მე ისეთი დაკავებული ვარ, ვერ გადავიდებ ფეხს ფეხზე და ვერ დაველოდები, თავისით როდის მოვა შუქი თუ წყალი. უნდა ვიცოდე, რამდენ ხანში მოგვარდება პრობლემა, ხელი რომ არ შემიშალოს.
– სამზარეულოსთან მეგობრობთ?
– ვმეგობრობ და თავისუფალ დროს მიყვარს კიდეც გემრიელი კერძების მომზადება, კარგად გამომდის ეს საქმე. მაგრამ, სერიოზულ კერძებს ძირითადად, მაინც დედაჩემი და ბებიაჩემი აკეთებენ, თუმცა, მე ვეხმარები ხოლმე დღესასწაულებზე. მე თვითონაც ვიგონებ სალათებისა და რაღაც კერძების რეცეპტებს. გასწავლით „ჟულიენის“ ჩემებურ ვარიანტს, ძალიან მიყვარს ამ კერძის მომზადება: ზეთში ვხრაკავ ხახვს, ვუმატებ სოკოს და ერთად ვშუშავ. მერე ამ მასას გადმოვიტან ჰაერღუმელის ტაფაზე, მოვასხამ მაიონეზს, მოვაყრი გახეხილ ყველს, ზემოდან დავალაგებ თხელ რგოლებად დაჭრილ ბულგარულ წიწაკას და ცოცხალ პომიდორს, ისევ ყველს და გამოვაცხობ ღუმელში. ოცი წუთის შემდეგ მზად არის, ნამცხვარივით ცხვება. ცოტა მარილი და შავი პილპილიც სჭირდება, გემოვნებით. მე კამასაც ვაყრი ზემოდან, მაგრამ, ზოგს არ უყვარს.
– საყიდლებზე სიარული კარგად გეხერხებათ?
– ძალიან მიყვარს საყიდლებზე სიარული. სულერთია, პროდუქტი იქნება ეს თუ პირადი მოხმარების საგნები, მაგრამ, მფლანგველი არ ვარ, არანაირად. ვყიდულობ მარტო იმას, რაც მართლა მჭირდება. ძალიან მიყვარს საოჯახო ნივთების შეძენა, ჰიგიენის საგნებში ვხარჯავ ფულს და გადაადგილებაში. მეგობრებთან ერთად სადმე დაჯდომაც მიყვარს, მაგრამ მფლანგველად მაინც არ ჩავითვლები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ საკუთარი თავის განებივრებაც მიყვარს.
– გცნობენ მოვაჭრეები თუ ცდილობენ, არ გიცნონ?
– მცნობენ ნამდვილად და რაღაცეებსაც მჩუქნიან, მაღაზიებშიც და ბაზარშიც, ამ მხრივ ძალიან მადლიერი ვარ ჩემი პოპულარობის. ჩვენთან მსახიობს არ აქვს დიდი შემოსავალი. აქ მდიდარი მსახიობი, როგორი პოპულარულიც არ უნდა იყოს, არ არსებობს. აბსოლუტურად ჩვეულებრივ ხელფასს ვიღებთ და ჩვეულებრივი ხარჯები გვაქვს, ისევე, როგორც ყველას.
– თამუნამ იცის, რა არის „პახმელია“?
– არა, იმიტომ რომ, მაგდენი არასდროს დამილევია. მიყვარს ცოტა წითელი ღვინო და კარგი კონიაკი. მსმელ ქალებზე არ ვარ კარგი წარმოდგენის. ქალი რომ მაგრად დათვრება და მეორე დღეს სახაშეში წავა „პახმელიაზე“ გამოსასვლელად, როგორ უნდა მომეწონოს?!
– არის თუ არა მამაკაცისთვის ნაკლი, თუ ის არ არის ხელმარჯვე?
– არ მგონია, ეს ნაკლი იყოს. კარგია, თუ შეუძლია, რაღაც საკუთარი ხელით შეაკეთოს, მაგრამ, ყველა ხომ ვერ იქნება ხელმარჯვე ოსტატი? თუმცა, თუ კაცი ამბობს, ლურსმნის მიჭედებაც კი არ შემიძლიაო, ის ზარმაცია. ლურსმნის მიჭედება მეც შემიძლია და, კაცმა როგორ ვერ უნდა შეძლოს?!